აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ინტენსიური ბაღის გასხვლა, ცენტრალური ლიდერული ვარჯი

ცენტრალური ლიდერული ვარჯის ფორმა XX საუკუნის 60-70-იან წლებში შეიმუშავეს. ასეთი ფორმის ვარჯისთვის რეკომენდებულია თესლნერგზე ან ნახევრად ნაგალა საძირეებზე დამყნობილი ვაშლის ხეებისთვის. ხე არის კონუსის ფორმის, მკვეთრად გამოხატული ცენტრალური ლიდერით. ჩონჩხის ტოტებისგან ყალიბდება 3-4 იარუსი, რომლებიც ცენტრალურ ლიდერთან ქმნიან ფართო კუთხეს – 60-75º ფარგლებში. ქვედა იარუსის ჩონჩხის ტოტები ნიადაგის ზედაპირიდან განლაგებულია 60 სმ სიმაღლეზე. და ზედა იარუსის ტოტებზე გრძელია.
ნარგაობაში, ამ ტიპის ვარჯი ყველაზე ხშირად გვხვდება. ვარჯი ყალიბდება იარუსებად. ჩონჩხის ტოტების შეზღუდული (5-7 ტოტი) რაოდენობით. პირველი იარუსი ყალიბდება სანერგეში, თანამიმდევრულად განვითარებული ორი-სამი ტოტისგან, შემდეგი იარუსის ჩამოყალიბება ხდება ბაღში, ტოტებს შორის 60-100 სმ-ის დაშორებით. ვარჯის იარუსებში ტოტების განლაგება შეიძლება სხვადასხვა შეფარდებით: 3:2:1:1; 3:1:1:1; 2:2:1:1.

ვარჯის  ფორმირება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ერთწლიან ნამყენზე გადაიზომება შტამბის სიმაღლე (50-70 სმ), ზევით ტოვებენ 6-8 კვირტს და ნამყენს გადაჭრიან;

მეორე წელს, გაზაფხულზე ცენტრალურ გამაგრძელებელს ამოკლებენ 60-100 სმ-ზე. პირველი იარუსის ჩონჩხის ტოტებს (ორს ან სამს) ჭრიან ერთ სიგრძეზე, იმ ტოტებს, რომლებსაც არ იყენებენ ვარჯის ჩამოსაყალიბებლად ჭრიან რგოლზე;

ასეთი ოპერაციები გრძელდება 3-5 წელი. ფორმირების ბოლო წელს ლიდერს ჭრიან რომელიმე გვერდით ტოტზე. ხის სიმაღლე არ უნდა იყოს 4მ-ზე მეტი. ვარჯის დადებითი მხარეა ტოტების მტკიცე შეზრდა, კარგი განათება და აერაცია.

ჯამისებური (ჩვეულებრივ და გაუმჯობესებული) ვარჯი ფორმირდება ცენტრალური გამაგრძელებლის გარეშე და შედგება შტამბის გარშემო თანაბრად განაწილებული 3-4 პირველი რიგის, თანამიმდევრულად განვითარებული ტოტებისგან. ვინაიდან ცენტრალური გამაგრძელებელი თავიდანვეა ამოჭრილი, ვარჯი გამოდის გადაშლილი და ღებულობს ჯამისებურ ფორმას. მისი დადებითი მხარეა ვარჯის შიდა ნაწილების კარგი განათება და აერაცია. უარყოფითი კი — ტოტების არამტკიცე შეზრდა. ჯამისებური წესით, ძირითადად ხდება ატამის ფორმირება.

გაუმჯობესებული ჯამი ფორმირდება ერთმანეთისაგან 12-15 სმ-ით დაშორებული 3-4 ტოტისგან. ერთწლიან ნამყენზე გადაზომავენ 50-60 სმ (შტამბის ზომა), მის ზემოთ დატოვებენ 30 სმ (ვარჯის ზონა) და ნამყენს გადაჭრიან. მომდევნო წელს ვარჯის ზონაში განვითარებული ტოტებიდან არჩევენ სამ ტოტს, დანარჩენს კი ამოჭრიან რგოლზე. ლიდერს ჭრიან ზედა ტოტთან.