რატომ ვერ მოექცა ბიზნესის ინტერესის სფეროში ქართული ხორბლის უნიკალური ჯიშები
ცნობილია, რომ საქართველო ხორბლისა და ღვინის ქვეყანაა. ჩვენში უხსოვარი დროიდან ხარობდა ხორბლის უნიკალური, ენდემური ჯიშები და სახეობები, რომლებსაც ანალოგი არა ჰყავს და რომლისგანაც სელექციონერებს არაერთი საუკეთესო ჯიში გამოჰყავთ. იფქლი და დოლის პური, თავთუხი და ზანდური, მახა და კოლხური ასლი… – ეს ქართული ხორბლის ჯიშების არასრული ჩამონათვალია. მიუხედავად ამისა, ქართული ხორბლისაგან გამომცხვარ პურს დღეს ჩვენს ბაზარზე იშვიათად შეხვდებით, თითზე ჩამოსათვლელია იმ ფერმერების რიცხვიც, რომლებსაც თავიანთ მიწაზე ქართული ხორბალი მოჰყავთ. მათ შორის არის ახალგაზრდა ფერმერი – გიორგი ნათენაძე, რომელმაც მესხეთში ვაზის მივიწყებული ჯიშები მოაშენა და მესხური ტერასები აღადგინა. ახლა კი, გადაწყვეტილი აქვს, ქართული ხორბალიც გაახაროს და ეს საქმე ბიზნესად აქციოს:
გიორგი ნათენაძე – ფერმერი:
_ ქართული ვაზისა და ხორბლის ძველი ჯიშები ჩემი სისუსტეა: მესხური ტერასები, რომლის აღდგენაზეც დიდხანს ვოცნებობდი, ოქტომბერში უკვე პირველ მოსავალს მოგვცემს. მესხური ჯიშებისგან დავაყენე რამდენიმე ღვინო, რომელიც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში ძალიან პოპულარულია და ნატურალური ღვინოების ტოპ-ათეულშია შესული. ამჟამად უკვე ქართული ხორბლითაც დავინტერესდი. ჩვენ გვაქვს ხორბლის უნიკალური ჯიშები, რომლებიც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე ათასეული წლებია არსებობს. ამ ჯიშებმა დღემდე მოაღწია და თითოეულ მათგანს ქომაგი და პატრონი სჭირდება. მესხეთში 2 ცნობილი ჯიში ხარობდა: ახალციხური წითელი დოლი და დიკა. ამ ორი ჯიშის ხორბალი საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა. უცხოელები ამ თვისებებს რომ ეცნობიან, გაოცებულნი რჩებიან. საფრანგეთში უკვე რამდენიმე ათეული წელია ათასობით ჰექტარზე მოჰყავთ ახალციხური წითელი დოლი – ეს იქ საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. სამწუხაროდ, ჩვენ ქართულ ჯიშებს არ ვიყენებთ -ალბათ იმიტომ, რომ ეს ჯიშები ჰექტარზე მხოლოდ 3-4 ტონა მოსავალს იძლევა, როცა სხვა ჯიშებისგან ფერმერები ორჯერ მეტ მოსავალს იღებენ.
ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ადგილობრივი ხორბლის ჯიშების აღდგენას და მოშენებას. ამ უნიკალურმა ჯიშებმა ათასობით წელს გაუძლო და ისინი არ უნდა დაიკარგოს. იმ ხალხს კი, რომელსაც მათი მოყვანა სურს, მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ სუბსიდიებით, იაფი კრედიტებით და სპეციალურ პროგრამებში ჩართონ. მე მაგალითად, მესხური ლუდის წარმოებას ვიწყებ, რომელიც მთლიანად ადგილობრივი პროდუქციით იქნება დამზადებული.
წითელი დოლის გარდა და დიკასი, სხვა ქართული ჯიშების შესწავლას და გაშენებასაც ვაპირებ. ქართული ხორბალი მესხეთში რამდენიმე ფერმერს მოჰყავს, ეს არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ ამ ჯიშის ხორბლისაგან გამომცხვარი პური უგემრიელესია. გადაწყვეტილი მაქვს ხორბალი მოსახლეობისგანაც ჩავიბარო, რადგან ეს ქართული ხორბლის მიმართ ინტერესს გაზრდის. როდესაც გლეხი დაინახავს, რომ ადგილობრივი ჯიშის ხორბალი ვიღაცას სჭირდება, უფრო მეტად დაინტერესდება. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ჯიშებით ბიზნესმენებიც დაინტერესდებიან, რადგან დღესდღეობით საქართველოში ხორბლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. უკვე ვთქვი, რომ უცხოური პროდუქციის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ჯობია დავუბრუნდეთ ჩვენს მამა-პაპურ, ქართულ ხორბალს, რომელიც ყველას მოსწონს. შეიძლება ეს ძალიან საინტერესო და შემოსავლიან ბიზნესად იქცეს იმათთვის, ვისაც სურვილი აქვს ხარისხიანი ხორბალი მოიწიოს და ამ ხორბლისგან საუკეთესო პური დაამზადოს.
ლევან სილაგავა – საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი:
_ რატომ ვერ შეძლო ქართულმა ხორბალმა ბიზნესის დაინტერესება? – ამის მიზეზი ძალიან მარტივია: ეს არ არის სამრეწველო ჯიშები. სამრეწველო ჯიშებად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ისეთი ჯიშები, რომელიც ძალიან დიდ მოსავალს იძლევა. შეიძლება ასეთი ხორბლის ხარისხი მაღალი არ იყოს, მაგრამ სამრეწველო დანიშნულების მქონე ფქვილის და პურის მისაღებად კარგია. საქართველოში არის რამდენიმე დასახელების ფირმა, რომელიც პურის ცხობისას ქართული ხორბლის ჯიშებს იყენებს, მაგრამ ამ პურის ფასი მაღალია. ეს არის ნიშური პროდუქცია, რომელსაც მხოლოდ მცირე სეგმენტი ყიდულობს მაღალი ხარისხის გამო.
ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პურის 80 პროცენტი სამრეწველო პურია, ხოლო დანარჩენი 20% – მცირე სეგმენტისთვის განკუთვნილი – მისი ხარისხიც მაღალია და ფასიც, ამის გამო სულ სხვა მომხმარებელი ჰყავს. მოსახლეობაში უფრო მეტი მოთხოვნა ყოველდღიური მოხმარების პურზეა: 100 მომხმარებლიდან 70-80 % ყიდულობს მასობრივ, სამრეწველო პურს და მხოლოდ 20-30%-ს შეუძლია შეიძინოს ავსტრიული, იტალიური თუ ქართული ხორბლისაგან დამზადებული საუკეთესო ხარისხის პური, რომელიც სულ მცირე, 2 ლარი მაინც ღირს. ყველაფერი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზეა დამოკიდებული: თუ სოციალური ფონი გაუმჯობესდება და მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული პური მოთხოვნადი გახდება, რა თქმა უნდა, მისი წარმოებაც გაიზრდება. ჩვენ ვიცით როგორი სოციალური ფონია დღეს საქართველოში, ამიტომ უმრავლესობა სტანდარტულ პურს ამჯობინებს და ფიქრობს, რომ ეს მისი ოჯახისთვის სავსებით საკმარისია. ქართველ ფერმერსაც არ უღირს ქართული ხორბლის მოყვანა. მას ურჩევნია უფრო მეტი მოსავალი მოიწიოს და მეტი მოგება ნახოს. ასე რომ, ამ შემთხვევაში ყველაფერი ბიზნესის კანონებს ემორჩილება.
აკაკი ღლონტი – სწავლული აგრონომი, ფერმერი:
_ ქართული ხორბალი ბაზარზე ცოტაა, ის ძალიან ცოტას მოჰყავს და შესაბამისად, ძვირიცაა. მომხმარებელიც იაფ პროდუქციას ეძებს, მის ხარისხს იშვიათად კითხულობს და ამიტომ უნიკალური ქართული ჯიშები კონკურენტუუნაროა. სწორედ ამიტომ ვერ გაიხარა საქართველოში ბიომეურნეეობებმაც, რადგან მათი ნაწარმი უფრო ხარისხიანი და ძვირია. საქართველოში 250-300-მდე ბიომეურნეობაა, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს მომხმარებელი მაინც არა ჰყავს. ამის გამო ძვირადღირებულ პურსაც ცოტა ყიდულობს. ქართული ხორბალი გემრიელიცაა, ეკოლოგიურად სუფთაც და ხარისხიანიც, მაგრამ ჩვენ არ გვყავს მომხმარებელი, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენას ამჯობინებს.
ჩემს მაგალითს მოგიყვანთ: ეკოლოგიურად სუფთა კივი მომყავს, ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე, მაგრამ რეალიზაცია მიჭირს, რადგან შედარებით ძვირია და ხალხი იმპორტირებულ, შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული კივის შეძენას ამჯობინებს.
იმპორტირებული ხორბალი და ფქვილიც საეჭვო ხარისხისაა, მაგრამ არავინ კითხულობს, ასე იაფი რატომ ღირსო… ლაბორატორიულადაც არ ამოწმებენ და არავინ იცის, როგორი შემადგენლობისაა. იმისათვის, რომ ქვეყანაში ქართული ხორბლის ნათესები მომრავლდეს და ეს საქმე ბიზნესად იქცეს, ადგილობრივი ჯიშების რეკლამა და პოპულარიზაციაა საჭირო. ამ ხარჯებს ჩვენი ფერმერები ვერ გაწვდებიან და თუ ხელს არ შევუწყობთ, ჩვენი მოსახლეობა საეჭვო ხარისხის პურის და საკვები პროდუქტების მომხმარებლად გადაიქცევა. ასე რომ არ მოხდეს, ყველა ფერმერმა თავის მამულში მცირე რაოდენობით ქართული ხორბალი მაინც უნდა მოიყვანოს. იმისათვის, რომ ქართულმა ხორბალმა იმპორტირებულს კონკურენცია გაუწიოს, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
მოვა დრო, როცა ეს ჯიშები დაფასდება, მაგრამ მანამდე რა მოხდება – ეს არის საკითხავი.
ხათუნა ჩიგოგიძე