ვაზის გაშენების და მოვლის ტრადიციები საქართველოში
საქართველოში ვაზის მოვლისა და მოშენების უძველესი და უმდიდრესი ტრადიცია არსებობს.
ჩვენი წინაპრები ამ ტრადიციებს საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ, თაობიდან თაობას გადასცემდნენ და სიახლეებით ამდიდრებდნენ.
ყურძნის მოსავალი მუდმივად უხვად ჰქონოდა, ხარისხი ყურძნიდან სულ უფრო უკეთესი და უკეთესი ღვინო დაეყენებინა, ქართველი მეურნე ოდითგან ერთ მეტად გონივრულ ხერხს მიმართავდა.
იგი სხვადასხვა ჯიშის ვაზს არჩევდა, ამყნობდა და რამდენიმე ჯიშს აშენებდა.
სხვადასხვა ყურძნის ჯიშების შეზავებითკი იღებდნენ განსხვავებული არომატულ მაღალხარისხიან ღვინოებს. ამასთან სხვადასხვა ჯიშების გაშენებას ის დატვირთვაც ჰქონდა, თუ რომელიმე უიღბლო წელს ვაზის ერთ ჯიშს „არ გაუმართლებდა“, ამ დანაკლისს მეორით ინაზღაურებდა და ასე გრძელდებოდა წლიდან წლამდე.
როგორც ჩანს, ასე შეიქნმა ის უნიკალური ქართული ჯიშები, რომელიც ასე მოსწონს სტუმარსაც და მასპინძელთან.
საქართველოში ვაზის კულტურის კარგ ცოდნაზე მიუთითებს ჯიშების გავრცელების ზონების შერჩევა საუკეთესო ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან მისადაგება.
მოსახლეობის სხვადასხვა ფენა ვაზს თავისი მდგომარეობის შესაბამისად არჩევდა და აშენებდა.
მოსახლეობის შეძლებული ფენა უფრო მაღალხარისხიან ჯიშებს ირჩევდა, რადგან მათ თავშექცევა, დროსტარება, ნადიმების გამართვა და სტუმრებთან კარგი ღვინოებით თავმოწონება ხიბლავდათ. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას კი უფრო მაღალმოსავლიანი ჯიშები აინტერესებდათ, რომ მეტი მოსავალი მიეღოთ, თავი გაეტანათ და ღვინით სტუმრებსაც გამასპინძლებოდნენ.
საქართველოს მთა-გორიან რეგიონებში ვაზს ტრადიციულად ხშირად ტერასებზე აშენებდნენ. როგორც წესი, სხვა ხილს არ მირგავდნენ ხოლმე, თუმცა მიწის ჩამოშვავების, მეწყრული პროცესებისგან ფერდობების/ტერასების გასამაგრებლად ტერასას თავსა და ბოლოში კაკალს, მუხას, წაბლსა და სხვა დიდტანიან ხეებს რგავდნენ.
დიდი ჭაპან-წყვეტა სჭირდებოდა ტერასების მოწყობას, ქვების, ნოყიერი მიწის და ნაკელის ატანას და ტერასას გამართვას. ძველი ხელოვნური ტერასები ზოგან დღემდეა შემორჩენილი, ბევრგან კი მათი კვალი ეროზიის, ნიაღვრების თუ სხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად სულ გამქრალია ან ტყით და ბუჩქნარით არის დაფარული.