დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის ძირითადი დაავადებები

ვაზის ჭრაქი

 აზიანებს მცენარის მიწისზედა ორგანოებს. ნორჩი ფოთლების ზედა მხარეს ჯერ ქლოროზული, შემდეგ კი ზეთოვანი ლაქები წარმოიქმნება, ლაქები ერწყმიან ერთმანეთს, რის გამოც ფოთლოვანი ფირფიტის დიდ ნაწილს ფარავენ.

ფოთლის ქვედა მხარეს ლაქებზე ჩნდება თეთრი ნაფიფქი, რომელიც დაავადების გამომწვევ უნაყოფო სპორომატარებელს წარმოადგენს. ხშირად ნაფიფქი თავს იჩენს ლაქების წარმოქნამდე და პირიქით. მშრალ ამინდში ნაფიფქი შესაძლებელია ადრეც წარმოიქმნას. დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა. ავადმყოფობის განვითარების ხელსაყრელი პირობების დროს ავადდებიან მწვანე ყლორტები, ულვაშები, მტევნები, დაავადებული მარცვლები მუქდება, ხოლო ყუნწის ირგვლივ იისფერი არშია წარმოიქმნება.

ვაზის ნაცარი

 ვითარდება მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში და აზიანებს მწვანე ორგანოებს. ფოთლის ზედა მხარეზე წარმოიქმნება მონაცრისფრო, ადვილად მოსაცილებელი ნაფიფქი, რომელიც ქვედა მხარეზე, ასევე ყუნწზე და მტევანზე გადაედება. გარკვეული დროის შემდეგ ფოთლებზე მკვდარი ქსოვილის მუქი უბნები წარმოიქმნება,

მარცვლებზე ვითარდება მკვრივი ნაცრისფერი ნაფიფქი. დაავადების ადრეულ ფაზაში მარცვლები წყვეტენ ზრდას, ხმებიან, მაგრამ მათი ცვენა არ ხდება. უფრო გვიანდელი გამოვლინების დროს მარცვლები სკდება, რის გამოც მათზე სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმები სახლდებიან.

ვაზის ანთრაქნოზი

ვაზის ანთრაქნოზით მიწისზედა ნაწილში არსებული ყველა ორგანო ავადდება. ფოთლებზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის და ფორმის ნაცრისფერი ლაქები, გარშემორტყმული მოწითალო რუხი ფერის არშიით. დაზიანებული ქსოვილები იშლება და ცვივა, ფოთლები განიცდიან დაფაცხავებას. ლაქები ფორმირდება აგრეთვე ფოთლის ძარღვებზეც, ეს კი

არღვევს გამტარი სისტემის მოქმედებას. ფოთოლი ხმება და იწყებს ცვენას. ყვავილედის დაზიანების შემთხვევაში მომრგვალო შავი ლაქები წარმოიქმნება. ყვავილები და ნასკვები მუქდება და ცვივა. მარცვლებზე ძოწისფერი არშიის მქონე იისფერი მრგვალი ნაჭდევისებრი ლაქები ჩნდება. შემდგომ პერიოდში მარცვლები დეფორმირდება, ხმება, მაგრამ მტევნიდან არ ცვივა. ყლორტებზე ლაქები გრძივია, ჩაზნექილი, შავი ფერის წყლულის მაგვარი. ყლორტების წვეროები ხმება და ნახშირდება.

ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე

ვაზის ნაცრისფერი სიდამპლის შემთხვევაში მარცვალი ზიანდება სიმწიფის პერიოდში, ზოგჯერ შენახვის დროს ავადდებიან კალმები და ნერგები, იშვიათად კი ფოთლები, ყლორტები და ყვავილედი. ნაცრისფერი სიდამპლე განსაკუთრებული ინტენსივობით ვრცელდება მაშინ, როდესაც ზაფხულის ხანგრძლივ გვალვას ჭარბი ნალექები მოჰყვება.

ისინი წვენის აქტიურ მოძრაობას იწვევენ, ამის გამო ადგილი აქვს მარცვლების დასკდომას და მათზე დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები ადვილად სახლდებიან. მარცვლები მუქდება, რბილდება და ნაცრისფერი ბუსუსებიანი ნაფიფქით იფარება, რომელიც მიცელიუმს და კონიდიალურ სპორომატარებელს წარმოადგენს. პათოგენური პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, მტევნები რამდენიმე დღეში სრულიად ლპება.

ვაზის ფოთლების დახვევა 

ვაზის ფოთლების დახვევა ვირუსული დაავადებაა. მისი ძირითადი სიმპტომია ქვედა იარუსის ფოთლების კიდეების დახვევა. ფოთლები მკრთალდება, ზედაპირი უხეშდება, ეხვევა დაბლა მთავარი ძარღვის გასწვრივ. დაავადება ვლინდება ზაფხულის დასაწყისში. აგვისტო-სექტემბერში შავი ყურძნის ფოთლები წითლდება, თეთრი ყურძნის ფოთლები

ყვითელია, თუმცა ვეგეტაციის ბოლოს წითელ ფერს ღებულობს. ნაყოფები მკრთალი შეფერილობისაა და შენელებულია მათი დამწიფება. მოსავლის დანაკარგები 10-20%-ს აღწევს.

ვაზის ფოთლების მუხლთშორისების დამოკლება

ვაზის ფოთლების მუხლთშორისების დამოკლება (მარაოსებრი გადაგვარება) ყველაზე მეტად გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. მისი ძირითადი სიმპტომია მუხლთშორისების დამოკლება და ფოთლების გადაგვარება. ფოთლები მარაოსავითაა გაშლილი, დეფორმირებული, ზევით მიმართული, გოფრირებული. აშკარად შეინიშნება ჩვეულებრივი და გაყვითლებული ქლოროზები, მოზაიკური და მსხვილლაქიანი კანტები. ძარღვებიც გამოკვეთილია რგოლური და ხაზობრივი ლაქებით. დასენიანებული მცენარე

ზრდაში ჩამორჩება, უვითარდება მცირე რაოდენობის, მომცრო ზომის მტევნები, რაც, თავისთავად, მოსავლიანობის მკვეთრ შემცირებას განაპირობებს. დაავადებული მცენარის მტევნები შედარებით გვიან მწიფდება. ზოგიერთი ჯიშისთვის დანაკარგები ზოგჯერ 80%-ს შეადგენს. დაავადების ძირითადი გადამტანია ნიადაგში მცხოვრები ნემატოდები. დაავადების გამომწვევი აინფიცირებს ვაზის ყველა სახეობას.