Vvinifera’s – დავით ლომთაძის მარანი
ჩვენი ბლოგის rachvelifermerisblogi შემდეგი რესპონდენტი მეღვინე დავით ლომთაძეა.
ის თბილისში ცხოვრობს, მაგრამ რაჭას ხშირად სტუმრობს, როგორც თავად ამბობს, რაჭასთან ბავშვობიდან დიდი სიყვარული აკავშირებს, ამიტომ გადაწყვიტა მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულიყო და მეურნეობა მოეწყო.
იგი პერიოდულად სტუმრობს საკუთარ კუთხეს, სადაც თავად უვლის ვენახსა და მარანს.
_მოგესალმებით, ბატონო დავით, გაეცანით ჩვენს მკითხველს.
_ დავით ლომთაძე, ამჟამად ვმუშაობ სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგში“. მყავს მეუღლე,რომელიც ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში და სამი შვილი. წარმოშობით ქვემო რაჭიდან ვარ, თუმცა სახლი აქ არ გვქონია. გვქონდა აგარაკი ზემო რაჭაში. ბავშვობა სოფელ მენაბდეებში, ონის რაიონში მაქვს გატარებული. რამდენიმე წლის წინათ ვენახის, ღვინის და რაჭის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ შემეძინა სახლი და ვენახი ამბროლაურის რაიონის სოფელ-მეორე ტოლაში. გავაკეთე მცირე მარანი და ამჟამად ვაწარმოებ ქვევრის ღვინოს.
_ ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული ვენახში ?
ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული თეთრა, ცოლიკაური და კაბისტონი. ვგეგმავ მივიწყებული რაჭული ჯიშების აღდგენას.
_ ღვინის რა სახეობებს აწარმოებთ და რით არიან ისინი განსაკუთრებული ?
შარშან პირველი წელი იყო. ქვევრში დავაყენე და ჩამოვასხი „რაჭული თეთრა“ მცირე რაოდენობით, სულ 250 ბოთლი. რაჭული თეთრა რეგიონში ძირითადად ნახევრად ტკბილი იწარმოება. მე გადავწყვიტე განსხვავებული, მშრალი წესით დამეყენებინა. ამ წამოწყებამ გაამართლა და ვინიფერას „რაჭულმა თეთრამ“ დაინტერესება გამოიწვია. გვქონდა პატარ-პატარა წარმატებებიც. პირველივე წელს ღვინომ გაიარა საკონკურსო კომისია და „რაჭული თეთრა“ ახალი ღვინის ფესტივალზეც მოხვდა. წელს შევმატე ალექსანდრეული და მუჯურეთულის კუპაჟი, ასევე რაჭული ცოლიკაური. ესეც მშრალი წესით დაყენებული. ამ ეტაპზე მხოლოდ მშრალ ღვინოს ვაწარმოებ. ეს რათქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ მომავალში ნახევრად ტკბილი ხვაჭკარაც ვაწარმოო, თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის მშრალი ღვინო უფრო საინტერესოა.
_ პირველად როდის გაიტანეთ ღვინო ბაზარზე და რომელ მაღაზიებთან გაქვთ კავშირი?
_ პირველად ღვინო ბაზარზე გავიტანე შარშან, 2017 წელს. ნაწილი ექსპორტზე გავიდა ამერიკაში, კერძოდ, ნიუ- იორკში. ამჟამად ვინიფერას რაჭული თეთრა იყიდება ღვინის მაღაზია „8000 მოსავალში“, „ცანგალაში“ და „ვაინლაბში“.
_ რომელ ღონისძიებებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული ?
_ მონაწილეობა მივიღე „ახალი ღვინის ფესტივალში“ და აგროტურისტულ ფესტივალში, რომელიც შარშან, ამბროლაურში ჩატარდა. კარგი იქნება თუ ეს ფესტივალი ყოველწლიური გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
_ გვიამბეთ იმ წინააღმდეგობების შესახებ, რაც ამ სფეროში მოღვაწეობის დროს შეგხვედრიათ ?
_ თეორიულად საკმაოდ მომზადებული ვიყავი. წარმოების დაწყებამდე გავიარე მეღვინეობა მევენახეობის კურსები, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონში“ და ვარ სერტიფიცირებული ღვინის მცოდნე. იქ შეძენილი ცოდნა ძალიან დამეხმარა, არ დამეშვა ის ელემენტარული შეცდომები, რომლებსაც აუცილებლად დავუშვებდი, რომ არა „კაბისტონი“ და ჩემი პედაგოგი – ქეთევან ჯურხაძე. შეცდომებსაც ვუშვებდი, თუმცა ნაკლებად სერიოზულს. პრაქტიკამ ბევრი რამ მაჩვენა და საკუთარ შეცდომებზეც ვსწავლობ ბევრ რამეს. ყველაზე დიდი დაბრკოლება ამინდმა შემიქმნა. 2016 წელი, მზიანი დღეების ნაკლებობით გამოირჩეოდა. წვიმიანი წელი იყო და ყურძენს საჭირო შაქრიანობის დააგროვება გაუჭირდა, რაც არ არის დამახასიათებელი ხვანჭკარის მიკროზონისთვის. ეს დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვისაც, თუმცა ამ წელმა საკმარისი გამოცდილება შემძინა და ვფიქრობ გამიმართლა კიდეც, რომ ასეთი დაბრკოლება ჩემი გზის დასაწყისშივე შემხვდა და დავძლიე.
_ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს შესახებ გკითხავთ,რა დამოკიდებულება გაქვთ და როგორ მიიჩნევთ რა მნიშვნელობა აქვს მის როლს რეგიონში? რაში დაგეხმარნენ და ა.შ
_ სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ანუკი კანთელაძე თავად დაგვიკავშირდა, მარანში გვესტუმრა და დახმარება და მხარდაჭერა შემოგვთავაზა. სამმართველოს აქტიური მუშაობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ადგილობრივი გლეხებისთვის და ფერმერებისთვის. რაც უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, მით უფრო სწრაფად და სწორად განვითარდება რეგიონი. ბევრი რამ არის შესაცვლელი და ეს ცვლილებები ეტაპობრივად, ნელ- ნელა მოხდება, ყოველშემთხვევაში მე ამის მზაობას სამმართველოს მხრიდან ვხედავ და ეს ძალიან მიხარია. ვფიქრობ რაჭა განსაკუთრებული რეგიონია და მას დიდი პერპექტივა და პოტენციალი აქვს.
_ რას უსურვებდით ახალგაზრდა დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს?
_ უკვე გამოცდილსა და შემდგარ ფერმერებს ვუსურვებდი კეთილდღეობას, გამართლებასა და განვითარებას. რაც შეეხება დამწყებებს-მთავარი არის მოტივაცია და სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც აკეთებ. თუ ამ ყველაფერს ცოდნას და მონდომებას დაუმატებ, შედეგი ყოველთვის იქნება წარმატებული. წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი ფერმერის მუდმივი განვითარებაა. მეტი ინფორმაცია, საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობა, გამოცდილების მიღებისა და გაზიარების სურვილი. ქართველებს გვიყვარს სწრაფ შედეგზე ორიენტირება. წარმატება მარტივად და შრომის გარეშე არ მოდის. შესაძლოა დროში გაიწელოს და ამან პესიმისტური განწყობებიც მოიტანოს. მეც მქონია მსგავსი პერიოდები, არ დავმალავ, თუმცა ყოველთვის არსებობს რაღაც შედეგი, რომელზეც მარტივად ვერ იტყვი უარს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიდან გიღვივებენ მოტივაციას, ერთგვარად შენი დაწყებული საქმის ტყვე ხარ და აქედან გამომდინარე, უფლება არ გაქვს უკან დაიხიო. სწორედ ამიტომ მეტი შრომა, მეტი სწავლა და მეტი განვითარება-და შედეგიც აუცილებლად იქნება.
ავტორი:ხატია მარგველიძე,
წყარო: rachvelifermerisblogi