საშემოდგომო ხორბლის ბაზოებზე მოყვანის მაღალეფექტიანი ტექნოლოგია სარწყავი პირობებისათვის
საქართველოს მოსახლეობა საკუთარი წარმოების მარცვლეულით უზრუნველყოფილი არ არის და დღეს ჩვენი ქვეყანა მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 8-10%-ს აწარმოებს.
პურით მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია, მით უმეტეს, თუ მას შესაბამისი რესურსები გააჩნია. ეს პრობლემა ყველაზე უფრო „მოკლევადიან” გადაწყვეტას ექვემდებარება. საქართველოში იმის რეალური შესაძლებლობებია, რომ საკუთარი წარმოების მარცვლით მოსახლეობის 80%-იანი უზრუნველყოფის საკითხი უახლოეს წლებში გადაიჭრას. იგი თავისი მნიშვნელობით სიღარიბის დაძლევის ტოლფასია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხორბლის წარმოების გადიდებას, მისი მოსავლიანობის და ხარისხის ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორბლის წარმოებისთვის ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობებია, აგროტექნიკის ზოგიერთი საკითხის არასაკმარისი დამუშავება და კორექტირება საშუალებას არ იძლევა გამოვლინდეს ამ კულტურის პოტენციური შესაძლებლობა. წარმოებაში ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვის მიუხედავად, საშემოდგომო ხორბლის წარმოებისა და მოსავლიანობის დღევანდელი დონე ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. აღნიშნული კულტურის მოსავლიანობა უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში საშუალოდ 15-20 ცენტნერს არ აღემატება ჰექტარზე.
საქართველოში მარცვლეული კულტურების წარმოებაში ამჟამად გამოყენებული ტექნოლოგიები ჩამორჩება მსოფლიოს მიღწევებს. დარგის შემდგომი განვითარებისთვის პირველ რიგში საჭიროა, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, საფუძვლიანად გადაიხედოს აღნიშნული კულტურების მოვლა-მოყვანის არსებული ტექნოლოგიები.
შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს საშემოდგომო ხორბლის მოყვანის ახალ, არატრადიციულ მიდგომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ხორბლის ახალი ინტენსიური ჯიშების პოტენციური შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მიწისა და წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას და ამაღლებას და გარემო არის დაცვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია საშემოდგომო ხორბლის მოყვანის პრინციპულად ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ბაზოებზე მისი თესვის წესის გამოყენებით.
ბაზოებზე ხორბლის თესვის წესი, ანუ ხორბლის მოყვანა ბაზოებზე მწკრივების განლაგებით, პერსპექტიულ ტექნოლოგიად ითვლება. იგი შემუშავებული იყო მექსიკაში და ფართოდ იქნა გამოცდილი და დანერგილი თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ირანის, ეგვიპტის, ჩილეს და რამდენიმე სხვა ქვეყნის სარწყავ რეგიონებში. სამხრეთ აზიაში ამ მეთოდით სარგებლობენ უკვე 25 მილიონ ჰა-ზე, ჩინეთში 13 მილიონ ჰა-ზე და ა.შ.
მშრალ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კვლევის საერთაშორისო ცენტრთან (ICARDA) თანამშრომლობის პირობებში საქართველოში ჩავატარეთ ექსპერიმენტი საშემოდგომო ხორბლისა და ქერის ბაზოებზე თესვის წესის შესასწავლად.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საშემოდგომო ხორბლის ბაზოებზე მოყვანის თანამედროვე, მეცნიერებატევადი ახალი ტექნოლოგიის დამუშავება ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უფრო კონკრეტულად: საშ. ხორბლის მოყვანის ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებების — თესვის წესისა და ნორმის — კორექტირება, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვლინდეს ამ კულტურის პოტენციური შესაძლებლობა
კვლევის ობიექტად გამოყენებული იყო გარე კახეთის ზეგანის სარწყავი შავმიწა ნიადაგი (მ.საბაშვილის სახელობის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის სართიჭალის საყრდენი პუნქტი, გარდაბნის რაიონი).
ცდა დაყენებული იყო ორ მინდორზე შემდეგი სქემით:
- საშემოდგომო ხორბლის თესვა ტრადიციული წესით (არსებული აგროწესების მიხედვით). მწკრივთაშორის მანძილი 15 სმ, თესვის ნორმა 280 კგ/ჰა (ქარისმიერი ეროზიის ზონა). მორწყვა მთელ ფართობზე წყლის მიშვებით, მორწყვის ნორმა — 700 მ3; აზოტიანი სასუქების შეტანა ერთჯერად — მთლიანი დოზა ადრე გაზაფხულზე — ბარტყობის ფაზაში.
- საშემოდგომო ხორბლის ბაზოებზე თესვა — ბაზოს სიგანე 60 სმ, მასზე განლაგებული სამი მწკრივით (მწკრივთაშორის მანძილი 20 სმ); თესვის ნორმა 140 კგ/ჰა; მორწყვა — კვლებში წყლის მიწოდებით. მორწყვის ნორმა — 550 მ3; აზოტიანი სასუქების შეტანა სამჯერადად — მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით: გაზაფხულზე ბარტყობის, დათავთავების და რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ფაზებში.
თითოეული საცდელი მინდვრის ფართობი შეადგენდა 0,5 ჰა-ს; დათესილი იყო საშემოდგომო ხორბალი ჯიში — „უფხო-1“. საცდელი ნაკვეთის ნიადაგი ხასიათდება შემდეგი აგროქიმიური მაჩვენებლებით: ჰუმუსი 0-20 სმ სიღრმეში 3,8%; საერთო აზოტი, ფოსფორი და კალიუმი შესაბამისად 0,26; 0,11 და 0,98%; ჰიდროლიზური აზოტი – 5,2; მოძრავი ფოსფორი — 1,5 და გაცვლითი კალიუმი — 34 მგ/100 გ. ნიადაგზე; pH (H2O) — 7,8; CaCO3 — 3,5%; მინერალური სასუქები ორივე მინდორზე ყოველწლიურად შეიტანებოდა ერთნაირი დოზით — N90P120K90კგ/ჰა;
ბაზოებზე თესვის შემთხვევაში უკეთესია სხვა აგრონომიული მაჩვენებლებიც: მცენარის სიმაღლემ შეადგინა — 106 სმ; თავთავის სიგრძემ — 12 სმ; თავთავში მარცვლის რაოდენობამ — 49,5 ცალი; 1000 მარცვლის წონამ — 48,5 ნაცვლად — 100; 11,1; 47,0 და 47,1-ისა შესაბამისად ტრადიციული წესით თესვის შემთხვევაში.
მარცვლის მოსავლის მიხედვით შესადარებელ ვარიანტებს შორის სხვაობა დიდი არ არის. ბაზოებზე მოსავალმა შეადგინა 42,2 ც/ჰა, რაც 0,7 ცენტნერით აღემატება ტრადიციული თესვის პირობებში მიღებულ მოსავალს.
თესვის ნორმის 140 კილოგრამამდე შემცირების პირობებში მიღებული თანაბარი მოსავალიც კი ფერმერების მხრიდან აღნიშნული ტექნოლოგიით დაინტერესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სათესლე მასალიდან დაზოგილი რესურსები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა საჭიროებებზე — სასუქების შეძენაზე, მავნებლებისა და დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვის საშუალებებზე და ა.შ.;
მიღებული ორწლიანი ცდის შედეგები მიუთითებენ ბაზოებზე თესვის წესის უპირატესობაზე ტრადიციული თესვის წესთან შედარებით. საშემოდგომო ხორბლის მოყვანის ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებების — თესვის წესისა და ნორმის — კორექტირება საშუალებას გვაძლევს გამოვლინდეს ამ კულტურის პოტენციური შესაძლებლობა.
აღნიშნული ტექნოლოგიის პრაქტიკული განხორციელება უზრუნველყოფს:
— საშემოდგომო ხორბლის თესვის ნორმის შემცირებას (40-50 %-ით); სარწყავი წყლის ეკონომიას (30-40%-ით); მორწყვის გაადვილებას და „ირიგაციული ეროზიისგან” ნიადაგის დაცვას. მცენარის კვების არის ფართობის, ბარტყობის კოეფიციენტის, თავთავში მარცვლის რაოდენობის და კონდიციური თესლის გამოსავლიანობის გაზრდას; რიგთაშორისებში კულტივაციის ჩატარების შესაძლებლობას, რაც განაპირობებს სარეველა მცენარეების კონტროლს ჰერბიციდების გამოყენების გარეშე (ან მათი შემცირებული დოზით გამოყენებას); ნიადაგის გაფხვიერებას, მცენარის ფესვთა სისტემის უკეთ განვითარებას და მაღალი მოსავლის მიღებას; მინერალური სასუქების წილადობრივად, მცირე დოზებით შეტანას ოპტიმალურ ვადებში და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით (ცილებისა და წებოგვარას მაღალი შემცველობით).
ახალი ტექნოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს მისი მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობა, რაც განპირობებულია: ერთის მხრივ, საშემოდგომო ხორბლის მოვლა-მოყვანის შედარებით იაფი ტექნოლოგიით და მეორეს მხრივ, მცირედ, მაგრამ, მაინც გაზრდილი მოსავლით (5-7ც/ჰა) და, რაც მთავარია, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე მარცვლის მაღალი სარეალიზაციო ფასებით. სუფთა მოგება ყოველ ჰექტარ ფართობზე ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში დაახლოებით ორჯერ მეტია ტრადიციული წესით თესვის ტექნოლოგიასთან შედარებით.
ბაზოებზე მარცვლეულის თესვის ჩასატარებლად შესაძლებელია დღეისათვის ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მარცვლეულის სათესი აპარატის და კულტივატორის მოდერნიზაცია მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების საფუძველზე. დანარჩენი სამექანიზაციო საშუალებების მოდერნიზაცია (მათ შორის არც კომბაინის) საჭირო არ არის. თუმცა, უმჯობესია ბაზოებზე სათესი სპეციალიზებული სტანდარტული აპარატის შემოტანა, რომელსაც სერიულად უშვებს ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სატრაქტორო ქარხანა.
♦ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება წარმატებით შეიძლება ქერის, შვრიის, სოიას, სიმინდის, ლობიოს და ა.შ. მოსაყვანად.
♦ განსაკუთრებით ეფექტურია ბაზოებზე თესვის ტექნოლოგიის დანერგვა მეთესლეობაში და მცირე ფერმერულ მეურნეობაში.
ჩვენს მიერ გათვალისწინებული იყო ამ მიმართულებით უფრო ღრმა, კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება ბაზოებზე სპეციალიზებული სტანდარტული სათესის გამოყენებით (სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გაღრმავება აგროტექნიკის და აგროქიმიის მიმართულებით). სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2009 წლიდან დაწყებულმა რეორგანიზაციამ აგრარული პროფილის სხვა ინსტიტუტებთან ერთად იმსხვერპლა ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების პრობლემებზე პროფილირებული, სოფლის მეურნეობის წარმატებული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მ.საბაშვილის სახელობის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თავისი ექსპერიმენტული ბაზებით. შედეგად, რა თქმა უნდა, შეწყდა ყოველგვარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაც. მოხარული ვიქნებით თუ ბაზოებზე თესვის ტექნოლოგიის დანერგვით დაინტერესდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ახალი ტექნოლოგია, რომელიც უნიკალურია თავისი შედეგებით სულ უფრო და უფრო მეტ ფერმერს დააინტერესებს, სტიმულს მისცემს მათ გაზარდონ მარცვლეულის ნათესი ფართობები.
მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიაზე გადასვლა გარდაუვალად აუცილებელია. მისი განხორციელება უნდა მოხდეს თანდათანობით, მაგრამ არა ძალიან გაჭიანურებულ დროში. იგი თანამედროვე, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიაა და მაღალმწარმოებლური ტექნიკის გამოყენების პირობებში მარცვლეულის დარგის წარმატების უტყუარი გარანტიაა.
გოგოლა მარგველაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიული განყოფილების აკადემიკოს-
მდივანი, აკადემიკოსი.