დარგებიმევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

ვაზის დაცვის სქემა

ვაზი მავნე ორგანიზმების მიმართ მეტად მგრძნობიარე კულტურაა. იმისათვის, რომ მაღალხარისხიანი და უხვი მოსავალი მივიღოთ, შევინარჩუნოთ მცენარე, აუცილებელია მავნებლების, დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გატარება.
ვაზის ძირითადი დაავადებებია: „ჭრაქი“, „ნაცარი“, „ანთრაქნოზი“, „წითურა“, შავი და რუხი სიდამპლეები. მავნებლებიდან აღსანიშნავია: კვირტის ჭია ანუ ბუკნა, ვაზის ქეჩისებური და აბლაბუდიანი ტკიპები, ვაზის ჭიჭინობელა, ფქვილისებური და ბალიშა ცრუფარიანები, ყურძნის ჭია.

მცენარეს სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში კონკურენციას უწევენ ასევე სარეველა მცენარეები, რომლებიც ვაზს ართმევენ წყალს და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს.

ბოლო ათეული წელია, რაც ჩვენს ბაზარზე გამოჩნდა და ვაზის დაცვის მრავალი საშუალება იყიდება. ბევრი კომპანია ათასგვარ პროდუქციას გვთავაზობს, ფერმერებთან ლამის სახლში მიაქვთ იგი. ფაქტია, რომ ხშირად  მომხმარებელი ამ საშუალებებით სასურველ შედეგს ვერ იღებს. ეს დიდწილად იმის მიზეზია, რომ ჩვენთან პრეპარატების ხარისხის შემოწმება პრაქტიკულად ვერ ხერხდება, ამის გამო ხშირად ვხდებით რეალიზატორებსა და მომხმარებლებს შორის კონფლიქტის მოწმენი, ამიტომ ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით უნდა გავეცნოთ მათ დახასიათებას, წარმოშობას.  რჩევებისა და კონსულტაციებისათვის სპეციალისტს მივმართოთ.

აგროტექნიკური ღონისძიებების (ნიადაგის გაფხვიერება, სასუქების შეტანა, სხვლა, მწვანე ოპერაციები) დროულად და მაღალხარისიანად გატარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა მცენარემ თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინოს, რომ მავნე ორგანიზმებმა ნაკლებად დააზიანოს.

იმ შემთხვევაში, თუ ვაზი ძლიერ იყო დაზიანებული კოქციდებით (ფქვილისებრი და ბალიშა ცრუფარიანა) მომდევნო წელს ადრე გაზაფხულზე, ჯერ კიდევ მცენარის მოსვენების სტადიაში საჭიროა გასხვლის შემდეგ ნასხლავების ნაკვეთიდან გამოტანა და მისი განადგურება (დაწვა). მცენარეეებს უნდა შევასხუროთ 3% მინერალური ზეთისა და 0,2% „ნურელ დ“-ს ან „დურსბანის“ კომბინირებული ნაზავი, ასეთი ღონისძიებები 2-3 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ვაზის კვირტების გაშლის დასაწყისში საჭიროა ტკიპებზე დაკვირვება, განსაკუთრებით როდესაც გაზაფხული იგვიანებს, დაბალი ტემპერატურა და ხშირი ნალექები, ამ დროს კვირტის გაუშლელობის მიზეზი არა მარტო ამინდია, არამედ ტკიპების მოქმედება, დაზიანებული კვირტი არ იშლება. ამ მოვლენას პრაქტიკოსი მევენახეები ხშირად „კვირტის ჩავარდნას” ეძახიან. კვირტის ჩავარდნა შეიძლება გამოიწვიოს ასევე კვირტის ჭიამ, ანუ ბუკნამ. ამ შემთხვევაში საჭიროა ვაზის მკურნალობა 0,1% „ვერტიმეკის სამუშაო ხსნარით. ამ ღონისძიებების ჩატარება 1-2 -ჯერ გვიწევს ხოლმე გაზაფხულზე. არის შემთხვევები, როდესაც ტემპერატურის მკვეთრი მატება მყისიერად ფიქსირდება, კვირტები სწრაფად იშლება და მავნებლების უარყოფითი მოქმედებაც ნაკლებ საგრძნობია.

პირველი კომბინირებული წამლობა (ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი) ტარდება, როდესაც ვაზის ფოთოლი თავის სიდიდის 2/3-ს აღწევს, ან ერთწლიანი ნაზარდი 12-15 სმ. სიმაღლისაა, ეს პერიოდი ძირითადად მაისის პირველი დეკადაა, უფრო ზუსტად კი ჩვენი მევენახეობის მიკროზონების მიხედვით მაინც  განსხვავებულია. ეს პერიოდი საქართველოში მევენახეობის ძირითადი რაიონების მიხედვით  მოიცავს  5-დან 12 მაისამდე პერიოდს. ვაზის მკურნალობას ვიწყებთ კონტაქტური ფუნგიციდებით. მაგალითად: 0,25% „ბრავო+0,5%  თიოვიტ ჯეტის“ ან 0,2% „დითან მ45+0,5% თიოვიტ ჯეტის“ კომბინაციით.

შემდგომი კომბინირებული წამლობები დაავადებების წინააღმდეგ სისტემური ფუნგიციდებით ტარდება. მაგ: 0,25% რიდომილ გოლდი + 0,03% ტოპაზი, ხოლო ყურძნის ჭიის წინააღმდეგ, იქ სადაც მისი გავრცელების პირობა არსებობს, კომბინირებულ ნაზავს ემატება 0,04% კარატე ზეონი.

მომდევნო კომბინირებული წამლობა 10-12 დღის შემდეგ ასეთი კომბინაციით ტარდება: 0,4% პერგადო პლუს 0,07% დინალი. აღსანიშნავია, რომ ამ ორმა ახალმა – ევროპულმა პრეპარატებმა ვაზის ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ საკმაოდ მაღალი ეფექტი გამოიღო და სპეციალისტების მხრიდან დიდი მოწონებებიც დაიმსახურა. ორივე პროდუქტი დარეგისტრირებულ იქნა როგორც ვაზის დაცვის მაღალეფექტიანი საშუალება და ჩართულია ანტირეზისტენტული პროგრამის აუცილებელ კომპონენტებად.

10-12 დღის შემდეგ წამლობა ტარდება 0,25% „ქვადრის მაქსის“ სამუშაო ნაზავით. ამ პრეპარატს, როგორც ჭრაქის, ასევე ნაცრის მიმართ მაღალეფექტიანი მოქმედება ახასიათებს, არ სჭირდება სხვა რომელიმე პრეპარატის დამატება. „ქვადრის მაქსს“ ფართოდ იყენებენ ევროპელი მევენახეები, ვინც მაღალხარისხიან ღვინომასალებს აწარმოებენ (საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია,ესპანეთი,  ბულგარეთი, უნგრეთი).

ქართველ მევენახეებს სისტემური პრეპარატებით შემდგომ  წამლობას ასეთი სქემით ვურჩევთ: 0,4% რიდომილ გოლდ პლიუსი + 0,04% ტოპაზი. მომდევნო წამლობა გრძელდება კონტაქტური ფუნგიციდებით, როგორებიცაა: ბრავო, დითან მ45, თიოვიტ ჯეტი და სხვ.

ბოლო პერიოდში მწიფობის დროს ყურძენი ძლიერ ზიანდება ნაცრისფერი სიდამპლით, რომლის დროს მოსავლის დანაკარგი ხშირად 35-50%-ზე მაღალია. ამ დაავადების  და მოსავლის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაზის პლანტაციები დამუშავდეს 0,1% სვიტჩით  პირველი შესხურება — ყურძნის შეთვალებამდე,  მეორე — საჭიროების შემთხვევაში შეთვალებისას.

ყველა რეგიონისთვის ერთიანი, უნიფიცირებული წამლობის სქემა და შესხურების ჯერადობა არ არსებობს. საქართველოში ვაზის წამლობების ჯერადობა რაიონებისა და ცალკეული ზონების მიხედვით 5-6-დან 10-12-მდე მერყეობს. ცალკეული რეგიონებისა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით წამლობების დაწყების დროს და პრეპარატების ასორტიმენტის შერჩევას  შესხურების ჯერადობასთან ერთად  ამ დარგის სპეციალისტი განსაზღვრავს.

ზურაბ ლოლაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი