აგრარული განათლებარუბრიკები

უსაფრთხოების ზომები მექანიზებული სამუშაოების შესრულებისას

მექანიზებულ სამუშაოებს: ნიადაგის დამუშავებას (თესვას, ხვნას და ა.შ.) მრავალწლოვანი ნარგავების მოვლას, მორწყვას, სატრაქტოროსატრანსპორტო სამუშაოებს და . . ტექნოლოგიური რუქების (ოპერაციული), ტექნიკური აღწერილობისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციების (გაცემული ქარხანადამამზადებლის მიერ) მოთხოვნების შესაბამისად ატარებენ.
ტრაქტორების დასააგრეგატირებელ (გუთნები, კულტივატორები, სათესები, სარგავები, ფარცხები და სხვა) ცალკეულ მანქანებთან შეერთება უნდა იყოს საიმედო და გამოირიცხოს მათი თვითნებურად ჩახსნა. მანქანები დაკომპლექტებული უნდა იყოს სამუშაო ორგანოების გასაწმენდი მოწყობილობებით. სამუშაო ორგანოების გაწმენდა და ტექნოლოგიური მომსახურება მოძრავ აგრეგატზე, ან მომუშავე ძრავაზე, დაუშვებელია.

მარკერები საიმედოდ უნდა იყოს შეერთებული მანქანის ჩარჩოსთან, ხოლო დამაფიქსირებელმა მოწყობილობებმა გამორიცხონ მათი თვითნებურად დაშვება. აგრეგატების მობრუნებისას მარკერების, ან საკიდი მანქანების მოძრაობის შესაძლო ზონაში არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანები. დაუშვებელია მოძრაობის დროს ერთი მომუშავეთი ორი, ან მეტი სათესის ერთდროული მომსახურება. მისაბმელ სათესებზე, სარგავებზე, კულტივატორებზე, სხვა მანქანებზე და იარაღებზე, რომელთა მიმართ სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, მომსახურე პერსონალს უხდება გადაადგილება, საჭიროა სახელურებისა და არანაკლებ 350 სმ სიგანის ბაქნის არსებობა, რომლის შუა ნაწილში გათვალისწინებული უნდა იქნას 1000 სმ სიმაღლის საყრდენდამცავი საზურგე, ან 900 მმ სიმაღლეზე მოაჯირები, რომელთა საერთო სიგრძე ბაქნის სიგრძის 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. აგრეგატებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან სამუშაო ადგილიანი მისაბმელი მანქანები, უნდა ჰქონდეთ დისტანციური მართვის გამართული მოწყობილობები, სასაფეხურე ფიცრები და შემოღობვები.

სათესებისა და სარგავი მანქანების სათესლე მასალითა და სასუქებით გაწყობა საჭიროა განხორციელდეს მექანიკური საშუალებებით. ხელით გაწყობა ნებადართულია მხოლოდ გაჩერებულ სათეს, ან სარგავ აგრეგატზე, ტრაქტორის გამორთული ძრავის შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით და სიმძიმეების ხელით აწევისა და გადაადგილების ზღვრულად დასაშვები დატვირთვების დაცვით.

საკიდი იარაღებისა და მანქანების აწეულ მდგომარეობაში სამუშაო ორგანოების შეცვლა, გაწმენდა და რეგულირება დასაშვებია მხოლოდ მათი თვითნებური დაშვების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ.

მანქანებსა და მექანიზმებს, რომლებიც მუშაობენ ხეების ვარჯებთან ახლოს, უნდა გააჩნდეს დამცავი შემოღობვები, რომლებიც გამორიცხავენ მომუშავესათვის ტრავმის მიღებას.

ბაღის პლატფორმები და სხვა აგრეგატები, რომლებიც განკუთვნილია მომუშავეთა ასაწევად და გადასაადგილებლად, უნდა იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში. სამუშაოთა დაწყების წინ საჭიროა შემოწმდეს მოაჯირების მოწესრიგებულობა, აგრეთვე ტრაპების მოაჯირებზე დამზღვევი ჯაჭვების არსებობა.

საბაღე პლატფორმების, აგრეთვე მსხმოიარე ხეების კონტურული სასხლავი მანქანების 80-ზე მეტი დახრის ფერდობზე და ტერასებზე გამოყენება აკრძალულია.

ნებისმიერი მოუწესრიგებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს სამანქანო-სატრაქტორო აგრეგატები, თვითმავალი და სტაციონალური მანქანები. გაუმართავ მანქანებზე და სამანქანო-სატრაქტორო აგრეგატებზე მუშაობა აკრძალულია!

აფეთქებად საფრთხიანი საგნების (ჭურვები, ყუმბარები, ნაღმები და ა. შ.) აღმოჩენისას ნაკვეთებზე სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ნაკვეთის საზღვრები აღინიშნოს გამაფრთხილებელი ნიშნებით “ფრთხილად! აფეთქების საშიშროება!” ირგვლივ უნდა იყოს ორგანიზებული დაცვა და გადაეცეს ინფორმაცია სათანადო ორგანოებს.

 ოთარ ქარჩავა, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი