მედიარეგიონებირუბრიკები

ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე პანდემიის პირობებში

  პანდემიით გამოწვეული ზოგიერთი უარყოფითი ფაქტორი ქვეყანაში აგრარული წარმოების შეფერხების მიზეზი ხდება. საქართველოს მთავრობამ ფერმერთა მხარდასაჭერად ამ გამოწვევებს კომპლექსური ნაბიჯებით უპასუხა – ანტიკრიზისული გეგმით „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელიც მოიცავს, როგორც სოფლად დასაქმებულთა პირდაპირ დახმარებას, ასევე ხელს უწყობს სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას. ამის მიუხედავად, ზუგდიდელი ფერმერები აცხადებენ, რომ ამ ანტიკრიზისულმა გეგმამ ისე ვერ იმუშავა, როგორსაც მოელოდნენ და დღეს საკუთარი პრობლემების წინაშე მარტონი დარჩნენ.

  ზუგდიდელ ფერმერს ზურაბ გულუას ღია გრუნტზე გაშენებული რამდენიმე სახეობის სალათის, ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავლის დიდი ნაწილი შარშან გაუფუჭდა. მოსავლის აღება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა და პროდუქციის რეალიზება ბაზარსა და მარკეტებში ვერ შეძლო. ადგილზე კი მხოლოდ მცირე რაოდენობა გაყიდა. ფერმერს პროდუქციის შესანახი მაცივარი არა აქვს, სადაც გარკვეული პერიოდი შეძლებდა დაეყოვნებინა მოწეული მოსავალი. მისი აზრით, კარგი იქნებოდა ხელისუფლება მას და მის მსგავსად ბევრ მათგანს ამ ტექნოლოგიების და ტექნიკის შეძენაში დაეხმაროს.

ზურაბ გულუამ მნიშვნელოვანი სარგებელი ვერც ფერმერთა დახმარების პროგრამით ნახა. 4 ჰექტარი მიწის დასამუშავებლად ტრაქტორის თანადაფინანსებით შეძენა კი გადაწყვიტა, მაგრამ ელექტორნული რეგისტრაცია რამდენიმე საათში დასრულდა და პროგრამის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარიც ამოიწურა. „ვერ მოვასწარი ისე ამოიწურა თანხა, სამეგრელოში არ ვიცი ტექნიკა ვინმემ თუ იყიდა და მოასწრო რეგისტრაცია“ – განაცხადა ზურაბ გულუამ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მან სრულად მხოლოდ აგრობარათით ისარგებლა. ბარათზე 1000 ლარი დაირიცხა, რაც სხვადასხვა შესაწამლი პრეპარატის, თუ შემდუღებელი აპარატის შესაძენად გამოიყენა. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათით 40 ლიტრი დიზელი იყიდა, ლიტრზე 50-55 თეთრიანი შეღავათით. ესეც სწაწვავის გაძვირებამდე, მერე კი, როცა ფასდაკლება ათი თეთრიც არ გამოდიოდა, აღარ უღირდა.

ზურაბ გულუას თქმით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები მათთვის არასაკმარისი იყო და გაცილებით მეტ მხარდაჭერას ელოდნენ. „უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კომპონენტი ანტიკრიზისულ გეგმაში, რომ მისით გაცილებით მეტ ადამიანს ესარგებლა, ამასთან ფერმერთა გაძლიერება-წახალისების მიზნით მთავრობის მომზადებულ დოკუმენტში შეღავათიანი კრედიტებისა თუ საგრანტო პროგრამების ელემენტებიც უნდა ასახულიყო. ასეთ პირობებში ფერმერები შეძლებდნენ საკუთარი ბიზნესისათვის თავად მიეხედათ“ – აცხადებს ზურაბ გულუა.

 ფერმერებისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა კომუნალური გადასახადების გაძვირებაც. მთავრობამ მხოლოდ ის მოქალაქეები დაასუფსიდირა ვინც 200 კვ. ელექტროენერგია მოიხმარა.

ზურაბ გულუას მსგავსად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მცხოვრებ ფერმერს ლელა ქობალიასაც არასაკმარისად მიაჩნია სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება ფერმერებისთვის. მისი თქმით, საჭიროებები ბევრად მეტი იყო, ანტიკრიზისულმა გეგმამ კი ამ გამოწვევებს ვერ უპასუხა. მართალია აგრობარათით მაინც ისარგებლა და გაძვირებული შესაწამლი პრეპარატები შეიძინა, დიზელის ფასდაკლების ვაუჩერიც გამოიყენა, თუმცა სხვა პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო. პარალელურად იძულებული იყო საკუთარი ხარჯებით აღეჭურვა მუშახელი: პირბადეებით, სადეზინფექციო სითხეებით, რაც დამატებით ფინანსებს მოითხოვდა.

ფერმერს ბოსტნეული თუ სხვადასხვა კულტურა პანდემიამდე წელიწადში ორჯერ მოჰყავდა, კორონავირუსის პირობებში კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ადრე რვა მუშახელი ჰყავდა. კრიზისის დროს კი იძულებული გახდა, მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ემუშავებინა. ხელფასები ნაკლები გამოსდიოდათ, ამიტომაც უმრავლესობამ სხვა საქმის კეთება არჩია. დღეს მხოლოდ ორი დამხმარე ჰყავს. განახევრებული მოსავლის რეალიზების პრობლემა არ ჰქონია. უფრო მეტის გაყიდვას მაინც ვერ შეძლებდა, რადგან პროდუქტების შესანახად მაცივარი არა აქვს, რის გამოც ხილის თუ ბოსტნეულის გარკვეული რაოდენობა ყოველწლიურად ისედაც უფუჭდება. ლელა ქობალია იძულებულია ხილი და ბოსტნეული ბაზარზე დაკრეფისთანავე გაიტანოს. იგივე მიზეზით , მოკლე დროში უნდა გაყიდოს რძის ნაწარმიც. მაშინ, როცა არ არის მასშტაბურად ესა თუ ის ხილი, შენ უნდა შეგეძლოს შენახვა. ყველია თუ ციტრუსი საჭირო დროს უნდა გაიტანო გასაყიდად, რისი შესაძლებლობაც არ გამაჩნია, ამიტომ ვერ გავდივარ დიდ მოგებაზე. ფერმერებისთვის ყველაზე კარგია მაცივრით სარგებლობა. სასურველია, რომ სახელმწიფო ინდივიდუალური მაცივრების ყიდვაში დაგვეხმაროს“ – აღნიშნა ფერმერმა ლელა ქობალიამ.

 სამაცივრე მეურნეობის მოწყობის შესაძლებლობა ფერმერთა უმრავლესობას არა აქვს, რადგან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ფერმერები პანდემიიდან თითქმის ორი წლის თავზე იმ ზარალის ანაზღაურებას ცდილობენ, რაც შეზღუდვებმა და ზოგადად დამძიმებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ მოიტანა და ფიქრობენ, რომ ბიზნესი კვლავ პანდემიანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რამდენიმე პროექტსა თუ პროგრამაში ეპიდვითარების გამო ცვლილებები აისახა, რამაც ფერმერებს პირველადი პროდუქციის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა, თუმცა ფერმერები უფრო მეტს ითხოვენ, რადგან მათი თქმით, მთელი რიგი საჭიროებები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მხარდამჭერი პროგრამებით ვერ მოაგვარეს.

ლადო ქირია, ზუგდიდი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, სექტემბერი, 2021წ.