ვაროასთან ბრძოლის სტრატეგია იცვლება
მრავალი მეფუტკრე ფქტრობს, რომ ვაროოზის კონტროლის ერთადერთი გზა სამკურნალო საშუალებების მუდმივად გამოყენებაა. მიუხედავად ამისა ვაროას და მისი თანმხლები ვირუსების მიერ გამოწვეული ზამთრის დანაკარგები დაახლოებით 15% შეადგენს. დოქტორი ბიუჰლერი გვაჩვენებს რა ალტერნატივები არსებობს ვაროოზის მართვის სტრატეგიის შესაცვლელად.
ვაროასთან ბრძოლის მრავალი, მაღალეფექტური საშუალების ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ამ პარაზიტის დამაზიანებელი ქმედებისგან გამოწვეული ზამთრის დანაკარგები პროექტ DiBiMo-ს მონაცემებით დაახლოებით 15% შეადგენს და შეინიშნება აღნიშნული მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია.
ლოგიკურია, რომ მრავალი მეფუტკრე ეძებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გახშირებულ ცნობებს რეზისტენტული ფუტკრის პოპულაციების შესახებ, რომლებიც მრავალი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებენ ტკიპა ვაროასთან ერთად თავის გადარჩენას ადამიანის ჩარევის გარეშე. 2016 წელს თავის სტატიაში, ბარბარა ლოკემ სამეცნიერო თვალსაზრისით კარგად დოკუმენტირებული რამდენიმე მაგალითიც კი წარმოადგინა. საინტერესო ისაა, რომ ყველა მსგავსმა პოპულაციამ თავის დროზე ბუნებრივი შერჩევის პროცესი გაიარა ყოველგვარი სამკურნალო საშუალებების გამოყენების გარეშე. აღნიშნულმა მიგვიყვანა ისეთ გენეტიკურ ცვლილებებამდე, როგორიცაა ბარტყის წლიური აქტივობა, ჰიგიენური ქცევა ან სამუშე ბარტყში ვაროას გავრცელების შესაძლებლობა (SMR), რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ფუტკრის ოჯახების დასნებოვნების მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება.
სამწუხაროდ ვაროასადმი თითქოს მდგრადი ოჯახების სხვა რეგიონებში ან თუნდაც სამრეწველო საფუტკრეებში გადაყვანის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ვაროასთან ბრძოლის გარეშე ოჯახების გადარჩენის უნარი რეგულარულად იკარგება გარემო პირობების ცვალებადობასთან ერთად. როგორც ჩანს გარემო პირობებს და სამრეწველო მეფუტკრეობის თავისებურებებს გარკვეული შემზღუდველი გავლენა გააჩნიათ. თომას სილიმ და მაიკლ ლ. სმითმა ასევე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ინფორმაცია მასზედ თუ როგორ გავლენას ახდენს ვაროათი დასნებოვნებაზე ფუტკრის ოჯახების მოვლის სხვადასხვა პირობები. ზაფხულში მათ შეადგინეს 24 თანაბარი სიძლიერის ოჯახი და შემდეგ გაზაფხულამდე აკვირდებოდნენ მათ და არ იყენებდნენ რაიმე სახის სამკურნალო ღონისძიებებს. გადარჩა ყველა ის ოჯახი, რომლებიც განთავსებულები იყვნენ ცალკე და ერთხელ მაინც მოახდინეს ნაყრობა. იმ ოჯახებმა, რომლებიც მოთავსებულნი იყვნენ ერთმანეთის გვერდით საერთო სადგამზე და ვერ მოახერხეს ნაყრობა სამწუხაროდ ვერც გადარჩენა შეძლეს. თუ გსურთ შეამციროთ სამკურნალო საშუალებების მოხმარება, გენეტიკურ ნიშან-თვისებებთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ ფუტკრის საცხოვრებელი პირობებიც. თანამედროვე და ეფექტური მეფუტკრეობა სწრაფად აღწევს თავის ზღვარს. მრავალრიცხოვანი ფუტკრის ოჯახების შემთხვევაში ყოველთვის ხდება მსხვილი საფუტკრეების მოწყობა. ნაყრობის ინსტინქტის შეკავება არამარტო სამეზობლოსთან კონფლიქტს გვაცილებს თავიდან, არამედ თაფლის უხვი მოსავლის მიღების წინაპირობაცაა.
მაშ ასე! მაინც რა ხერხს შეიძლება მივმართოთ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაზღუდავად და თან უარი არ ვთქვათ ეკონომიკურ მიზნებზე?
მეფუტკრეობის კარგი პრაქტიკა
ვაროასადმი და მისგან გამოწვეული მეორადი ინფექციებისადმი მდგრადობა დიდწილადაა დამოკიდებული ფუტკრის ოჯახის საარსებო გარემოზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს ფუტკრის მოვლას და საცხოვრებელი პირობების ოპტიმიზაციას. ეს თავის მხრივ გულისხმობს კარგი მიკროკლიმატის მქონე ადგილზე ფუტკრის მინიმალური რაოდენობის ოჯახების განთავსებას, რომლებიც უხვად იქნებიან უზრუნველყოფილნი ყვავილის მტვრით და სულ მცირე 10 კგ. თაფლის მარაგით. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ოჯახებში ხელოვნური ჩარევა. სკის ყოველი გახსნა დაკავშირებულია სითბოს დანაკარგთან, ბარტყის მოვლის პროცესის და ჰიგიენური ქცევის დარღვევასთან. ამის გარდა ბუდის მუდმივი განახლება და ჰიგიენა ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. არ შეიძლება პესტიციდებთან და გარემოს სხვა დამაბინძურებლებთან კონტაქტი, მიუხედავად იმისა რომ ისინი შეიძლება უსაფრთხონი იყვნენ ფუტკრებისთვის.
აქცენტი მდგრადობის ზრდაზე
როდესაც ძლიერი დასნებოვნებისას ბუნებრივი გადარჩევა ხდება, იცვლება გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც ბოლომდე ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მეფუტკრეობის მოთხოვნებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მდგრადი პოპულაციები მაინც ავლენენ ისეთ დამცავ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლოა კარგად შეეწყოს ისეთ თვისებებს, როგორებიცაა მაგალითად თვინიერება, ნაყრიანობისადმი მდგრადობა და თაფლის წარმოება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია შემდეგი ქცევითი მახასიათებლების გამოვლენა: REC, VSH და SMR (REC – Recapping – დაავადებული უჯრების მიზანმინართული გახსნა და თავიდან დახურვა; VSH – Varroa sensitive Hygiene – დაავადებული უჯრების მიზანმიმართული გახსნა და გასუფთავება; SMR – Suppressed mite reproduction – ტკიპის გამრავლების შეზღუდვა).
დღეისათვის არსებობს სისტემატიური შერჩევის სპეციალური პროგრამები, რომლებიც მიმართულია კარნიკას, ბაკფასტის და ა.შ. ზემოთაღნიშნული მახასიათებლების გამოსავლენად საკმაოდ კარგი ეკონომიკური ეფექტით. ეს ყველაფერი საჭიროებს მრავალი საცდელი სადგურის თანამშრომლობას, საჯიშე ღირებულების შეფასებას, მონაცემთა ანალიზს და სელექციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. ამავდროულად, შერჩეული ოჯახები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის მაგალითად შეწყვილების სპეციალურ ადგილებში, ექსტენსიური გამრავლების მიზნებიდან გამომდინარე.
ასეთი პროგრამაა მაგალითად AGT (Arbeitsgemeinschaft Toleranzzucht), პროექტი კირხჰაინის მეფუტკრეობის ინსტიტუტის მონაწილეობით, რომელიც ითვალისწინებს ტოლერანტული ოჯახების გამოვლენას და სელექციას. პროექტის ფარგლებში SMR მახასიათებელზე ყოველწლიურად დაახლოებით 60 საცდელი ოჯახის კვლევა მიმდინარეობს და ხდება გამოვლენილი ოჯახების მიზნობრივი შეჯვარება მდგრადობის აღნიშნული კრიტერიუმის მაჩვენებლის გასაზრდელად, რომელიც შემდეგი სახით გამოიყურება: 2013 წ. – 16,4%, 2017 წ. – 35,4%.
ფუტკრის ოჯახების გადარჩენისთვის ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ვაროათი ფარდობით დასნებოვნებას. როგორც ტესტებიდან ჩანს ამ მაჩვენებლით ერთმანეთის მონათესავე ოჯახებიც კი განსხვავდებიან.
ზაფხულის უბარტყობა ბარტყის საზაფხულო წყვეტას, რომელიც დაკავშირებულია ნაყრობის პროცესთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრის ოჯახების ჯანსაღი განვითარებისათვის. იგი წარმოადგენს ბარტყის ყველა დაავადებისგან დაცვის ეფექტურ საშუალებას და უზრუნველყოფს ბუდის ინტენსიურ განახლებას. ვაროათი ინვაზიაზე ნაყრობა რამდენიმე სახით მოქმედებს. ნაყართან ერთად ვაროას ნაწილი ტოვებს ფუტკრის კოლონიას. დარჩენილ ვაროას უწყდება საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 4 კვირით. ისინი ვერ ახერხებენ გამრავლებას და ფუტკრის სიკვდილიანობის გამო, თვითონაც იხოცებიან. გამრავლების ხანგრძლივი წყვეტის გამო დარჩენილი ვაროა საწყის ეტაპზე მხოლოდ შეზღუდულად ახერხებს გავრცელებას. რაც უფრო მეტად ხდება მეფუტკრეობაში ნაყრობის ინსტინქტის შეკავება, იმდენად მნიშვნელოვანია ზაფხულის განმავლობაში ბარტყის წყვეტის კონტროლი. ამისათვის უკვე არსებობს გამოცდილი მეთოდები, რომლებიც მიესადაგება მეფუტკრეობის განსხვავებულ პირობებს და და სიტუაციას.
თუ გსურთ თავიდან აიცილოთ დედაფუტკრის ძებნა ან გაზარდოთ თქვენი ფუტკრის ოჯახების რაოდენობა, უნდა გამოიყენოთ ბარტყის სრულად მოცილების მეთოდი. ეს უნდა შესრულდეს ბოლო ღალის დამთავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, რადგან ამ ოპერაციის შემდეგ ოჯახები რამდენადმე სუსტდებიან. ფუტკრის ოჯახები შემდგომ კვირებში უფრო ძლიერდებიან, თუ ბარტყიანობის წყვეტა ხდება დედების უბრალო გალიის გამოყენებით. დაახლოებით 4 კვირის შემდეგ, როდესაც ხდება დედაფუტკრის გალიიდან გამოშვება, ყველა ვაროა ფუტკარზეა და შეიძლება ოჯახის დამუშავება მაგალითად მჟაუნმჟავას გამოყენებით. თუ არ გსურთ სამკურნალო პრეპარატების გამოყენება, მაშინ დედაფუტკრის დაჭერა უნდა მოხდეს სპეციალური ჩარჩოს მეშვეობით, სადაც ის შეზღუდული ოდენობის კვერცხს დებს და რომლითაც შესაძლებელია ვაროას მთლიანი რაოდენობის ეტაპობრივად გამოდევნა. ეს მეთოდები უფრო დაწვრილებით ახსნილია ინსტიტუტის სპეციალურ ცნობარებში.
მდგრადი კონტროლის ქვაკუთხედი
ზაფხულის უბარტყობის მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლოა გავიგოთ, თუ მას განვიხილავთ ბუნებრივი გადარჩევის კონტექსტში. იქედან გამომდინარე, რომ ვაროათი განსაკუთრებით მამალი ფუტკრები ზარალდებიან, მგრძნობიარე ოჯახებს მცირე შანსი აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეწყვილების პროცესში თუ არ მოვახდენთ მათ სათანადო მკურნალობას. დიდი ალბათობით სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ვაროასადმი მდგრადი ოჯახები ვერ ცოცხლობენ (მხოლოდ რამდენიმე თაობა) დაუმუშავებელ ოჯახებთან ერთად
ნაბიჯები მდგრადი კონტროლისკენ მიმავალ გზაზე:
- მოზამთრე თაობის გამოყვანამდე ვაროოზისგან ეფექტური დაცვა. სასურველია ივლისში ბარტყის წყვეტის გამოყენება;
- მოზამთრე თაობის გამოზრდისას დაავადებასთან ბრძოლა და აუცილებლობის შემთხვევაში შერჩევითი დამუშავება/პრობლემური ოჯახების განსახლება;
- ზამთრის დამუშავებაზე უარის თქმა;
- ადგილობრივ პირობებთან შეგუებული დედაფუტკრების გამოყენება;
- რეგიონალურ დონეზე კოორდინაცია და ერთიანი მიდგომა;
ბუნებრივი გადარჩევის ეფექტის გამოსაყენებლად AGT პროგრამის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად არ ახდენდენ სამამლე კოლონიების ვაროას წინააღმდეგ ზამთრის დამუშავებას. ზოგიერთი მათგანი ახალ სეზონს იწყებდა თვალშისაცემი ინვაზიით და შეწყვილებაში გარკვეულ წარმატებებს აღწევდა ინდივიდუალური წინააღმდეგობის უნარიდან გამომდინარე. სწორედ ზაფხულის უბარტყობის გამოყენებამ შეუწყო ხელი დასნებოვნების ხარისხის დროულ და ეფექტურ შემცირებას ფუტკრის მოზამთრე თაობის გამოყვანის წინ.
მე-3 სურათზე ნაჩვენებია მსგავსი სახით დამუშავებული ოჯახების ინვაზიისმიმდინარეობა ტრადიციულ, სამკურნალო საშუალებებით დამუშავებულ ოჯახებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი გზით დამუშავებული ოჯახები ავლენენ წლის განმავლობაში საშუალოდ ინვაზიის უფრო მაღალ დონეს და განსაკუთრებით შეწყვილების პერიოდში უფრო მეტად არიან დაავადებულები (მწვანე ტეხილი), მოზამთრე ფუტკრის ზარალი და შესაბამისად დაკარგვის რისკი მცირეა.
პერსპექტივები
ფუტკრის ოჯახების წარმატებული გამოზამთრების საფუძველი ჯანმრთელი მოზამთრე ფუტკარია, რომლის გამოზრდაც ყველაზე კარგადაა შესაძლებელი უბარტყობის შექმნით და ვაროასთან ეფექტური ბრძოლით მანამ, სანამ დაიწყება ასეთი ფუტკრის გამოზრდა. ჩვენს მიზანს უნდა შეადგენდეს დანაკარგების 5%-მდე შემცირება. კოლონიების ზამთარში დამუშავება, რომელიც დღემდე ძალიან გავრცელებულია, ზედმეტი უნდა გახდეს მას შემდეგ, რაც საყოველთაოდ დაინერგება საიმედო და ადრესაგაზაფხულო დამუშავება. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამოყალიბდება მდგრადი ოჯახების სელექციური უპირატესობა და შესაბამისად ვაროათი ინვაზიის დაბალი დონეც.
ადგილობრივ პირობებს მორგებული მდგრადი ოჯახების განვითარებას დიდწილად ხელს უწყობს სელექციონერთა შორსმიმავალი და საპასუხისმგებლო მუშაობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ნიშანთვისებების მქონე დედაფუტკრების წარმოება.
დოქტორი რალფ ბიუჰლერი კირხჰაინის მეფუტკრეობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. იგი მრავალი წლის განმავლობაში ინტენსიურადაა დაკავებული მდგრადი ოჯახების სელექციით და ვაროასთან ბუნებრივი ბრძოლით. მისი რეკომენდაციები დაფუძნებულია არამარტო ინსტიტუტის ფართომასშტაბიან კვლევებზე, არამედ როგორც მეფუტკრის პირად გამოცდილებაზე.
დოქტორი რალფ ბიუჰლერი