ქართული მეჩაიეობის გადასარჩენად

გასული საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოში ჩამოყალიბდა ჩაიზე მოთხოვნისა და მასზე ფასების ზრდის ტენდენცია, რაც მეჩაიეობის ცნობილი საექსპერტო ფირმების შეფასებით განპირობებული იყო დედამიწაზე მოსახლეობის მატებით, ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში ცხოვრების დონის ამაღლებითა და მეჩაიეობის კლასიკურ ქვეყნებში ჩაის ადგილობრივი პროდუქციის მოხმარების გაზრდით. აღნიშნულ ტენდენციას მეჩაიეობის, აგრეთვე ჩაის გაშენების შესაძლებლობების მქონე ქვეყნებმა, მძლავრი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით უპასუხეს, რის შედეგადაც მეჩაიეობის ქვეყნების რიცხვი 18-დან 43-მდე გაიზარდა, საიდანაც აფრიკაშია_19, აზიაში_16, სამხრეთ ამერიკაში_5, ევროპაში_2 და ოკეანიის ქვეყნებში_1.

მსოფლიოში ჩაის ნარგაობა 100 ათასი ჰა-თი გაიზარდა და 3.0 მლნ ჰა-ს, მზა პროდუქციის წარმოებამ 3.5 მლნ ტონას გადააჭარბა, ჩაის ყოველწლიური ექსპორტი კი 1.7 მლნ ტონას აღემატება.

ჩაიზე მოთხოვნა წლიურად 2.2%-ით იზრდება, რის გამოც ახლო მომავალში მოსალოდნელია დეფიციტის წარმოშობა, რაც სულ მცირე 100 ათას ტონას მიაღწევს.

საექსპერტო ფირმების მონაცემებით, საქართველოს, ჩაის პლანტაციების ძველი პარამეტრების შენარჩუნების პირობებში, მსოფლიო ბაზარზე შეეძლო 72-78 ათასი ტონა მზა პროდუქცია გაეტანა.

იმ დროს, როცა მეჩაიეობის კლასიკურ ქვეყნებს, ადგილობრივი მოხმარების ზრდის გამო, ჩაის ექსპორტის გაზრდის რესურსები ეწურებათ, მსოფლიო ბაზარზე ჩაის მიწოდების შანსები ეზრდებათ საქართველოს, კენიას, ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებს შრი-ლანკას და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რომლებიც წარმოებული პროდუქციის საერთო რაოდენობიდან ადგილზე მას მცირე ოდენობით მოიხმარენ.

სამწუხაროდ, დარგში ჩამოყალიბებული დადებითი ტენდენციის ფონზე საქართველო აღმოჩნდა მეჩაიეობის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბოლო 25 წელიწადში როგორც ჩაის ნარგაობა, ისე პროდუქციის წარმოება მკვეთრად შემცირდა. თუ საქართველოში 1990 წელს აღირიცხებოდა 67.7 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია, 2015 წელს, ოპერატიული მონაცემებით, იგი 9 ათას ჰა-მდე შემცირდა, ამავე წელს საქართველოში  მხოლოდ 2 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი მოიკრიფა.

მეჩაიეობა, წარმოების თავისებურებების გამო, არცერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭრის გარეშე არ განვითარებულა, მათ შორის საქართველოში, სადაც სახელმწიფო ძალისხმევით სამრეწველო პლანტაციების გაშენება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და 1940 წელს 47.0 ათას ჰა-ს მიაღწია, ხოლო 1985 წლისთვის იგი 67.7 ათას ჰა-ს შეადგენდა. მეჩაიეობა მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ დარგად, რომელიც უზრუნველყოფილი იყო სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტების, ლაბორატორიებისა და საკონსტრუქტორო ბიუროების, მანქანათმშენებელი და სარემონტო ქარხნების ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი და მზა პროდუქციის დამფასოებელი ფაბრიკების ფართო ქსელით, შრომის ანაზღაურებისა და პროდუქციის ხარისხის მართვის სისტემებით. შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში პირველი ჩაის ფოთლის საკრეფი მობილური მანქანები „საქართველო“ და „ჩაი-900“, ფოთლის ხელით საკრეფი აპარატები და მრავალი სხვა.

საქართველოში მეჩაიეობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ქვეყანა გამოვიდა საბჭოთა კავშირის დახურული ბაზრის სივრციდან და მსოფლიო ბაზრის სუბიექტად იქცა, რომლის პირობებში ფუნქციონირების გამოცდილება მას არ გააჩნდა. სახელმწიფომაც საბაზრო ეკონომიკა თავისებურად გაიგო, როცა მიუხედავად დარგობრივი თავისებურებებისა, საზოგადოებრივი წარმოების ყველა სფეროში ლიბერალურ ეკონომიკაზე დაჩქარებულ გადასვლას დაუჭირა მხარი. ასეთი მიდგომა დამღუპველი აღმოჩნდა სოფლის მეურნეობისათვის და განსაკუთრებით მეჩაიეობისათვის. ქართულმა სახელმწიფომ არც ეს იკმარა და შეიმუშავა ჩაის ფაბრიკებში არსებული პროდუქციით საგარეო დავალიანების დაფარვის სქემა, სადაც პროდუქციისათვის ფულის გადახდის ნაცვლად ურთიერთჩათვლების სქემა მოქმედებდა, რამაც ხელი შეუწყო ჩაის ფაბრიკების დავალიანებების წარმოშობას ქვეყნის ბიუჯეტის, ე.წ. სახელმწიფო ფონდების, მომწოდებლებისა და მეჩაიეების წინაშე. ჩვენი აზრით, სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა როცა გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში დაეთანხმა საკავშირო ორგანოებს ქართული ჩაით საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მაქსიმალურად დაკმაყოფილების შესახებ, რაც ნიშნავდა ფოთლის მოსავლის რამდენიმეჯერ გაზრდას ჩაის ნარგაობის გაფართოების გარეშე, რომლის შესაძლებლობა ფაქტიურად ამოწურული იყო. სამაგიეროდ, სახელმწიფომ ძალაში დატოვა ფოთლის შესყიდვის ფასი, რომელსაც იგი ნაზი დუყების კრეფაში იხდიდა. 2-3 ფოთლიანი დუყების ნაცვლად დაიწყო 5-8 ფოთლიანი ღერების არა კრეფა, არამედ ჭრა ხელით ნაკეთი იარაღების, ჩაის საკრეფი მანქანების თუ ხელის აპარატების გამოყენებით. ხდებოდა არა ბუჩქების გადაკრეფა, რისთვისაც მეჩაიე ნაკვეთში სეზონზე 7-8-ჯერ შედიოდა, არამედ მისი გასხვლა 2-3-ჯერ. იმ წლებში სქართველო საკავშირო ბაზარს აწვდიდა 120-140 ათას ტონა მზა პროდუქციას, რომელშიც გასაკეთილშობილებლად 20-25 ათასი ტონა ინდური ჩაი იყო შერეული.

მეჩაიეობაში უზარმაზარი ფული ტრიალებდა, გაჩნდა სხვადასხვა კორუფციული სქემები, რომელმაც მოიცვა ფოთლის კრეფის, გადამუშავებისა და რეალიზაციის მთელი ჯაჭვი. დიდი ფულის სანაცვლოდ უხარისხო პროდუქციის წარმოება იმდენად იყო გამჯდარი დარგში დასაქმებულ ადამიანებში, რომ ქვეყანაში წარმოების წესის შეცვლის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს მიერ მეჩაიეობისადმი გაწეულმა დახმარებებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო, მისი სიმცირისა და განსაკუთრებული არასტაბილურობის გამო. ადამიანებმა ვერა და ვერ გაითავისეს, რომ საქართველოს სინამდვილეში გამოსავალი მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში იყო.

საბაზრო ეკნომიკის მექანიზმების ნაკლებად მცოდნე ჩაის ფაბრიკების მესაკუთრეებმა წარმოშობილ სირთულეებს იმით უპასუხეს, რომ დაიწყეს ფაბრიკების ჯართად გაყიდვა, რასაც სახელმწიფოც უწყობდა ხელს ბიუჯეტის წინაშე ჩაის ფაბრიკების დავალიანებების დაფარვის მიზნით. სხვა დარგებისაგან განსხვავებით, ჩაის პლანტაციების ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების გარეშე დატოვება კატასტროფის ტოლფასი იყო და ასეც მოხდა. მეჩაიეობიდან მაღალ შემოსავლებს მიჩვეულმა, წარმოების ყველა დონეზე უყურადღებოდ მიტოვებულმა მოსახლეობამ თვითონ დაიწყო ალტერნატივის ძიება, რასაც ხელი შეუწყო იტალიური კომპანია „ფერეროს“ მიერ სუბტროპიკულ რეგიონში თხილის გასაშენებელად მიწების შესყიდვამ. მოსახლეობაში თხილის გაშენება დაიწყო უსისტემოდ, მეცნიერული რეკომენდაციების გარეშე. მოსახლეობა თხილის გასაშენებლად ძირკვავდა, წვავდა ჩაის პლანტაციებს, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, აშენებდა იმ ჯიშის თხილს, რასაც შოულობდა. ყველაფერი ეს ხდებოდა სახელმწიფოს თუ თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან სრული წაყრუების პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩაისთან შედარებით თხილი ნაკლებ შემოსავლიანია, მოსახლეობა მაინც თხილის გაშენებას ამჯობინებდა. ნარგაობის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად გაჩნდა თხილის კულტურის მავნებელ-დაავადებები, რომლებმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს თხილის წარმოებას. გარდა ამისა თხილი, რომელსაც ფუნჯა ფესვები აქვს, ვერანაირად ვერ ჩაენაცვლა ჩაის ბუჩქის ღრმად განვითარებულ ფესვთა სისტემას, წყლისმიერი ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება მავნებელ-დაავადებებს, 25 წლის მანძილზე უპატრონოდ მიტოვებულ ჩაის ბუჩქებს არავითარი დაავადება არ გასჩენია. თხილის პლანტაციებში გავრცელებულ მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ მომავალშიც სერიოზული ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო, რომლის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს და რის განხორციელებასაც მოსახლეობა სახელმწიფოსგან მოითხოვს; ისიც იძულებული იქნება მათი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რადგან მავნებელ-დაავადებები სხვა კულტურებზეც ვრცელდება. მეჩაიეობის რეგიონებში მოსახლეობის დაუსაქმებლობის გამო გაძლიერდა სხვადასხვა ფორმის მიგრაციული პროცესები; თურქეთში ჩაის ფოთლის საკრეფად ყოველწლიურად გადის 10-12 ათასი ადამიანი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისაგან სოფლების დაცლის გამო აშკარად შეინიშნება მოსახლეობის დაბერება, შობადობაზე სიკვდილიანობის გადაჭარბების ტენდენცია.

სახელმწიფო, რომელმაც თავის დროზე სერიოზული შეცდომები დაუშვა დარგის მართვაში, შეეცადა მის გამოსწორებას, როცა 2016 მიიღო მთავრობის დადგენილება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“, დამტკიცების შესახებ, რომელიც 1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციისათვის ითვალისწინებს 2500 ლარის გამოყოფას დღგ-ს ჩათვლით, თანაც ერთი წლით. ჩვენ ვთვლით, რომ პროგრამა, რომელზეც გამოყოფილი იყო 3.5 მლნ ლარი, საჭიროებს სერიოზულ დახვეწას.

ჩვენი გათვლებით, 1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის ღირებულება, მძიმედ გასხვლის, სასუქების შესყიდვის, შეტანის, პლანტაციის გაწმენდისა და შემოღობვის სამუშაოების გათვალისწინებით, ერთი წლის მანძილზე შეადგენს სულ მცირე 7.1-7.3 ათას ლარს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფოს მონაწილეობით 3 წელი მაინც უნდა გაგრძელდეს.

ამჟამად მეჩაიეობისადმი დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა, რაზეც თხილში გაჩენილ დაავადებებთან ერთად სერიოზული გავლენა იქონია შ.პ.ს. „ლაზის“ ორწლიანმა თანამშრომლობამ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან, რომელმაც ჩინურ დანადგარზე, ჩინური ტექნოლოგიითა და სპეციალისტების მონაწილეობით დაამზადეს უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი და წაიღეს ჩინეთში გასაყიდად. 1კგ პროდუქცია 350-400 აშშ დოლარად აქვე დაამზადეს, რომლის 1კგ-ს გასაყიდი ფასი 850-900 აშშ დოლარია.

ვიმეორებთ, როგორიც არ უნდა იყოს მეჩაიეობის რეაბილიტაციის მოტივაცია, მისი განხორციელება სახელმწიფოს სერიოზული მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, თუნდაც ინვესტიციების ჩადებისა და მისი ამოღების დროებს შორის დიდი სხვაობის, დარგის მაღალი კაპიტალტევადობის გამო.

თუ სახელმწიფოს სერიოზულად სურს მეჩაიეობის დარგის აღორძინება, მან პირველ რიგში უნდა შეიმუშაოს მისი განხორციელების კონცეფცია, შეათანხმოს იგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შემდეგ დაიწყოს პროგრამაზე მუშაობა.

პროგრამის განხორციელების დრო დამოკიდებული იქნება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შესაძლებლობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სჯობს პროგრამის განხორციელება გაიწელოს დროში, ვიდრე დავადგეთ შესასრულებელი სამუშაოების შეკვეცის გზას.

გვინდა ვირწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ჩაის მსოფლიო ბაზრზე საქართველოს ადგილი სხვა ქვეყნებმა დაიკავონ და ამით დაიკარგოს მოსახლეობის დასაქმების, ოჯახების, მუნიციპალიტეტების, ქვეყნის ბიუჯეტების გარანტირებული შევსების შესაძლებლობა.

თამაზ კუნჭულია,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი);

შოთა ჭალაგანიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.