დარგებივეტერინარია

მშობიარობის გავლენა დედა პირუტყვისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე

მშობიარობა არის მოვლენა, რომლის შედეგად იბადება ნაყოფი (ხბო) და გამოიყოფა პლაცენტა (მომყოლი).

მშობიარობა ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია, თუ ცხოველი ამისთვის მზად არის, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სამწუხაროდ, ფურების და დეკეულების ძირითადი ნაწილი მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს. ეს განპირობებულია ცხოველთა მეპატრონეების დაბალი ცოდნით და არასწორი ქმედებებით ცხოველთა მოვლა-შენახვის და ვეტერინარული მომსახურების დროს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ფურების და დეკეულების მზადება მშობიარობისთვის იწყება მაკეობის დასაწყისამდე. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშრალობის პერიოდის სწორად წარმართვას.

მშრალობის პერიოდში ჩატარებული სრულფასოვანი ღონისძიებები დიდად უწყობს ხელს მშობიარობის წარმატებულად ჩატარებას. იბადება კარგად განვითარებული და ჯანმრთელი ხბო, დედა პირუტყვი კი მზად (პირველ რიგში ჯანმრთელად) ხვდება ლაქტაციის დაწყებას და მომავალ დაგრილობას.

მშობიარობისთვის მზადების მთავარი ნიშნებია:

— ცურის მოცულობაში მნიშვნელოვანი მომატება

— მენჯის კვანძების მოდუნება (შესუსტება) და ძვლების გაშლა (რომელიც გამოხატულია კუდის ძირში ფოსოების წარმოშობით)

— საშვილოსნოს ყელის საცობის (ლორწოვანი კვანძის)გამოყოფა (უტყუარი ნიშანი, რომ რამოდენიმე დღეში მშობიარობა დაიწყება)

ფურების 63% -ში მშობიარობა მიმდინარეობს ღამე, საღამოს 18 საათიდან დილის 6 საათამდე, უფრო სწორად შუაღამეს. 41% ცხოველებს მშობიარობა ეწყება 12 საათიდან, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ დროს გარე გამღიზიანებლები ნაკლებია და საშვილოსნოდან მომდინარე იმპულსები ადვილად გადაეცემა თავის ტვინს.

მშობიარობა ფურებში ძირითადად მიმდინარეობს მწოლიარე მდგომარეობაში, იშვიათად მდგომარე პოზაში.

მშობიარობის დროს მთავარი ფიზიოლოგიური სტადიებია:

  1. საშვილოსნოს ყელის გახსნა და ნაყოფის მიერ სამშობიარო პოზის დაკავება,
  2. საშვილოსნოს შეკუმშვები ნაყოფის გამოსადევნად,
  3. სანაყოფო გარსის (მომყოლის) მოცილება,

პირველ სტადიაში: იხსნება საშვილოსნოს ყელი, რომელსაც სცილდება ბუნებრივი ლორწოვანი საცობი. ნაყოფი იწყებს მოძრაობას და ღებულობს სწორ სამშობიარო პოზას (ნორმაში ნაყოფი მოდის წინა კიდურებით და მათზე დადებული თავით ან მენჯით უკანა კიდურები გაშლილია და მათ შორის მოთავსებულია კუდი). აღნიშნული სტადია გრძელდება 2 საათი. ძროხა ამ დროს შეიძლება იკვებებოდეს ნორმალურად, მაგრამ ეტყობა მოუსვენრობა. ყოველ 5 წუთში ერთხელ უვითარდება ჭინთვები, რომლის დროსაც ცხოველი ზურგს მაღლა წევს. ამ ფაზაში იკუმშება საშვილოსნო და მისგან გამოიტყორცნება პირველი სანაყოფო ბუშტი, რითაც თანდათან აფართოებს საშვილოსნოს ყელს. პირველი სანაყოფე ბუშტი საშოდან გადმოეკიდება გარეთ, რომელიც ეხება ცხოველის კუდს, უკანა ტანს და ქვეშსაფენს (ხშირად დასვრილს და დაინფიცირებულს მიკროორგანიზმებით). ბოლოს პირველი ბუშტი სკდება და იღვრება ყვითელი სითხე. ამ დროს თუ არ არის დაცული სანიტარული ნორმები საშოში ხვდება ანთების გამომწვევი და ჩირქმბადი მიკროორგანიზმები.

პირველი სანაყოფე ბუშტის ადრეული გახეთქვა არ შეიძლება, რადგან ის (როგორც აღნიშნული იყო) აწვება საშვილოსნოს კედლებს და აფართოებს მათ.

 

 

 

 

 

მეორე სტადიაში ცხოველი შეიძლება დაწვეს, მაგრამ სწრაფად ადგეს და მოუსვენრად იმოძრაოს. ამ დროს ნაყოფი იწყებს მოძრაობას სამშობიარო არხში და ნაწილობრივ გამოდის გარეთ. ნორმალური მშობიარობის დროს პირველი ჩნდება წინა ფეხები, შემდეგ მოდის თავი ცხვირით წინ. ამ დროს ხბო იმყოფება მეორე სანაყოფე ბუშტში. როდესაც თავი გამოვა გარეთ, კვლავ ერთი ბიძგი და ფეხებით სკდება მეორე ბუშტიც, სითხე იღვრება და ხბო იბადება.

ნორმალური მშობიარობისას მეორე სტადია პირველთან შედარებით ხანმოკლეა და გრძელდება ნაყოფის სრულ გამოძევებამდე.

მესამე სტადიაში ხდება მომყოლის მოშორება. ხბოს დაბადების შემდეგ საშვილოსნო აგრძელებს შეკუმშვებს. ამ დროს ხდება პლაცენტის საშვილოსნოდან მოცილება. ნორმალურ პირობებში პლაცენტის გამოყოფა ხდება მშობიარობიდან 6-12 საათის განმავლობაში.

გართულებული მშობიარობის დროს აუცილებელია ვეტერინარი ექიმის გამოძახება, რათა ჩაატაროს დროული სამეანო დახმარება.

მშობიარობის ჩატარება ვეტერინარულ-სანიტარული ნორმების დარღვევით ცხოველის მეპატრონეს უქმნის დიდ პრობლემებს, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალამდე. ზარალი ძირითადად გამოწვეულია:

— ახალშობილი ხბოს დაავადებით, რომელიც ხშირად ლეტალურად მთავრდება, თუ არ იქნა ჩატარებული დროული და ეფექტური მკურნალობა,

— ხბოს მკურნალობაზე გაწეული ხარჯებით,

— მშობიარობის შემდგომი გინეკოლოგიური დაავადებებით (ვაგინიტი, ცერვიციტი, ენდომეტრიტი და სხვა),

— გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე გაწეული ხარჯებით,

— გინეკოლოგიური დაავადებების შედეგად გაზრდილი სერვის პერიოდით,

— გინეკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული უნაყოფობით,

— მასტიტებით,

— მასტიტების მკურნალობაზე გაწეული ხარჯებით და სხვა.

 

 

 

 

 

აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან მნიშვნელოვნად შესამცირებლად მსხვილ ფერმებში უნდა მოეწყოს სამშობიარო განყოფილება, მცირე ფერმებში კი — სამშობიარო კუთხე. საოჯახო საძროხეში, სადაც ამის საშუალება არ არის, ფურების მშობიარობას ატარებენ ადგილზე, სხვა ცხოველების გარემოცვაში. ნებისმიერ სიტუაციაში ადგილი, სადაც უნდა ჩატარდეს მშობიარობა, წინასწარ უნდა მომზადდეს, მექანიკურად დასუფთავდეს და მოხდეს დეზინფექცია. ცხოველთა სამშობიარო ადგილი მუდმივად სუფთა უნდა იყოს.

ფერმაში აუცილებელია 2 სააფთიაქო ყუთის არსებობა — ერთი ვეტერინარული პრეპარატებით და საშუალებებით, მეორე მომსახურე პერსონალისათვის.აგრეთვე უნდა იყოს ვეტერინარი ექიმი ან პირი, რომელსაც შეუძლია ცხოველს გაუწიოს სამეანო დახმარება.წინასწარ მომზადებულ სამშობიაროში და სამშობიარო კუთხეში ფურები გადაჰყავთ 2-3 დღით ადრე.

ნებისმიერ სიტუაციაში ფურს`უშობელს სამშობიარო ადგილზე გადაყვანამდე და მშობიარობის წინ სპეციალურად ასუფთავებენ: მთლიანად წმენდენ და ბანენ უკანა ტანს, კიდურებს, კუდს. ცხოველს უფენენ სუფთა ქვეშსაფენს.

მაკე ცხოველის საშოს და ცურის დაზიანებას და დაინფიცირებას თავიდან ავიცილებთ:

— ბაგის სწორად დაგებით, ცხოველის ცოცხალი მასის და ზომების (სიგრძის და სიგანის) გათვალისწინებით,

— თავისუფალი დაბმით, რაც ცხოველს მისცემს იმის საშუალებას, რომ ბუნებრივად (თავისუფლად) დაწვეს და ადგეს,

— საძროხეში ტემპერატურის, მავნე აირების, ტენიანობის და ორპირი ქარის კონტროლით,

— უვნებელი საკვებით სწორი კვებით და კეთილსაიმედო წყლით დაწყურვებით (მცენარეულ საკვებზე და მარცვალზე არსებულ ობის შხამს ალფატოქსინს შეუძლია ცხოველის ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება და მასტიტით დაავადების, აბორტების რისკის ზრდა),

— ბაგის დროული ჩამოხვეტით და ნაკელის დროული გამოტანით,

— ფარული მასტიტებით, ენდომეტრიტებით და სხვა ანთებითი პროცესებით დაავადებული ცხოველების დროული გამოვლენით და განცალკევებით,

— მეწველი ფურების კუდზე და ცურზე გრძელი თმის შეჭრით და სხვა.

თენგიზ ყურაშვილი,

ეკატერინე ღვალაძე,

გიორგი ბუცხრიკიძე.

აგრარული უნივერსიტეტი