რუბრიკებისტატიები

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობაზე?

 ზოგადად სურსათის უვნელობის უზრუნველყოფისათვის სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ყველა რგოლს — ფერმერებიდან დაწყებული პროდუქციის მყიდველით დამთავრებული თავისი პასუხისმგებლობა აკისრია. ამ შემთხვევაში მყიდველში იგულისხმება დისტრიბუტორები, საცალო ვაჭრობის და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რეალიზატორები, მომხმარებლები, სამთავრობო ორგანოები — სურსათის უვნებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელები და აღმასრულებლები.

სურსათის უვნებლობაზე ძირითადი პასუხისმგებელია მეწარმე — ბიზნესოპერატორი, ანუ პირი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის წარმოებასთან, მათ შორის პირველად წარმოებასთან, გადამუშავებასა და დისტრიბუციასთან. სწორედ იგია ვალდებული უზრუნველყოს სურსათის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, მისი წარმოების, გადამუშვების და დისტრიბუციის ეტაპებზე.

სამთავრობო ორგანოები პასუხისმგებლები არიან ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სურსათით გამოწვეული რისკების შემცირებაზე, სურსათის უვნებლობის შესახებ მოსახლეობის და მეწარმე-ბიზნესოპერატორის ცნობიერების ამაღლებაზე და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე.

რაც შეეხება მომხმარებელს, მათ უფლება აქვთ მიიღონ უვნებელი სურსათი, თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობა მათაც აკისრიათ — ეს არის სურსათის ვარგისიანობის და შენახვის, ჰიგიენის პირობების, ასევე სურსათის მოხმარებასთან ან მომზადების წესებთან დაკავშირებით მწარმოებლის — ბიზნესოპერატორის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვა, და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანია „watchdog”-ის პრინციპი, ანუ ის, რომ მომხმარებელმა ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის შესახებ ინფორმაცია დროულად უნდა მიაწოდოს მაკონტოლებელ ორგანოს.

დღეისათვის, საერთაშორისო მოხოვნების, ევროპული და შესაბამისად, ქართული კანონმდებლობით, სურსათის უვნებლობის ძირითად პრინციპებად განსაზღვრულია:

ა) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;

 ბ) რისკის ანალიზი;

 გ) გამჭვირვალეობა;

დ) პრევენცია.

რას ნიშნავს თითოეული მათგანი, რას ნიშნავს სურსათთან მიმართებაში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა?

საინტერესოა, რომ ევროკავშირში, მხოლოდ 1975 წლის 14 აპრილის რეზოლუციით დამტკიცდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპები, რომელიც გულისხმობს:

მომხმარებელთა უფლებას ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;

უფლებას ეკონომიკური ინტერესების დაცვასა და ზიანის გამოსწორებაზე;

უფლებას ინფორმაციის, ცოდნის მიღებასა და აზრის გათვალისწინებაზე.

რა იგულისხმება თითოეულ მათგანში?

ჯანმრთელობისა და უსაფრთხების პრინციპების დაცვაში პრიორიტეტულია სურსათი და მასთან კონტაქტში მყოფი მასალები, ასევე ცხოველთა საკვები და ვეტერინალური საშუალებები, სასუქები, პესტიციდები, ჰერბიციდები და ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერებები. ასევე იგულისხმება, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი, მათი მიზნობრივი გამოყენების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პირობებში, უვნებელი უნდა იყოს მომხმარებლისათვის. გარდა ამისა, მეწარმე-ბიზნესოპერატორმა უნდა იზრუნოს საზოგადოების ინფორმირებულობაზე ყველა იმ სავარაუდო რისკებთან დაკავშირებით, რომელთა წინასწარი განჭვრეტა შესაძლებელია.

მომხმარებლის ეკონომიკური ინტერესების დაცვა გულისხმობს არამართებული და შეუსაბამო რეკლამისაგან, სურსათის გამავრცელებელთა გაუმართლებელი ზეწოლისაგან დაცვას, საკმარისი არჩევანის უზრუნველყოფას.

ინფორმირებულობაზე უფლება გულისხმობს, რომ მომხმარებელს უნდა გააჩნდეს საკმარისი ინფორმაცია, რათა შეძლოს სურსათისა და მისი ხარისხის შეფასება, მსგავსი სურსათის შედარება და, შესაბამისად, თავისი სურვილისამებრ აირჩიოს და გამოიყენოს მისთვის საუკეთესო. ამისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სურსათის ეტიკეტი, იგი უნდა იყოს მკაფიო, გასაგები, სანდო და შეიცავდეს მომხმარებლისათვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციას. გარდა ამისა, მოხმარებელს უფლება აქვს ჩაერთოს და გამოთქვას თავისი აზრი სურსათის რეგულირების საკითხების დამუშავებაშიც. ამისათვის კი საჭიროა გაეცნოთ სურსათის შესახებ იმ საკანონმდებლო სიახლეებს, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე — www.mepa.gow.ge და გაგზავნოთ შესაბამისი წინადადებები.

Codex alimentarius-ის რეკომენდაციების თანახმად , სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პირველი პრიორიტეტული პრინციპია სწორედ მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. ქართულ კანონმდებლობაში ეს პრინციპები შესაბამისად აისახა, რაც გულისხმობს:

მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს;

მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან;

დაუშვებელია სურსათის იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის, დაფასოება, შეფუთვა, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით;

უნდა აღიკვეთოს ან/და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა სხვა ქმედება, რომლებსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი;

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ხდება სურსათთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ბიზნესოპერატორის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენა.

წყარო: agriedu.ge