ვაზის გასხვლა-ფორმირება

 ვაზის მოვლის ოპერაციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გასხვლა-ფორმირების საკითხი. საქართველოს ეკოლოგიური პირობების თავისებურებათა გამო ძველთაგანვე დანერგილია ტენიან ადგილებში მაღლარი ან ხეივნისებური ფორმები, ხოლო შედარებით მშრალ ადგილებში ვაზის დაბლარად გაშენებ,. ტენიანობის მიხედვით გარდამავალ ზონებში ოლიხნარი, დაბალი ხეივანი. უდავოა, რომ ტენიან ადგილებში ვაზის მაღლარად გაშენება მევენახეობის განვითარების იმდროინდელ ეტაპზე დადებითი იყო, განსაკუთრებით სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე.

ნიადაგის ზედაპირიდან ვეგეტატიური ნაწილების მნიშვნელოვნად დაცილების შედეგად ყურძნის გვიან დამწიფების გამო ყურძენს დაგვიანებით კრეფდნენ და უმრავლეს შემთხვევაში მაღალი ღირსების პროდუქციას იღებდენ ხარისხოვანი ღვინოების დასამზადებლად. მაგრამ სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელების შემდეგ ვაზის მაღლარად წარმოებამ თითქმის დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მაღლარ ვაზებზე გაძნელდა სამუშაო ოპერაციების წარმოება და, რაც მთავარია, სოკოვან ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლა. ამის გამო მევენახეობის შემდგომ განვითარებას ჩვენი ქვეყნის ყველა რაიონში საფუძვლად დაედო ვაზის დაბლარად გაშენება; ოღონდ რაიონის ეკოლოგიური პირობების მიხედვით ზოგან ამაღლებული და ზოგან კი დადაბლებული შტამბით.

საქართველოს ყველა რაიონში ვაზის გასხვლის ძირითად ფორმად ძველთაგანვე მიღებულია გასხვლის ქართული წესი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. რაიონის ეკოლოგიური პირობების მიხედვით მას ეძლევა სხვადასხვა სიმაღლის შტამბი (50-100 სმ) ერთი ან ორი სასხლავი რქით, ე.წ. სამამულითა და სანაყოფით. სამამულის (ნეკის) გასხვლა წარმოებს 2-3 კვირტზე, ხოლო სანაყოფისა 8-10 კვირტზე, რაც საშუალებას იძლევა დაიტვირთოს ვაზი 10-22 კვირტამდე; კვების არე 1,5X2 კვ. მ-ით განისაზღვრება, ჰექტარზე 5-6 ათას ძირამდე ვაზის მოთავსებით. ვაზის დასაყრდენად გამოყენებულია სარი და სანაყოფის რკალებრი შეყელვა სარზე წარმოებს. ნიადაგისა და სხვა სახის სამუშაო პროცესები კვების სიმცირის გამო არაა მექანიზებული.

ქართული ფორმის ანალოგიურია, ე.წ. გიუოსებრი წესით ვაზის სხვლა. ეჭვს გარეშეა, რომ ფრანგმა მეცნიერმა გიუომ ვაზის გასხვლის ჩვენებური წესი გამოიყენა საფრანგეთის პირობებში. ამ წესმა, როგორც სხვლის რენტაბელურმა ღონისძიებამ, ფართო გავრცელება ჰპოვა ევროპის სახელმწიფოებში. ამ წესით გასხლულ ვაზს გიუომ დასაყრდენი შეუცვალა. სარის მაგივრად ვაზი შპალერისებრ მავთულზე დააყრდნო და სანაყოფე ნაცვლად მორკალვისა შპალერის პირველ მავთულზე დააკრა ჰორიზონტალურად. ამრიგად, ე.წ. გიუოს სხვლის წესი გასხვლის პრინციპით იგივე ქართული ფორმა – ყლორტების სივრცეში შპალერული განლაგებით.

მევენახეობის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, მექანიზაციის გასაადვილებლად საჭირო შეიქნა ვაზისათვის კვების არის გადიდება, ამის გამო ერთეულ ფართობზე ვაზთა რიცხვის შემცირება და ამისდა შესაბამისად ვაზის დატვირთვის გადიდება გაუმჯობესებული ფორმირების შემუშავებით.

ჩვენმა კვლევითმა დაწესებულებებმა ამ მიმართულებით ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარეს. დადგენილი იქნა ძირითადად კვების არედ 2×1,5 მეტრი ანუ 3 კვ. მეტრი, რაც წარმატებით უზრუნველყოფს ნიადაგის დამუშავებისა და შეწამვლის ოპერაციების მექანიზაციასაც.

კვების არის გადიდებასთან დაკავშირებით შემუშავდა ვაზის დიდი დატვირთვის ფორმები (ქართული კორდონი, მრავალსაკავებლიანი ფორმა), რომელნიც მაღალი აგროტექნიკის ფონზე ვაზის ნორმალურ ზრდა-განვითარებასთან ერთად უზრუნველყოფენ ყურძნის უხვი მოსავლის მიღებას. ამავე დროს ცალკეული რაიონის ეკოლოგიური პირობების მიხედვით დაზუსტდა ვაზის შტამბის სიმაღლე და რაოდენობაც.

ვაზის შპალერულ ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელდა აგრეთვე ძველთაგანვე ცნობილი ორმხრივი ქართული ფორმა.

ქართული კორდონი

ქართული კორდონი წარმოადგენს დიდი დატვირთვის ფორმას. მას თავიდანვე განვითარებული აქვს ორი შტამბი და ორი მხარი; თითოეულ მხარზე განვითარებულია ორ-ორი სასხლავი რგოლი. სასხლავი რგოლები მხარზე მდებარეობენ მის თავსა და ბოლოში, რომელთა დაკავება წარმოებს პირველი მავთულის ზონაში მხარზევე. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ანელებს პოლარობის მოვლენებს და აძლიერებს ცალკეული ყლორტების ნორმალურ განვითარებას. თითოეული რგოლი ისხვლება ქართული წესით სამამულესა (2-3 კვირტი) და სანაყოფეზე (8-10 კვირტი), რაც უზრუნველყოფს ოთხი რგოლის შემთხვევაში ვაზის 36-40 კვირტით დატვირთვას, ხოლო ექვსი რგოლის მიცემისას – 54-60 კვირტით.

თითოეული ვაზის ამგვარი დატვირთვა საშუალებას იძლევა ვენახის საჰექტარო დატვირთვა 150-200 ათას კვირტამდე გაიზარდოს, ნაცვლად ძველად არსებულ 70-80 ათასი კვირტისა. მსგავსად მევენახეობაში ცნობილ სხვადასხვა სახის კორდონული ფორმებისა, ქართულ კორდონსაც ახლავს შედარებით მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ნაკლოვანი მხარეები. ასე მაგალითად, ყველა ეკოლოგიურ პირობებში და ყველა სტანდარტული ჯიშისათვის იგი არ გამოდგება, მისაღებია მხოლოდ ძლიერ მზარდ ჯიშებისათვის. თვით ფორმის გამოყვანა შესრულების მანიპულაციით რთულია და საჭიროებს ერთგვარ დახელოვნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვაზი დამახინჯდეს. მოსალოდნელია მხარზე რგოლის ამოვარდნა-გაუქმება, რომლის აღდგენა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული და, რაც მთავარია, ვაზი გასხვლის მანიპულაციით მკაცრ ჩარჩოში ექცევა, რაც მისდამი ინდივიდუალურად მიდგომის შესაძლებლობას არ იძლევა. მიუხედავად ზემოაღნიშნული უარყოფითი მხარეებისა ქართული კორდონი ყველა არსებულ კორდონებს შორის პირველ ადგილზე დგას და მისი გამოყენება სათანადო მოვლისა და ყურადღების პირობებში დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.

მრავალსაკავებლიანი ანუ თავისუფალი სხვლა

მრავალსაკავებლიანი ანუ თავისუფალი სხვლა ფორმირების წესების თავისებურებით, ფრანგულ `მაროჟეს~ ფორმას უახლოვდება „მარაოსებრი“ ფორმის კომბინაციით. ვაზი თავიდანვე ფორმდება რამდენიმე შტამბით და ამდენივე სახლავი რგოლით. სიძლიერის მიხედვით სანაყოფე რქა ეძლევა სხვადასხვა ზონაში, სასურველია სანაყოფე რქების სიმეტრიულად განწყობა. სანაყოფესთან ერთად სამამულოს მიცემა, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში არ არის სავალდებულო და ვაზის სიძლიერის შესაბამისად, შტამბის მიხედვით, მას შეიძლება მიეცეს 2-5 სასხლავი რგოლი.

სანაყოფის გასხვლა წარმოებს 7-10 კვირტზე. ამრიგად ერით ვაზის დატვირთვა მერყეობს 20-50 კვირტამდე, რაც ჰექტარზე გადაყვანით შეადგენს 80-150 ათასი კვირტით დატვირთვას. შესრულების მანიპულაციით დასახელებული ფორმა მეტად მარტივია. არ მოითხოვს დიდ დახელოვნებას. საჭიროა მხოლოდ სასხლავი რგოლების მიცემა და ამის მიხედვით ვაზის დატვირთვა შეუფარდდეს მის საერთო ძალას და ცალკეული რქების სიძლიერეს. ამ ფორმის დადებითი მხარე კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ვაზის სიძლიერის მიხედვით შესაძლებელია სანაყოფე რგოლების მომატება ან შემცირება. ვაზის ამგვარ დიდ, თავისუფალ დატვირთვას ესაჭიროება როგორც წესი, აგროღონისძიებათა სისტემის მეტად მაღალი ფონი (ნიადაგის დროული დამუშავება, ნიადაგის ნაყოფიერების გაძლიერება მინერალურ და ორგანული სასუქების სისტემატური შეტანით, მწვანე ოპერაციების დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარება და სხვ.), წინააღმდეგ შემთხვევაში ვაზები ნაადრევად დასუსტდება და მოსავალიც მკვეთრად შემცირდება.

ჩვენი მევენახეობის რაიონებში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ფორმირების ეს წესი მასობრივად დაინერგა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსავლიანობა. ყურძნის მოსავალმა ჰექტარზე ამის შედეგად 150 ცენტნერამდე მიაღწია. მაგრამ აქვე აღსანიშნავია ზოგიერთ მეურნეობაში არასასურველი შედეგების მიღებაც. ვაზს დიდი დატვირთვისას არ ეძლევა აგროტექნიკის მაღალი ფონი, რის შედეგად ვაზების ზრდა შენელდა და ამგვარ პირობებში მოსავლიანობამაც მნიშვნელოვნად დაიკლო. ამ მდგომარეობას იმთავითვე უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება და როგორც წესი, სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული სამუშაო ოპერაციების კალენდარულ ვადებში და მაღალხარისხოვნად ჩატარება, აგრეთვე გასხვლისას ვაზის თითოეული ძირისადმი ინდივიდუალური მიდგომა, რათა ყურძნის უხვი მოსავლის მიღებასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნეს მისი როგორც საერთო, ისე სავეგეტაციო ძალის ნორმალური განვითარება.

ვაზის არსებულ ფორმებიდან ქართული ორმხრივი შპალერი მაინც ძირითად ფორმად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან როგორც შესრულების მანიპულაციით, ისე შედეგიანობით იგი ამჟამად სავსებით გამართლებულია, ოღონდ აუცილებელია რაიონის ეკოლოგიური პირობების მიხედვით სხვადასხვა სიმაღლის შტამბის გამოყენება, როგორც ეს მევენახეობის აგროწესებით არის გათვალისწინებული.

„საქართველოს აპელოგრაფია“

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე