ვაშლის ხის ზრდის და მსხმოიარობის კონტროლი ინტენსიურ ბაღში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ინტენსიურ ბაღში ვაშლის მოსავლიანობას განსაზღვრავს, ვაშლის ხის ნაყოფით დატვირთვისა და მცენარის ზრდის ბალანსის დაცვაა.
ძალიან ძლიერი ვეგეტაციური ზრდა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ასეთი მცენარეები კარგად არ ივითარებს საყვავილე კვირტებს, ან ეს ხდება მეწლეობით. ყოველწლიური ახალი ყლორტები ვერ ასრულებს ზრდას და ბოლოში საყვავილე ბუტკოებს არ ივითარებს, ან ყვავილი ძალიან გვიან გამოაქვს. შედეგად ბაღი ხილის ნაცვლად მერქანს იძლევა, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა მოცილდეს ხეს, თუმცა, ვიდრე ეს ტოტების შეეჭრება, ის ასწრებს დაამახინჯოს, დააზიანოს ვარჯი, ტვირთად დააწვეს და ხელი შეუშალოს საყვავილე კვირტების განვითარებას და ნაყოფის თანაბარ ფორმირებას, შეფერვას.
გადაჭარბებული ზრდა ასევე იწვევს გვიანი კვირტების უფრო ინტენსიურ გამოსვლას, რაც მოსავლიანობის პროგნოზირებას ართულებს.
ასეთი ხეების ნაყოფი ჩვეულებრივზე დიდია, ნაკლებად შეფერილია და ცუდად ინახება. ყლორტების ზრდა მავნებლების ზემოქმედებასაც ააქტიურებს, მაგალითად მცენარის ტილი, რომელიც ქორფა ფოთლებით იკვებება და მუდმივად მზარდ ყლორტებზე სახლობს. ამის გარდა, მცენარის გადაჭარბებული სიხშირე ამცირებს მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგო წამლობის ეფექტიანობას, რადგან შესხურების დროს წამალი მცენარის შიდა ტოტებს და ფოთლებს ვერ ხვდება.
ერთი სიტყვით, ვაშლის ხეების ძალიან ძლიერი ზრდა ცუდი მოვლენაა ხილის კომერციული წარმოების თვალსაზრისით, ამიტომ ის უნდა გაკონტროლდეს და აუცილებლობის შემთხვევაში შეჩერდეს კიდეც. დღევანდელი აგროტექნიკის დონე, ბევრი არჩევანის საშუალებას იძლევა, ოღონდ „ზედმეტი მონდომებაც“ არ შეიძლება, რადგან ძალიან ნელი ზრდის ტემპიც არ არის კარგი და პირველ რიგში ის ნაყოფიერების შემცირებას იწვევს. ამიტომ საჭიროა, ზრდა იმდენად შევაჩეროთ, რომ არ დაირღვეს ბალანსი და უხვი მოსავალი მივიღოთ.
დასავლეთევროპელი ექსპერტი ამტკიცებენ, რომ ზრდის შეზღუდვა კარგი მეთოდია. ბოლოს და ბოლოს ხე რომ ნაყოფით დაიხუნძლოს, ის უნდა გაისხლას, რომ ენერგია მთლიანად ნაყოფის ჩამოყალიბებაზე დახარჯოს და არა მერქნის წარმოებაში. მებაღისთვის ვაშლის მოსავლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზამთარში ბაღში „ფიჩხის“ მოგროვება, რომლისთვისაც საკმაო ენერგია და ფინანსები უნდა გაიღოს.
ხის ზრდასა და ნაყოფიერების წონასწორობის შესანარჩუნებლად უპირველესად ნაყოფის ფორმირებაზე ზრუნვაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ზამთრის სხვლით, გამოკვებით (მათ შორის ფოთლოვანით), ირიგაციით და ზრდის რეგულატორების გამოყენებით.
რაც შეეხება სასუქს, ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის ბორით უზრუნველყოფა, რომელიც, დამტვერიანების და ნაყოფიერების სრულყოფის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი კომპონენტია.
კარგი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის მხოლოდ „სპეციალური“ სასუქი. მცენარე, რომელიც კარად არის დაკმაყოფილებული აუცილებელი ელემენტებით, ყოველთვის უკეთესად ისხამს, ამიტომ საჭიროა, სერიოზულად მივუდგეთ გამოკვების სისტემის შემუშავებას, ნიადაგის ანალიზიდან დაწყებული рН-ის და სხვა ელემენტების რეგულირებით დამთავრებული. ხოლო ბორით დამატებითი გამოკვება უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ ღონისძიებად. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ნაყოფიერი კულტურების ბორის მოთხოვნილება მეტად მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მარტო ფოთლოვანი გამოკვება, არამედ ეს კომპონენტი ნიადაგშიც უნდა ჩავუკეთოთ.
წყლით სრულყოფილი უზრუნველყოფა ასევე მნიშვნელოვანია ყვავილობის პერიოდში. ტენი დეფიციტის დროს ბუტკოები შეიძლება სწრაფად გამოშრეს და შეწყდეს მტვრის წარმოქმნა, რაც თავის მხრივ შეამცირებს დამტვერიანების დროს და პროცესის ეფექტიანობას.
ვაშლის ხის ზრდის და ნაყოფიერების კონტროლის მნიშვნელოვანი ელემენტია ზრდის რეგულატორების გამოყენება. ამ ჯგუფში მონაწილეობს მცენარის ჰორმონები (ჰიბერელინები), რომლებიც, თუ მათ გამოვიყენებთ შესაბამისი სახით, შეუძლია გააუმჯობესოს ნაყოფის წარმოქმნა. მეორე კატეგორია პრეპარატებისა არის ე.წ. ზრდის შემანელებლები. დღეს ევროკავშირში ამ ჯგუფიდან დარეგისტრირებულია ერთადერთი საშუალება _ პრეპარატი Regalis-ი, რომელიც ზღუდავს ყლორტის ნასკვებს შორის სიგრძეს და აუმჯობესებს ნაყოფის წამოქმნას, ხოლო მცენარის ამ პრეპარატით დამუშავება (ამ მხრივ კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს) დიდი ალბათობით, ხელს უწყობს საყვავილე კვირტების გამონასკვას, მათ შორის ერთწლიანი ყლორტების ბოლოშიც კი.
ყველა ქვემოჩამოთვლილი მეთოდი აუმჯობესებს ბალანსს ტოტების ზრდასა და მცენარის ნაყოფიერებას შორის. ის ასევე დადებითად მოქმედებს მეურნეობის ეკონომიკაზე, ზრდის შემოსავლებს. თუმცა ყველა ქვემოაღწერილი პირობის დაცვა ყოველთვის საკმარისი არ არის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამ მეთოდის გამოყენება სათანადო ეფექტს არ იძლევა და ხეები მაინც მძლავრად იზრდება. ამ შემთხვევაში (მეტი აღარაფერი რჩება) უნდა ჩაიჭრას ფესვები ან გადაიჭრას მზარდი ტოტები.
წყარო: sadyogrody.pl