დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზი

  ვაზი კვების ნაკლებმომთხოვნი მცენარეა, ვითარდება ისეთ ნიადაგებზეც კი, სადაც სოფლის მეურნეობის მთელ რიგ კულტურათა წარმოება შეუძლებელი ან მცირე ეფექტის მომცემია. მთელ რიგ მრავალწლიან მცენარეებთან შედარებით, ვაზი ადრე იწყებს მოსავლის მოცემას. სათანადო მოვლის პირობებში იგი დარგვის მეორე წელსვე იძლევა მცირეოდენ მოსავალს. მესამე წელს საკმაო მოსავლიანობით ხასიათდება, ხოლო სრულ მოსავლიანობას იწყებს მეოთხე-მეხუთე წელს.

ვაზიდან მიღებული პროდუქცია მრავალი დანიშნულებით გამოიყენება. მისგან შეიძლება მიღებულ იქნას შემდეგი სახეობისა და რაოდენობის პროდუქცია: სუფრის ყურძენი, ქიშმიში, ყურძნის წვენი, ღვინო.

 ვაზი მხვიარა მცენარეა და ვაზისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.

ფესვი _ ვაზის თესლით ანუ წიპწით გამრავლების შემთხვევაში მას უვითარდება ერთი მთავარი ფესვი, რომელიც ვეგეტაციის პირველსავე პერიოდში იტოტება რამდენიმე წყება ფესვით. კვირტით გამრავლების დროს, ფესვთა სისტემა ვითარდება ჯგუფურად, კვირტის მოპირდაპირე მხრიდან 3-5 ცალის, ზოგჯერ მეტი რაოდენობით. განვითარების შემდგომ პერიოდში ისინი თავის მხრივ იტოტებიან მეორადი და მესამე წყების ფესვებით და, ამრიგად, საბოლოოდ იქმნება მრავლად განვითარებული ბადისებრი ფესვთა სისტემა. ვაზის რქით გამრავლების შემთხვევაში მას თავიდანვე მუხლიდან უვითარდება ფესვთა სისტემა 2-3-5 და ზოგჯერ მეტიც. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება იგი თესლიდან განვითარებული ვაზის ფესვთა სისტემისაგან.

შტამბი – ვინაიდან ვაზი ეკუთვნის მხვიარა მცენარეთა ჯგუფს, ამიტომ იგი თავისი განვითარებისათვის საჭიროებს საყრდენზე დამაგრებას. თავისუფალ პირობებში აღზრდილი ვაზი საგრძნობ სიმაღლეზე ვითარდება (15-20მ და ზოგჯერ მეტი), ამიტომ მასთან ახლოს მდგომ მცენარეებზე პწკალით ანუ ულვაშით ეხვევა. ამგვარ პირობებში აღზრდილ ვაზს ახასიათებს მეტად მაღალი ტანი ანუ შტამბი. ვაზის შტამბი მის მთელ სიგრძეზე უთანაბროდაა განვითარებული და ფორმირების თავისებურების მიხედვით მასზე განვითარებულია მხარი და რქა. მხარი უშუალოდ ვაზის ტანთანაა დაკავშირებული.

რქა _ ვაზის ერთწლიან ნაზარდს წარმოადგენს. ამ სახელწოდებას იგი ატარებს მხოლოდ გახევების ანუ დამწიფების შემდეგ, მანამდე კი მას ყლორტს უწოდებენ. ყლორტი ვაზზე წარმოიშობა სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისიდან რქაზე ან ძველ ნაწილებზე არსებული კვირტებიდან. სიმწიფის პერიოდში რქის მოყვანილობა შეიძლება იყოს: მრგვალი, ოდნავ გაბრტყელებული და მცირედ წახნაგოვანი. ნამხარი – ფოთლის ყუნწის იღლიაში ვითარდება ნამხარის კვირტი, რომლიდანაც ყლორტის ძლიერი ზრდის პერიოდში წარმოიშობა დამატებითი ყლორტი, რომელსაც ნამხარი ეწოდება. საერთოდ, ნამხარი ვაზისათვის ზედმეტ მწვანე მასას წარმოადგენს და იგი უნდა მოეცალოს მას. კვირტი. ვაზზე ვამჩნევთ შემდეგი სახის კვირტებს: მთავარს ანუ ზამთრისას, მთავარი კვირტის ფუძესთან მდებარე სამარაგო ანუ შემცვლელ კვირტებს, მარტივს და მიძინებულ კვირტებს.

 პწკალი – ანუ ულვაში ვაზის ყლორტის მუხლზე ჩვეულებრივ ფოთლის მოპირდაპირე მხრიდან ვითარდება. მისი განვითარება მოსავლის მომცემი ვაზის ჯიშების ყლორტებზე მესამე-მეხუთე მუხლიდან იწყება. იგი ყოველ ორ მუხლზე ვითარდება მესამე მუხლის გამოტოვებით, ამრიგად, ყლორტის ყოველი ორი მუხლი პწკალს შეიცავს, ხოლო მესამე კი უპწკლოა. ფოთოლი. ვაზისათვის ფოთოლი ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა. მისი მთავარი შემადგენელი ნაწილებია ყუნწი და ფირფიტა. ფოთლის ფირფიტა შეიძლება იყოს: მომრგვალო, ოვალური, გრძელი, გულისმაგვარი, განივ – ოვალური, კვერცხისებრი და სოლისებრი.

ყვავილედი და ყვავილი ყლორტის პირველადი ზრდის პერიოდში მას მესამე-მეხუთე მუხლზე უვითარდება მტევანი, რომელსაც განვითარების პირველ ფაზაში ყვავილედი ეწოდება. იგი ყოველთვის კვირტის მოპირდაპირე მხარეს ე.ი. პწკლის ადგილას ვითარდება. ვინაიდან ყვავილედი პწკალის ადგილას ვითარდება და მთელი რიგი ნიშნებით პწკალს უახლოვდება, ამიტომ ეს ორგანოები ურთიერთის სახეცვლილებას წარმოადგენენ. ყვავილი ყვავილედზე მიმაგრებულია ყუნწით და მათი რაოდენობა ყვავილედზე მეტად ცვალებადია. მორფოლოგიური აგებულებით ყვავილი შეიცავს შემდეგ ნაწილებს: ჯამი, გვირგვინი და ბუტკო. ბუტკო თავის მხრივ შედგება: დინგის, სვეტისა და ნასკვისაგან. სქესობრივი აგებულების მიხედვით არსებობს ვაზის ყვავილების შემდეგი ტიპები: ორსქესიანი ანუ ჰერმაფროდიტული; ფუნქციონალურად მამრობითი; ფუნქციონალურად მდედრობითი; წმინდა მდედრობითი.

მტევანი და მარცვალი _ განაყოფიერების დამთავრების შემდეგ ყვავილიდან ცვივა მტვრიანები და ბუტკოს დინგი გახმობას იწყებს, ასევე ხმება სვეტი, ხოლო ნასკვი, რომელშიც განაყოფიერების შემდეგ თესლი წარმოიშობა, თანდათან იწყებს ხორცის შესხმას, ღებულობს მომრგვალო ფორმას და საბოლოო ჯამში მარცვლად გადაიქცევა. ეს მარცვლები ღერუკას საშუალებით დამაგრებულია კლერტის განტოტებაზე და ამრიგად, ყვავილედი საბოლოოდ მტევნის სახეს ღებულობს. მაშასადამე, მტევანი მორფოლოგიურად ყვავილედის აგებულებისაა და შედგება შემდეგი ნაწილებსაგან: მტევნის ყუნწი, კლერტი, მარცვლის ყუნწი და მარცვლები. მტევანი ყლორტზე ყუნწითაა მიმაგრებული. მტევნები ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს: ცილინდრული, ცილინდრულ-კონუსისებრი, ფრთიანი, უფორმო და განტოტვილი. მტევნები ერთიმეორისაგან განსხვავდება აგრეთვე სიკუმსით ანუ შეკრულობით. ამის მიხედვით გვხვდება მისი შემდეგი ტიპები: მეტად თხელი, თხელი, საშუალო სიკუმსის, კუმსი და მეტად კუმსი. მარცვალი მტევანზე მიმაგრებულია ყუნწით. მისი შეფერვის მიხედვით ვაზის ჯიშები ძირითადად ორგვარია: თეთრ და ფერადყურძნიანი. ჯიშების მიხედვით არსებობს მარცვლის შემდეგი ფორმები: მრგვალი, მომრგვალო ოვალური, განივოვალური, კვერცხისებრი, უკუკვერცხისებრი, მოგრძო და გრძელი. მარცვლის კანი შეიძლება იყოს: თხელი, საშუალო სისქის, სქელი და მეტად სქელი. ჯიშის თავისებურების მიხედვით მარცვალი შეიძლება იყოს: მეტად წვნიანი და მცირე რბილობით, საკმაოდ წვნიანი და საკმაო რბილობით, ნაკლებ წვნიანი და უფრო რბილობიანი და მეტად წვნიანი და მომატებულ რბილობიანი.

წიპწა _  მოთავსებულია მარცვლის შუაგულში. მისი რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალს აღწევს. ვაზის ჯიშისა და სახეობის მიხედვით მისი ფორმა და სიდიდე მრავალგვარია. ძირითადად იგი მსხლისებრი მოყვანილობისაა. მისი მთავარი მორფოლოგიური ნაწილებია: ნისკარტი ანუ წვერი, ზურგის მხარე, მასზე მოთავსებულია ჩაღრმავებული ნაწილი ე.წ. ქალაძა და მუცლის მხარე ორი ღერისებრი ჩაღრმავებით. წიპწა შეიძლება იყოს: ღია ყავისფერი, ყავისფერი, მოყვითალო და მოწითალო ელფერით. წიპწის შინაგანი ნაწილი გავსებულია ცილოვანი ნივთიერებით, რომელშიც დიდი რაოდენობითაა მოთავსებული მქროლავი ცხიმები, რომელთაც არასასიამოვნო გემო ახასიათებთ. წიპწა გარედან შემოკრულია სამი წყება გარსით. გარე გასი მდიდარია მწკლარტე ნივთიერებით ე.წ. ტანინით.

„აგრონომიის საფუძვლები“

რ.ძიძიშვილი