აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობაფერმერი ფერმერს

თხევადი სასუქების უპირატესობები

ეკოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე დღესდღეობით  თანამედროვე სოფლის მეურნეობა მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. გართულდა, როგორც ახალი ჯიშების შექმნის კრიტერიუმები, ასევე  მათი ადაპტაციის შესაძლებლობები.  გარანტირებული მოსავლის  მისაღებად აუცილებელია, მცენარის როგორც ბიოლოგიური თავისებურებების, ისე თანამედროვე ტექნიკური საშუალებების სიღრმისეული ცოდნა.
ორგანული და მინერალური  სასუქების ნორმალური გამოყენება, საშუალებას იძლევა, მცენარის მოსავლიანობის ზრდასთან ერთად   გამოვლინდეს  ჯიშის ბიოლოგიური შესაძლებლობები. მონოსასუქები შეიცვალა ორ, სამ და მრავალი ელემენტების შემცველი  სასუქებით. ნიადაგის თანამედროვე  ანალიზური კვლევებით შესაძლებელი ხდება   სასუქების ზუსტი დოზების განსაზღვრა, ისინი შედარებით უსაფრთხო გახდა, რაც გარემოს ნაკლებ  დაბინძურებას იწვევს.

აქტუალურია თხევადი სასუქები, რომლის  გამოყენებას  უკანასკნელ წლებში დიდი ყურადღება ექცევა. თხევადი სასუქები საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტური გავხადოთ მათი  მოქმედება, დავიცვათ თავი ჭარბი მოხმარებისაგან, გავზარდოთ მცენარის სასიცოცხლო პროცესები, მათ შორის ფოტოსინთეზის ინტენსივობა და  თავიდან ავიცილოთ  გარემოს  ნარჩენებისაგან დაბინძურება.

ამ მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის, დედოფლისწყაროს და თელავის საცდელ ბაზებზე 2018-2021 წწ  განხორციელდა  თხევადი სასუქების – KAS-32-ის,  „ეკოროსტის“ და GSN-2004-ის შესწავლა ხორბლის კულტურის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობაზე.   შესწავლილი იქნა  მცენარეთა აღმოცენება, გადარჩენა, დათავთავება, ყვავილობა, სიმწიფე. შეფასდა   ხორბლის ძირითად დაავადებებზე: ყვითელი და ღეროს ჟანგა, სეპტორიოზი, გუდაფშუტა და ნაცარი გამძლეობა. სამეურნეო მახასიათებლებიდან განისაზღვრა: მცენარის სიმაღლე, პროდუქტიული ბარტყობა, თავთავის სიგრძე, თავთავზე თავთუნების რაოდენობა, თავთავში მარცვლების რიცხვი, ერთი თავთავის მარცვლის მასა და 1000 მარცვლის მასა.

ეკოროსტი“ ჰუმინური ბუნებრივი  წარმოშობის მიკროორგანიზმების შემცველი  ორგანული სასუქია, რომელთა ხარჯზე ნიადაგში მიმდინარეობს რთული ბიოქიმიური პროცესები. იგი შეიცავს მცენარის  ცხოველმყოფელობისათვის  საჭირო ყველა ნივთიერებებს: ამინომჟავები, მონო და პოლისაქარიდები, პეპტიდები, ვიტამინები, მინერალური კომპონენტები და სხვ. მისი გამოყენება ზრდის მცენარის გვალვაგამძლეობას, ყინვაგამძლეობას და იმუნურია დაავადებებისა და მავნებლებისადმი.

გაზაფხულზე, ვეგეტაციის განახლებისთანავე, „ეკოროსტი“ შეაქვთ  ნორმით 2,5-3,0  ჰექტარზე. ამ დროს ძლიერდება მცენარე, იზრდება ბარტყობა, გვალვაგამძლეობა და ჩქარდება ვეგეტაცია. ორკვირიანი ინტერვალით სასურველია   თხევადი სასუქის შეტანის განმეორება, ხოლო მესამე შეტანა უნდა განხორციელდეს დათავთავების წინა პერიოდში იგივე ნორმებით.   თხევადი სასუქის ხორბლის ნათესებში შეტანა სასურველია განხორციელდეს  თანამედროვე ტექნიკური საშუალებით აგროდრონის გამოყენებით. ამ დროს არ ზიანდება ნათესი, დოზირება ხდება ზუსტად და რაც მთავარია ფინანსურად უფრო მომგებიანია  ვიდრე ტრაქტორის გამოყენებისას.

დაკვირვებებმა ცხადყო, რომ   მარცვლის ფორმირების  პერიოდში „ეკოროსტის“ შეტანა უზრუნველყოფს მრავალთავთუნიანობას,  თავთავის მაღალ შემარცვლას, ფოტოსინთეზის გააქტიურებას და ამოვსებული მარცვლის მიღებას.

ჰუმინური სასუქ „ეკოროსტის“ გამოყენება საშუალებას იძლევა  მოსავალი გავზარდოთ 25-30%-ით,  მივიღოთ მდგრადი, ხარისხიანი ხორბლის მარცვალი, დავიცვათ ნათესი გვალვებისაგან, დაავადებების და მავნებლების მასობრივი გამრავლებისაგან. მისი  გამოყენება შესაძლებელია  ჰერბიციდებთან ერთად, რაც  თავიდან აგვარიდებს მცენარის სტრესს.

2018-2020 წლებში, ცენტრის ბაზებზე,  ასევე გამოცდილი იქნა  საერთაშორისო კომპანია „ევროქიმის“ წარმოების შარდოვანა-ამიაკის ნარევი KAS-32 – თხევადი აზოტიანი სასუქი.   სასუქი KAS-32 შეიცავს 28-32% აზოტს. მასში აზოტი სამი ფორმითაა წარმოდგენილი: ნიტრატული NO3, რომელიც სწრაფმოქმედია და ადვილად გადაადგილდება ნიადაგში.მისი შემცველობა 8%-ია; ამიონური NH4, რომელიც ნიადაგის ნაწილაკების ადსორბციის გამო  მცენარისათვის ხანგრძლივად ეფექტურად გამოიყენება. მისი შემცველობაც 8%-ია; ამიდური NH2, ეს ფორმა ფესვთა სისტემით არ შეითვისება. კარგია ფოთლოვანი კვებისთვის. ნიადაგზე მოხვედრისას კი მიკროორგანიზმების მოქმედებით სწრაფად გარდაიქმნება ჯერ ამინურ და მერე ნიტრატულ ფორმად. მისი შემცველობა 16%-ია;  ამ თვისებების გამო სასუქი KAS-32 წარმატებით გამოიყენება ევროპის ქვეყნებში. 

აღნიშნული სასუქით ჩატარდა სამჯერადი გამოკვება: 

პირველი – ადრე გაზაფხულზე ბარტყობის ფაზაში; 

მეორე –  ორი კვირის ინტერვალით აღერების ფაზაში(შესაძლებელია ჰერბიციდებთან ერთად);

მესამე – დათავთავების დასაწყისში (საჭიროების მიხედვით ჰერბიციდთან ერთად).

მინერალურ სასუქ KAS 32-ის მოქმედების მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა გამოვლინდა მცენარეთა ბარტყობაზე. 2020 წლის მკაცრი გვალვის პირობებში, გაზაფხულზე სასუქის შეტანამ,  საშუალება მოგვცა, დაგვეძლია შემოდგომის გვალვა და მიგვეღო სრულიად ნორმალური ბარტყობა საშუალოდ 3-5-ის ფარგლებში.

 მრავალმხრივი მოქმედების სასუქის КАS-32ის გამოყენება შესაძლებელია   დოზებით  (КАS-32 – 100 кг/га+60 кг/га), ორჯერადი შეტანა და დოზით (КАS-32 – 100 кг/га+60 кг/га + NPK 20-2020+2(Mg) – 2 кг/га), სამჯერადი შეტანა. ორივე დოზის შეტანა რეკომენდებულია მოხდეს ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებისთანავე, მცენარის სიმწვანის გამოჩენისთანავე. ჩატარებული ღონისძიებით ხდება  ბარტყობის გაძლიერება.  შემდეგი გამოკვება ორკვირიანი ინტერვალით აღერების და დათავთავების პროცესის დასაჩქარებლად.

კარგ შედეგს იძლევა მეორე და მესამე შეტანის დროს NPK(Mg)-ის 2კგ ფხვნილის დამატება, რაც მკვეთრად აუმჯობესებს ფოთლის ზომებს,  ღეროს და მარცვლის შეფარდებას.

მინერალურ სასუქ KAS 32-ის   გამოყენება პერსპექტიულია კახეთის ძლიერ გვალვიანი ზონისათვის. იგი ხასიათდება მცენარეზე ხანგრძლივი მოქმედებით, ეფექტურად ზრდის გვალვაგამძლეობას, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ იმუნიტეტს, ააქტიურებს ფოტოსინთეზის პროცესს, რაც ვეგეტაციის ყველა ფაზაში მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

2019-2021 წლებში ცენტრის დედოფლისწყაროს საცდელ ბაზაზე არსებულ ხორბლის ნათესებში ასევე  გამოიცადა  ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების შემცველი თხევადი სასუქი GSN–2004. იგი შეიცავს აუცილებელ მიკროელემენტებს, საქარიდებს, ორგანულ ჰუმინურ მჟავებს -53.3%; ამინომჟავებს 29.9%; კარბონულ მჟავებს 12, 8 %; ნახშირწყლებს 4.0%; ასევე შეიცავს მინერალებს: აზოტს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და მაგნიუმს,  რომლებიც აუცილებელია ახალი მცენარეული უჯრედების ფორმირებისთვის.

აღნიშნული სასუქი ხორბლის მცენარეზე მოქმედებს როგორც  ზრდის  აქტივატორი,  იმუნოსტიმულატორიანტისტრესი და ანტიდოტი. GSN-2004-ში მოლეკულები იმყოფება გარდამავალ ჰიდრატირებულ მდგომარეობაში. მისი მოქმედებით ძლიერდება კლიმატური პირობებისადმი ადაპტაცია  (გვალვა, ყინვა, ტემპერატურის უეცარი ცვლილებები); იზრდება: მოსავლის ხარისხი (ცილის, სახამებლის, ვიტამინების, შაქრის შემცველობა), 1000 მარცვლის მასა;  მოსავლიანობა (+15/+50%); მინერალური სასუქების გამოყენების ეფექტურობა       (+30 / +50%).   უმჯობესდება ასევე ნიადაგის აგროფიზიკური  და აგროქიმიური თვისებები  (წყლის გამტარიანობა, სტრუქტურა, pH); ნიადაგში იზრდება მოძრავი ფოსფორის რაოდენობა, რაც  იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას.

ზრდის ბუნებრივი სტიმულატორი და ადაპტოგენური მოქმედების სასუქი GSN 2004-ის სამი წლის შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ სასუქის მოქმედებით, ხორბლის კულტურაში, მატულობს ბარტყობა, აქტიურდება ფოტოსინთეზის პროცესი, უმჯობესდება ჩალის და მარცვლის შეფარდება და უკეთეს ვარიანტებში მარცვლის მოსავალი იზრდება 12.9-22.6%-ის ფარგლებში. გვალვიან პერიოდში სასუქ GSN 2004-ის შეტანა დადებითად მოქმედებს მცენარის განვითარებაზე; მისი ზემოქმედებით იზრდება  მცენარის ფოთლის ზომები (სიგრძე,სიგანე), ძლიერდება  ფოტოსინთეზის პროცესი.   მოსავლის მატება 22.0-25.0%-ის ფარგლებში მერყეობს.

2020-2021 წლის მკაცრი გვალვის პირობებში გაზაფხულზე სასუქის შეტანით შესაძლებელი გახდა   შემოდგომის გვალვის დაძლევა  და  მცენარეთა სრულიად ნორმალური განვითარების მიღწევა.

თხევადი სასუქი GSN 2004 -ის  გამოყენება შესაძლებელია ხორბლის მცენარის  ვეგეტაციის ყველა ფაზაში(დრონის გამოყენების შემთხვევაში).  მიღებული მონაცემები კი  სასუქის  არა მარტო დედოფლისწყაროს, რომელიც   არიდულ ზონას მიეკუთვნება, არამედ  კახეთის და სხვა მშრალ რეგიონებში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

 მიღებული მონაცემები დამუშავებულია,  სტატისტიკურად,  ვარიაციული ანალიზის მეთოდით (ANOVA), კომპიუტერული პროგრამა CropStat-ის გამოყენებით.

ზემოთ აღნიშნული  სასუქების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციები   მოცემულია სამეცნიერო ცენტრის მიერ მომზადებული რეკომენდაციებში.

ცოტნე სამადაშვილი –  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

გულნარ ჩხუტიაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

ლევან უჯმაჯურიძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი