ვარდისუბნელი ფერმერის წარმატების საიდუმლო
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბნელი მაჭარაშვილების გვარის ისტორია 1917 წლიდან იწყება, როცა ბაგრატ მაჭარაშვილი ზემო იმერეთის სოფელ კორბოულიდან ჰერეთში, ლაგოდეხში გადმოსახლდა, სამოსახლო შეარჩია, ალიზის პატარა სახლი აიშენა და შრომა- ცხოვრებას შეუდგა.
ამ პერიოდიდან იწყება ლაგოდეხში იმერლებისა და რაჭველების ჩამოსახლება. ეს პროცესი მე-20 საუკუნის 40-იან წლებში კიდევ უფრო დაჩქარდა და ლაგოდეხში რამდენიმე რაჭულ-იმერული სოფელი აშენდა.
ჰერეთი — ლაგოდეხის რაიონი თავისი უნიკალური მდებარეობით, ზომიერი, ნახევრად სუბტროპიკული კლიმატით, ნოყიერი ნიადაგით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით გამორჩეული მხარეა. სწორედ ეს ბუნებრივი სიმდიდრე და აქაურთა მუხლჩაუხრელი შრომა განაპირობებს ლაგოდეხელთა კეთილდღეობას.
მთავარია არ დაიზარო, აქაური ბუნება და მადლიანი მიწა ერთიასად დაგიფასებს გაწეული შრომის ამაგს.
დღეს ლაგოდეხში, სოფელ ვარდისუბანში ჩვენი ჟურნალის მასპინძელი ამბროსი მაჭარაშვილია, მესამე თაობის ვარდისუბნელი, პროფესიონალი ფერმერი, კაცი, რომელმაც აქაური მიწის ყადრიც იცის და ავან-ჩავანიც. მიწის სიყვარული და წინაპართაგან მოსდგამს და ტრადიციას თავადაც არ ღალატობს. მის მეურნეობას მშრომელი კაცის ხელი ატყვია.
ამბროსი ვარდისუბანში დაიბადა, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში განაგრძო და სწავლული აგრონომის დიპლომით დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს.
— 1975 წელს დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი და მეზობელ სოფელ ულიანოვკაში, დღევანდელ ჭიაურში, დავიწყე აგრონომად მუშაობა — მეუბნება ბატონი ამბროსი — სოფლის მეურნეობის სფეროში აგრონომიდან დაწყებული ყველა საფეხური გავიარე, ბოლოს სოფელ ვარდისუბნის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ამირჩიეს, სადაც 4 წელიწადი ვიმუშავე.
ეს იყო ძალიან აქტიური წლები, ვმუშაობდი პროფესიონალ აგრონომებთან, ზოოტექნიკოსებთან, ვეტერინარებთან, უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე. რაიონს კარგად მომზადებული აგრონომები ჰყავდა, მუდამ მათ გვერდით ვტრიალებდი, ვცდილობდი მეტი მომესმინა, მესწავლა მათგან, ჩემ მონდომებას ისინიც ამჩნევდნენ, ხელს მიწყობდნენ.
ვარდისუბნის კოლმეურნეობა ლაგოდეხის რაიონში მოწინავე იყო, პირველობას არავის ვუთმობდით. კოლმეურნეობაში რამდენიმე სოფელი იყო გაერეთიანებული. ვაწარმოებდით მარცვლეულს, ბაღჩეულს, თამბაქოს, ყურძენს, აბრეშუმს, მეცხოველეობის პროდუქტებს. მარტო ჩვენი ოჯახი ამზადებდა 200=250 კილოგრამ აბრეშუმს სეზონზე, ასე იყვნენ დანარჩენებიც.
ძირითადი დარგი მაინც მეთამბაქოება იყო. 200 ჰექტარზე გვქონდა გაშენებული თამბაქო, 400-450 ტონა გამშრალ ფოთოლს ვამზადებდით და ვაბარებდით, რომელიც გადამუშავდებოდა და იგზავნებოდა თბილისში თამბაქოს ფაბრიკაში.
სპეც. ლიტერატურიდანაც ცნობილია, რომ ლაგოდეხისა და აფხაზეთის თამბაქო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა, იგი დღეს რაიონში აღარ იწარმოება.
პირველები ვიყავით მევენახეობაშიც, საშუალოდ ჰექტარზე 15-16 ტონა რქაწითელის ყურძენს ვკრეფდით. იმ დროს გამოიყენებოდა ე.წ. მანჯავიძის, ვაზის მხრის დაგრძელების მეთოდი. ამასთან ვენახი ნოყიერდებოდა დამწვარი ნაკელით და ჰექტარზე 20-22 ტონა ყურძენს იძლეოდა. ერთ წელიწადს მეზობელმა ავთო ღამბაშიძემ ამ მეთოდით ჰექტარზე 25 ტონა რქაწითელი დაკრიფა. მაშინ ასეთი წესი იყო, გეგმა უნდა შეგესრულებინა, სარეკორდო მოსავალს თუ მიიღებდი, გაჯილდოებდნენ. მგონი რეკორდული მოსავლისთვის ავთოს, ურიგოდ მისცეს მანქანა.
ასეთი ქვეყანა იყო — საფრანგეთში ჰექტარზე 7 ტონა ყურძენზე მეტი რომ მოიწიო, დაგაჯარიმებენ.
როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, დაიშალა კოლმეურნეობაც და მიწები გლეხებს დაურიგდა. მეც ჩვეულ საქმეს, ფერმერობას მოვკიდე ხელი, სიმინდის და ხორბლის მოყვანა დავიწყე. მაშინ მხოლოდ ადგილობრივ ჯიშებს, ჰიბრიდებს: „ენგურს“, „წეროვანს“, „ქართულ კრუგს“ ვთესავდით, საშუალოდ ჰექტარზე 6-7 ტონა ტაროიანი სიმინდი მოგვყავდა, ეს კარგი მოსავალი იყო.
2007 წლიდან დავიწყეთ ახალი, შემოტანილი ჯიშების თესვა. დღეს „პიონერის“ სხვადასხვა ჰიბრიდებს — საშუალო საგვიანოს და საგვიანო ჯიშებს ვთესავთ.
დანახარჯი, რომელს თესავ — ადგილობრივს თუ შემოტანილს ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ ადგილობრივი ჯიშები ბევრად ნაკლებ მოსავალს იძლევა.
ახალი შემოტანილი ჯიშებით კი საშუალოდ ჰექტარზე 8-9-10 ტონა მშრალ მარცვალს ვიწევთ, რაც გაცილებით მომგებიანია.
მე დაახლოებით 300 ჰექტარ მიწას ვამუშავებ, აქედან 200 ჰექტრამდე საკუთარია, დანარჩენს ვქირაობ. ჩემი ძმა ამირანიც ფერმერია, მასაც დაახლოებით ამდენივე ფართობზე მოჰყავს სიმინდი.
საშუალოდ 2000 ტონა სიმინდის მარცვალს ვაწარმოებთ. როცა კარგი პირობებია, გვალვა ან სეტყვა არ გვაყენებს ზიანს, 3000-3500 ტონა სიმინდიც კი აგვიღია.
გაისად უკვე ნაკლებად ვიქნები დამოკიდებული გვალვაზე, 100 ჰექტარზე თანამედროვე ტექნოლოგიურ სარწყავ სისტემას გავმართავ და ჰექტარზე საშუალოდ 10 ტონა მარცვალს მივიღებთ. ამ ტექნოლოგიის მოწყობა დაახლოებით 400 ათასი ლარი ეღირება. ბანკთან უკვე მოლაპარაკებული ვართ, დაგვაფინასებს და მომავალი სეზონიდან სისტემა ჩაირთვება, რომლის მართვა დისტანციურად დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან იქნება შესაძლებელი.
2016 წელს, საქართველომ მთლიანად 243.7 ათასი ტონა სიმინდი მოიწია, საიდანაც ლაგოდეხის რაიოინის წილი, თუ ამბროსი და ამირან მაჭარაშვილების წილს არ ჩავთვლით, უმნიშვნელოა. საერთოდ კი ძმებს დღეს ორჯერ მეტი სიმინდის მარცვალი მოჰყავთ ვიდრე წლების წინათ, საბჭოთა კოლმეურნეობების პირობებში მთელ ლაგოდეხის რაიონს მოჰყავდა მაშინ, როცა ქვეყანაში სოფლის მეურნეობა დღევანდელისგან განსხვავებით განვითარებული იყო და ერთი გოჯი მიწაც კი არსად იყო დარჩენილი დაუმუშავებელი.
სწორედ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ქმნის იმ ავტორიტეტს, რომელიც ბატონ ამბროსის დღეს მარტო ლაგოდეხის რაიონში კი არ მთელ საქართველოში აქვს მოხვეჭილი. მისი ფერმერული წარმატების ფორმულა შრომითა და განათლებით, სიახლეთა დანერგვით აიხსნება.
ამის დასტური კი ის ფერმერული მეურნეობაა, რომელიც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით იქმნებოდა.
დღეს ბევრი უცხოური ფერმა ისურვებდა ისეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, აწყობილ სისტემას, რაც ამ მეურნეობაშია.
მეურნეობას კი ჰყავს თანამედროვე დიდი და საშუალო სიმძლავრის ამერიკული ტრაქტორი, რომელიც იუსაიდის პროგრამის დახმარებით შეიძინა, ასევე გერმანული და ბელორუსის ტრაქტორები, თანამედროვე მაღალი წარმადობის გერმანული კომბაინები, კულტივატორები, გუთნები და სხვა საშუალებები, მარცვლეულის დასაბინავებელი ორი ანგარი, რომელიც დაახლოებით 7-8 ათას ტონა მარცვლეულს იტევს.
და ეს ყველაფერი დაიწყო 20 ჰექტარი მიწის დამუშავებით და ნელ-ნელა შეიქმნა ფერმერული მეურნეობა, რომელიც სამაგალითოა მთელი ქვეყნისთვის.
როგორც ბატონი ამბროსი მიხსნის, იგი ნიადაგის დამუშავებაში თუ მოსავლის აღებაში მეზობელ ფერმერებსაც ეხმარება, ხშირად მისი კომბაინები სხვა რაიონებშიც მიჰყავთ. ასე რომ, ეს ტექნიკა მარტო ჩემი მეურნეობისთვის არ შემიძენიაო, ამბობს ფერმერი.
ფერმერობა ისეთი საქმეა, რომელიც გავალდებულებს მეზობელს ხელი გაუმართო. სოფლის მეურნეობაში ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს, დააგვიანებ ხვნა-თესვას, მოსავლის აღებას, იზარალებ, ამიტომ როცა შეგიძლია, უნდა დაეხმარო მეზობელს და ვეხმარებით კიდეც ერთმანეთს. სხვაგვარად შეუძლებელია.
უკვე მეორე წელიწადია იუსაიდის რეაპის პროგრამით ვარდისუბანში სწორედ ამბროსი მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით აშენდა ფერმერთა მომსახურების თანამედროვე ცენტრი, რომელიც მიმდებარე სოფლების 2000-ზე მეტ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ფერმერს ემსახურება. ცენტრს ჰყავს აგრონომ-კონსულტანტი, რომელიც, თუ საჭირო გახდა ადგილზე, მინდორში ემსახურება ფერმერებს, უწევს დახმარებას. ფერმერებს კონსულტაციის გარდა აქვე შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა კულტურების ხარისხიანი თესლები, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და სხვა.
ცენტრში შესაძლებელია კონფერენციების, სწავლებების გამართვა, ფერმერებთან შეხვედრების ორგანიზება. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულად პასუხობს დღევანდელობის მოთხოვნებს. რაც მთავარია, ფერმერები აქ ცივილიზებულად იღებენ სრულყოფილ მომსახურებას და ამომწურავ ინფორმაციას ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც სოფლის მეურნეობას, აგროტექნიკას უკავშირდება.
ცენტრში, როგორც ბატონი ამბროსი მიხსნის, 10 კაცია მუდმივად დასაქმებული. მეურნეობაში კი 25 მექანიზატორი მუშაობს, გვყავს დარაჯი, ბუღალტერი, ყველა ადგილობრივი მცხოვრები, რომლბიც შესაბამის ხელფასს იღებენ.
სიმინდი ძალიან კარგი კულტურაა, მომგებიანი, ჰექტარზე, თუ სათანადოდ მოვუვლი, საშუალოდ 40-45% მოგებას ტოვებს, მარცვალზე დიდი მოთხოვნაა, იოლად იყიდება, ფასიც არ აქვს ურიგო, 45-50 თეთრი, თუ შეინახავ, ცოტა ძვირადაც გაყიდი, მაგრამ ეს სრულიად ნორმალური ფასია.
კარგ მაგალითს რომ დიდი ძალა აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ბატონი ამბროსი ხშირად ხუმრობს კიდეც — ბევრი მეზობელი მოვაბრუნე მიწისკენ, ფერმერობა დავაწყებინეო. მისი წყალობით ბევრი გლეხი გაიმართა წელში და შეიძლება ითქვას, შეძლებულ ფერმერად ჩამოყალიბდა.
ბატონ ამბროსი მაჭარაშვილს შვიდი შვილიშვილი, სამი შვილი და ძალზე მოსიყვარულე და სათნო მეუღლე ჰყავს, ვისი თანადგომითაც ის იდილია სუფევს რომლითაც ყველას, უცხოსა თუ ახლობელს გულითადად იღებენ და იმ სიყვარულს უზიარებენ, რაც მათ დიდ ოჯახში ასე უხვადაა.
ნესტან გუგუშვილი