კაკლის მყნობის სხვადასხვა მეთოდი
მყნობის, ანუ მცენარის ვეგეტაციური გამრავლების დროს ნამყენი იმეორებს დედის, ანუ სანამყენე ხიდან აღებული კვირტის თვისებებს. გადახრა, თითქმის არ არსებობს, ან სრულიად უმნიშვნელოა.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენში კაკალი ძველთაგანვე ძალიან პოპულარული საკვები პროდუქტია, კაკლის მყნობის შემთხვევები აღრიცხული არ არის, მაშინ როცა სხვა ხეხილთან ერთად, წაბლის მყნობის მაგალითებიც კი არის შემორჩენილი. ვფიქრობ, ეს, კაკლის კვირტის სწრაფი დაჟანგვით, რაც დღესაც, კაკლის მყნობის დაბალი შედეგის მიზეზია.
დღეს უკვე მსოფლიოში კაკლის მყნობის რამდენიმე მეთოდი არსებობს: მილისებრი, ფარისებრი, კვირტით და ე.წ. ვაზისებრი.
კაკლის დასამყნობად შექმნილა სპეციალური სამარჯვები და ხელსაწყოები.
გასული საუკუნის 70-იან წლებში მოლდავეთში დაამუშავეს კაკლის ვაზისებურად მყნობის მეთოდი, რამაც. კარგი შედეგი გამოიღო. აღნიშნული მეთოდით მყნობისთვის მოლდავეთში მაშინ საჭირო ხელსაწყოც კი შეიქმნა. აღნიშნული მყნობის შედეგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კაკლის ნამყენი ნერგი, თესლისგან ამოსული ნერგისგან განსხვავებით (მსხმოიარობის დასაწყებად სჭირდება 8-10 წელიწადი) მე-2, მე-3 წელიწადს მსხმოიარობს. ამასთან ნამყენის მსხმოიარობა თავიდანვე ინტენსიურია, როცა თესლიდან ამოსული ნერგის უხვმოსავლიანობა 20-30 წლის შემდეგ იწყება და 100-150 წელს გრძელდება. ნამყენისთვის მსხმოიარობის ხნოვანების ზედა ზღვარი დადგენილი არ არის.
საქართველოში კაკლის მაღალხარისხიანი ხეების გამოვლენის მიზნით 1957-1958 წლებში ჩატარდა და შედგა აპრობირებული სათესლე და სადედე ხეების ნუსხა, რომელზედაც სანამყენედ უნდა დამზადებულიყო დასათესი ნაყოფი და კალმები. გამოვლინდა მაღალხარისხიანი 82 ძირი კაკლის ხე, ყველაზე მეტი რაჭაში _12 და საჩხერის რაიონში _ 14 ძირი.
საქართველოში კაკლის კვირტით, მილისებრი და ფარისებრი მეთოდით ამყნობენ ივლის-აგვისტოში. ამ პერიოდში დამყნილი და გახარებული კვირტები ორი-სამი კვირის შემდეგ იწყებს ზრდა-ვეგეტაციას და კვირტიდან გამოსული ნაზარდი 10-15 სმ. აღწევს, ასწრებს მომწიფებას და ადვილად იტანს გამოზამთრებას.
მყნობამდე წარმოებს საძირეების და სანამყენე მასალის მომზადება. მყნობისთვის ვარგის მასალად ითვლება ერთწლიანი ნაზარდი, რომლის ძირის სისქე (დიამეტრი) უნდა იყოს არანაკლებ 10-12 სანტიმეტრი. თუ ერთწლიანი ფესვ-ნერგის დიამეტრი ნაკლებია, გამოიყენება წინა წლების 2-3 წლის ნაზარდები, რომლებიც შემოდგომა ან ადრე გაზაფხულზე მიწისპირზე უნდა გადაიჭრას. თუ ფესვის ყელიდან რამდენიმე ნაზარდი წამოვიდა, საჭიროა ერთ-ერთი მათგანის, ყველაზე ძლიერის დატოვება. სანერგის კარგად მოვლის პირობებში, დარჩენილი ღერების დიამეტრი სასურველი 10-12 სმ. დიამეტრი იქნება.
სანამყენე კვირტების დასამზადებლად, საჭიროა სადედე ხეები შეირჩეს ახალ-გაზრდა 30-40 წლის კაკლებზე, ხოლო უფრო ხნიერების (80-100 წ.), საჭიროა წინასწარი გაახალგაზრდავება, ტოტების შეჭრა, გადაბელვა.
სანამყენედ შერჩეული კალმის სისქე უნდა იყოს საძირის სისქის თანაბარი, ან 2-3მმ-ით მეტი. მყნობის წინ, საძირე კარგად უნდა გასუფთავდეს.
მყნობის პროცესში აჭრილი მილი კალმიდან საძირეზე სწრაფად უნდა იქნეს გადატანილი, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კაკლის მერქანი სწრაფად იჟანგება. ჩვენთან აღნიშნული მყნობის შედეგები მეტისმეტად დაბალი იყო. ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტის მიერ „წითელი ხიდის“ სატყეო სასელექციო სანერგე მეურნეობაში გაშენდა ორანჟერია, კვალსათბურები და დაიწყო საქართველოში პირველად ვაზის მყნობის მეთოდით კაკლის და შემდეგ თუთის („საქართველო“) მყნობა. შედეგი შთამბეჭდავი გამოდგა, კაკლის 30-35 %, ხოლო თუთის 80-90% ნამყენმა იხარა. ამასთან ბატონმა გივი ვაწაძემ (სადგურის მაშინდელი დირექტორი) დაამუშავა და 1976-77 წლებში ქართულ და რუსულ ენებზე გამოსცა კაკლისა და თუთის კალმით მყნობის ინსტრუქცია.
საქართველოში ნამყენი კაკლის ნერგები სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტმა 1971-72 წლებში შემოიტანა ბულგარეთიდან, რომლებიც დაირგო აფხაზეთის ჯიშთა გამოცდის სადგურის ფართობებზე. ორი წლის შემდეგ ნერგები გადაიტანეს ზრდა-განვითარებაზე დაკვირვები მიზნით, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ინტენსიურად მიმდინარეობდა, მაგრამ ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, როგორც ადგილობრივ, ისე შემოტანილ ნერგებზე ყოველგვარი დაკვირვება შეწყდა.
საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტის „წითელი ხიდის“ სატყეო-სასელექციო სანერგეში პირველად საქართველოში დაიწყო კაკლის სხვადასხვა მეთოდებით მყნობა სახვა მეთოდებთან ერთად. ვაზის მყნობის მეთოდით მყნობა ტრადიციულად ზამთარში, ან ადრე გაზაფხულზე, როცა მცენარე ისვენებს, ან იწყება წვენის მოძრაობა. მყნობა ტრადიციულად სადგურში, რომელშიც დაცული იყო მუდმივი ტემპერატურა (26-270C) და ჰაერის ტენიანობა (80-85%). მყნობის ადგილზე შეხორცება და კულისის წარმოქმნა იწყება მე-8, მე-9 დღეს და მთავრდება მე-15, მე-16 დღეს. გარემო პირობებთან შეგუების მიზნით ნამყენით სავსე ყუთები გააქვთ სათბურთან არსებულ ფარდულში 15-160C ტემპერატურაზე 3-5 დღით, ხოლო შემდეგ კვალსათბურებში რგავენ 20×20 სანტიმეტრის განლაგებით და ზემოდან აფარებენ პოლიეთილენის ფირს, ან საჩრდილებელ ფარებს. კაკლის სამყნობი ყუთების ზომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ვაზის სამყნობი ყუთებისგან. წარმოგიდგენთ კაკლის სანამყენე ყუთის სქემატურ ნახაზს და მის ზომებს.
სამყნობ საძირეებად გამოიყენება ერთი ან ორწლიანი კაკლის თესლნერგები, რომლის დიამეტრი ფესვის ყელიდან 5-7 სანტიმეტრი, ხოლო მალა შეადგენს 8-14მმ. ამ ადგილზე წარმოებს ვაზისებრი მყნობა.
სანამყენედ თესლნერგების ამოღება ხდება დიდი სიფრთხილით, რომ არ დაზიანდეს ფესვთა სისტემა, განსაკუთრებით საშიშია გაგანიერებული სტაფილოსმაგვარი ღერძულა ფესვის დაზიანება, რადგან მისი დაზიანეა იწვევს ფაშარი მერქნის დალპობას, რის გამოც, სულ მალე, რამდენიმე წელიწადში, შეიძლება ნამყენი ნერგი დაიღუპოს.
ამოღებული საძირეები იმარხება ღრმად, ზემოდან ეყრება მიწა, მოიტკეპნება და ზამთარში ზემოდან 30-40 სმ სისქეზე ეფინება ნამჯა, ან თივა.
მყნობის წინ თესლნერგები ხარისხდება, მყნობისთვის ვარგის ფესვნერგს შეეჭრება გვერდითა ფესვები, ზოგჯერ თესლნერგს სამი-ოთხი ღერძულა ფესვი აქვს, რომლისგანაც იგი უნდა განთავისუფლდეს, დარჩეს მხოლოდ ერთი.
კვალსათბურიდან ნამყენი კაკალი მუდმივ ადგილზე გადასარგავად ვარგისია შემდეგი წლის შემოდგომისთვის.
/ტრისტან ჩერქეზიშვილი/,
საქართველოს დამსახურებული მეტყევე