როცა ერს და ბერს საკუთარი ხალხის და ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს

ნაწილი III

2013 წელს ჟურნალმა Global Finance[1] დეჟარდენების ბანკი, რომლის აქტივები ამჟამად  196,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჩრდილოეთ ამერიკაში პირველ და მსოფლიოში 23-ე უსაფრთხო ბანკად დაასახელა; „მსოფლიოს კოოპერატივების მონიტორის[2]“ კვლევის მიხედვით, იგი მსოფლიოს მსხვილ კოოპერატიულ ფინანსურ ჯგუფებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს; „კანადის კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მართვის ინსტიტუტის“ კვლევის საფუძველზე ბანკს „კვებეკის[3] ეკონომიკის უდიდესი აღმშენებლის“ ტიტული მიანიჭეს, რასაც თავად დეჟარდენების ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად  მიიჩნევს.

დეჟარდენების მოძრაობის ისტორია თანამედროვე კვებეკის ისტორიისგან განუყოფელია. თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მისი ქსელის განვითარება და საქმიანობის  დივერსიფიკაცია პირდაპირპროპორციული იყო კვებეკის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან. დღესდღეობით იგი კანადის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფინანსო ჯგუფია. დეჟარდენები დღემდე ერთგული არიან მისი დამაარსებლის ფილოსოფიის: _ ხელი შეუწყვე ცალკეული ადამიანების და გაერთიანებების კეთილდღეობას!

საკუთარი ქვეყნის გარდა, ბანკი ასევე წარმატებით მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც 1970 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. თავდაპირველად ბანკმა განვითარებად ქვეყნებთან დაიწყო თანამშრომლობა. და დეჟარდენების მოძრაობის გამოცდილების გაზიარება. საზღვარგარეთ ფეხის მოკიდების შემდეგ, ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა – დეჟარდენები საერთაშორისო განვითარებისთვის (დსგ). მის მიზანს წარმოადგენდა მცირეშემოსავლიანი მოსახლეობისთვის  დივერსიფიცირებული, უსაფრთხო და საჭიროების შესაბამისი ფინანსური მომსახურებით სარგებლობის საშუალება მიეცა, ისე რომ წახალისებული ყოფილიყო ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა.  ქვემოთ ჩამოვთვლით  დეჟარდენების თანმიმდევრული პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტს საერთაშორისო ასპარეზზე:

დივერსიფიცირებული ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობა

დსგ მიიჩნევს, რომ ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობა არის აუცილებლობა და არა პრივილეგია. სწორედ ამიტომ იგი ძალისხმევას არ იშურებს იყოს მუდმივად ნოვატორული და ადეკვატური ღარიბი და მარგინალიზებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგების თვალსაზრისით. მის მიზანს წარმოადგენს  სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა უმეტესობას შეუქმნას არამარტო  ფინანსურ მომსახურებაზე არამედ მრავალფეროვან ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის სტაბილური გარანტია.

ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადგილობრივი ლიდერების აღმოჩენაზე ხელშეწყობა

დსგ-თვის ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ხელშეწყობა ფინანსური დამოუკიდებლობის გზაზე დიდი ნახტომის შესრულების ტოლფასია. სწორედ ამ პროცესმა უნდა განაპირობოს ადგილობრივი ბანკების წარმატების მოპოვება. მომდევნო ამოცანად ამ კონკრეტულ ლოკაციებში ლიდერების გამოვლენაა, რომ მათ შეძლონ  ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტის დემოკრატიული არსებობის ხელშეწყობა.

ადეკვატური გადაწყვეტილებები

დსგ მიზანია მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მუდმივად პარტნიორების საჭიროებებზე იყოს მორგებული. ფინანსური მხარდაჭერის შესახებ  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი კრიტერიუმი გაუმჯობესებული პროდუქტების და სერვისის მიწოდება უნდა იყოს, შესაბამისად, ბანკი უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს როგორც საკუთარ, ისე მოწვეულ ექსპერტებთან.

ინდივიდების ჩართულობა და მდგრადი პარტიორობა

დგს-თვის საქმიანობის პროცესში  ინდივიდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, საქმიან ურთიერთობაში ნდობის და მდგრადობის მისაღწევად ყველა ცვლილება უნდა განხორციელდეს იმ გაერთიანებასთან და პირებთან ერთად ვისთვისაც და ვის მიერაც ესა თუ ის ფინანსური პროგრამა უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს. კლიენტ(ებ)თან უნდა იყოს შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება პროგრამაში, უმნიშვნელოც კი, ერთად უნდა გადაწყდეს სიახლეების შეთავაზება/მოთხოვნა და პრიორიტეტების გამოყოფა.

ამგვარი ჩართულობის გარდა, ბანკისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს დაინტერესებულ მხარეებს შორის მდგრადი ურთიერთთანამშრომლობა, რათა ბანკმა შეძლოს განვითარების ნებისმიერ ფაზაში პრობლემების გადაჭრაში მათი დახმარება. ბანკი თვლის, რომ ინტეგრირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ მომსახურების არჩევანის გაზრდაში და სტაბილურობის ჩამოყალიბებაში მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული.

ყველაფერი კი ასე იწყებოდა……

XIX საუკუნის ბოლოს, კვებეკში 1,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ამათგან უმრავლესობა ფრანგულენოვანი იყო და ძირითადად სოფლებში იყვნენ დასახლებული. გლეხებს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება, განსაკუთრებით ბოლო ათწლეული გამოირჩეოდა ცუდი მოსავლით და გაჭირვებით. მოსავლის მოყვანა ძვირი ჯდებოდა და შემოსავალი ხარჯებსაც კი არ ამართლებდა, შესაბამისად, ჭარბვალიანობა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა სოფლის მოსახლეობაში. ბანკებს ურთიერთობა მხოლოდ ვაჭრებთან, მრეწველებთან და მდიდარ ოჯახებთან ჰქონდათ. გლეხებს არც ბანკებზე მიუწვდებოდათ ხელი და არც იაფ კრედიტებზე. ბევრი მათგანი მევახშეების მსხვერპლი გახდა, რომელთა ერთადერთ მიზანს გაღატაკებული გლეხების ქონების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. დეპუტატთა დებატების დროს თემთა პალატის ფრანგი სტენოგრაფისტის, ალფონს დეჟარდენის მოსმენილმა ფრაზამ – საპროცენტო განაკვეთმა კვებეკში 3 000% მიაღწია, გადამწყვეტი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში. ამ უსამართლობით აღშფოთებული დეჟარდენი სხვა ქვეყნების გამოცდილების შეგროვებას შეუდგა ალტერნატიული გზის ძიების მიზნით.  იდგა 1897 წლის აპრილი.

კვლევების დროს მან აღმოაჩინა ჰენრი ვულფის წიგნი „სახალხო ბანკები“, რომელშიც ევროპის ქვეყნებში სოფლის ბანკები/სალაროების არსებობის შესახებ იყო მოთხრობილი. ალფონს დეჟარდენი დაუკავშირდა  წიგნის ავტორს, რომელიც, თავის მხრივ, იდეის ავტორებთან კონტაქტის დამყარებაში დაეხმარა. ამ ურთიერთობის საფუძველზე შემუშავდა შემნახველი და საკრედიტო კოოპერატივების ბანკის ახალი მოდელი, რომელიც საშუალებას მისცემდა მშრომელთა კლასს თავად გამხდარიყო საკუთარი ბანკირი. დეჟარდენს მიაჩნდა, რომ ამით დაუპირისპირდებოდა ქვეყანაში გამეფებულ მევახშეობას და საკუთარ ხალხს საშუალებას მისცემდა თავად შეექმნათ ეკონომიკური თვითორგანიზების ინსტრუმენტი. ლევისში, საკუთარ სახლში, მან შეკრიბა რამდენიმე თანამოაზრე, რომელთაც საკრედიტო კავშირის შექმნის ახალი მოდელი გააცნო. კავშირი 1900 წლის 6 დეკემბერს დაარსდა. მასში 131 წევრი შედიოდა. ამ წამოწყების წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი დორიმენ დეჟარდენმა შეასრულა, ალფონსის მეუღლემ. თავიდან სწორედ მან იკისრა მენეჯერობა. 1901 წლის 23 იანვარს, როცა დეჟარდენები თანამოაზრეებთან ერთად საკუთარ სახლში შეუდგნენ ფინანსურ საქმიანობას, ფონდში 26,40 ამერიკული დოლარი ჰქონდათ. გეგმის განხორციელება მნიშვნელოვანად იყოს დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად მოხერხდებოდა  მომხარებელთა ნდობის მოპოვება. ალფონსმა  თავდაპირველად სამღვდელოებას მიმართა. იგი შეხვდა მღვდელს, რომელიც ამავდროულად ლევისის კოლეჯში ასწავლიდა, მისი მეშვეობით კვებეკის არქიეპისკოპოსს და სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ისინი დიდი შემართებით ჩაებნენ ამ საქმეში და დეჟარდენს დახმარებას შეჰპირდნენ როგორც ფინანსურად, ისე მრევლის ამ საკითხით დაინტერესების კუთხით. სწორედ ამ ერთიანი შემართების წყალობით, 1905 წელს კვებეკში უკვე სამი ადგილობრივი ბანკი იყო დაარსებული.

მოძრაობის სამართლებრივი არსებობისთვის დეჟარდენს დიდი ხნის ბრძოლა მოუხდა. თავდაპირველად მუნიციპალიტეტის დონეზე ცდილობდა კანონპროექტზე მხარდაჭერა მოეპოვებინა, შემდეგ ფედერალურზე. მხოლოდ 1906 წელს მიიღეს კანონი კოოპერატიული პროფკავშირის შექმნის შესახებ, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოოპერატიული ბანკის რეგიონის იურისდიქციაში მოქცევა.

მიუხედავად იმისა რომ თემთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთელი კანადის ტერიტორიაზე ადგილობრივი კოოპერატიული ბანკების დაარსების წახალისებას ითვალისწინებდა, 1908 წელს სენატმა, ხმათა ძალიან მცირე უპირატესობით, უარი თქვა ნებართვების გაცემაზე.  

ამ უარის შემდგომ, დეჟარდენმა ჟურნალისტების და სამღვდელოების ხელშეწყობით თავად დაიწყო ადგილობრივი ბანკების სხვადასხვა ადგილას დაარსება. 1907-1914 წლებში 146 ადგილობრივი ბანკი არსებობდა.

1920 წლის 31 ოქტომბერს ალფონს დეჟარდენი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კვებეკში უკვე 187,  ონტარიოში – 24 და აშშ-ში 9 ბანკი ფუნქციონირებდა. კვებეკში ბანკის კოოპერატიულ მოძრაობაში 30 000 წევრი იყო ჩართული და საერთო აქტივები 6 მილიონს აღწევდა. კოოპერაციული მოძრაობის დამფუძნებელს გარდაცვალებამდე  ჰქონდა შემუშავებული  ადგილობრივი ბანკების ფედერაციის ეგიდით გაერთიანების გეგმა. ამ გეგმის აღსრულებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა დამფუძნებლის მეუღლემ, რის გამოც მას დეჟარდენების მოძრაობის თანადამფუძნებელს უწოდებენ.

ბანკის თანამედროვე მესვეურები წარმატების მიზეზად დეჟარდენების მთავარი პრინციპების ერთგულებას თვლიან. ეს პრინციპებია: ფული ადამიანის განვითარების სამსახურში; საკუთარი ვალდებულებების გაცნობიერება; დემოკრატიული პროცესის სამსახურში; კეთილსინდისიერება და სიმკაცრე კოოპერატიულ საქმიანობაში; სოლიდარობა საზოგადოებასთან; ინტერკოოპერაცია და ა.შ.

მადლიერმა ხალხმა კვებეკში დეჟარდენების სახელობის მუზეუმი დაარსა, რომელიც ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.

[1] ნიუ-იორკის ჟურნალი, რომელიც მუდმივად აქვეყნებს მსოფლიოს 50 ყველაზე უსაფრთხო ბანკის პარამეტრებს და ასახელებს გამარჯვებულებს.

[2] World Co-operative Monitor – ეს არის საერთაშორისო კოოპერატივების ასოციაცია, რომელიც 1895 წელს დაარსდა კოოპერატივის მოდელის განვითარების და მისი იმპლიმენტაციის არეალის განვრცობის მიზნით.

[3] კვებეკი – პროვინცია კანადის აღმოსავლეთში, სადაც 8 მილიონამდე ადამიანი სახლობს, რომელთაგან  78% ფრანგულენოვანია.

თამარ ფხაკაძე,

მკვლევარი

გამოყენებული წყაროები:

https://www.desjardins.com/

http://www.fondation-farm.org/zoe/doc/farm_pointdevue_201411_fouquet_a4.pdf

https://www.erudit.org/fr/revues/cd/1992-n31-cd1040470/8121ac.pdf

http://histoire-du-quebec.ca/naissance-caisses_desjardins

https://www.did.qc.ca/a-propos-de-nous/mission-et-valeurs/

http://bilan.usherbrooke.ca/bilan/pages/evenements/5.html

https://www.desjardins.com/a-propos/desjardins/qui-nous-sommes/en-chiffres/index.jsp?navigMW=mm&

3 thoughts on “როცა ერს და ბერს საკუთარი ხალხის და ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს

  • 01/08/2018 at 14:40
    Permalink

    არაჩვეულებრივი ადამიანების არაჩვეულებრივი ისტორია, რომელიც დანებების საშუალებას არ მოგცემს! აშკარაა სტატიის ავტორის განაწავლულობა და კიდე უფრო მისასალმებელია, რომ სტატია არაჩვეულებრივი ქართულითაა ნაწერი, რაც , დამეთანხმებით, ძალიან,ძალიან იშვიათია.
    თქვენ ისე იზამთ მეც ფერმერთა ჯგუფში თუ არა, ფერმერთა დიდ მხარდამჭერთა ჯგუფში ჩავეწერები! პრინციპში, უკვე ვარ!😊😊 ძალიან დიდ წარმატებება ვუსურვებ ყველა გულანთებულ,სიკეთისკენმიმართულ ადამიანს! განსაკუთრებით ირაკლო სოხაძეს,რომლის სტატიებია გამოც აემოვდივარ ამ საიტზე!

    Reply
    • 01/08/2018 at 16:24
      Permalink

      გმადლობთ, რომ კითხულობთ ჟურნალს და ასე აფასებთ ჩვენ შრომას.

      Reply
  • 05/08/2018 at 10:14
    Permalink

    მე უკვე დიდი ხანია ვარ ფერმერ ირაკლი სოხაძის დიდი გულშემატკივარი…უდიდეს წარმატებას და იმ მიზნების მიღწევას ვუსურვებ მას, რომლის გულისთვისაც ასე იბრძვის ირაკლიც და მისი დეიდაც…წარმატებები თქვენ…

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *