ვაზის მყნობით გამრავლება
საქართველოშო ოდითგანვე ვაზს სხვადასხვა წესით ამრავლებდნენ. ეს მეთოდები დღესაც გამოიყენება.
მყნობა ვაზის გამრავლების ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდია მევენახეებში.
მყნობა ვაზის ქირურგიული ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ერთი მცენარის ნაწილი ხელოვნურად უერთდება მეორე მცენარის ნაწილს.
მცენარეს რომელზედაც უნდა დაიმყნოს, ეწოდება საძირე, ხოლო მეორეს – სანამყენე.
გრუნტში მყნობა – მყნობას უბრალო გაპობით მიმართავენ ვენახში გადაბერებული ვაზის ძირების გასაახალგაზრდავებლად ან მაშინ, როდესაც სურთ შეცვალონ ვენახში ერთი, არასასურველი ჯიშის ვაზის ძირი მეორე, უკეთესი ჯიშით. ამ სახის მყნობა ტარდება გაზაფხულზე ვაზის ტირილის დაწყებამდე.
მყნობის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე დასამყნობი ვაზის ძირს გარშემო შემოაცლიან მიწას 20სმ სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი გამოჩნდეს, შემდეგ გადახერხავენ ნიადაგის ზედაპირის ქვემოთ 3-4სმ-ზე, გადანახერხს ასწორებენ მახვილი დანით, საძირეს აპობენ ცალი გვერდიდან და უკეთებენ ხის პატარა სოლს შიგ სანამყენო კალმის ადვილად მოსათავსებლად, სანამყენო რქას 2-3 კვირტზე გადაჭრიან და სოლისებრად ჩათლიან რქის ბოლო ნაწილს ისე, რომ სანამყენო საძირის განაპობი ნაკლებად გაიწიოს და მათი კამბიალური ქსოვილი ერთმანეთს დაემთხვეს. სანამყენეს ჩასმის დროს კვირტი გარეთ უნდა იყოს მიმართული.
ნამყენის გაკეთებისთანავე მას მაგრად ხვევენ კანაფით ან ძაფით და ფრთხილად აყრიან ფხვიერ მიწას 8-10სმ-ს სიმაღლეზე.
სანამყენეს ყლორტები ვეგეტაციის დასასრულისათვის მძლავრ განვითარებას აღწევს.