აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის განვითარების ფაზები

 

ვაზის განვითარება წლის განმავლობაში შეიძლება ორ პერიოდად დავყოთ: პასიურად და აქტიურად. პასიური, ანუ მოსვენების ხანა ვაზის ფოთლების გაცვენით იწყება უმეტესად შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულამდე – ვაზის ტირილის დაწყებამდე გრძელდება.
ტირილის დაწყება ვაზის გამოღვიძების ნიშანია, აქედან ვაზის ცხოვრებაში იწყება მეორე დიდი  აქტიური ხანა, რომელიც გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ვაზის ფოთლების გაცვენით მთავრდება.

პასიურ ხანაში გადასვლის წინ ვაზი წინასწარ ემზადება, სახელდობრ, მისი ზრდა მინიმუმამდე მცირდება, ფოთოლი შემოდგომის ელფერს ღებულობს,  ყვითლდება და ცვივა. ვაზის ხნოვანი ნაწილები კორპის ქსოვილებით იფარება, ფესვები აჩერებენ ზრდას და ამრიგად, გარეგნული ნიშნებით მთელი ვაზი გადადის დასვენების ხანაში.

ამ პერიოდში ვენახებში მიმდინარეობს მთელი რიგი აგრო-ტექნიკური ხასიათის სამუშაოები: გასხვლა, ვენახის შევსება გამორგვით, ვენახის ნიადაგის დამუშავება, სასუქის შეტანა და ა.შ.

აქტიური ხანა – იგი შეიძლება  შემდეგ ბიოლოგიურ ფაზებად დავყოთ:

ა) ტირილი – იგი იწყება ვაზის წვენის მოძრაობის დაწყებიდან და გრძელდება კვირტების გამოფურჩქნამდე, როდესაც ნიადაგში – ფესვთა სისტემის ზონაში – ტემპერატურა მიაღწევს 7-10 გრადუსამდე, იწყება ფესვებში არსებულ მარაგ – ნივთიერებათა გადანაცვლება ვეგეტატიურ ორგანოებში, აგრეთვე საწოვრების მიერ ახალ მინერალურ ნივთიერებათა მოგროვება და ვაზის ზედა ნაწილებისათვის მიწოდება. ვაზის ფესვთა სისტემიდან წყლის მიწოდება მეტად ძლიერი ძალით წარმოებს და ეს წნევა ხშირად 1,5 ატმოსფეროს აღწევს. რქის ზედაპირზე უბრალო თვალითაც ადვილი შესამჩნევია ამოსული წყლის წვეთები. ტირილის მოვლენები ვაზში გამოწვეულია ორი ფაქტორის მოქმედებით: სითბოთი და ტენით.

ბ) კვირტების გამოფურჩქვნა და ყლორტების განვითარება – აღნიშნული ფაზა სხვადასხვა დროს იწყება და ეს სხვაობა 10-15 დღემდე მერყეობს. საქართველოში მარტის ბოლო რიცხვებიდან იწყება. აგროტექნიკური სამუშაოებიდან ამ ფაზაში ვენახში ტარდება შემდეგი ოპერაციები: ყლორტების დანორმება, ნამხრევების შეცლა, სარზე ან მავთულზე ახვევა, ნიადაგის საგაზაფხულო დამუშავება, შეწამვლა სოკოვან ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ.

გ) ყვავილობა – ეს ფაზა იწყება ყვავილობის ნიშნების გამოჩენით და მთავრდება სრული დაყვავილებითა და მარცვლების გამონასკვით. ყვავილობის პროცესი აღინიშნება ყვავილიდან გვირგვინის გახსნითა და გადაძრობით. ყვავილობის პროცესის სწორად ჩატარება მაღალი მოსავლის მიღების საწინდარია. ამ ბიოლოგიურ ფაზაში განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ესაჭიროება ვენახს, სახელდობრ: ყვავილობის დაწყებამდე ყლორტები ახვეული უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში ეს ოპერაცია ყვავილობის დროს არ უნდა წარმოებდეს; დაუშვებელია ამ პერიოდში ნიადაგის დამუშავება, ვინაიდან მოსალოდნელია ყვავილების მექანიკური დაზიანება; დაუშვებელია ამ პერიოდში ვენახის მორწყვა, რადგან ნიადაგი ცივდება, რასაც შედეგად ყვავილცვენა მოყვება; არ შეიძლება შეწამვლა ბორდოს ხსნარით, ვინაიდან მოსალოდნელია ყვავილის ნაზი ნაწილების დაზიანება.

დ) მარცვლების გამონასკვა და ყურძნის შეთვალება – ამ ფაზაში ვენახში ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: ვაზის განმეორებითი გაფურჩქვნა – ნამხრევების შეცლა, ყლორტების ახვევა, ნიადაგის პერიოდული დამუშავება, მორწყვა და შეწამვლა. სადედეში – ნამხრევების შეცლა, მწკრივთა შორის ნიადაგის დამუშავება, ვაზის მწკრივებში სარეველა ბალახების მოცილება.

 ე) ყურძნის სრული სიმწიფე – ეს ფაზა იწყება ყურძენში თვალის შესვლით და მთავრდება სრული სიმწიფით. იგი გრძელდება 20-60 დღემდე სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში. ფაზის დასასრულს წარმოებს ზოგიერთი ვაზის ჯიშის რთველი (შამპანური, ადრეულა საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშები). ამ ფაზაში ვენახში ტარდება შემდეგი აგროტექნიკური ღონისძიებები: რქის წვერების გადაჭრა ანუ ცის გახსნა, ზოგიერთ ჯიშზე ნამხრევების შეცლა და საჭიროების მიხედვით ახვევა, ნიადაგის პერიოდული დამუშავება.

 ვ) ფოთოლცვენა – აღნიშნული ფაზა იწყება ყურძნის ფიზიოლოგიური დამწიფებით და მთავრდება ფოთოლცვენით. ფოთოლცვენა იწყება ჩვეულებრივ ნოემბრის პირველი ნახევრიდან და გრძელდება დეკემბრის პირველ რიცხვებამდე.

ბუნებრივი ფაქტორების გავლენა ვაზზე

   სითბო – ვაზის ზრდა 80 ქვემოთ არ წამოებს. 25-300 პირობებში იგი ინტენსიურად ვითარდება, ხოლო უფრო მაღალი ტემპერატურის დროს მისი განვითარება ფერხდება და მწვანე ნაწილების არუჯვის გამო საბოლოოდ ჩერდება. ნიადაგის ხშირი დამუშავება და მორწყვა ამცირებს არუჯვის პროცესს. ყინვისაგან დაცვის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: გვიან გაღვიძების უნარიანი ჯიშების შერჩევა, ვაზების დაგვიანებით გასხვლა, და ვენახში უბნობრივად დაბოლება.

ტენი – ვაზის მწვანე ნაწილების მიერ აორთქლებული წყლის კომპენსაცია განუწყვეტლივ უნდა ხდებოდეს ფესვების მიერ შეთვისებული წყლის მიწოდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა და შედეგად მცენარესაც დაღუპვა მოელის.

ჰაერი – ვაზის ზრდა-განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. ჰაერში არსებული ჟანგბადით წარმოებს სუნთქვის პროცესები, ხოლო ნახშირმჟავა აირიდან ნახშირბადის ათვისებით მცენარისათვის საჭირო ნახშირწყლების წარმოქმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის ჟანგბადის როლი ფესვთა სისტმის განვითარებისათვის.

სინათლე – ვაზი სინათლის მოყვარული მცენარეა. ყველა სახის რთული ფიზიოლოგიური ხასიათის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მის ნაწილებში სავაგეტაციო პერიოდის მთელ მანძილზე, უშუალოდ სინათლესთანაა დაკავშირებული.  სინათლის ნაკლებობის უარყოფითი გავლენა პროდუქციის ხარისხზე გამოიხატება იმით, რომ მცირდება მარცვალში შაქრების დაგროვება, იზრდებნა მჟავიანობა, გემური თვისებები უარესდება და შემფერავი ნივთიერებანი უმნიშვნელო რაოდენობით გროვდება. აღნიშნულის საფუძველზე, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ვენახის გაშენება ხდებოდეს ყოველთვის მზით უხვად განათებულ ფერდობ ადგილზე.

რუსუსდან ძიძიშვილი,

სმმ დოქტორი