ვაროატოზთან ბრძოლის ზოოტექნიკური მეთოდები
უპირველეს ყოვლისა აღვნიშნოთ, რომ ზოოტექნიკური მეთოდები ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებია, ამიტომ შეგვიძლია სეზონის ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ. ამასთან ზოოტექნიკური მეთოდების მიმართ, ტკიპებს შემგუებლობა არ უნვითარდებათ.
ვროატოზის საწინააღმდეგო ზოოტექნიკური მეთოდების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა მეფუტკრეების უმრავლესობა მათ არ იცნობს და შესაბამისად არც იყენებს. ზოოტექნიკური მეთოდების გამოყენება დაფუძნებულია ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიისა და ვაროა გამანადგურებლის (varoa destruqtor-ის) ბიოლოგიის კარგ ცოდნაზე. ამასთან, ზოოტექნიკური მეთოდების უმრავლესობა ადვილად ერთვება ფუტკრის ოჯახის მოვლა -მოშენების წლიურ ციკლში. ზოოტექნიკური მეთოდები ყველაზე ეკოლოგიური, იაფი, საიმედო და რაც მთავარია მის მიმართ ვაროას არ ახასიათებს შემგუებლობა, თუმცა ცოტა მეტ შრომით დანახარჯებს თხოულობს, ვიდრე ქიმიური მეთოდები. ზოოტექნიკური მეთოდების სხვა მეთოდებთან (თუნდაც ქიმიურ მეთოდებთან) ერთად გამოყენება გაცილებით ზრდის ტკიპების ჩამოყრის ეფექტურობას და ამცირებს შრომით დანახარჯებს. მაგალითად: ზოოტექნიკური და ქიმიური (იგულისხმება აკარაციდები) მეთოდების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ერთ ციკლში ქიმიური დამუშავების ჯერადობა 3-4 ჯერადიდან ერთამდე ან ორამდე დავიყვანოთ, შედეგი კი ამ დროს ხშირად ორჯერ უკეთესი გვაქვს. ამჟამად, ზოოტექნიკური მეთოდების საერთო რაოდენობა 25-ს სცილდება. ამ მეთოდებიდან, ზოგი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ზოგის ეფექტურობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ზოგი ზედმეტად შრომატევადია. მე შევეცადე თავი მომეყარა უფრო ეფექტურ და ნაკლებ შრომატევად მეთოდებისთვის.
ჩემი გამოცდილებით, ქვემოთ მოყვანილი მეთოდები შედარებით ადვილია და მათი დანერგვა სრულიად შესაძლებელია საქართველოში. რამოდენიმეს, წარმატებით ვიყენებ ჩემს პრაქტიკაში 500 -დე ფუტკრის ოჯახში. აქედან 18.3 და 18.4 მეთოდების გამოყენება მაინც მოგვიწევს, თუნდ ქიმიურ აკარაციდებზეც რომ ვიყოთ ორიენტირებული, რადგან ამ მეთოდებთან ერთად აკარაციდებით დამუშავების ჯერადობა, 2-ჯერ 3-ჯერ ნაკლები გვჭირდება, ხოლო მკურნალობის ეფექტურობა, მინიმუმ ორჯერ იზრდება. ჯერ ერთი აკარაციდების მრავალჯერადი გამოყენება მეფუტკრეობის პროდუქციას აბინძურებს, მეორეც აკარაციდებმა ამ ბოლო ხანს დაკარგეს ეფექტურობა, განსაკუთრებით ოჯახში ბარტყის არსებობის დროს. (2019 წლის) გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ზაფხულში ქიმიური აკარაციდების 5-10-ჯერადმა გამოყენებამაც ვერ მოგვცა სასურველი შედეგი და ვაროამ საკმაოდ ბევრი ფუტკრის ოჯახი შეიწირა. მაგალითად, იგივე 2018 წ. ჩემს საფუტკრეში, ივლის-აგვისტოში ზოოტექნიკურ მეთოდებთან ერთად აკარაციდების ერჯერადი გამოყენების შემდეგ ოჯახების საშემოდგომო და საგაზაფხულო დანაკლისი 1-2%-ის ფარგლებში იყო, იმ დროს როცა იგივე რეგიონში და პერიოდში და სხვა ახლომდებარე საფუტკრეებში დანაკლისი ხშირად ორნიშნა ციფრით გამოიხატებოდა.
გადავიდეთ ამ მეთოდების განხილვაზე
18.3 ზაფხულში ფუტკრის ოჯახის გაყოფა ღია და გადაბეჭდილ ბარტყიან ნაწილებად.
ეს ზოოტექნიკური მეთოდი დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ ზაფხულში, ბარტყის არსებობის დროს, ვაროას უმეტესი ნაწილი გადაბეჭდილ ბარტყშია დამალული, ხოლო უფრო მცირე 10-15 % ზის ფუტკარზე. თუ სწორად შევარჩევთ გაყოფის დროს (ზაფხულის ბოლოს, ღალის დამთავრების შემდეგ) და ამ ფაქტის ცოდნით გავყოფთ ფუტკრის ოჯახს, მივიღებთ ორ განაყოფს რომლიდანაც ერთში ვაროას საწყისი რაოდენობის 5-7%-ზე ნაკლებია, ხოლო მეორეში 93-95%. ეხლა საჭიროა სწორად შევარჩიოთ ფუტკრის ოჯახის გაყოფის დრო და რომელ განყოფილებაში დავტოვოთ დედა. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ ადრე გაზაფხულზეც.
ყველაფერი დამოკიდებულია მომავალი პროდუქტიული ღალის დასაწყისზე. ასეთი გაყოფა იქ, სადაც გვიანი ღალიანობაა, (აღმოსავლეთ საქართველო) ტარდება ღალამდე ორი თვით ადრე. იქ სადაც ადრეული ღალაა (დასავლეთ საქართველოს ბარის ზონა, მაის-ივნისის), გაყოფა ტარდება ღალის დამთავდებისთანავე, ან ღალიანობის ბოლო კვირაში.
ამ მეთოდის შედარებით სიძნელეს ზაფხულში დედა ფუტკრის მოძებნა წარმოადგენს. ეს შრომატევადი პროცესი მარტივად შეგვიძლია ავიცილოთ, თუ ყველა ბარტყიან ჩარჩოდან ფუტკარს (სავარაუდოდ დედასთან ერთად) ჩავფერთხავთ იმ A კორპუსში, სადაც გვინდა დედის დატოვება, ხოლო უფუტკრო ბარტყიანი ჩარჩოები ბრუნდება ძირითად B კორპუსში. ძირითადი კორპუსიდან, A კორპუსში გადაგვაქვს თავის ფუტკრიანად ბარტყთან მიმდებარე 1-2 ჭეოიანი ჩარჩო. B კორპუსში, სადაც ცხადია არიან სკაში მყოფი და დანარჩენ ჭეოიან -თაფლიან ჩარჩოზე მსხდომი ფუტკარი, დაბრუნდება მოღალე ფუტკარი, ამიტომ გადაბეჭდილ ბარტყს ზაფხულში გაცივება არ ემუქრება. ჩაფერთხილ ფუტკართან და დედასთან ერთად A კორპუსში ვდებთ ერთ ან ორ ღია ბარტყიან ჩარჩოს, ვუმატებთ მშრალ ფიჭებს და გადაგვაქვს სხვა ადგილას (შესაძლებელია სხვა საფუტკრეში, ან იმავე საფუტკრეში მოშორებით გადატანა) გადატანილი დედიანი, ღია ბარტყიანი A კორპუსში მყოფი ფუტკარის ოჯახი ერთჯერადად მუშავდება გაყოფის დღეს, ან მეორე დღეს რომელიმე აკარაციდით (მაგალითად მჟაუნმჟავის წყალხსნარის პულვერიზატორით შეშხურებით). დამუშავების შემდეგ, ფუტკრის ეს A კორპუსში მოთავსებული ოჯახი ფაქტიურად თვისუფალია ვაროასგან. ეფექტურობა 80-90 %.
ადგილზე დარჩენილ B კორპუსში მყოფ ოჯახს, სადაც 90%-ზე მეტი ვაროას ტკიპები და გადაბეჭდილი ბარტყია თავმოყრილი, ეძლევა მწიფე სადედე გაყოფიდან მეორე დღეს. ეს ოჯახი აკარაციდებით (მაგალითად მჟაუნმჟავით ან ჭიანჭველმმჟავით, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთად ითვლება) მუშავდება ორჯერადად გაყოფიდან 17-ე და 22-ე დღეს, სანამ ტკიპები მოასწრებენ ახალ ბარტყში შესვლას. ორჯერადი დამუშავების შემდეგ, ფუტკრის ეს B კორპუსში მოთავსებული ოჯახიც ფაქტიურად ვაროასგან თავისუფალია. ყურადღება, ამ B კორპუსში მყოფი ფუტკრის ოჯახის ორჯერადი შეწამლვა აუცილებელია, მასში ვაროას დიდი რაოდენობის გამო. A კორპუსში მყოფი ფუტკრებისთვის, იმ დღეს ან მომდევნო დღეს ერთჯერადი შეწამლვაც საკმარისია.
თუ დედების გამოყვანა არ ვიცით, შეგვიძლია ეს პროცესი ფუტკრებს მივანდოთ. ამ შემთხვევაში შეწამლვა 24-30 დღეების შუალედში შეგვიძლია, ცხადია ისევ ორჯერადად, რადგან ამ განაყოფში, საწყისი ვაროას 93-95 %-ია.
თეიმურაზ ღოღობერიძე,
საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია
ტელ:599 197 588
მასალები აღებულია წიგნიდან „სამრეწველო ბიომეფუტკრეობა“ 2006 წ.