მე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკები

ზუგდიდის აგრარული სექტორის განსავითარებლად

    ფილოსოფიურად ჭეშმარიტების კრიტერიუმად, საზომად პრაქტიკა, გამოცდილება ითვლება. სწორედ, გამოცდილი პრაქტიკოსი ადამიანებისგან შედგება არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოება „ზუგდიდელი“. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ინჟინრები, ექიმები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები „ზუგდიდელის“  ბირთვს შეადგენენ.

    „ზუგდიდელს“ საკუთარი მოსაზრებები გააჩნია ზუგდიდის ყველა სფეროს, ყველა დარგის, ყველა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. ძალიან საინტერესოა მათი ხედვები სოფლის მეურნეობის, აგრარული სექტორის აღორძინება-განვითარებასთან დაკავშირებით.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პრიორიტეტად განისაზღვრა აგრარული სექტორის განვითარება, მე და ჩემმა მეგობრებმა, სოფლის მეურნეობის გამოცდილმა სპეციალისტებმა სათანადო ყურადღება მივაქციეთ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.“ – აღნიშნა საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მურმან ნაჭყებიამ. (საზოგადოების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაციაა).

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ვებჟურანლ agronews.ge-ს მკითხველებს ვთავაზობთ იმ ძირითად პუნქტებს, რაც აუცილებელია ზუგდიდის აგრარული სექტორის შენარჩუნება-განვითარებისათვის.

  1. სახელმწიფომ გაატარა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასშტაბური აგროკომპლექსური ღონისძიებანი. ეს მეტად აქტუალური სამუშაოები უნდა გაგრძელდეს ბოლომდე ჩვენი უნიკალური ფლორის გადასარჩენად, თუ არადა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობის შემცირებით შეიქმნება შიმშილის უსაშიშროესი ვითარება.
  2. თითოეული გოჯი მიწა უნდა იქნას მიზნობრივად გამოყენებული. დადგინდეს სოფლის მეურნეობის რომელ კულტურას, მოსავლიანობის გათვალისწინებით მიეცეს პრიორიტეტი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კატეგორიულად უნდა აიკრძალოს სამრეწველო ობიექტების მშენებლობა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
  3. აუცილებელია გაიზარდოს მარცვლეული კულტურების, განსაკუთრებით სიმინდის წარმოება, როგორც სტრატეგიული კულტურისა. მესიმინდეობის განვითარებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვით შეიძლება იწარმოოს სახამებელი, ზეთი, ხოლო ნარჩენებისგან სპირტი. მესაქონლეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის განსავითარებლად უნდა განხორციელდეს საჭიროების მიხედვით სიმინდის დათესვა, სამარცვლედ და მწვანე საკვებად.
  4. სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლიანობის გასაზრდელად, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს არაორგანული სასუქების თანდათანობით გამოდევნა აგროსექტორიდან მასში ორგანული სასუქების (ძირითადად ტორფისა და დოლომიტის) გამოყენებით. ამ მიზნით მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალიზირებული მათი გადამამუშავებელი აგროსამრეწველო კომპლექსი. ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით ზუგდიდში (ჭურია-ანაკლია) ტორფის მარაგი შეადგენს 10 მილიონ ტონას, ხოლო დოლომიტისა მეზობელ რაიონებში (წალენჯიხა, ჩხოროწყუ) 8 მილიონ ტონას.
  5. ზუგდიდში ყველა ხილის წლიური მოსავალი 10 000 ტონას აჭარბებს, ასევე ძალიან დიდია ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი და სხვა), სუბტროპიკული მცენარეების (კივი, ფეიხოა) და ციტრუსების მოსავალიც. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გადაწყდეს ამ კულტურების შესყიდვისა და მათი გადამამუშავებელი უნარჩენო საწარმოების შექმნაც.
  6. ზუგდიდში არსებობს რეალური პირობები ზამთრის პერიოდში მოყვანილ იქნას სათბურებში დიდი რაოდენობით ბოსტნეული არსებული გეოთერმული წყლების მიზნობრივი გამოყენების გზით. ზუგდიდ-ცაიშის ტერიტორიაზე არსებული თერმული წყლების საბადოები, რომლებიც იჯარით არის გაცემული. სახელმწიფომ მეიჯარეებს მოსთხოვოს, რომ თერმული წყლები სწორად და მიზნობრივად იქნას გამოყენებული.
  7. ზუგდიდში შესაძლებელია მეფუტკრეობის დარგის კიდევ უფრო გაფართოება-განვითარება ინდმეწარმე მეფუტკრეებისათვის ხელშეწყობის პირობების შექმნით. ზუგდიდში თაფლის მარაგი დაახლოებით 10-15 ტონას შეადგენს. გასაღება ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდულია, უცხოეთში კი მისი გატანა სპეციალური სერტიფიკატის გარეშე შეუძლებელია, ამისთვის აუცილებელია შეიქმნას ზონალური სერტიფიცირებული ლაბორატორია.
  8. თევზის რეწვის განვითარების მიზნით ენგურისპირა ზუგდიდის რაიონის: რიყის, ჩხორიის, ტყაიას, კოკის, შამგონას, ორსანტიის, დარჩელისა და სხვა სოფლებში შესაძლებელია თანამედროვე კომუნიკაციებით აღჭურვილი თევზის სატბორე მეურნეობის შექმნა. არსებობს ყველა პირობა ასევე სხვა სოფლებშიც არსებული წყაროს წყლების გამოყენებით მოშენებულ იქნას უნიკალური სახეობების თევზის ჯიშები.
  9. მეცნიერულ დონეზე შესწავლილ იქნას ჩაის კულტურის აღდგენა-წარმოება-განვითარების შესაძლებლობები და მისი რეალიზაციის გზები, რათა შიდა ბაზარი გაჯერებულ იქნას ეროვნული წარმოების მაღალხარისხოვანი პროდუქციით. დღეის მდგომარეობით, ზუგდიდში შემორჩენილია 1700 ჰა.-მდე ჩაის პლანტაცია, რომელთა სრული რეაბილიტაციის შემდეგ იწარმოოს 7000 ტონამდე ჩაის მწვანე მასა, ხოლო მისი გადამუშავებით, კი 1800 ტონამდე მზა პროდუქცია.
  10. ზუგდიდში თხილის განაშენიანების ფართობმა 10 00 ჰა.-ს გადააჭარბა. პროგნოზების მიხედვით უახლოესი პერიოდისთვის მოსალოდნელია კიდევ უფრო გაიზარდოს თხილის პლანტაციები, თუმცა იმ მიწებზე, სადაც შეიძლება მოწეულ იქნას მარცვლეულის საჰექტარო მოსავალი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის საარსებო გარემოსთან არ უნდა იქნას დაშვებული სხვა კულტურების განაშენიანება-განვითარება.
  11. ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებში (კოკი, ახალკახათი, დარჩელი) აუცილებელია სატყეო ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაცია. ამ სოფლებში გასული საუკუნის 40-50-იან წლებში გაშენებულ იქნა ნიადაგის ეროზიისგან დამცავი ტყის ზოლები და სოფლის მეურნეობის კულტურების ქარისგან დაცვის ფუნქციებს, სამწუხაროდ ამჟამად ვერ ასრულებს. ისინი გავერანებულია.

შემუშავებულ უნდა იქნას ბიზნეს-წინადადებები თუ სად შეიძლება რა ფორმის კერძო მეურნეობების, კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, აგროფერმების, აქციონერული საზოგადოებების, კოოპერატივების შექმნა. პარალელურად უნდა გადაწყდეს კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ძლიერი სასწავლო ბაზის შექმნა. ამ მიზნით, საჭიროდ ვთვლით, ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში შემოღებულ იქნას აგრო-სწავლება, ხოლო ზუგდიდის ყოფილი ტექნიკუმების ბაზაზე დაფუძნდეს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროფესიონალ სპეციალისტთა მომზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ბაზა“ – განაცხადა მურმან ნაჭყებიამ.

ასეთია საზოგადოება „ზუგდიდელის“ ხედვა ზუგდიდის აგრარული სექტორის განსავითარებლად, რომელიც გაეგზავნა თითქმის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას.

ლადო ქირია, ზუგდიდი, ოქტომბერი, 2021 წ.