ნაფარეულელი ტყუპი ძმების ბიოპროდუქტები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მცხოვრები ტყუპი ძმები გელა და გია გამტკიცულაშვილები რამდენიმე სახის ბიოპროდუქტს აწარმოებენ. 

მათ სოფელში მარანი, მცირე სასტუმრო და აგროტურისტული ცენტრი ,,ტყუპების საღვინე სახლი“ სახლი წლების წინ გახსნეს, სადაც პროდუქტს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ამზადებენ. ტყუპი ძმები საკუთარ ვენახებში მოკრეფილი ყურძნით ღვინოს ქვევრში, უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით აყენებენ. სოფელში აგროტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად უცხოელ და ქართველ ტურისტებს ადგილზე ეპატიჟებიან, რომლებსაც საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ყურძნის კრეფის, ღვინის დაყენებისა და ძველი ქართული ტრადიციული კერძების მომზადების პროცესებს.
ტყუპების განცხადებით, საღვინე სახლი მომხმარებელს სთავაზობს ღვინის ტურს მთელი წლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ძველი მარნის და ახალი წარმოების დათვალიერებას, მე-18 საუკუნის საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესს, ჭაჭის გამოხდას, თონეში პურის გამოცხობას, ჩურჩხელის ამოვლებას, იქ არსებული ქვევრისა და ღვინის მუზეუმის დათვალიერებას.
გია გამტკიცულაშვილის თქმით, მათ მიერ წარმოებული რამდენიმე სახეობის კახური ღვინო ,,ქვევრის მზე” გარდა ადგილობრივი ბაზრისა, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინასა და იაპონიაშიც იყიდება.
,,მე და ჩემმა ძმამ წლების წინ გადავწყვიტეთ მამა-პაპეულ ადგილებში ვენახები გაგვეშენებინა. ღვინოს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ვაწარმოებთ, ისე როგორც მამა და პაპა ამზადებდნენ. ღვინოს დაყენება ოჯახის ტრადიცია იყო და ახლა ეს ბიზნესად ვაქციეთ. ჩვენი ღვინოები ქვევრში მზადდება და სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება. დავაპატენტეთ იდეეიბ, მაგალითად – ქვევრის ფორმის დიდი და მცირე ზომის ჭურჭელი, რითაც შეგვაქვს მაღაზიებში და ისე ვყიდით ღვინოს. ამ ეტაპზე 94 დიდი ზომის ქვევრი გვაქვს, სადაც ღვინოს ვაყენებთ. პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ვახდენთ. გარდა ღვინისა, ვაწარმოებთ ,,ტყუპების ჭაჭას”, ჩვენი პროდუქცია სუფთაა და ხარისხიანი”,– ამბობს გია გამტკიცულაშვილი.

ტყუპების მეურნეობაში, აგროტურისტულ ცენტრსა და მარანში ადგილობრივები არიან დასაქმებული. სოფელ ნაფარეულის მკვიდრი, ლალი ბერიაშვილი წლებია ,,ტყუპების საღვინე სახლში“ მუშაობს და ოჯახს საკუთარი შემოსავლით არჩენს. მისი განმარტებით, კახეთის რეგიონის სოფლებში ტურისტული ობიექტები უნდა გაიხსნას, რომ ადგილობრივებიც დასაქმდნენ და შემოსავლის წყაროც გაუჩნდეთ.
,,წლებია სასტუმრო-კომპლექში ვარ დასაქმებული, სადაც ხდება ქვევრის ღვინის წარმოება. იმ სოფლებში სადაც ამისი პოტენციალი არის, უნდა მოხდეს მსგავსი სახის ტურისტული ობიექტების გახსნა, რომ ხალხი დასაქმდეს. აქ რამდენიმე ადგილობრივია დასაქმებული და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა,’’- განუცხადა knews.ge-ს ლალი ბერიაშვილმა.
გელა და გია გამტკიცულაშვილებს გარდა მეღვინეობისა და მევენახეობისა, 14-მდე სახეობის ბოსტნეული შხამქიმიკატების გარეშე მოყავთ, რომელსაც თავად უვლიან.
,,მოგვყავს ხახვი, კომბოსტო, ნესვი გოგრა, საზამთრო და სხვა პროდუქტები. ეს ყველაფერი სუფთა და ხარისხიანია, სანდო. ბოსტნეულს ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე ვაწარმოებთ. თავიდან ბოსტნეულის თესლს ადგილობრივებიდან ვყიდულობდით, თუმცა ისინი შხამქიმიკატებისგან მიღებული პროდუქტებისგან იყო, რეკომენდაცია მივიღეთ, რომ სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს თესლი გამოგვეყენებინა. ამ პერიოდში ქიმიას არ გამოვიყენებთ და ის უკვე ბიოთესლი გახდება. ჩვენი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაა”,– განუცხადა knews.ge-ს გია გამტკიცულაშვილმა.
ბიზნესმენი ძმები სამომავლოდ, ადგილობრივი ჯიშის ძროხისა და ღორების მოშენებას აპირებენ, მათგან მიღებულ ორგანულ სასუქს კი ხორბლის მოსაყვანად გამოიყენებენ.

მაკა ხაზიური  

www.knews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.