მარწყვის მოყვანის თანამედროვე მიდგომები

მარწყვი ყველაზე პოპულარული კენკროვანი კულტურაა მსოფლიოში. მარწყვის უგემრიელესი ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით, მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებით და მინერალური ნივთიერებებით. მარწყვის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), ვიტამინ KK-ს, B6-ს, ფოლისმჟავას და მაგნიუმს

მარწყვის ნაყოფში მშრალი ნივთიერების შემცველობა შეადგენს 6.8-11.5%, შაქრების შემცველობა 5,0-7,0%-ის ფარგლებშია. მარწყვის ნაყოფი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, 100 გრამი მარწყვი ვიტამინ C-ს დღიურ დოზას უზრუნველყოფს.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო მარწყვი გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ  და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად. მარწყვის მიღება სასარგებლოა დიაბეტით და თირკმლების დისფუნქციით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ.

მსოფლიოს მარწყვის წარმოებაში წამყვანი ადგილი აშშ-ს უკავია, სადაც 1 200 000 ტონაზე მეტი მარწყვი მოჰყავთ. ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელია ესპანეთი, თურქეთი და მექსიკა.

მარკეტინგული თვალსაზრისით მარწყვი მაღალმოთხოვნადი კულტურაა. მისი საბითუმო ფასი არასეზუნურ პერიოდში (შემოდგომა-ზამთარი) 6,0 – 8,0 ლარს აღწევს, ხოლო სეზონის პიკურ პერიოდში (მაისი) 1,2-1,8 ლარის ფარგლებში მერყეობს.

დარგვიდან პირველ წელს მოსავალი ზომიერია. ძირითადი მოსავალი მეორე წელს მიიღება. საშუალო მოსავლიანობა 1 გრძივ მეტრზე 0,2 – 0,5 კგ-ს. შეადგენს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა ჰექტარზე 12-18 ტონას აღწევს. პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებისას 30-40 ტონა/ჰა. მარწყვის პლანტაცია ეფექტიანია მხოლოდ 3-4 წელიწადი, თანამედროვე მიდგომებით მარწყვის ნაკვეთიდან მოსავალს მხოლოდ 2-3 წლის განმავლობაში იღებენ, ხოლო შემდეგ ახალ პლანტაციას აშენებენ.

მსხმოიარობის ტიპის მიხედვით მარწყვის ჯიშებს დღის ხანგრძლივობის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით აჯგუფებენ. გამოირჩევა მაის-ივნისში მსხმოიარე  (ელსანტა, კამაროსა, ჩენდლერი, მარმოლადა, კიმბერლი, ჰანეი, კლერი, ფესტივალი, ფორტუნა და სხვა) მარწყვის ჯიშები და დღე-ნეიტრალური-რემონტატული (უპირატესად შემოდგომაზე მსხმოიარე) ჯიშები (ტრიბუტი, ფერნი, ტრისტარი, სისკეიპი, სან-ანდრეასი, ალბიონი და სხვა).

ნაკვეთის შერჩევა

მარწყვის მოსავლის მიღება შესაძლებელია ნაწილობრივი დაჩრდილვის პირობებშიც, თუმცა მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მხოლოდ მზით კარგად განათებულ ადგილებზე მიიღება. ეს კულტურა ვერ იტანს ჩამდგარ წყალს, ამიტომ წყლის სიჭარბისას აუცილებელია შემაღლებული კვლების გაკეთება. პლანტაციის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა მინერალური კვების შესაბამისი რეჟიმი განისაზღვროს.

მარწყვი კარგად ვითარდება 5.8-6.5 PH-ის ფარგლებში (ოდნავმჟავე). თუმცა იტანს ტუტისკენ გადახრილ მიწებზე მოყვანასაც. გასათვალისწინებელია,  რომ მარწყვის დარგვა დაუშვებელია იმ ადგილებში, სადაც წინა წლების განმავლობაში პომიდორი და კარტოფილი მოჰყავდათ, ვერტიცილიოზითა და ფესვის სიდამპლის გაჩენის მაღალი ალბათობის გამო. ასევე დაუშვებელია მისი გაშენება ყამირ და სარეველებიან მიწაზე მათი წინასწარი კონტროლის გარეშე.

გაშენებისათვის ნაკვეთის მომზადება იწყება ნახევარი-ერთი წლით ადრე, უპირველეს ყოვლისა, სპობენ სარეველებს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების (რანდაპი, კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი, ტოტალი) გამოყენებით. ამის შემდეგ მიწას კარგად ამუშავებენ — ხნავენ და როტაციული კულტივატორით ფარცხავენ.

სარგავი მასალა

მარწყვის სარგავ მასალას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამჟამად ნერგების მიღების რამდენიმე წესს გთავაზობთ: ჩვეულებრივი ნერგი, „ფრიგო“ (გაყინული) ნერგი და კონტეინერებიანი ნერგები. გამორჩეული ხარისხით და უხვმსხმოიარობით ხასიათდება „ფრიგო“ ნერგი, რომელსაც სანერგეებში მინუს 1,8-2,0 გრადუსზე ინახავენ, ასეთი ნერგი პლანტაციის გაშენება

მარწყვის დარგვის საუკეთესო პერიოდი გვიანი ზაფხული (აგვისტოს ბოლო) – ადრე შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი). მისი გაშენება ასევე შესაძლებელია გაზაფხულზე, თუმცა საშემოდგომო გაშენება პროდუქტიულობას ზრდის.

მარწყვის გაშენების დროს გასათვალისწინებელია დარგვის შემდეგი თავისებურებები:

დარგვის დროს მცენარის ფესვის ყელი უნდა იყოს ნიადაგის პარალელურად – მარწყვი ცუდად იტანს – როგორც ღრმა, ასევე ზედაპირულ დარგვას

ძველი და გამხმარი ფოთლები უნდა მოსცილდეს და ფესვები უნდა გაეშალოს.

მცენარის ირგვლივ ნიადაგი მჭიდროდ იტკეპნება.

დაუშვებელია  დარგვის პროცესში  ნერგების  ფესვების გამოშრობა. დასარგავად გამზადებული ნერგები დაცული იყოს  მზისა და ქარის ზეგავლენისგან და პერიოდულად უნდა დაინამოს.

დარგვის სქემა

მარწყვის მოყვანის თანამედროვე მიდგომას წარმოადგენს მარწყვის გაშენება შემაღლებულ ბაზო-კვალზე (“ბედი”) პოლიეთილენის სამულჩე მასალის გამოყენებით, წვეთოვანი სისტემისა და ფერტიგაციის აპარატით მცენარის წყლითა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შესაძლებლობით. ტრადიციული სისტემისგან განსხვავებით, აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების უკეთეს კონტროლს და რაც მთავარია, შესაძლებლობას იძლევა, მარწყვის ფაქიზი ნაყოფები მიწით და ტალახით დაბინძურებისაგან დავიცვათ.

მოცემული სისტემის გამოყენებისას მცენარეები ირგვება ერთ ან უპირატესად ორ რიგად, (ზოგჯერ 4 რიგად) ერთ შემაღლებულ კვალზე. შემაღლებული კვალის სასურველი ზომებია სიმაღლე 20-30 სმ, სიგანე 30-40 სმ, კვლების შუა წერტილებს შორის დაშორება 1,2-1,3 სმ. მცენარეების დარგვის რეკომენდებული სქემაა:

25-30 სმ, ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მწკრივებს შორის მანძილი 15-20 სმ-ს შეადგენს და დარგვა ჭადრაკულად ხდება. ერთ მწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15-20 სმ-ს. ერთ გრძივ მეტრზე საშუალოდ 5-7 მცენარე იზრდება.

მარწყვის  მოვლის აგროტექნიკა

მარწყვის პლანტაციის აგროტექნიკაში ყურადღება ექცევა შემდეგ ღონისძიებებს: დარგვის შემდეგ პირველი ყვავილების მოცილებას მოცილებას, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას და მცენარეთა დაცვას.

მაღალხარისხიანი მოსავლის წინაპირობას წარმოადგენს პირველი ყვავილის მოცილება და მწვანე ოპერაციების ჩატარება, რაც გულისხმობს ყლორტების რეგულარულ მოცილებას..

მარწყვის პლანტაციებში სარეველების ჰერბიციდებიდან დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული პრეპარატების გამოყენება, რომელსაც ძირითადად კვლების შორის იყენებენ. მარცვლოვანი სარეველების კონტროლისათვის იყენებენ „პანტერას“, „სტინგერს“, „ფიუზილადს“ 200-300 მლ/100 ლიტრზე.

სეზონის განმავლობაში აუცილებელია მარწყვის პლანტაციის 3-4  ჯერ შესხურება მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის მიზნით. მარწყვის საშიში დაავადებებია ფოთლის მურა და შავი სილაქავე, ფესვის შავი სიდამპლე, ფიტოფტორა და ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიცისი). მავნებლებიდან  განსაკუთრებით საფრთხილოა  მარწყვის ცხვირგრძელას არაკონტროლირებული გავრცელება. მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს  როგორც მექანიკურ (დაზიანებული ფოთლების მოცილება) ასევე ინტეგრირებულ მიდგომებს კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით კომბინირებული წამლობის საშუალებით. ნაცრისფერი სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება სპეციფიკური პრეპარატები — “ტელდორი”, “სვიჩი”, “სიგნუმი” დოზით 1კგ/1 ჰა, ხოლო ლაქიანობის წინააღმდეგ – სპილენძის შემცველი პრეპარატები, „რიდომილი“ და სხვა.

მარწყვის პლანტაციაში აუცილებელია დაცული იყოს  მორწყვის შესაბამისი  რეჟიმი. მარწყვს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი და მცირე ულუფებით მორწყვა. ამ მიზნით ყველაზე გამართლებული წვეთოვანი მორწყვის სისტემების გამოყენებაა.

კრეფა

მარწყვი  მოსაკრეფად მზად არის, როდესაც იგი  დამახასიათებელი ალისფერი შეფერილობას მიიღებს, მისი კრეფა ხდება ყუნწის საფარის ფოთლებთან ერთად. მარწყვი იკრიფება ფრთხილად და ფაქიზად. მარწყვის ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ იგი ყოველ მეორე-მესამე დღეს უნდა მოკრიფოს, სიმწიფის პერიოდი ჯიშების მიხედვით განსხვავებულია და საშუალოდ სამი-ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება.

ქვემოთ მოცემულია მარწყვის ზოგიერთი პერსპექტიული ჯიშების მოკლე დახასიათება:

ფესტივალი

ამერიკული ჯიშია, ფლორიდის სასელექციო პროგრამიდან

ნაყოფი: მუქი წითელი ფერისაა, საადრეო-საშუალო სიმწიფის პერიოდის, კონუსური ფორმის, მსხვილი ნაყოფებით, მკვრივი, ხრაშუნა, ადვილად მოსაკრეფი, შესანიშნავია ნედლად გამოსაყენებლად.

სისკეიპი

ამერიკული ჯიშია, კალიფორნიის სასელექციო პროგრამიდან

ნაყოფი: მუქი წითელი ფერისაა, რემონტატული საშემოდგომო სიმწიფის პერიოდის, მომრგვალო-კონუსური ფორმის, მსხვილი და გემრიელი ნაყოფებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია რემონტატული ჯიშებიდან.

ზვიად ბობოქაშვილი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“