ქეთო ნინიძის საოჯახო მარანი
გზადაა. წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებამდე ‒ მარტვილის კანიონამდე.
რა გვხვდება? ტიპური მეგრული ოდა, დიდი ეზო, ფაცხა, ეთნოგრაფიული რეკვიზიტები, ეზოში ჩამომავალი ჩანჩქერი, საცხოვრებელ სახლში განთავსებული მარანი და საოჯახო რესტორანი. ეზოში ვსხდებით, რა თქმა უნდა. ქათმები, ძაღლი, ხეხილი, სოფლის იდილიური განწყობა და სიმშვიდე მოულოდ ნელ სენტიმენტებს აღგვიძრავს, გვერდით მაგიდაზე ელარჯისა და გებჟალიის მომლოდინე ჰოლანდიელ ტურისტებს კი უფრო მეტადაც აფორიაქებს.
ქეთო ნინიძე ‒ აქაურობის ავტორი ‒ პროფესიით ლიტერატორია. ათი წლის განმავლობაში, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად, მისი პუბლიკაციები, სტატიები და რეცენზიები სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემასა და ლიტერატურულ ჟურნალში იბეჭდებოდა. მუშაობდა განათლების სფეროშიც, რამდენიმე მიმართულებით. 2016 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისიდან მარტვილში გადავიდა და წინაპრების აშენებულ მეგრულ ოდას ახალი სიცოცხლე და შინაარსი გამოუგონა.
ღვინის ბლოგერობიდან – ნამდვილ ღვინომდე
„მარნის იდეა ასე გაჩნდა: 2015 წელს აქტიურად ჩავები ღვინის ჟურნალისტიკასა და ბლოგინგში. საქართველოს ღვინის კლუბისთვის ყოველდღიურად ვწერდი ანალიტიკურ სტატიებს, ახალ ამბებს, ინტერვიუებს, ბლოგებს, ღვინის პორტრეტებს. ვუძღვებოდი პროექტს ‒ „ღვინის დღიურები“. გარდა ამისა, 2012 წლიდან ჩემს მეუღლეს მეგობრებთან ერთად დაარსებული ჰქონდა საკუთარი ღვინის კომპანია, და მისგანაც ხშირად მესმოდა ამ თემებზე.
ღვინოზე წერას ძალიან სერიოზულად მოვეკიდე. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც დიდ სიხარულს მანიჭებდა და საოცარ ინტერესს აღმიძრავდა. ამიტომ, გარდა ლიტერატურისა, რომელსაც ვეცნობოდი, გადავწყვიტე, სპეციალური საგანმანათლებლო კურსის საშუალებით უფრო ფართო წარმოდგენა შემექმნა მეღვინეობის მსოფლიო გამოცდილების, დარგში მიღებული კონვენციური და არაკონვენციური მიდგომების შესახებ. ამ მიზნით საქართველოს ღვინის სკოლას მივმართე, სადაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ენოლოგები მასწავლიდნენ ‒ ანა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა, ლევან მეხუზლა და სხვები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რამაც გლობალურ კონტექსტში დამანახა საქართველოს მეღვინეობის აქტუალური და სამომავლო პერსპექტივები.
რაც მეტ ცოდნას ვიღებდი ღვინოზე, მით მეტი სურვილი მიჩნდებოდა არა მხოლოდ წერაში, ღვინის წარმოებაშიც მეცადა ბედი. ჩემს მოტივაციას აძლიერებდნენ ჩემი უფროსი მეგობრები ‒ ნატურალური ღვინის მწარმოებლები ‒ რამაზ ნიკოლაძე, ჯონ უერდემანი, იაგო ბიტარიშვილი, სოლიკო ცაიშვილი და სხვები, რომლებმაც თბილისში, პირველი ნატურალური ღვინის ბარი ‒ ღVino Underground ‒ დააარსეს. მათ მე და ძალიან ბევრ ახალგაზრდას მოგვცეს ბიძგი,
გაგვეშენებინა დავიწყებული ქართული ჯიშები. ღVino Underground-ს მოჰყვა „აზარფეშა”, g.Vino ‒ ნატურალური ღვინის რესტორნები და ბარები, რომელთა არსებობა ცხადი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ოჯახური ღვინის წარმოება თავისუფლად შეიძლებოდა რენტაბელურ ბიზნესად გარდაქმნილიყო.
მეღვინეობა 2015 წელს, ერთი 300-ლიტრიანი უჟანგავი ავზითა და 500 კგ. შეძენილი ყურძნით დავიწყე, საიდანაც 200 ბოთლი „შიშველი ოჯალეში“ ‒ თეთრი (ჭაჭის გარეშე დაყენებული) ოჯალეში გამოვიდა. მეღვინეობის აღჭურვილობა ჩემი მეუღლის საწარმოდან ვითხოვე. სამაგიეროდ, პირველივე მოსავლის ღვინოზე მივიღე ორი საექსპორტო ბაზრიდან შეკვეთა. მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შევძელი, რადგან ის მცირე რაოდენობა, რაც ჩამოვასხი, თბილისის ღვინის ბარებში თითქმის გაყიდული იყო. მეორე მოსავლის ღვინო ‒ ვარდისფერი ორბელური ოჯალეში კი ექსპორტზე გავიდა ამერიკაში და სან-ფრანცისკოს ნატურალური ღვინის ბუტიკურ ბარებში იყიდება.
ვენახში, ძირითადად, მე ვმუშაობ. გარკვეული პერიოდი, როცა რესტორნის საქმეების გამომოუცლელი ვიყავი, ჩემი მამამთილი მეხმარებოდა ხოლმე. ღვინოს იმდენი სამუშაო არ სჭირდება, რამდენიც ვენახს, რადგან ჩემი ღვინოები ნატურალურია და აქ ადამიანის ჩარევა თითქმის გამორიცხულია. საერთოდ, ბუნებრივი ღვინის გასაღები-ვენახია ‒ ტერუარი, მოვლის მეთოდი, ფილოსოფია…
ორგანული მევენახეობა და ნატურალური მეღვინეობა ნორმირებულ მეთოდებს კი არ ეფუძნება, ‒ თუ როგორ გასხლა ვაზი, ან მოუარო ახალშენს, არამედ ‒ საკუთარ გამოცდილებას, პრაქტიკას. სწორედ ამიტომ ფასობს ხელქმნილი ღვინო უფრო მეტად ‒ ყველაზე ძვირფასი, რაც პროდუქტის მიღმა დგას, წლების, ათწლეულების, თაობათა გამოცდილებაა. ამ საქმეში მე დამწყები ვარ, თუმცა ვაწარმოებ დღიურებს, ვცდილობ, გამოცდილებით ვისწავლო და წიგნიერმა ცოდნამ, რომელიც ასევე სასარგებლოა, არ შემიშალოს ხელი ბუნების ენის, მისი კანონ- ზომიერებების აღქმაში.“
საოჯახო რესტორანი „ოდა“
„თუკი მარანი 2015 წელს დაარსდა, მის ბაზაზე ღვინის რესტორანი 2017 წლის მაისში გაიხსნა. სტუმრებს ღვინის დეგუსტაციასა და სადილს ვთავაზობთ. მენიუ, ცხადია, ტრადიციულ, ავთენტურ მეგრულ სამზარეულოს მოიცავს.
ჩვენს საკუთარ მცირე მეურნეობაში მოგვყავს ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილეული და სხვა. ჩვენსავე ფაცხაში ვბოლავთ ყველს და გვიანი შემოდგომის სეზონიდან იხვისა და კუპატის შებოლვასაც ვაპირებთ.
მაქსიმალურად ვიზიარებთ ეკოლოგიის პრინციპებს: ჩვენს მეურნეობაში ვცდილობთ, ზიანი არ მივაყენოთ ბუნებას ‒ არ ვიყენებთ პესტიციდებს, ჰერბიციდებსა და სასუქებს.
პროდუქტები, რომლებიც თავად არ მოგვყავს, ვცდი ლობთ, იმ ადამიანებისგან შევიძინოთ, ვისაც მცირე საწარმოები, ან ოჯახური მეურნეობები აქვთ და სუფთა ეკოლოგიური პროდუქტი მოჰყავთ. სამწუხაროდ, სრული სამზარეულოს ორგანული პროდუქტებით შევსება დღეს შეუძლებელია, თუმცა ის კი ნამდვილად შეიძლება, რომ კერძები სოფლის პროდუქტებისგან მოვამზადოთ, რომლებსაც კონსერვანტები და სხვადასხვა ტიპის დანამატი არ აქვს. უკვე გვყავს რძის პროდუქტების, ბოსტ ნე უ ლის, ხორცის, თევ ზის, თაფლის, ფქვილის სტაბილური მომწოდებლები, რომელთაგანაც ხარისხის გარანტია გვაქვს.
რესტორანში ჩემი ღვინოების ‒ თეთრი მშრალი ოჯალეშისა და ვარდისფერი ორბელური ოჯალეშის გარდა, ჩემი მეუღლის კომპანიის ‒ „ვინო მარტვილის“ ღვინოებსაც დააგემოვნებთ ‒ 2015 წლის ცოლიკაურს ‒ სამეგრელოდან, 2016 წლის „ცოლიკაურსა“ და „კრახუნას“ ‒ იმერეთიდან, 2015 და 2016 წლების „ორბელურ ოჯალეშს“ ‒ ლეჩხუმიდან.
სადღეგრძელოში „გამოკეტილები“
„რესტორანი წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობს, მარანში სტუმრობა და ღვინის დეგუსტაცია კი დაჯავშნის გარეშეცაა შესაძლებელი. ამგვარ სპონტანურობას, ერთი მხრივ, დიდი ხიბლი აქვს ‒ მოულოდნელი სტუმრები, საინტერესო ახალი, ცოცხალი ურთიერთობები… მეორე მხრივ, სახლი, სადაც ორი პატარა ბავშვი ცხოვრობს, მუდმივად მოწესრიგებული უნდა იყოს, ‒ სტუმრების მიღების რეჟიმში, რომელთაგან ბევრს თავისი, სპეციფიკური მოლოდინი აქვს. ამ მოლოდინის გამართლებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ამას თან ერთად, გვაქვს უზარმაზარი ეზო ‒ ყვავილები, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და, რა თქმა უნდა, ვენახი. ამ ყველაფრის მოვლას დიდი ფიზიკური შრომა სჭირდება. შესაბამისად, ჩემი რეჟიმიცა და ცხოვრების სტილიც მარტვილში გადასახლების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა, განსაკუთრებით, ტურისტულ სეზონზე ‒ მაისიდან ოქტომბრამდე.
რაც შეეხება არატურისტულ სეზონს, ამ პერიოდში ჩემს მეორე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ‒ წერას ვუბრუნდები. ვწერ სხვადასხვა ჟურნალისთვის. სულ მალე ღვინოზე ჩემი ნაწერების წიგნად შეკვრას ვაპირებ. ამ ტიპის გამოცემებზე დიდი მოთხოვნაა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, საუკეთესო ბალანსია ცხელ სეზონზე ვენახთან, ღვინოსთან, სტუმრებთან აქტიური მუშაობა, გვიან შემოდგომასა და ზამთარში კი ბუხრისა და წითელი ღვინის ეშხით, ამ გამოცდილებების რეფლექსია.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის პროექტის მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, ოჯახურ „მოედანზე“ ბიზნესის კეთება ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა. ჩვენ, ქალებს, კულტურა ასეთ მოცემულობას გვთავაზობს ‒ კი, ბატონო, გქონდეს საყვარელი საქმე, იყავი წარმატებული ამ საქმეში, მაგრამ, პირველ რიგში, დაწკრიალებული სახლი, ლამაზად დავარცხნილი ბავშვები, ცხელი კერძი, ფორმაში ყოფნა ‒ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას.
რა თქმა უნდა, კარგია, რომ წრე გაირღვა და ქალი საზოგადოებრივად გააქტიურდა, თუმცა ამ პროცესს იმ მოდელების რღვევა თუ არ მოჰყვა, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი, ქალს ორ ფრონტზე თანაბრად ბრძოლა მოუწევს. ეს მას ცხოვრებას კი არ შეუმსუბუქებს, არამედ უამრავ დამატებით ტვირთს აჰკიდებს.
სოციალური საკითხი პირველი მოსავლის ღვინის ეტიკეტზეც გამოვიტანე. მასზე ორი ქალია გამოსახული. ერთი ვაზითაა გარშემორტყმული და როგორც ბუნების ნაწილი, მასთანაც და საკუთარ თავთანაც ჰარმონიაშია, მეორე კი ‒ „გათლილ“ ჭიქაში, როგორც გალიაშია გამომწყვდეული. ეს ქალთა თავისუფლების შეზღუდვის მეტაფორაა. ისინი ხომ ძალიან ხშირად სადღეგრძელოებში არიან „გამოკეტილნი“, ანუ იმ ველში, რა მოედანსაც მათთვის მამაკაცები შემოსაზღვრავენ. ამ მეტაფორის ექსპლიკაცია კი ასე ჟღერს, „ტერუარი VS ტერორი“, ანუ სილაღე, თავისუფლება, ბუნებრიობა VS შევიწროება და შეზღუდვა. ამ ეტიკეტმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ამერიკელ იმპორტიორებსა და სომელიეებს შორის. არაერთმა მათგანმა Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებზე ატვირთა ჩემი ეტიკეტის ფოტოები, ძალიან სასიამოვნო გამოხმაურებებით.“
მომავლის იარმარკები
„არაერთი პროფესიონალი მიიჩნევს და ჩემმა გამოცდილებამაც მაჩვენა, რომ საქართველომ ინვესტიცია უნდა ჩადოს არა მასობრივ ტურიზმში, არამედ ეკოტურიზმში, აგროტურიზმში, რომლებიც მცირე, ორგანული, საოჯახო მეურნეობების ბაზაზე იქნება დაშენებული. ეს მნიშვნე ლოვნად გააძლიერებს სოფელს, ახალგაზრდებს რეგიონებში დაა ბრუნებს და მათ, ვინც სოფლად ცხოვრების უპერსპექტივობის გამო ქალაქში გადასახლებას გეგმავს, მოტივაციას გაუჩენს.
სამომავლოდ მეღვინეობის გაფართოებას როგორც რაოდენო ბრივი, ისე ‒ ჯიშური დივერსიფიკაციის თვალსა ზრისით ვგეგმავ. გაისად პატარა საკოლექციო ვენახს გავაშენებთ, სადაც სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრიდან მიღებულ მეგრულ და აფხაზურ ვაზის ჯიშებს დავრგავთ. პარალელურად, ვაგრძელებ იშვიათი ქართული ჯიშების მოსავლიდან სხვადასხვა მეთოდით ღვინის წარმოებას.
ვცდილობთ, ისეთი ღონისძიებები შევთავაზოთ სტუმრებს, სადაც ისინი უშუალოდ დააკვირდებიან მზადების პროცესს, ან თავად ჩაერთვებიან კერძის (ელარჯი ტაბაკზე, ჩურჩხელა) მომზადებაში. ამჟამად ვმუშაობ ფოლკლორული პერფორმანსის პროექტზე, რომელშიც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი სოფლებიდან და სიმღერა, ცეკვა, თამაშები, შაირები იქნება გაერთიანებული. ამ აქტივობაში სტუმრებიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც, ვფიქრობ, უფრო სიღრმისეულად გააცნობს მათ სამეგრელოს, გაახალისებს და, რაც მთავარია, ამ გამოცდილებას დიდხანს აღბეჭდავს მათ მეხსიერებაში.
სტუმრები ძალიან ხშირად გვთხოვენ სოფლის პროდუქტების მიწოდებას, საიდანაც ჩვენს ფართო ეზოში სოფლის პროდუქტების იარმარკის მოწყობის იდეა გაჩნდა. აქაც გაერთიანებული იქნება სანახაობრივი, კარნავალური ელემენტები და სტუმრები ჯანსაღი მეთოდებით მოყვანილ ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს და ხელნაკეთ ნივთებს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეიძენენ, ექნებათ მეწარმესთან გასაუბრების, კითხვების დასმის საშუალება, რათა დარწმუნდნენ, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის პროდუქტი მათ მოთხოვნას.“
მეწარმის დღიურებიდან
„რა მეხმარება საქმეში? პირველ რიგში, საყვარელი საქმე, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის ვნება, იდეა ‒ მის მიმართ ინტერესი. უნდა გჯეროდეს ამ იდეის, რომ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება შეძლო. მარტვილში ჩვენს გადასახლებას თბილისში ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. ბევრს ღიმილს ჰგვრიდა ჩემი და ჩემი მეუღლის ჟინი, ‒ წინაპრების ოდა კი არ დაგვენგრია და მის ადგილას ახალი უფრო კომფორტული სახლი კი არ აგვეშენებინა, არამედ ‒ არსებული რესურსები გამოგვეყენებინა და ახალი სული შთაგვებერა საუკუნოვანი კედლებისთვის.
მეორე მხრივ, შეუპოვარი ხასიათი. არასდროს ვცდილობ, მოვერგო ადგილებს, გარემოებებსა და გარკვეულწილად, სტანდარტებს, რაც შემოქმედებითობას დამიქვეითებს და ამა თუ იმ ახალი იდეის მიმართ სკეპტიციზმს შემძენს.
საერთოდ, უფრო რაციოს ვემორჩილები, ვიდრე ‒ ინტუიციას. ამიტომ ნაკლებად ვრისკავ. თან ჯერ, ფაქტობრივად, სტარტაპერი ვარ და ვიცი ნებისმიერი არასწორი გათვლა შეიძლება ფინანსური თვალსაზრისით ფატალური აღმოჩნდეს. მოტივაციას მაძლევს ძალიან ბევრი რამ, ნებისმიერი ცხადი და ხელშესახები შედეგი ‒ ნამყენზე ამოზრდილი მორჩიდან, დილაადრიან აღმოჩენილი თბილი კვერცხიდან ‒ იმპორტიორების მაღალ შეფასებამდე. ყველაზე მოტივირებული მაშინ ვარ, როცა მადლიერების გრძნობით ვივსები, ასეთ დროს ახლის შექმნის დიდ შესაძლებლობებს ვგრძნობ და უამრავი საინტერესო იდეა ჩნდება.“
ფოტო: ანა ბოკო, ნინა ბაიდაური