დარგებიმემცენარეობა

უთხოვარი

უთხოვარი რელიქტია (laTinurad RELICTUNS- narCena), მან მაქსიმალურ განვითარებას მესამეულ პერიოდში მიაღწია. ამჟამად, შემორჩენილია 8 სახეობა, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას კენკროვანი უთხოვარი იმსახურებს.

უთხოვარი ერთადერთი წიწვოვანი სახეობაა, რომელსაც  გირჩა არ აქვს. მისი კურკისმაგვარი თესლი  კენკროვან წითელი ფერის ნაყოფშია მოქცეული.

ნაყოფი რბილია, მოტკბო, ფისისმაგვარი გემო აქვს და საკვებად ვარგისია, მაგრამ შეიძლება კუჭის აშლილობა გამოიწვიოს, მას ფრინველები ეტანებიან და ისინი არიან ამ მცენარის თესლის ძირითადი გამავრცელებლები.

უთხოვარი, როგორც უძველესი რელიქტი და ბუნების უნიკალური ძეგლი, ყველგან და მათ შორის საქართველოშიც, განსაკუთრებული დაცვის საგანია და შეტანილია წითელ წიგნში.

უთხოვრის მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი ნარგაობა 700ჰა. მეტ ფართობს იკავებს ბაწარის ხეობაში (ახმეტის რაიონი, ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი). აქ  საშუალოდ 750-1000 წლიანი, 18-20 მეტრის საშუალო სიმაღლის და 50-60სმ. დიამეტრის მქონე ხეების კორომებია, სადაც 25-30 მეტრი სიმაღლის, 1,5 მეტრზე მეტი დიამეტრის მქონე 2000-3000 წლოვანი ცალკეული ხეებიც გვხვდება.

ეს კორომები განლაგებულია კავკასიონის ქედის სამხრეთის 26-35 გრადუსის დაქანების ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებზე.

საქართველოში ყველაზე დიდი ზომის უთხოვარი (სიმაღლე 32,5 მეტრი, დიამეტრი 1,2 მეტრი) აჭარაშია.

ინგლისის კენტის საგრაფოში იზრდება უთხოვარი, რომლის ვარჯის გარშემოწერილობა 18 მეტრია და ის დაახლოებით, 3000 წლისაა. მიიჩნევენ რომ იულიუს კეისრის მიერ ბრიტანეთის დაპყრობამდე იგი უკვე დიდებული ხე იყო.

დასავლეთ უკრაინასა და ყირიმში გვხვდება 25 მეტრი სიმაღლის და 1 მეტრი დიამეტრის მქონე უთხოვრის ერთეული ძირები, რომელთა ხნოვანება 2000-3000 წელია.

პოლონეთში, ტუხგოლის ტყეში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალია. ხოსატასთან შემორჩენილია 70 ჰექტრიანი უთხოვრის აგარაკი, სადაც უმეტესეად 600-1000 წლიანი ხეები იზრდება.

ცენტრალურ ევროპაში ყველაზე ხნიერ უთხოვრად მიჩნეულია ჩეხეთში, ქალაქ გავლიჩუვ–ბორთან არსებული ხე, რომლის ასაკი 2000 წელია (სიმაღლე 25მ.).

უთხოვარი უაღრესად ნელმოზარდი მცენარეა. წელიწადში მისი სიმაღლე 2-3სმ-ით მატულობს. ყველაზე ხელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში 10 წლის მანძილზე იგი ერთ მეტრამდე ძლივს იზრდება. მისი წიწვები 8-10 წელიწადს ცოცხლობს. მთაში იგი ზღვის დონიდან 500-დან 1200-მეტრამდე სიმაღლეზე  სახლობს. ნაყოფის გარდა მისი ყველა ნაწილი: ახალი ყლორტები, ქერქი და წიწვები შხამიანია. ისინი შეიცავს ალკალოიდ ტაკსინს, რის გამოც ცხოველები იწამლებიან და ამიტომ მთელ რიგ ადგილებში მისი ნარგაობები გაჩეხეს.

უთხოვრის მერქანი მკვრივი და მაგარია, მისი წითელი გული უძვირფასესი მასალაა ავეჯის დასამზადებლად. გულის წითელი ფერის გამო მას წითელ ხესაც უწოდებენ. მერქანი წყალგამძლე და ულპობია. მისი ბოძები საუკუნეების მანძილზე არა თუ ლპება, არამედ, ფერსაც არ იცვლის. განსაკუთრებით ძვირად ფასობს 250 წელზე მეტი ხნის ხეები. ძველად მის მერქანს იყენებდნენ სარკოფაგების, მშვილდების, ძვირფასი ნივთების დასამზადებლად და სამშენებლო მასალად.

უთხოვრის ქერქი მწარეა. მისი დიდი ხნის დუღილის შემდეგ მიიღება წებო, რომელსაც „ჩიტების წებოს“ უწოდებენ, მას ჩიტების დასაჭერადაც იყენებენ.

მისი მერქანი წყალში დიდი ხნით გაჩერების შემდეგ იისფერი ხდება, ხოლო  შემდგომში შავად შეიფერება, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ღირებულებას.

უთხოვარი საპარკო მშენებლობის ძვირფასი მასალაა. მას ახასიათებს მრავალღერიანობა. ღეროები ხშირად ერთმანეთს უხორცდება და ღებულობს  ერთიანი ღეროს ფორმას, რომლის დიამეტრი ძალიან დიდია. იგი კარგად იტანს გაკრეჭას,  მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად.

სახალხო მედიცინაში მის წიწვებს იყენებენ ზოგიერთი ნერვული, აგრეთვე გულის დაავადებათა სამკურნალოდ.
იმან, რომ უთხოვრის მერქანს დიდი სამეურნეო ღირებულება აქვს, მისი ნარგაობების დაზიანება-განადგურება გამოწვია. მათი აღდგენა–გაფართოება კი ძნელია, რადგან, როგორც ვთქვით უთხოვარი ძალიან ნელა იზრდება.

/ტრისტან ჩერქეზიშვილი/
საქართველოს დამსახურებული მეტყევე