ზამბახი (Iris)
ზამბახის ეთეროვანი ზეთის მიღების წყაროს ფესურები წარმოადგენს. ზამბახის არსებული სახეობებიდან ეთერზეთის მიღების მიზნით, მნიშვნელოვანია 3 სახეობა: 1) ფლორენციის ზამბახი, რომელიც თეთრყვავილებს და ყველაზე მაღალი ღირსების ეთეროვან ზეთს იძლევა, 2) გერმანული ზამბახი, რომლის ყვავილები მკვეთრი ლურჯი შეფერილობისაა, 3) ფერმკრთალი ზამბახი, რომლის ყვავილები ღია ცისფერი ან იშვიათად, მოთეთრო ფერისაა.
ზამბახის სასიამოვნო არომატის ფესურებს იყენებენ მედიცინაში, საპარფიუმერიო მრეწველობაში და ძვირფასი ქსოვილებისათვის სასიამოვნო სურნელების მისაცემად. მისი ეთერზეთის ძირითადი კომპონენტია ირონი, მას იისებრ ნაზი არომატი აქვს და დიდად გამოყენება საპარფიუმერიო-კოსმეტიკურ მრეწველობაში.
მცენარე ლამაზი ყვავილებით ადრე ყვავილობს და ფართოდ გამოიყენება დეკორაციულ მებაღეობაშიც. ეთერზეთოვანი ზამბახის მსოფლიო პროდუქციის ძირითადი მწარმოებელია იტალია და საფრანგეთი.
საქართველოში ველურად გავრცელებულია ზამბახის რამდენიმე სახეობა, მათ შორის დეკორატიულობით აღსანიშნავია ქართული ზამბახი, რომელიც შედარებით კარგად იზრდება და მაღალხარისხოვან ფესურებს იძლევა მწირ, ორგანული ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე.
ზამბახის გამრავლება შეიძლება თესლით და ვეგეტატიურად. გენერაციულ გამრავლებას უმთავრესად იყენებენ სელექციაში, ახალი ფორმებისა და ჯიშების მისაღებად. სამრეწველო პლანტაციებს ვეგეტაციურად ამრავლებენ. იგი ინვითარებს დიდი რაოდენობის ფოთლების კონით დაბოლავებულ ფესურებს. ე.ი. სარგავ მასალად იყენებენ ფესურის გამონაზარდებს (ე.წ. ფესვაკებს). ნიადაგს ხნავენ შემოდგომაზე. რგავენ 50X50 სმ კვების არით, შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე.
ზამბახის ფესურების მოსავალს იღებენ გაშენებიდან 2-3 წლის შემდეგ, აგვისტო-სექტემბერში, ამოიღებენ მხოლოდ ძველ ფესურებს, ახალს კი მცენარის სიცოცხლის გასაგრძელებლად ტოვებენ. ფესურებს იღებენ ხელით ან მანქანით, ასუფთავებენ, რეცხავენ და ყრიან ჭილოფებში, მზეზე გასაშრობად. გამშრალი ზამბახის ფესურებს, რომელშიც ტენი 9-11%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ყრიან ტომრებში და ფერმენტაციის მიზნით ათავსებენ სპეციალურ შენობაში. შენახვის პროცესში ზამბახის მოსავალი 1 ჰა-ზე 5-9 ტ-ს შეადგენს. გამშრალის კი 1-3 ტონას.
რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი