ვაზის ნერგების გამოყვანის გარდა, კოოპერატივ, ,,მშვილდი +” -ის დამფუძნებლებს უფრო დიდი გეგმები აქვთ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას – ,,დამზადებულია იმერეთში”, რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, საქმიანობის პოპულარიზებაა.
რუბრიკის მორიგი სტუმარია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კოოპერატივ ,,მშვილდი +”- ის თავმჯდომარე რობერტ მშვილდაძე.
,,მშვილდი +” ვაზის სანერგე ჯიშები გამოჰყავს და ყიდის. კოოპერატივის ერთ-ერთი უხუცესი წევრი რობერტ მშვილდაძე ათეული წლებია ამ საქმეს მისდევს, დღესაც აქტიურად მუშაობს და ახალგაზრდებს ცოდნა-გამოცდილებას უზიარებს.
როგორც რობერტ მშვილდაძემ საინფორმაციო სააგენტო TOPNews.com.ge-ს მოუთხრო, კოოპერატივის წევრები იმ სურვილითა და იმედით გაერთიანდნენ, რომ ეს საქმე ბიზნესად ექციათ.
„დღეს კოოპერატივში 11 ადამიანია გაერთიანებული, მათ კოოპერატივის შექმნამდე, ფერმერთა კავშირში ერთობლივი მუშაობის 4-5 წლიანი გამოცდილება ჰქონდათ. კოოპერატივი ,,მშვილდი +” კი 2015 წელს დაარსეს და გააგრძელეს ვაზის სხვადასხვა ჯიში ნერგების მყნობა-გამოყვანა.
როგორც რობერტ მშვილდაძე ამბობს ამჟამად სამი-ოთხი სახეობის: „ციცქას“, „კრახუნას“, „ოცხანური საფერეს“ და „ცოლიკაურის“ ჯიშის ვაზის ნერგები გამოჰყავთ, ბაზარზე ყველაზე მეტი მოთხოვნილება სწორედ ამ ჯიშის ვაზის ნერგებზეა, თორემ სხვა ჯიშების გამოყვანაც შეუძლიათ. დღეს კოოპერატივი ძირითადად ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს.
_ კლიენტები ნერგების შესაძენად ადგილზევე მოდიან, ბაზარზეც გაგვაქვს, თუმცა მყიდველს ურჩევნია სანერგიდან წაიღოს, დაზღვეულია და ჩვენც გარანტიას ვაძლევთ_ ამბობს ბატონი რობერტი _ ერთი ნერგი 3 ლარი ღირს, თუმცა კონკურენციის პირობებში ფასის დაკლებაც შეიძლება.
შეკვეთები ძირითადად დასავლეთ საქართველოს, უფრო იმერეთის რაიონებიდანაა, გვქონია 1 500 ძირიანი შეკვეთაც და უფრო ნაკლებიც, რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ვაზის ნერგების გამოყვანის გარდა, ,,მშვილდი +” -ის დამფუძნებლებს ინოვაციური გეგმებიც აქვთ.
,,ჩვენს სამომავლო გეგმებში ვაზის ნერგების ახალი ტექნოლოგიებით სათბურში გამოყვანას გულისხმობს. ამ ტექნოლოგიით დამკვეთს 2 წელიწადში უკვე გაშენებული, მსხმოიარე ვაზი ჩაბარდება. ეს მართლაც კარგი სიახლეა.
კოოპერატივში 11 აადამიანია დასაქმებული, პერიოდულად რამდენიმე ადამიანის დაქირავებაც სჭირდებათ. რაც შეეხება უნიკალური ან მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების გამოყვანა-გამრავლებას, კოოპერატივის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნილება არ იქნება, მათ ამის გაკეთება გაუჭირდებათ.
მომავალს იმედით უყურებენ. საქმესაც ამ გულითადად უდგებიან. ნერგების გამოყვანის ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, საქმიანობის გაფართოებაზეც ფიქრებენ.
თიკო ძოძუაშვილი