აგროსიახლეები

ვარდის დაავადებები და მკურნალობის მეთოდები

ვარდის ჟანგა – Phragmidium subcorticium

       სიმპტომები და გამომწვევი: აავადებს ვარდსა და ასკილს. ადრე გაზაფხულზე ფოთლის ფირფიტასა და ყუნწზე ვითარდება ცოემას ტიპის ეციდიუმები. ყუნწები ხშირად იგრიხება და ცვივა. ურედოსტადია ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება მოყვითალო მეჭეჭების სახით.გვიან ზაფხულში ან შემოდგომაზე ისინი შავდება ე. ი. ტელეიტომეჭეჭები წარმოიქმნება. ტელეიტოსპორებიდან წარმოქმნილი  ბაზიდიოსპორები ტოტებს აავადებენ, სადაც სოკო მიცელიუმით გადაიზამთრებს. ძლიერი დაავადებისას ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ტოტები სუსტდება და ხმება.

      გამომწვევი:  ერთბინიანი ჟანგა სოკოა. 

      ბრძოლა: ბუჩქის გასხვლა ადრე გაზაფხულზე და ნასხლავის დაწვა, კვირტების გახსნის შემდეგ ბორდოს სითხის ან მისი შემცვლელების შესხურება. ჩამონაცვენი ფოთლების შეგროვება და დაწვა.

ვარდის  ნაცარი – Sphaerotheca pannosa f. rosae

    სიმპტომები: მიწისზედა ორგანოები იფარება ნაცრისფერი ფიფქით და შავი წერტილებით.ფოთლები სუსტება, ყვითლდება და ცვივა, ყლორტები ზოგჯერ დეფორმირდება, ასკილის შემთხვევაში ნაყოფიც ზიანდება და თეთრი მკვრივი მიცელიუმით იფარება.

გამომწვევი: გამომწვევს აქვს კონიდიალური (მარტივი კონიადიათმტარები ძეწკვისებურად განლაგებული კონიდიუმებით) და ჩანთიანი (კლეისტოკარპიუმები მარტივი ჩანთებით და ასკოსპორებით) ნაყოფიანობა.

ბრძოლა: სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება, გოგირდის შემცველი პესტიციდების გამოყენება და სხვ.

ვარდის მარსონია – Marssonina rosae 

სიმპტომები: აავადებს ფოთლებს, რომლებზედაც ჩნდება ჯერ მოწითალო, შემდეგ მურა ფერის ლაქები. ფოთოლი ხმება და ცვივა.   

გამომწვევი: იწვევს უსრული სოკო, რომელიც სარეცელს ივითარებს – მოგრძო კონიდიათმტარებზე 1 ტიხრიანი, ოდნავ მოხრილი, უფერული კონიდიოსპორებია.

ბრძოლა: იგივე, რაც ვარდია ჟანგაზე.

ვარდზე აღიშნება აგრეთვე ფოთლის სხვა სილაქავეებიც: ფილოსტიქტოზი – Phyllosticta rosarum, ცერკოსპოროზი – Cercospora rosicola. ტოტებზე კი ვხვდებით კონიოთირიოზს:

1. Coniothyrium wersdorfiae 2. Coniothyrium fuckeli.