აგრარული განათლებამცენარეთა დაცვარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ჭიამაია _ ბაღის უჩინარი მცველი

ხშირად, როდესაც მცენარის ღეროზე უცნაურ, მუქ, ეკლიან არსებას ვამჩნევთ, პირველი გაფიქრება მისი იქედან მოცილებაა, თუმცა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდეთ, შეჩერდით! შესაძლოა, თქვენ წინაშე არა მავნებელი კი არა, არამედ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო „ბიოლოგიური იარაღი“ იყოს.

გაიცანით ჭიამაია მანამ, სანამ ის თავის ცნობილ წითელ შავხალებიანი ლამაზი სამოსით დაიმშვენდება.

ჭიამაიას ლარვა _ დაუნდობელი მონადირე

ბევრმა არ იცის, რომ ჭიამაიას ლარვა გაცილებით მეტ ბუგრს ანადგურებს, ვიდრე ზრდასრული მწერი. ეს ერთი შეხედვით „უშნო“, მუქი და ეკლიანი არსება სინამდვილეში თქვენი მცენარეების საუკეთესო მეგობარია.

საქართველოში ჭიამაია ადგილობრივი ფაუნის ნაწილია. მისი გამოჩენა თქვენს ბაღში ნიშნავს, რომ ბიოლოგიური კონტროლის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია.

რისი გაკეთება შეუძლია ერთ ჭიამაიას:

  • ზრდასრულ ასაკში ის დღეში ათეულობით ბუგრს მიირთმევს;
  • ლარვის სტადიაში კიდევ უფრო დაუნდობელია, შეუსვენებლად ანადგურებს ბუგრებს, ცრუფარიანებსა და ფრთათეთრას კვერცხებს;
  • მომენტალურად რეაგირებს მავნებლების გავრცელების კერებზე და ასუფთავებს მცენარეს;
  • უპირატესობას ანიჭებს ველური ყვავილებით მდიდარ ბაღებს, სადაც შხამქიმიკატები არ გამოიყენება;
  • ინსექტიციდების გამოყენების შემთხვევაში ჭიამაია ქრება და მისი დაბრუნება საკმაოდ რთულია;
  • ზამთრის ცივ დღეებს მშრალ ჩალაში, დაცვენილ ფოთლებში ან ქვებს შორის ატარებს.

როგორ გავაჩეროთ ჭიამაია ბაღში?

იმისათვის, რომ ამ სასარგებლო მწერმა თქვენს ბაღში ბინა დაიდოს, საჭიროა მცირე „ველური“ კუთხე: ცოტაოდენი ჩალა, ძველი ხე ან გაუთიბავი ბალახი. რაც მთავარია, ბაღში სრულად უნდა გამოირიცხოს სისტემური ინსექტიციდების გამოყენება.

ბუნებრივი ბალანსის დაცვა ჯანსაღი ბაღის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა. რაც უფრო მეტად იზრუნებთ ჭიამაიებზე, მით ნაკლები ქიმიური ჩარევა დასჭირდება თქვენს მცენარეებს.

 გახსოვდეთ, სილამაზე ყოველთვის არ განსაზღვრავს სარგებლიანობას, ხშირად სწორედ ის ბუსუსებიანი ლარვაა თქვენი მოსავლის მთავარი გადამრჩენელი.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა