საგაზაფხულო შვრია და მისი სამეურნეო მნიშვნელობა

შვრიის მარცვალი შეიცავს 10-13 % ცილას, 40-45 % – სახამებელს და 4,5 % ცხიმს. შვრიის მარცვლიდან მიიღება დიეტური კვების პროდუქტები. შვრიის მარცვალი ცხენისა და სხვა ცხოველთათვის კარგი კონცენტრირებული საკვებია, განსაკუთრებით კი მოზარდი პირუტყვისათვის. შვრიის საშუალო ხარისხის 1 კგ. მარცვალი მიღებულია ეტალონად როგორც 1 საკვები ერთეული.
შვრიის ჩალა თავისი კვებითი ღირებულებით ჯობნის პირველი (ხორბალი, ჭვავი, ქერი, ტრიტიკალე) ჯგუფის სხვა კულტურებს. შვრიას ხშირად თესავენ ცერცველასთან ერთად თივად ან მწვანე საკვებად. ეს ნარევი ასევე დადებითად მოქმედებს ნიადაგის ნაყოფიერებაზე, განსაკუთრებით კი ეროზირებულ და დაბალნაყოფიერ ნიადაგებზე. იგი უძველესი კულტურაა.

შვრიის მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებანი

შვრია აერთიანებს 70-მდე სახეობას, მათგან ჩვენთან მოიყვანება ორი: შვრია სათესი და შვრია ბიზანტიური.

შვრიის სახეობათა შორის არის კულტურულად და ველურად მოზარდი ფორმები, ველური შვრია ანუ შვრიუკა- სარეველაა. შვრიის ფესვთა სისტემა ფუნჯაა, იგი კარგადაა განვითარებული და ნიადაგში აღწევს 120 სმ-მდე. ღეროს საშუალო სიმაღლე 70-100 სმ-ი. 1000 მარცვლის წონა 30-40 გრამია. შვრია თვითდამამტვერიანებელი კულტურაა. მისი სავეგეტაციო პერიოდი 80-115 დღეა, მიეკუთვნება გრძელი დღის მცენარეს. იგი შემოდის ქერზე გვიან.

შვრია ზომიერი კლიმატის მცენარეა. მოთხოვნილება გარემო პირობების მიმართ სითბოსადმი დამოკიდებულება. იგი სითბოს ნაკლებად მოითხოვს, მარცვალი ღივდება 1-2ºC, მაგრამ მისი კარგი აღმოცენება იწყება 7-8 ºC. რძისებრ სიმწიფისას არ აშინებს ყინვები – 4-5 ºC მდე. მაღალ ტემპერატურას შედარებით ცუდად იტანს.

ტენისადმი დამოკიდებულება საგაზაფხულო ხორბალსა და ქერთან შედარებით იგი უფრო ტენის მოყვარულია. დამოკიდებულება ნიადაგისა და საკვები ელემენტებისადმი ნიადაგებისადმი შვრია ნაკლებ პრეტენზიულია, ვიდრე სხვა საგაზაფხულო მარცვლოვანები.

ერთი ცენტნერი მარცვლის და შესაბამისი რაოდენობის ნამჯის ფორმირებისათვის იგი ნიადაგიდან ითვისებს 2,5-2,9 კგ აზოტს, 0,7-1,4 კგ ფოსფორს და 1,8-3,3 კგ კალიუმს. აზოტს და კალიუმს იგი თანაბრად ითვისებს ვეგეტაციის ყველა ფაზებში, ხოლო ფოსფორზე ყველაზე მეტი მოთხოვნილება აქვს პირველ პერიოდში. შვრია კარგად რეაგირებს ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანაზე, განსაკუთრებით კი აზოტიანზე.

ამ კულტურაშიც და საერთოდ შესატანი სასუქების დოზები იანგარიშება ნიადაგში შესათვისებელი ფორმის NPK-ს შემცველობისა, დაგეგმილი მოსავლისა და შეტანილი სასუქებიდან NPK-ს გამოყენების კოეფიციენტიდან გამომდინარე.

შვრიის გასანოყიერებელი სავარაუდო ნორმებია (პროექტის მიმდინარეობის რაიონებისათვის) N60-N90 P60-P90 K30-K45 კგ/ჰა. მოქმედ ნივთიერებაზე ანგარიშით.

ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები და ნაკელი შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ, ხოლო აზოტიანი ორ ჯერად თესვის წინა კულტივაციის წინ და გამოკვებაში – ბარტყობისას.

მოყვანის რაიონები და მოსავლიანობა მისი მოყვანის არეალი შეზღუდული არაა, შვრიისათვის გამოდგება როგორც მჟავე არის მქონე ნიადაგები, ასევე ქვიშიანი, თიხნარი და თიხიანი ნიადაგები, რომლებიც შეიცავენ ბევრ საკვებ ელემენტებს თუგინდ ძნელად ხსნად ფორმებშიც კი.

ბიცობიანი ნიადაგები მათთვის ნაკლებად გამოსადეგარია, თუმცა ასეთი ნიადაგები პროექტის მოქმედების რაიონებში არცაა. სასუქების გამოყენების გარეშე ნიადაგური პირობებიდან გამომდინარე შვრიის მოსავლიანობა შეადგენს 10-16 ც/ჰა-ს. სასუქების გამოყენებით (მათი სწორი შეფარდებისას და დოზების დადგენით) იგი შეიძლება 5-10 ც/ჰა-თი და მეტითაც გავზარდოთ.

ნიადაგის დამუშავება

შვრიისათვის ნიადაგის დამუშავების პრინციპები და ხერხები იგივეა რაც საგაზაფხულო ქერისათვის.

დარაიონებული ჯიშები

საქართველოს ყველა ზონაში – ,,სოვეტსკი’’, ,,ჩერნიგორსკი 125.’’ თესლის მომზადება და თესვა უნდა დაითესოს პირველი კლასის კონდიციური თესლი. გუდაფშუტოვანი დაავადებების და ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ, თესვის წინ, თესლი უნდა შეიწამლოს თესლის დამმუშავებელი ერთ-ერთი პრეპარატით. შეწამვლა უნდა მოხდეს წყლის სუსპენზიით ან დატენიანდეს (10 ლიტრი წყალი 1 ტონა თესლზე), მოებნეს პრეპარატი და ორივე შემთხვევაში აერიოს ნიჩბით.

ჩვენთვის სასურველი რაოდენობის თესლის (მაგალითად 20 კგ-ის) დასამუშავებლად საჭირო პრეპარატის რაოდენობა რომ ვიანგარიშოთ, საჭიროა დასამუშავებელი თესლის წონა (20 კგ) გავამრავლოთ 1 ტონა თესლის შესაწამლად საჭირო პრეპარატის რაოდენობაზე (მაგალითად 1 ტონა თესლის შესაწამლად საჭიროა 2 კგ-ი რომელიმე თესლის დამამუშავებელი პრეპარატი) და გავყოთ 1000-ზე, მივიღებთ 0,04 კგ ანუ 40 გრ.

თესვის ვადები

საგაზაფხულო მარცვლოვანები უნდა დაითესოს რაც შეიძლება ადრე, პირველი შესაძლებლობისთანავე. თესვის დამთავრების ვადებია ახალციხეში 15/04, ადიგენში 25/04, ბორჯომში 20/04. თესვის წესი მექანიზაციის პირობებში პურეული კულტურები ითესება მწკრივად. უკეთესია ვიწრო მწკრივიანად თესვა. ვიწრო მწკრივად და ჯვარედინად თესვას, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეროზია – საშიშ ნიადაგებზე მარცვლეული კულტურების თესვისას.
მცირე კონტურიან ფართობებზე და იმ შემთხვევაში, როდესაც თესვისას რაიმე მიზეზით სათესს ვერ ვიყენებთ, ითესება ხელით – მობნევით.

თესვის ნორმები

შვრიის თესვის ნორმები სხვადასხვა ზონებისათვის სხვადასხვაა. 5,0-5,5 მილიონი აღმოცენებისუნარის მქონე მარცვალი (1 ჰა-ზე) პირობითად 200-220 კგ. თესვის ეს ნორმები საორიენტაციოა და გათვალისწინებულია პირველი კლასის კონდიციური თესლისათვის. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დაზუსტებული უნდა იყოს თესვის ნორმა ადგილობრივი პირობების, ჯიშის, ნათესის დანიშნულების და სხვა პირობების გათვალისწინებით. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის, რომ სადაც ქარისმიერი ეროზიის საშიშროებაა (მაგ. ახალციხის რაიონი) სასურველია თესვის ნორმის 10-15 %- ით გაზრდა, მობნევით თესვისას ნორმა იზრდება 10-15 % – ით. ნათესი მაშინვე უნდა მოიტკეპნოს. ნათესის მოვლა ჯეჯილის აზოტიანი სასუქებით გამოკვება – ბარტყობისას.

ორლებნიანი სარეველების: ბოლოკა, ბირკა, ნარი, ყაყაჩო, ჯიჯილაყა და სხვა წინააღმდეგ გამოიყენება ქიმიური მარგვლა შემდეგი ჰერბიციდებით: 2,4 – დ ამინის მარილის 40 %-იანი წყალხსნარი კონცენტრატი 1,5- 2,0 ლ/ჰა ან ტრეზორი 0,8-1,0 ლ/ჰა.

ნათესის მორწყვა ტარდება მცენარის აღერების ფაზაში, ხოლო მომდევნო – საჭიროების მიხედვით, დათავთავება – ყვავილობის ან მარცვლის შევსების დროს.