ფუტკრის სასიცოცხლო ციკლი

სამივე სახის (დედა, მამა და მუშა) ფუტკარი განვითარების ოთხ ეტაპს გადის:
1. კვერცხი;
2. ფუმფლი (ღია ბარტყი);
3. ჭუპრი (გადაბეჭდილი ბარტყი);
4. ზრდასრული ორგანიზმი.

სანამ თითოეულ ეტაპს დაწვრილებით განვიხილავთ, ნახეთ ეს საოცარი ვიდეო, რომელიც ფუტკრის სხეულის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა:

კვერცხი

ყველაფერი განაყოფიერებული დედის მიერ დადებული კვერცხით იწყება.

იგი დღეში დაახლოებით 1500 კვერცხს დებს.

დედოფალი წყვეტს, განაყოფიერებული კვერცხი დადოს თუ გაუნაყოფიერებელი.

მის მიერ დადებული ყველა განაყოფიერებული კვერცხიდან მუშა ფუტკრები განვითარდებიან, ხოლო გაუნაყოფიერებლიდან – მამლები.

იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერ ოჯახში 60 000-მდე მუშა ფუტკარია და მამალი მხოლოდ რამდენიმე ასეული, კარგმა დედამ ეს ზღვარი უნდა შეინაჩუნოს.

ღია ბარტყი (ფუმფლი)

კვერცხის დადებიდან მესამე დღეს იგი ფუმფლად გარდაიქმნება.

ეს ფაზა 6 დღე გრძელდება.

ფუმფლის სტადიის პირველ 3 დღეს ოჯახის სამივე კასტას ძიძა ფუტკრები ფუტკრის რძით კვებავენ.

ამ 3 დღის შემდეგ მუშა და მამალი ფუტკრის ფუმფლებს ფუტკრის რძის მიღებას უწყვეტენ და ჭეოთი (ყვავილის მტვრისა და თაფლის ნარევით) ანაცვლებენ, ხოლო დედა ფუტკარი ფუტკრის რძის მიღებას მთელი ფუმფლობის პერიოდში განაგრძობს.

თუ მუშა ფუტკარი  განაყოფიერებელი კვერცხიდან ჩნდება და მამა ფუტკარი – გაუნაყოფიერებლიდან, მაშინ..
საიდან ჩნდება დედა ფუტკარი?

დედა ფუტკარი ჩვეულებრივი, განაყოფიერებული კვერცხიდან ჩნდება, რომელსაც მთელი ფუმფლობის ფაზაში ფუტკრის რძით კვებავენ.

განაყოფიერებულ ფუმფლს + ფუტკრის რძით კვება ფუმფლობის ფაზაში 3 დღის განმავლობაში =  მუშა ფუტკარს.

განაყოფიერებული ფუმფლს + ფუტკრის რძით კვება ფუმფლობის ბაზაში სრულად (6 დღე) =  დედა ფუტკარს.

გამოდის, რომ  უფორ მეტი ფუტკრის რძე იწვევს ფუტკრის ორგანიზმის იმ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომლითაც  ერთიდაიმავე ფუმფლიდან ყალიბდება არა მუშა არამედ დედა ფუტკარი.

ეს ფუტკრის რძის თვისობრიობის სასწაულია…

ფუმფლიდან ჭუპრის სტადიაში გადასვლამდე, მუშა ფუტკრები უჯრედებს ცვილის თხელი ფენით გადაბეჭდავენ.

გადაბეჭდილი ბარტყი (ჭუპრი)

ჭუპრობის ფაზაში ფუტკრის ორგანიზმი უკვე გამოკვეთილ ფორმებს იღებს. ამ დროს ყალიბდება თვალები, ფეხები, ფრთები და სხვა ორგანოები, ჩნდება ვარდისფერი, იისფერი და  შავი ფერები. ბოლოს, თითქმის ჩამოყალიბებულ ორგანიზმს პატარა თმები დაფარავს.

ზრდასრული ორგანიზმი

საბოლოოდ, ჭუპრის ფაზაც სრულდება, ფუტკარი ცვილის ზედა საცობს ღრნის და უჯრედიდან ზრდასრული ფუტკარი იბადება.

მას შემდეგ რაც უჯრედი ახალდაბდებული ფუტკრისგან გათავისუფლდება, მუშა ფუტკრები ამ უჯრედს ამოწმენდენ, გაასუფთავებენ და თავიდან მოამზადებენ ახალი კვერცხის ჩასადებად.

კასტებს შორის განსხვავება

დედა, მამა და მუშა ფუტკრის ორგანიზმის განვითარება ძირითადად ერთნაირად მიმდინარეობს, თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავაბებიც.

კვერცხი, იქნება ეს განაყოფიერებული (მდედრი) თუ გაუნაყოფიერებელი (მამრი), კვერცხის ფაზაში რჩება 3 დღე.

შესაბამისად, ფუტკრის ოჯახის სამივე კასტა კვერცხის ფაზის გავლას სამი 3 დღე ანდომებს.

განსხვავებები ორგანიზმის განვითარების შემდეგ სტადიებში იწყება ანუ მას შემდეგ, რაც კვერცხიდან ფუმფლი წარმოიშვება.

ფუმფლის ფაზის გავლას ისინი სხვადასხვა პერიოდს ანდომებენ:

  • დედა ფუტკარი ფუმფლის ფაზაში 5 1/2 დღე იმყოფება (კვერცხის დადებიდან  მე-8 დღემდე);
  • მუშა ფუტკარი ფუმფლის ფაზაში 6 დღე იმყოფება(კვერცხის დადებიდან მე-9 დღემდე);
  • მამალი ფუტკარი ფუმფლის ფაზაში ყველაზე დიდ დროს – 6 1/2 დღეს ატარებს (კვერცხის დადებიდან მე-9 1/2 დღემდე).
ისინი ჭუპრობის სტადიის გავლასაც სხვადასხვა დროს ანდომებენ:
  • დედა ფუტკარი ჭუპრის სტადიაში 8 დღეა;
  • მუშა ფუტკარი – 12 დღე;
  • მამალი ფუტკარი – 14 1/2 დღე.

თუ ამ რიცხვებს შევკრებთ კვერცხის დადებიდან ჩამოყალიბებული ფუტკრის დაბადებამდე დრო ასე გამოვა (თუმცა, შესაძლოა გარკვეული გარემოების მიხედვით ეს რიცხვები შეიცვალოს):

  • დედა ფუტკარი: 16 დღე;
  • მუშა ფუტკარი : 21 დღე;
  • მამალი ფუტკარი: 24 დღე.

და ბოლოს, ეს მშვენიერი ფოტო მეტი სიცხადისთვის, რომელზეც გამოსახულია კვერცხიც, ფუმფლიც (ღია ბარტყი) და ჭუპრიც (გადაბეჭდილი ბარტყი).

წყარო:http://beekeeper.ge/ფუტკრის-სასიცოცხლო-ციკლი/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *