ვაშლის ნაცარი
ვაშლის ნაცრის გამომწვევი სოკოა – Podospharea leucotricha Salm.
ნაცარით დაავადებულ ორგანოების (ფოთლები, ყლორტი, ყვავილი, მკვახე ნაყოფი) ზედაპირზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი.
დაავადების შედეგად ახალგაზრდა ფოთოლი კოვზისებურად იზნიქება – იხვევა მთავარი ძარღვის გასწვრივ. იგი კიდეებიდან იწყებს ხმობას და ცვივა. ყლორტები იფარება თავდაპირველად თეთრი, ხოლო შემდეგ კი მონაცრისფრო ფერის ფიფქისაგან შემდგარი ლაქებით. დროთა განმავლობაში ლაქები ერთმანეთს უერთდება და ყლორტების ზედაპირი სრულად იფარება ასეთი ფიფქით.
ძლიერ დაზიანებულ ყლორტებზე არსებული ფოთლები ხმება და ცვივა. დაზიანებული ყვავილის კვირტი გვიან იხსნება და ნელა ვითარდება. დაავადებულ ყვავილედებზე ნაყოფი ვეღარ ვითარდება. ნაცარით დაზიანებული ნაყოფები იფარება ფიფქის თხელი ფენით და ნელა ვითარდება.
ავადდება ახალგაზრდა, განვითარებადი ქსოვილები, ამიტომ ვეგეტაციის დასაწყისში ნაცრის გამოჩენა ძალზე სახიფათოა.
მოსავლიანობა მცირდება და ვაშლის განვითარება უარესდება. იგი იძლევა სუსტ აღმონაცენს, ცუდად იზამთრებს, რამდენიმე წლის განმავლობაში ძლიერი დაავადებისას შეიძლება დაიღუპოს კიდეც.
ხელშემწყობი პირობებია მშრალი, ცხელი ამინდი, განსაკუთრებით ვეგეტაციის პერიოდის დასწყისაში. განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 15-25°C
ჰაერის ოპტიმალური შეფარდებითი ტენიანობა: 70-90% სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ნაცარის გამომწვევი სოკო იზამთრებს დაავადებული ორგანიების ქერქის ქვეშ, ან ნაკლებად ცივი ზამთრის პირობებში, პირდაპირ დაზიანებული ყლორტების ზედაპირზე. აქედან გამომდინარე, ცივი ზამთრის პირობებში დაავადების გავრცელების მასშტაბები მკვეთრად მცირდება.
ავტორები:
ნინო ბოკერია,
სოფლის მეურნეობის დოქტორი, ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი, Ph.D მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი,
ანნა დადეგაშვილი,
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი