ვაროას საწინააღმდეგო მეორე მარტივი და ეფექტიანი ზოოტექნიკური მეთოდი

ვაქვეყნებთ ვაროას საწინააღმდეგო მეორე ზოოტექნიკურ მეთოდს, რომელიც გამოირჩევა სიმარტივით და საკმაოდ ეფექტურია.

მაგალითისთვის მოვიყვან წლეულს, ლენტეხში ბატონ დემურ ლიპარტელიანის საფუტკრეში ჩატარებულ ტრენინგის შედეგებს. ტრენინგის 14 მონაწილის თვალწინ, ხუთ ფუტკრის ოჯახში ჩატარებული იყო ვაროას გამოსავლენი ტესტი ფუტკრების არაყში ორჯერადი გარეცხვის. თითოეული ოჯახიდან აღებული იყო 300-500 მუშა ფუტკარი ივლისის თვის ბოლოს. სამ ფუტკრის ოჯახში ვაროა არ გამოვლენილა, ხოლო ორში თითო ვაროა ჩამოვარდა. ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, ვაროას ფუტკარზე ყოფნის პროცენტი 0,2-0,3 %-ის ფარგლებში არის. ვაროას ასეთი დაბალი მაჩვენებელი ივლისისთვის კი არა ოქტომბრისთვისაც სასურველია. ამ დროს ბატონი დემურის თქმით, ის გაზაფხულიდან მხოლოდ სამამლე ბარტყის ხაფანგებს იყენებდა.

18.1 გადაბეჭდილი სამამლე ბარტყიანი ჩარჩოების ამოცლა და მისი შემდგომში განადგურება ან უტილიზირება.

მეთოდის საწყისს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამამლე ბარტყის არსებობის დროს, სამამლე ბარტყში 8-ჯერ _ 10-ჯერ მეტი ტკიპა შედის კვერცხის დასადებად, ვიდრე იქვე მდებარე სამუშეში. აქედან გამომდინარე, ადრე გაზაფხულზე, როცა ოჯახში ბარტყიანი ჩარჩოების რაოდენობა 4-5-6-ს მოაღწევს, ბარტყიანი ჩარჩოების მიმდებარედ, ათავსებენ ასაშენებელ სამამლეუჯრედებიან, ან ჩვეულებრივი ხელოვნური ფიჭის წვრილ ზოლ („ნიმუშ”) მიწებებულ ჩარჩოს, რომელზედაც ფუტკარი სამამლე უჯრედებს აშენებს. შეიძლება დადანის ჩარჩოებს შორის მაღაზიის ჩარჩოს ჩადგმაც ხელოვნური ფიჭით, მაშინ მაღაზიის ჩარჩოს ქვედა თამასაზე ფუტკარი ჩამოაშენებს სამამლე ფიჭას და სამამლე ბარტყს გამოზრდის. ადვილად რომ ვიპოვოთ, ყველა ასეთი ჩარჩო ჯობია ფერადი ჭიკარტებით მოვნიშნოთ.

მონიშნული ჩარჩო, მასში სამამლე ბარტყის უმეტესობის გადაბეჭდვის შემდეგ ამოგვაქვს ოჯახიდან და მას სამამლე ბარტყის ჰომოგენატის მისაღებად ვიყენებთ. თუ ჰომოგენატს არ ვაწარმოებთ, უმჯობესია, სამამლე ბარტყი გამოვიყენოთ ცხოველების, ფრინველების ან ფუტკრის საკვებად. ფუტკრის საკვებად ახლად დაბეჭდილი ბარტყი ხელით იჭყლიტება და მიღებული სქელი რძისმაგვარი სითხე ისხმება შავ ფიჭებში და იდგმება ბარტყიანი ჩარჩოების მიმდებარედ. შეიძლება ეს გამონაწური გავასტერილოთ 3 ლიტრიან ქილებში და შევინახოთ შემოდგომისათვის ფუტკრის საკვებად, ან გავყინოთ პლასტმასის თავფართე ქილებში და ისე შევინახოთ გამოყენებამდე.

ლიტერატურული მონაცემებით, ამ მეთოდის ერთჯერადი გამოყენება 80%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, ხოლო ორჯერადი, 94-96%-იანით.

ადრე შემოთავაზებული მეთოდი გადაბეჭდილი სამამლე ბარტყის დანით თავის გადაჭრისა და ისევ ოჯახში ჩაბრუნებისა, ამჟამად უარყოფილია, რადგან ამ დროს იღუპებიან მხოლოდ ახალგაზრდა ტკიპები, მათი დედები კი ცოცხლად რჩებიან და აგრძელებენ გამრავლებას. ჩემს მიერ ჩატარებული იყო ცდები გადაბეჭდილი სამამლე ბარტყის ხელით ჩაჭყლეტაზე. ცდებით დავადგინე, რომ ზრდასრული ვაროას ტკიპები მამალი ფუტკრის გამონაწურში იხრჩობიან. ტკიპების გამოცოცხლება ფუტკრის ჰომოგენატში მთლიანად დასველების შემდეგ ვეღარ შევძელი, მიუხედავად თბილ წყალში გარეცხვისა. ეტყობა ტრაქეები ეხშობათ. ასე რომ, შეგიძლიათ ახლად გადაბეჭდილი სამალე ბარტყი თითებით ჩაჭყლიტოთ უჯრებში და ჩააბრუნოთ უკან ოჯახში. მას მუშა ფუტკრები თვითონ გადახსნიან, ამოწოვენ და გაასუფთავებენ. ამ დროს სამამლე ბარტყში მყოფი ყველა ტკიპა იღუპება, რაც არ ხდება სამამლე ბარტყის თავით გადახსნისას. ამ დროს იღუპება მხოლოდ ახალგაზრდა ტკიპები, მათი დედები ცოცხლები რჩებიან. ასეთი სამამლე უჯრედებიანი ფიჭები აუცილებლად უნდა იყოს ზემოდან მონიშნული და ეს ოპერაციები ჩატარდეს ორ კვირაში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაროას შემცირების მაგივრად, ხელს შევუწყობთ ფუტკრის ოჯახში ვაროას ტკიპების გამრავლებას. მე ამისთვის სხვადასხვა ფერის ჭიკარტებს ვიყენებ, რომელსაც შემდეგ ტაბელ კალენდარზე ჩავნიშნავ ფერის მიხედვით. გახსოვდეთ, რომ ერთსა და იმავე პირობებში ვაროა ტკიპების გამრავლების კოეფიციენტი სამამლე ბარტყში 2-2,5-ის ტოლია, იმ დროს, როცა სამუშე ბარტყში გამრავლების კოეფიციენტი მხოლოდ 1,2-1,5-ია.

თეიმურაზ ღოღობერიძე,

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია

ტელ:599 197 588

მასალები აღებულია წიგნიდან „სამრეწველო ბიომეფუტკრეობა“ 2006 წ.