ვაზის სარგავი მასალის წარმოება

ამერიკული საძირე ვაზის ჯიშები ამა თუ იმ ზონისათვის და მათი აგრობიოლოგიური მაჩვენებლები
საქართველოში საწარმოო ვენახები  მხოლოდ ნამყენი ნერგით შენდება, რაც ქართული ვაზის ჯიშების (და არა მარტო ქართული) ფესვთა სისტემაზე ვაზის მავნებლის – ფილოქსერას პარაზიტული მოქმედებით არის განპირობებული.

ამ მავნებლის უარყოფითი მოქმედების გასანეიტრალებლად, 1890-იანი წლებიდან საქართველოში მიმართავენ საწარმოო ვაზის ჯიშების დამყნობას ამერიკული საძირე ვაზის ჯიშებზე, რაც უზრუნველყოფს სანამყენო ვაზის ნორმალურ ზრდაგანვითარებას. თვით ამერიკული საძირეები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ფილოქსერაგამძლეობით, ისე ნიადაგურ პირობებთან ადაპტაციით (შეგუების) და სანამყენოსთან შეხორცების (შეთავსებადობის) ანუ აფინიტეტის უნარით. ამიტომ დაუშვებელია იმ საძირეების გამოყენება, რომლებიც წინასწარ გამოცდილი და დარაიონებული არ არის საქართველოსა და მის ცალკეულ რეგიონებში. ვაზის საძირეების შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მათი გამძლეობა ნიადაგში აქტიური კირის შემცველობის მიმართ. საძირე რიპარია X რუპესტრის 101-14 უნდა გამოვიყენოთ ისეთ ნიადაგებში, სადაც მოძრავი კარბონატები 9%-ს არ აღემატება, ბერლანდიერი X რიპარია CO4 17% – კარბონატობის პირობებში გამოიყენება, ხოლო ბერლანდიერი X რიპარია კობერი 51бб – 20%-ზე. შასლა X ბერლანდიერი 41б კი გამოიყენება 40% კარბონატობის დროს.

საქართველოს პირობებისათვის ამჟამად დარაიონებულია შემდეგი საძირე ჰიბრიდები:

1. ბერლანდიერი X რიპარია კობერი 51бб – გამოყვანილია უნგრეთში კობერის მიერ. ხასიათდება ძლიერი ზრდით, ლერწის მყარი, უხვი გამოსავლიანობით და ფესვის ფილოქსერის მიმართ პრაქტიკული გამძლეობით. კარგად იტანს ნიადაგში 20%-მდე აქტიური კირის შემცველობას. გამოიყენება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ვაზის ქლოროზის სუსტად განვითარების პირობებში.

2. ბერლანდიერი X რიპარია 420ა. გამოყვანილია საფრანგეთში. ფილოქსერას მიმართ პრაქტიკულად გამძლეა. გვალვისამტანია, ეგუება ნიადაგში 20%-მდე აქტიური კირის შემცველობას. ახასიათებს ლერწის დიდი გამოსავლიანობა, როგორც ქლოროზგამძლე საძირე, მისი გამოყენება შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. ახალი მონაცემებით მისი გამოყენება დასავლეთ საქართველოშიც შეიძლება.

3. შასლა X ბერლანდიერი 41б . გამოყვანილია საფრანგეთში. კარგად იტანს კირის დიდ რაოდენობას (40%), ახასიათებს კარგი ადაპტაცია, აფინიტეტის უნარი. გამოიყენება ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, ვაზის ქლოროზის გავრცელების ზონებში.

4. რიპარია X რუპესტრის 3309. გამოყვანილია საფრანგეთში. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და მოლდავეთში, გამძლეა ფესვისა და ფოთლის ფილოქსერისადმი, გვალვაგამძლეა, ქვიან და მჟავე ნიადაგებზე კარგად ვითარდება, უძლებს მხოლოდ 11%-მდე აქტიურ კარბონატებს. ეს საძირე ძირითადად გამოიყენება დასავლეთ საქართველოს რაიონებში – ხირხატიან მშრალ, ფხვიერ და ღრმა ნიადაგებზე. მისი გამოყენება შეიძლება აგრეთვე კახეთში, მდ. ალაზნის მარცხენა მხრის დაბლობ და ვაკე, არაკარბონატული ნიადაგებისათვის.

5. რიპარია X რუპესტრის 10114. გამოყვანილია საფრანგეთში, პრაქტიკულად გამძლეა ფესვის ფილოქსერას მიმართ. უარყოფითი მხარეა ქვიან გვალვიან ადგილებში სუსტი ზრდა-განვითარება, ქლოროზისადმი სუსტი გამძლეობა. ეს საძირე შესაძლებელია გამოვიყვანოთ დასავლეთ საქართველოს რაიონებში ალუვიურ, ნეშომპალა-კარბონატულ, ყომრალ და წითელმიწა ნიადაგებზე.

6. რიპარია X რუპესტრის 3306. გამოყვანილია საფრანგეთში კუდერკის მიერ. ნიადაგის აქტიური კირისადმი გამძლეობა უდრის 11%-ს. გვალვიან, მშრალ ადგილებში კარგად ვითარდება. ახასიათებს კარგი აფინიტეტი, გამოიყენება დასავლეთ საქართველოს რაიონებში.

7. რუპესტრის დულო – მიღებულია რუპესტრის დულოს თესლნერგიდან კლონური გამორჩევის გზით. მისი გამოყენება შეიძლება დასავლეთ საქართველოს რაიონებში, სადაც აქტიური კირის შემცველობა არ აღემატება 14%-ს.

8. ბერლანდიერი X რიპარია CO4. გამოყვანილია კლონური სელექციის გზით გერმანიაში, ეს საძირე ხასიათდება მაღალი ფილოქსერაგამძლეობით. კარგად ვითარდება 17%-მდე აქტიური კარბონატების შემცველ ნიადაგებზე. მისი გამოყენება მიზანშეწონილია დასავლეთ საქართველოს რაიონებში.

9. ბერლანდიერი X რიპარია კრეჩუნელი – 2. ეს საძირე გამოყვანილია რუმინეთში, კრეჩუნელის საცდელ სადგურში, 5ბბ-დან კლონური სელექციის გზით. ფილოქსერისადმი პრატიკულად გამძლეა, იტანს 20%-მდე აქტიურ კარბონატობას. ეს საძირე პერსპექტიულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის.

აღმოსავლეთ საქართველოს ყავისფერ ნიადაგებზე და მათ შორის ისეთი მაღალხარისხოვანი ღვინის პროდუქტის მომცემ მიკროზონებში, როგორიც არის – წინანდალი, გურჯაანი, ტიბაანი, მუკუზანი, თელიანი, მანავი, ახაშენი და სხვა, რეკომენდებულია კარბონატების ამტანი საძირეები, როგორიც არის ბერლანდიერი X რიპარია 420ა, შასლა X ბერლანდიერი 41б და ბერლანდიერი X რიპარია 5бб.

ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე, რომლებიც ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული (აღმოსავლეთ საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება), იყენებენ ბერლანდიერი X რიპარიას საძირეებს. იმ რეგიონებში, სადაც გავრცელებულია რუხი-ყავისფერი (ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახალციხის რაიონებში) და მდელოს ყავისფერი ნიადაგები (ახმეტის, თელავის, გურჯაანის რაიონებში, მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს, მარნეულის ვაკეზე, სკრა-ქარელისა და დოესგრაკალის მიდამოებში), ვაზის საძირეებად რეკომენდებულია ბერლანდიერის ჰიბრიდები.

შავმიწა და შავმიწისებურ ნიადაგებში, რომლებიც გავრცელებულია კახეთში, ქართლში, მცხეთაში) უნდა გამოვიყენოთ ბერლანდიერი X რიპარია 420ა, შასლა X ბერლანდიერი 41б და ბერლანდიერი X რიპარია 5бб, როგორც შედარებით ქლოროზგამძლე საძირეები.

ტყის ყომრალ ნიადაგებზე გამოიყენება ყველა სტანდარტული საძირე. ალუვიურ ჩონჩხიან ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან მიიღება საქვეყნოდ ცნობილი ქინძმარაულისა და ნაფარეულის ღვინოები.

აღმოსავლეთ საქართველოს ალუვიურ-კარბონატული, სუსტი ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებზე უნდა გამოვიყენოთ ბერლანდიერის ჰიბრიდები, ხოლო ალუვიურ, უკარბონატო ნიადაგებზე კი – ყველა სტანდარტული საძირე.

ნა გოდაბრელიძე,  

ვაჟა გოცირიძე

„მევენახეობა“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.