დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

ვაზისა და მეღვინეობის კულტურა უძველესი ხანის საქართველოში

ბუნებრივმა პირობებმა, საკვები პროდუქტების სიუხვემ, გამოქვაბულების სიმრავლემ,  იარაღის დასამზადებლად საჭირო მასალის სიმდიდრემ, საქართველოში    ადამიანის განსახლება ადრეული ქვის ხანიდან  გამოიწვია და ქვეყანას კულტურულ-პოლიტიკური ისტორიის გარდა, მეურნეობის სხვადასხვა დარგების   განვითარების ისტორია აქვს.
წერილობითი წყაროების მიხედვით ჰომეროსის პოემაშიოდისეა“, ოდისევსს და მის თანმხლებ პირებს, კოლხეთში თურმელალისფერი ცქრიალა ღვინითუმასპინძლეს და ღვინოს ვერცხლის თასებით ასმევდნენ. პოეტს, აპოლონიოს როდოსელს (ძვ. III .)  „არგონავტიკაშიაღწერილი აქვს კოლხთა მეფე აიეტთან ნანახი ვაზის ტალავრები, სადაცღვინის დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა. ქსენოფონტე (ძვ. V-IV .) თხზულებაში ანაბაზისი გვიყვება, რომ ბერძენთა ლაშქარს  ძველი ქართული ტომის სოფლებში დიდძალი ღვინო უნახავთ და უსვამთ (ჭამპურიძე, 1994, გვ. 3-4).

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა, მცხეთის, ბაგინეთის (ძვ. წ. IV-III  სს.) კერამიკული ჭურჭლის, თრიალეთის ოქროსა და ვერცხლის ღვინის თასების (ძვ. წ. XVIII-XVII სს.), ბრინჯაოს სასხლავი დანის, კახეთის,  ალაზნის ველის სამაროვნების (ძვ.წ.   III-II  სს.), მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერების, ვარძიის ორმაგ კედლიანი ქვევრის, ვანის არქეოლოგიურ ძეგლებზე  მიკვლეული ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებმა, საღვინე ჭურჭელმა და ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI  ს.) ძეგლებმა    ნათელი გახდა, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა. აქ მოსახლე, ქართველურმა  ტომებმა ღვინო   ძვ. წ. 6000-5800 წლებში   დააყენეს   და     მჭიდრო სავაჭრო-კულტურული ურთიერთობები ჰქონდათ უძველეს ცივილიზაციებთან.

შულავრის  გადაჭრილ გორაზე  მიკვლეული მოშინაურებული ყურძნის წიპწებით დადასტურდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. მტკვრის ხეობაში, სამხრეთ და ცენტრალურ საქართველოში  ყურძნის სხვადასხვა სახეობა და  კარგად განვითარებული მეღვინეობის კულტურა არსებობდა,   ჩვენს წინაპრებს, ძვ.წ. 6000-5800 წლებში, 8000 წლის წინათ, დაუყენებიათ ღვთაებრივი სასმელი, ღვინო და  არცერთი ქვეყნის  ისტორიაში, კულტურაში, ლიტერატურასა თუ რელიგიაში   ღვინოს ისეთი მნიშვნელობა არ შეუძენია, როგორიც საქართველოში.  უძველესი დროის რწმენა-წარმოდგენების   მიხედვით  ვაზი ღვთის კარზე მდგარი  ალვის ხეზე შემოხვეული  სიუხვის ხედ იყო მიჩნეული, რომლის მწიფე ნაყოფი სიკვდილს თრგუნავდა და სიცოცხლეს ახანგრძლივებდა, რასაც გორანამოსახლარებზე   საკულტო სათავსოებში აღმოჩენილი მევენახეობასთან დაკავშირებული ნივთები,   ზედაშისა და მარნის კულტი  ადასტურებს.  მისი სიმბოლური ხასიათი  კიდევ უფრო გაღრმავდა  მას შემდეგ, რაც წმინდა ნინომ   ვაზის ჯვრით   ქრისტეს რჯული იქადაგა.   ვაზისა და მტევნის მოჩუქურთმებული და ფერწერული გამოსახულებები ამშვენებს ქართულ ტაძრებსა და ხელოვნების ნიმუშებს.    თიხის, ოქრო-ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის საღვინე დოქები, ჩაფები, კოკები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ადგილობრივი ვაზის ჯიშები,  რომლის დამზადება   ნეოლითის ხანაში  დაიწყო. ენეოლითის ხანის  გვიან საფეხურზე იმდენად განავითარა, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის ადვილად  გამოირჩევა სასმისები. ადრებრინჯაოს ხანაში   ხელით ნაძერწი, სქელკედლიანი და გაპრიალებული ზედაპირით გვხვდება. შუა ბრინჯაოს ხანაში ჩნდება ყურიანი ჯამის მაგვარი სასმისები.  გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭლის (ლანგარი, ხელადა, დოქი, ფიალა, თასი) ფორმა მრავალფეროვანი და სხვადასხვაგვარია. აღმოჩენებს შორის განსაკუთრებულია თრიალეთის თასები.

თასი სსსსსსსსსსსსსსსსსსს

თრიალეთის ოქროს თასი, ძვ.წ. II ათასწლეული.

თასი 2222222222222222222222222222222222

თრიალეთის ვერცხლის თასი, ძვ.წ II ათასწლეული.

ოქროს თასი ძვირფასი ქვებით მოჭედილია. ვერცხლის თასზე ნიღბოსან ადამიანთა პროცესია გამოსახული და ყველა მათგანს თასის მაგვარი სასმისი უჭირავს, რომელიც   დაახლოებით 3700 წლის არის და  გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, როცა მძლავრი სახელმწიფოები იქმნება ახლო აღმოსავლეთში, ანატოლიასა და მცირე აზიაში, ყალიბდება სავაჭრო  ურთიერთობები და რჩეულ საზოგადოებას   ფუფუნების საგნებისადმი მოთხოვნილება   უჩნდება.   

ნ. ვავილოვის თეორიის   მიხედვით: „კავკასიურ-წინააზიური ცენტრი, მათ შორის საქართველო, ხორბლის, ვაზის, ხეხილოვანი და რიგი სხვა კულტურების წარმოშობის კერად არის აღიარებული, რასაც ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიაზე ადგილობრიბი ჯიშების დიდი მრავალფეროვნება. კულტურათა ველურ წინაპრების ფართო სახეობრივი სპექტრი, ფორმათა წარმოების ისტორიული ერთიანობა, კულტურული ჯიშებისა და ტყეში მოზარდ ველურ სახეობებს შორის გარდამავალი ფორმების არსებობა (ღლონტი, ვაშაკიძე, მაღრაძე, 2012 , გვ. 3).    ვაზის ნაშთების (წიპწა, მტვრის მარცვალი, რქა)   არქეობოტანიკური მონაცემები   42 არქეოლოგიურ ადგილსამყოფელს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან შვიდიათას წლიანი უწყვეტი ქრონოლოგიური ხაზითაა დაკავშირებული და დასაბამს ადრეული ნეოლითის ხანიდან იღებს.

XX საუკუნის 60-იან წლებში  ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ  აღმოჩენილი ნეოლითური ხანის, ძვ. წ. VI ათასწლეულის    ადრეული ხანის არქეოლოგიური ძეგლები შულავრის გორა, გადაჭრილი გორა, იმირის გორა   და სხვ.  ის ძეგლებია, რომლებიც   ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება და ცენტრალური კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, მონადირე–მეთევზეთა გარდა,    შემგროვებელთა    კულტურის უძველეს ისტორიას მოგვითხრობს.  ამ აღმოჩენებმა         მისცა სამეცნიერო საზოგადოებას იმის  საფუძველი, რომ  საქართველო ღვინის სამშობლოა და, რომ ვაზის კულტურამ  მას შემდეგ დაიწყო განვითარება, რაც    უძველესი ხანის ადამიანი გარეული ვაზის   ნაყოფის სილამაზემ  მიიზიდა და მის სასარგებლო თვისებებს მიხვდა.  აქ მოსახლე ტომებმა ღვინო   ძვ. წ. 6000-5800 წლებში   დააყენეს.

ა. აფაქიძემ  კახეთში, ურიათუბანში  და ბაკურციხეში   აღმოჩენილი ნამგლების  შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ: „საქართველოში უძველესი დროიდან განვითარებული იყო მევენახეობა და ქართველმა ხალხმა ქრისტიანობამდე იცოდა  ვენახის გასხვლა. სასხლავად, ნამგლისებური იარაღი შეუქმნიათ და  თანდათან მევენახეობა-მეღვინეობა  წამყვან საქმედ უქცევიათ“ (ბოხოჩაძე, 1963,  გვ. 8-9).  მისივე სახელს უკავშირდება   მრგვალი, მოკლე ტარიანი, მჭრელი ფხა და კაუჭა ნისკარტიანი იარაღის აღმოჩენა სამეგრელოში,  რომელსაც „ცხემლარი“ ეწოდა და რომლის დანიშნულება სხვლასთან ერთად ხეების ბელვაც იყო.   ბ. კუფტინმა დაბლაგომში აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს ხანის იარაღი წალდად მიიჩნია და დაასკვნა: „თუ დაუშვებთ, რომ წალდს მევენახეობასთან დაკავშირებული ფუნქცია ჰქონდა, შესაძლებელია ნაციხვრის ფერდობზე გვიან ბრინჯაოს ხანაში ვენახი ყოფილიყო გაშენებული“ (Куфтин, 1950, გვ. 117).

რა ჭურჭელი გამოიყენებოდა თავდაპირველად ყურძნის დასაწურავად ძნელია იმის თქმა, მაგრამ ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ამ დანიშნულების ჭურჭელი შეიძლება ხის   ყოფილიყო. როგორც ბოხოჩაძე წერს: „ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ყურძნის დაწურვის მრავალი მარტივი ხერხია დამოწმებული: ტყავზე, გოდორში, პურის საზელ ვარცლზე, ტომრებში გამოწურვა და სხვ.    ყურძნის წურვა ტყავზე,  რომელიც ძველ წესადაა მიჩნეული და დადასტურებულია მცხეთის რაიონში, სოფელ წილკანში“ (ბოხოჩაძე, 1963,   81-82).
ვაზის კულტურის განვითარების მაღალი საფეხურის მაჩვენებელია კლდეებში ამოკვეთილი IV ათასწლეულით დათარიღებული  საწნახლის  უძველესი ნიმუშები   უფლის ციხეში, ვარძიაში, გარეჯაში, ნეკრესში. ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ძვ. წ,VII საუკუნით დათარიღებული თამადის ბრინჯაოს ქანდაკება ყანწით და  2006 წელს მცხეთასთან აღმოჩენილი, ძვ.წ. I ათასწლეულის  დასაწყისით დათარიღებული „თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა,   რომელსაც ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად – ჯიხვი), ადასტურებს, რომ საქართველოში   საუკუნეების მანძილზე  ჩამოყალიბდა  და დაიხვეწა ღვინის სმის კულტურა.

თამადა კალდკჯლაკდ

თამადა, ძვ.წ VII ს.

კლიმატის ფორმირების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიას ლიხის ქედი ორ ძირითად ოლქად ყოფს: დასავლეთად – კოლხეთის დაბლობი (კოლხეთი)  და აღმოსავლეთად – მდინარე მტკვრის ხეობა (იბერია). აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ვაზის კულტურა ერთმანეთისგან  დამოუკიდებლად  ჩამოყალიბდა და განვითარდა.

სამხრეთ საქართველოში წარმოდგენილი პალეობოტანიკური მასალა მდიდარ ინფორმაციას იძლევა ვაზის წარმოშობაზე. მათგან უძველესია ადიგენის რაიონში, „ქესათიბის“ დიატომიტის საბადოდან დასავლეთით, 50 კილომეტრის დაშორებით, გოდერძის უღელტეხილის მიდამოებში,  მდინარე ძანძეს სიახლოვეს გაშიშვლებულ ქანებში ნაპოვნი 15 მილიონი წლით დათარიღებული მოყვითალო ფერის გაქვავებული ვაზის შტამბი, რომლის დიამეტრი 30 სანტიმეტრზე მეტია.   5 მილიონი წლით ჩამორჩება ახალციხის დიატომიტის საბადოებში გამოვლენილი ვაზის ლერწისა და ფოთლების ანაბეჭდები (ქოქრაშვილი, 2004, გვ. 23-25).

უფლისციხე (შიდა ქართლი) უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარს განეკუთვნება. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს,  რომ უფლისციხის შემოგარენი – „ბამბები“, „ყათლანისხევი“, „მუხისგორა“, „ქვახვრელი“ – II ათასწლეულის მიწურულიდან დაწინაურებული თემებით   იყო დასახლებული, რომელთა მეურნეობაში  ვაზს წამყვანი ადგილი ეკავა. „მაყვლოვანის“ სატაძრო კომპლექსის აღმოსავლეთით მდებარე ნაგებობაში ნაპოვნია გვიანდელი შუა საუკუნეების მარანი, თერთმეტი ქვევრით. „ყათლანისხევის“ სამლოცველო კომპლექსში აღმოჩენილ ხელადაში (ძვ. წ II ათასწლეულის დასასრული) ნანახია ვაზის წიპწები ფშატის კურკებთან ერთად. უფრო დიდი ტევადობის მარანი გამოვლენილია „თამარის დარბაზის“ ცენტრალურ უბანზე, სადაც ყველაზე დიდი ქვევრის დიამეტრი 120 სანტიმეტრია, ხოლო ყველაზე მცირე ზომის – 50 სანტიმეტრი (მინდორაშვილი, 2008, გვ. 20-21).   1948  წელს,    შიდა ქართლში ცხინვალის  ნაცარგორასთან  ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, ძვ.წ.  IV-III საუკუნეებს მიეკუთვნება.

ქარელის რაიონის სოფელ ურბნისთან, „ხიზანაანთ გორაზე“ (ძვ. წ. III ათასწლეული),  აღმოჩენილი წიპწებისათვის (ზომებია 5,5-7,5 მმ, ნისკარტის სიგრძე 1,0-2,0 მმ) დამახასიათებელია მსხლისებური ფორმა, კარგად გამოსახული ქალაძა, რომელიც წიპწების ზედა ნაწილში მდებარეობს  (რამიშვილი, 1983) თვლის, რომ ამ ნიშნიანი წიპწები მიეკუთვნება ვაზის კულტურულ სახეობას V. vinifera ssp. sativa DC.-ს და დღეს არსებულ ვაზის ქართულ ჯიშებს ჰგავს. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ქვაცხელში (ქარელის რაიონი) აღმოჩენილი ყურძნის წიპწები (ძვ. წ. III ათასწლეული) და „დანგრეულ გორაზე“ (მარნეულის რაიონი) ნაპოვნი ველური და კულტურული ვაზის შუალედური ფორმებიც, რომლებიც ვაზის ჯიშების შერჩევისა და გაუმჯობესების პროცესებზე მიუთითებს (კიღურაძე, 2000, გვ. 12).

ბრინჯაოს ხანის დასასრულს და ანტიკურ ხანაში ვაზის ჯიშობრივი ასორტიმენტი  და გავრცელების არეალი კიდევ უფრო ფართოვდება. ამის დამადასტურებელია სოფელ ნინოწმინდაში (საგარეჯოს რაიონი, ძვ. წ. IV-III ათასწლეული) მიცვალებულის სამარხში აღმოჩენილი ვაზის წიპწები, რაც ადამიანის  დაკრძალვის დროს ღვინის გამოყენებაზე მიგვითითებს (ბოხოჩაძე, 1963, გვ. 60-61). კვლევებმა აჩვენა, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულიდან კულტურული ვაზი Vitis vinifera ssp. sativa DC. მთელ საქართველოში იყო გავრცელებული: სამეგრელოში – ანაკლია (ზუგდიდის რაიონი), ნოსირი (სენაკის რაიონი), კახეთში, ქართლში – „დიღმის ნამოსახლარი“ (თბილისი), უფლისციხე, სამთავრო (ძვ. წ. X-IX სს), სამხრეთ საქართველოში (გოგაძე, 1982, გვ. 35-40). სოფელი ნინოწმინდა კახეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. სადაც მიკვლეული არქეოლოგიური მასალით ნათელია, რომ ძვ. წ.  II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისისათვის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, მეურნეობის მრავალ დარგთან ერთად,   მევენახეობას ავითარებდა და   ანტიკურ ხანაში  ეს  ტერიტორია დაქსელილი იყო სარწყავი არხებით.

თიხის ჭურჭელი 111111111111111

შიდა ქართლი, ხოვლეს გორანამოსახლარზე აღმოჩენილი მსხვილკენჭნარევი  თიხის სქელკეციანი ნატეხები

რაც შეეხება კოლხურ კულტურას, დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის  დაბლობზე, რიონის ველსა და მისი შენაკადების ტერიტორიაზე, კოლხური ტომების – მეგრელ-ჭანებისა და ლაზების წინაპრებმა ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში შექმნეს ქართული სსახელმწიფოებრივი გაერთიანება (ლორთქიფანიძე, 1993, გვ. 40-50).   მანამდე, ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან (ადრებრინჯაოს ხანა) ამ ტერიტორიებზე ჩნდება  ხუტორული დასახლებანი, სადაც ფიქსირდება ხის ძელური ნაგებობანი, ვითარდება ბრინჯაოს მეტალურგია, მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, ანუ საფუძველი ეყრება კულტურას, რომელიც კოლხური ბრინჯაოს კულტურის“ სახელწოდებითაა ცნობილი (ლორთქიფანიძე, 2002, გვ. 168-171). ამ კულტურის განმსაზღვრელია სამეურნეო იარაღები (ურეკი, ოზურგეთის რაიონი), ლითონის ცულები, თოხები, შუბის პირები, ოქროს სამკაულები, სპეციფიკური კერამიკა, ქვევრი და დერგის მაგვარი ჭურჭელი, შემკული მრავალფეროვანი ფორმებითა და მრავალრიცხოვანი ორნამენტებით, ყურ-მილიანი და ბიკონუსტანიანი დოქები, ცილინდრული და კონუსურ ძირიანი სასმისები  და ა. შ.,  რომლებიც მკვეთრად განსხვავდება წინამორბედი ხანის თიხის ნაწარმისაგან. ჰეროდოტესა (ძვ. წ. V ს.) და სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) მიხედვით კოლხები წარმატებით მისდევდნენ მეღვინეობას.   საქართველოს სასაზღვრო გორებზე კოლხები, მთელი წლის განმავლობაში, იღებენ დიდი რაოდენობით გარეულ ხილს, განსაკუთრებით ყურძენს. ველური ვაზი ამ მხარეში მრავლადაა შემონახული, ვაზის ღეროს სიმსხო აქ, ზოგჯერ, 30 სმ. და მეტსაც აღწევს. გარეული ვაზი   დანარჩენ საქართველოში   კახეთში, მტკვრისა და არაქსის ხეობაშიც იზრდებოდა და იზრდება  (https://rustaveli.org.ge/). ამას ადასტურებს არქეოლოგიური მონაცემები და არქეო ბოტანიკური მასალები: ვაზის ღეროს ნაშთები ნოსირიდან (სენაკის ნი, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი), ვაზის წიპწები ერგნეთიდან (ზუგდიდის ნი, ძვ. წ. VII-VI სს.) და გიენოსიდან (ოჩამჩირის ნი, ძვ. წ. VII-VI სს.),  რომლებიც  მიეკუთვნება ორივე ქვესახეობას: სატივას და სილვესტრის (რუსიშვილი, 2010,  გვ.   460-463), ვაზის წიპწები გვაქვს ასევე ანაკლიიდან  (ზუგდიდის ნი) და სოხუმიდან.

მთელი კოლხეთის მოსახლეობა ინტენსიურად იყო ჩაბმული მეზობელ სახელმწიფოებთან. სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში, რაშიც დიდ როლს შავი  ზღვა  ასრულებდა, ერთ-ერთ საექსპორტო საგანს კი ქართული ღვინო წარმოადგენდა,  რომელიც კოლხური ამფორებით უცხოეთში გაჰქონდათ (ძიძიგური,  1995, გვ. 37).

„ქართული ღვინის ფესვები ძლიერი და ძალიან ძველია. სათავეს უხსოვარი დროიდან, ისტორიის დასაბამიდან იღებს. მსოფლიოს მკვიდრმა უძველესმა  საზოგადოებებმა – ნაყოფიერი ნახევარმთვარის, მესოპოტამიის, ეგვიპტის,  მოგვიანებით კი  საბერძნეთისა და რომის იმპერიებმა – მევენახეობის საიდუმლოებები, სავარაუდოდ,  ამ შორეული ველებიდან, მინდვრებიდან, ევრაზიის ამ ნისლიანი, ფრიალო კლდეებიდან  გაიტანეს.   უძველესი ეპოქის ქართველები ჩინებულად აყენებდნენ ღვინოს თიხის ავზებში. ქვევრებს, ამ გამოზნექილ ამფორებს ახლაც ამზადებენ და ისევ ღვინით  ივსება.   ეს ჭურჭელი გიგანტური  დინოზავრის  კვერცხებივითაა მოფენილი  საქართველოში.  მათ შეხვდებით  გლეხების  საცხოვრებელი სახლების ქვეშ, რესტორნებში,  პარკებში, მუზეუმებში.  ქვევრი  საქართველოს  სიამაყის, ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა.  აქ, საქართველოში, ღვინოს სხვანაირი „ცრემლებიც“  აქვს.  ცრემლები, რომლებიც მოგზაურობენ. ცრემლები, რომლებიც გვიმორჩილებენ. ცრემლები, რომლებიც კავკასიის  უძველესი, ბრინჯაოს ხანიდან მოედინებიან“, წერს ღვინის ექსპერტი მაკა კოჟარა  (https://nationalgeographic.ge/vazis-achrdili/).

თიხის ჭურჭელი 22222222222222222222222222222

შიდა ქართლი, ხოვლეს გორანამოსახლარზე აღმოჩენილი მსხვილკენჭნარევი

თიხის სქელკეციანი თიხის საღვინე ნჟურჭელი, განიერი და სქელი ბაკო ქვევრის მხარზეა გადმოკეცილი

გარეული ვაზის, ტყის ყურძნის  სახელების,  ხუთი ყველაზე გავრცელებული დასახელებაა  ბაბილო (ტყის ბაბილო, მთის ბაბილო);  კრიკინა (ვაზი კრიკინა, კირკინა,  კირკენა, კრიკენა); მორცხულა (მორცხვილი, მოცხარი, მენცხერო,  ომცხვარო); ბრძღუამლი  (ბურზღუმი, ბურზღუმ, ბერზღუმი, ბურძღუმი, ბურძღუმლი);   ძღვამბლი (ძღვამლი, რძღვამლი, ზღვაბლი, ბრძღვამლი, ძღვლამი, რძღვლამი, ზღვამილა).   აქედან  „კრიკინა“    გავრცელებულია    კახეთში, ქართლში, იმერეთში და რაჭაში, რომელსაც  სულხან-საბა ორბელიანის   1715 წელს შედგენილ „ლექსიკონ ქართულში“  ვხვდებით (ორბელიანი, 1991).

დღეს მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული  საქართველოს  ეროვნული  მუზეუმის  კოლექციებში დაცულია ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევრიდან ძვ.წ. IV საუკუნის ჩათვლით დათარიღებული სამეურნეო იარაღები – ბარი, თოხი,  სასხლავი,  სარცხი, ორშიმო; ყურძნის საწური და ღვინის შესანახი ჭურჭელი – საწნახელი, საქაჯავი,  თაღარი, ჭური, ქვევრი, ქოცო; სუფრის საღვინე ჭურჭელი და სასმისები – ხელადა, ფიალა,  თასი, ჯამი, ჭინჭილა, კულა, მარანი, ყანწი და სხვა, რომელთაც ხანგრძლივი და უწყვეტი განვითარების ტრადიცია აქვს საქართველოში.

 საქართველოს  დამსახურებულად უწოდებენ „ღვინის სამშობლოს“.  2013 წლის დეკემბერში, Unesco-ომ   ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა,  რასაც, ვაზის კულტურის  უწყვეტი განვითარებისა და მეღვინეობის ტრადიციების გარდა,   არქეოლოგიური  მასალა ამყარებს.

აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ საქართველოში ვაზის მოშენებისა  და ღვინის დამზადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ ან უფრო ადრე დაიწყო.  ამ დარგის უწყვეტი განვითარებისა და ხანგრძლივი კულტივირების დამადასტურებელია  მიკვლეული თესლების   ნარჩენები და არტეფაქტები.

დღეს მსოფლიოში, ღვინის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის, საქართველო წარმატებულ ადგილს იკავებს.   უკანასკნელი მონაცემებით  კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში არსებობს,   430–მდე   სახელმწიფო და კერძო საკოლექციო  ვენახებში დაცული. არტეფაქტებისა და  თანამედროვე   სამეცნიერო საზოგადოების  მკვლევართა  მოსაზრებების საფუძველზე,   მეღვინეობის უძველეს კვალს საქართველოს  ტერიტორიაზე მივყავართ – საქართველო ღვინის სამშობლოა!

ნესტან გუგუშვილი, არქეოლოგიის   დოქტორი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბოხოჩაძე  ა., მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, თბ.,   1963 ;       
  2. გობეჯიშვილი გ., არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ.,  1952 ;  
  3. გოგაძე ე., თრიალეთის ყორღნული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ.,  1972 ;     
  4. მირველაშვილი  მ., მაღრაძე  დ., ვაზისა და ღვინის კულტურა საქართველოში, თბ., 2015;     
  5. მუსხელიშვილი დ., ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა,  1978;
  6. რუსიშვილი ნ.,   მეღვინეობა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით,  თბ., 2021;
  7. ღლონტი თ., ვაშაძე ვ., მაღრაძე დ.,   საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების ძირითადი ეტაპები XXI საუკუნის გადასახედიდან,  თბ.,  2012;  
  8. ჭამპურიძე ა., ვაზის კულტურა შიდა ქართლში, თბ., 1994;   
  9. ჯავახიშვილი ა.,  ჯაფარიძე ო., ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები, თბ.,  1965-1971 წწ ;                    
  10. https://intermedia.ge;
  11. www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi/Ketevan_Dighmelashvili.pdf;
  12. http://winehistory.ge/ka/timeline-item/52.