აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

 7 დღეში მარცვლეული და პარკოსანი კულტურებისგან  საკვები მწვანე მასის უწყვეტი წარმოების ტექნოლოგია 

                ტექნოლოგია რომლითაც 7 დღეში შესაძლებელია მიიღო მწვანე საკვები მასა უკვე დიდი ხანია არსებობს. მსგავს ტექნოლოგიას საბრძოლო ცხენების, სპილოების და მერძეული პირუტყვის გამოსაკვებად და სამკურნალოდ ლაშქრობებში ალექსანდრე მაკედონელიც იყენებდა.

ეს ტექნოლოგია უახლოეს წარსულში საქართველოს მეცხოველეობის კომპლექსებშიც წარმატებით გამოიყენებოდა.მისი დადებითი მხარე არის ის, რომ დახურულ სივრცეში, იგი ფერმერს საშუალებას აძლევს, ძვირფასი მწვანე საკვები მასა ნიადაგში დაუთესავად დახურულ ან ღია სათავსოებში შვიდ დღეში მიიღოს.

ამ ტექნოლოგიით მწვანე საკვები მასის მისაღებად საჭიროა სუფთა წყალი, ქერის, შვრიის, ბარდას,სიმინდის, სოიოს, შვრიის, ხორბლის და ა.შ. უმეტესად საგაზაფხულო კულტურების მარცვალი, ან მათი ნარევები.

ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ფერმერებმა მთელი წლის განმავლობაში, არახელსაყრელი კლიმატური და ბუნებრივი პირობების მიუხედავად, ყოველდღიურად სტაბილურად მიიღონ  მწვანე საკვები მასა.

მეწველი  პირუტყვის გარდა, ასეთ საკვებს უმზადებენ სპორტულ ცხენებს, ზოოპარკების ბინადრებს, ფრინველებს, ბოცვრებს და სხვა.

დამწყები მეწარმეები ამ მიზნისათვის ხშირად პოლიეთილენის ფირით გადახურულ ხის, პლასტიკურ ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებულ ცელოფნის ან შუშის თაროებიან სათბურებს იყენებენ.

13 მეტრის სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის ასეთ მარტივ სათბურში ყოველ კვადრატულ მეტრ ფართობზე 9 კილოგრამი ნედლი მწანე მასის მიღება შეიძლება, სულ სათბურიდან კი დღეში _1,2  ტონისა. ეს რაოდენობა საკმარისია, რათა მწვანე საკვებით  120 მსხვილფეხა პირუტყვის მოთხოვნილება დააკმაყოფილო. საკვების ეს რაოდენობა ასევე საკმარისია 1500 ცხვრის ან 500 ღორის გამოსაკვებად. ამასთან აღსანიშნავია, რომ ერთი ტონა მწვანე მასის მისაღებად საშუალოდ 500–700 ლიტრი წყალი იხარჯება, სიმინდის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2-3 ჯერ უფრო ნაკლებია და 200-300 ლიტრს უტოლდება.

130 კვადრატული მეტრის სათავსოდან წელიწადში მიღებული ამ რაოდენობის მწვანე მასა შეესაბამება  120 ჰექტარზე მიღებული მოსავლის ტოლფარდია. ეს კი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და არა მარტო მათთვის, ძალზედ ეფექტიანი ტექნოლოგიაა.

ბუნებრივია, ამ ტექნოლოგიით მიღებული მწვანე საკვების დანიშნულება არ არის პირუტყვის რაციონში მთლიანად ჩაანაცვლოს მშრალი და უხეში საკვები. თუ ფერმერმა გადაწყვიტა, რომ ცხენების, მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის რაციონში შეიტანოს ეს საკვები, მაგალითად,  ქერის მწვანე მასა, მაშინ მისმა დღიურმა ნორმამ  ცხოველის ან ფრინველის წონის 3–3,5 %-ზე მეტი არ უნდა შეადგინოს.

გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ თუ სასუქი მოზარდის კვებაში გამოიყენება  რაფსი, თივა და ქერის მწვანე მასა (3,75 კგ დღეში), მაშინ დღეღამური მატება 41 %–ით მეტია, ვიდრე მხოლოდ რაფსითა და თივით კვების შემთხვევაში.

ამ ტექნოლოგიით მიღებული  ქერის მწვანე მასა შეიცავს 23 ჯერ მეტ ვიტამინ A–ს ვიდრე სტაფილო, 22–ჯერ მეტ B ვიტამინს, ვიდრე სალათის ფოთლები, 14–ჯერ მეტს C ვიტამინ, ვიდრე ციტრუსოვნები.

კალციუმის შემადგენლობა 0,15 %–ია, კალიუმის _ 0,24, მაგნიუმის–0,46, ფოსფორის–0,46, გოგირდის–0,28, ბორის–22 მგ/კგ–ში, მარგანეცის –37, ცინკის – 40.

აღსანიშნავია, რომ მარცვალთან შედარებით  მწვანე მასაში პროტეინის შემცველობა ორჯერ იზრდება, კალციუმისა – 5–8 ჯერ, საკვები მდიდრდება კაროტინით, ვიტამინ C–თი,  В ჯგუფის (B1, В 2, В3, В6, B12), E ჯგუფის და სხვა ვიტამინებით. საკვების ენერგეტიკულობის მაჩვენებელი ერთ კილოგრამში 12,1 მ/ჯოულია . კვლევებმა ისიც დაამტკიცეს, რომ საკვებ რაციონში ქერის მწვანე მასის შეტანა მასში ვიტამინებისა და ენზიმების  მაღალი შემცველობის გამო საგრძნობლად აუმჯობესებს საკვების მონელებას, ამცირებს  დატვირთვას საჭმლის მომნელებელ  სისტემაზე, ზრდის წველადობას და რძის ცხიმიანობას.     

დღეს  წარმოებაში უკვე გამოყენებულია სხვადასხვა წარმადობის  ჰიდროპონიკული დანადგარები, მათი მომსახურებისათვის  დღე ღამეში საშუალოდ 3 საათია საჭირო. დროის ამ მონაკვეთში  მომსახურე პერსონალი თაროებიდან ფესვებიანად იღებს ქერის, სიმინდის, ხორბლისა თუ  შვრიის მარცვლისაგან აღმოცენებული  მწვანე მასას, ახვევს რულონებად და უყრის ბაგებში პირუტყვს, ან ურევს თივასთან. შემდეგ განთავისუფლებული თაროები სუფთავდება და თავიდან იწყება მწვანე მასის წარმოების მომდევნო ციკლი, რომელიც კვლავ შვიდი დღისაგან შედგება.

მარტივი 100 კვადრატულ მეტრის ფართობის სათბურის დამზადება ფერმერებს საშუალოდ 800-1000 ლარამდე უჯდებათ (აქედან 400-500 ლარი სათბურზე გადასაკრავი პოლიეთილენის ფირის ღირებულებაა),  მაგრამ წარმოების პირველსავე ციკლებში ფერმერი  თავის დანახარჯებს ინაზღაურებს და იმავე წელს გადის მოგებაზე. ქარხნული დანადგარები შედარებით ძვირი ღირს.

მარცვლიდან მწვანე მასის წარმოებისათვის, როგორც წესი, ფერმერები მარცვალს 12–14 საათის განმავლობაში ღივის განვითარებამდე ჯერ წყლიან ჭურჭელში ალბობენ, ხოლო შემდეგ ​გაღივებულ მარცვალს, ერთ ან ორ ფენად, მწვანე მასის გასაზრდელად  გათვალისწინებულ ჭურჭელში შლიან. ​​​​მარცვლიან ჭურჭელს დებენ სათბურის ოდნავ დახრილ (რათა არ ჩაგროვდეს წყალი) თაროებზე. სათბურში ტემპერატურა საშუალოდ 18–20 გრადუს უნდა იყოს.

​გაღივებულ მარცვლებს  პერიოდულად  ნამავენ, რწყავენ. მეშვიდე დღეს კი  მარცვლიდან განვითარებულ მწვანე მასას პირუტყვის, ფრინველის და ა.შ გამოსაკვებად იყენებენ. 

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“