აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობა

ღორის ხორცის წარმოების ტექნოლოგია

მსოფლიოში ღორის სულადობა 936 მლნ-ს შეადგენს და წელიწადშიიწარმოება 100 მლნ ტონამდე ხორცი, ანუ საერთოდ წარმოებული ხორცის  დაახლოებით 1/3. ყველაზე მეტი რაოდენობით ღორი ჰყავთ ჩინეთში- 468 მლნ სული, ხოლო ერთ მომხმარებელზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტ ღორის ხორცს აწარმოებენ დანიაში- 330კგ.

ისტორიულად ღორის ხორცს ქართულ სამზარეულოში მოწინავე პოზიციები არ ეკავა. მიუხედავად ამისა მეღორეობის განვითარებას ჩვენში გარკვეული ყურადღება ექცეოდა.

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ღორის სულადობა ყველაზე დიდი იყო 1985 წელს (1173,4 ათასი სული), ხოლო ყველაზე მეტი რაოდენობით (72 ათ. ტონა) ღორის ხორცი წარმოებულია 1989 წელს. კახეთის, შიდა ქართლის და ზოგიერთ სხვა რაიონებში, სადაც მსხმოიარე ფოთლოვანი ტყის დიდი მასივებია, ისტორიულად განვითარებული იყო მომთაბარე მეღორეობა, გასული საუკუნის 80-ან წლებში კი ინტენსიური მიწათმოქმედების ზონებში ფუნქციონირებდა მეღორეობის მეურნეობა-კომპლექსები.

დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლებში ღორის სულადობა მკვეთრად შემცირდა, 1997 წლიდან კი გამოჩნდა ამ დარგის აღორძინების პირველი ნიშნები, მაგრამ ბოლო 5 წელია, რაც აღინიშნებას რეგრესი: მაგალითად, 2003 წელთან შედარებით 2007 წლისათვის საქართველოში ღორის სულადობა 374 ათასი სულით, ანუ 4,4 ჯერ შემცირდა, რაც გამოწვეულია აფრიკული ჭირის ანუ მონტგომერის დაავადების გავრცელებით. საერთოდ კი ინტენსიური მეღორეობის განვითარებას ჩვენში ხელს უშლის ზოგადად მარცვლის და მათ შორის საფურაჟე მარცვლის ქრონიკული დეფიციტი.

ღორის ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები

 სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისაგან ღორი გამოირჩევა მრავალნაყოფიერებით (თითო მოგებაზე იძლევა 10-12 გოჭს), ხშირნაყოფიერებით (შეუძლია 2 წელიწადში მოგვცეს 5 თაობა) და მალმწიფადობით (ფიზიოლოგიურ სიმწიფეს აღწევს 8-10 თვის ასაკში, მაკდება და ნამატს გვაძლევს 13-14 თვის ასაკში).

ღორის კარგად ეგუება განსხვავებულ ბუნებრივ-კლიმატურ და ტექნოლოგიურ პირობებს. ნეზვის მაკეობა საშუალოდ გრძელდება 114-116 დღე (3 თვე, სამი კვირა და სამი დღე). ნეზვის მერძეულობა განისაზღვრება ბუდის, ანუ მაწოვარი გოჭების საერთო ცოცხალი მასით 1 თვის ასაკში და კულტურულ ჯიშებში შეადგენს დაახლოებით 50-60 კგ-ს.

სწრაფი ზრდის წყალობით 1 სულის ცოცხალი მასა 6-7 თვის ასაკში 100- 120 კგ-ს აღწევს და, ამდენად ერთი ნეზვიდან წელიწადში შეიძლება ვაწარმოოთ 1,8-2,0 ტონა ხორცი (ცოცხალი მასით). ამასთან, 1 კგ ცოცხალი მასის ნამატზე ხარჯავენ 4-5 კგ საკვებ ერთეულს, ხოლო საკლავი გამოსავალი- 75-83%-ა.

მიუხედავად იმისა, რომ ღორს აქვს ერთკამერიანი კუჭი, ის არის ყველაფრისმჭამელი ცხოველი. მისი ნაწლავების სიგრძე სხეულის სიგრძეზე 15-16- ჯერ გრძელია (ძროხის ნაწლავების სიგრძე სხეულის სიგრძეზე 20-21- ჯერ მეტია).

ღორი განსაკუთრებულად მომთხოვნია საკვების ხარისხისადმი. ის ცუდად ინელებს უჯრედანით მდიდარ უხეშ საკვებს. ამასთან, მადიანად შეექცევა ადვილად მოსანელებელ წვნიან, კონცენტრირებულ და ცხოველური წარმოშობის საკვებს, თივის ფქვილს, ტყის ნაყოფს, საძოვარს, აგრეთვე სამზარეულოს და ოჯახური მეურნეობის ანარჩენებს. ამის გამო მეღორეობა ითვლება მაღალშემოსავლიან დარგად.

ღორის წარმოშობა

ღორის ყველა თანამედროვე ჯიში გამოყვანილია 6-7 ათასი წლის წინათ მოშინაურებული შედარებით პატარა ტანის აზიური და უფრო დიდტანიანი ევროპული გარეული ღორების შეჯვარებით.

მოშინაურებულ პირობებში ღორმა შეიცვალა როგორც ქცევის რეაქციები, ასევე პროდუქტიულობა. ის გახდა უფრო ადრეული, მოიმატა ნაყოფიერებამ, მან გამოიმუშავა კანქვეშა ქონის უფრო სწრაფად დაგროვების უნარი, გაუმჯობესდა საკლავი პროდუქტიულობა და ხორცის გემოვნებითი თვისებები.

კონსტიტუცია და ექსტერიერი

ღორებში გვხვდება ყველა ის კონსტიტუციური ტიპი, როგორიც არის სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში. განურჩევლად პროდუქტიული მიმართულებისა, ღორისათვის სასურველია მაგარი კონსტიტუციური ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას და გარემო ფაქტორების მიმართ ტოლერანტობას.

ამასთან, საქონე ტიპის ღორისათვის დამახასიათებელია ფაშარი კონსტიტუცია, საბეკონე და სახორცე ჯიშებს კი მკვრივი კონსტიტუცია მოეთხოვებათ.

განასხვავებენ ღორის ექსტერიერის რამოდენიმე ტიპს-საბეკონე, საქონე, სახორცე და უნივერსალური.

საბეკონე ტიპის ექსტერიერის მქონე ცხოველები ხასიათდებიან შედარებით ბრტყელი, მაგრამ მეტად გრძელი სხეულით, ღრმა გულმკერდით და მაღალი კიდურებით. ასეთი ფორმების გამო სხეულის სიგრძე 15-20 სმ-ით აღემატება გულმკერდის ირგვლივას.

სახორცე ტიპის ღორების ექსტერიერის თავისებურებებია: სწორი ზურგისა და წელის ხაზი, კარგად შევსებული ბარკლები, მაგარი ძვლეული, თხელი და უნაოჭო კანი. მათი სხეულის ირიბი სიგრძე ასევე მეტია გულმკერდის ირგვლივაზე,  მაგრამ სხვაობა საბეკონე ღორში აღნიშნულთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებია.

საქონე ღორის ჯიშებს აქვთ შედარებით დაბალ კიდურებზე მდგარი მომრგვალებული, განიერი და საკმარისად გრძელი სხეული. დამახასიათებელია აგრეთვე მოკლე დრუნჩი და კისერი. ამასთან, სხეულის ირიბი სიგრძის განაზომი ნაკლებია გულმკერდის ირგვლივაზე.

სახორცე-საქონე, ანუ უნივერსალური ტიპის ღორების ექსტერიერს აქვს სახორცე და საბეკონე ტიპის ღორების ექსტერიერის შუალედური პარამეტრები და სხეულის ყველა ნაკვთის შესაბამისი პროპორციულობა.

ღორის ექსტერიერს აფასებენ 100 ბალიანი სკალით. ის ცხოველები, რომლების ექსტერიერის შეფასებით მიიღებენ 79 ბალზე ნაკლებს, სანაშენედ არ გამოიყენება.

შეფასებისას, ექსტერიერის ყოველ ნაკვთს (მაგალითად თავს, კისერს, მკერდს და ა.შ.), ადარებენ, ასე ვთქვათ, “ტიპის ეტალონს” და კონტურზე (სურ. 54) აღნიშნავენ რამდენად არის დამახასიათებელი სხეულის საერთო პროპორციულობა და აგებულების ცაკლეული ნაკვთი სასურველ ტიპთან ახლოს.

ნაკლად ითვლება: უხეში ან გადანაზებული თავი, გრძელი, ვიწრო და ბრტყელი კისერი, მაღალი ან გაყოფილი მინდაო, ვიწრო, ჩაზნექილი ან ამოზნექილი ზურგი, ნაკლებად ღრმა და ვიწრო გულმკერდი, ნაშარტი ბეჭებს უკან, მოკლე, ვიწრო და დაქანებული გავა, კიდურების იქსისებრი, ხმლისებრი, ხბოსებრი დგომა, სუსტი  ჩლიქები, ნეზვებში 12-ზე ნაკლები კრატერული კერტის არსებობა, მათი ასიმეტრიული განლაგება ან განუვითარებლობა, კერატებში- სათესლე ჯირკვლების განუვითარებლობა და სათესლე პარკის ასიმეტრიულობა.

განსხვავებულია სხვადასხვა პროდუქტიული მიმართულების ღორის ინტერიერიც.

მაგალითად, ტანხორცში კუნთოვანი ქსოვილი მეტი აქვს საბეკონე და სახორცე ჯიშებს, მაშინ როდესაც ცხიმოვანი- საქონე ჯიშებს. იმავდროულად, საბეკონე ღორში ნივთიერებათა ცვლისა და ანატომიურ-ფიზიოლოგიური მაჩვენებლები უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქონეში.

ღორის მოშენება

მეღორეობის მეურნეობაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ნეზვის ინტენსიურად გამოყენება, წელიწადში მისი ორჯერ დაგოჭიანება და საშუალოდ 18-20 გოჭის გამოზრდა.

პროდუქტიულობის და აღწარმოების მაღალ მაჩვენებლებს განსაზღვრავს მემკვიდრული ფაქტორები და მოვლა-შენახვა-კვების პირობები. ღორის მოშენება ეფექტური იქნება მაშინ, როდესაც მოვლის, შენახვის და კვების პირობები უზრუნველყოფენ პროდუქტიულობის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებლებს (ცხრილი14).

ცხრილი-14. ღორის მინიმალური (წლიური) პროდუქტიულობის მაჩვენებლები მაჩვენებლები კულტურული ჯიშები

მაჩვენებელი კულტურული ჯიშები კახური, მანგალიცური
წოვების პერიოდი. დღე 56 42 35 50-60
დადოლების რაოდენობა 1.9 2.0 2.1 1.5-1.8
მიღებული გოჭები ერთ ნეზვზე 16 17 18 8-9
გაყიდულია 1 ნეზვიდან სული 13,5 14,0 14.5 5-6
გოჭის ცოხალი მასა ასეხლეტვისას, კგ 15 10 8 8-9
წონამატი გამოზრდისას, გრ. 365-385 140-150
წონამატი სუქებისას, გრ. 400-500 250-270
ხორცის წარმოება 1 სულზე, კგ. 204-113 52-55
1 კგ. ნამატზე დახარჯულია საკვები, კგ. საკვ. ერთ. 6,5 8.0

კოლტი შედგება ძირითადი და შესამოწმებელი ნეზვებისაგან, კერატებისაგან, სარემონტო და სასუქი მოზარდისაგან, რძის ასაკის და ასხლეტილი გოჭებისაგან, აგრეთვე 5-6 თვის ასაკის სარეალიზაციო სანაშენე მოზარდისაგან.

კოლტის სტრუქტურა სხვადასხვა დანიშნულების მეურნეობაში შეიძლება განსხვავებული იყოს. სასაქონლო მეურნეობის კოლტის სტრუქტურაში, როგორც წესი, ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი, 50%-მდე, მოდის სასუქ სულადობაზე.

სანაშენე მუშაობა

სანაშენე და სასაქონლო მეურნეობებში სანაშენე მუშაობის ფორმები განსხვავებულია. სანაშენე მეურნეობებში ჰყავთ მხოლოდ ხალასჯიშიანი მაღალპროდუქტიული სულადობა, მუშაობენ ხაზების გამოყვანასა და სრულყოფაზე, ძირითადი მეთოდია ხაზებად მოშენება. ნეზვების 25-30%- დან იღებენ საკუთარი კოლტისათვის სარემონტო მოზარდს, დანარჩენებიდან მიღებულ სულადობას კი ყიდიან სანაშენედ. წყვილთა შერჩევა ინდივიდუალურია, ხოლო ძირითადი ნეზვების სულადობის წუნდება შეადგენს 20-25%-ს.

სასაქონლო მეურნეობაში ცდილობენ კოლტის ძირითადი ბირთვი დააკომპლექტონ ერთი ჯიშის ცხოველებით, რომელთა ნაწილს იძენენ სანაშენე მეურნეობიდან, ნაწილი კი საკუთარი რეპროდუქციისაა. სადედე სულადობას ყოფენ ორ ჯგუფად, სასაქონლო და სანაშენე. ამათგან სასაქონლო ჯგუფის ნეზვებს აგრილებენ სხვა ჯიშის კერატი-მწარმოებლებით, ე.ი. მიმართავენ სამრეწველო შეჯვარებას ჰეტეროზისის ეფექტის მქონე სასუქი მოზარდის მისაღებად.

მეორეს მხრივ, სადედე სულადობის შესავსები ცხოველების მისაღებად სანაშენე ნეზვებს აწყვილებენ იმავე ჯიშის კერატ-მწარმოებლებთან.

ბოლო წლებში ჰეტეროზისის ეფექტის მქონე ნამატის მისაღებად მიმართავენ ერთი და იმავე ჯიშის, მაგრამ სპეციალურად გამოყვანილი ხაზების (ხაზთაშორის) შეჯვარებას, რასაც უწოდებენ ჰიბრიდიზაციას.

სანაშენე აღრიცხვა. სასელექციო-სანაშენე მუშაობის წარმოება ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და ჩანაწერების წარმოების გარეშე შეუძლებელია. იდენტიფიკაციის ქვეშ იგულისხმება ცხოველის დანომვრა და სახელის მიკუთვნება, აგრეთვე წარმომავლობაზე და პროდუქტიულობაზე არსებული ინფორმაციის სპეციალურ ჟურნალებში, ფორმებში და/ან ინდივიდუალურ სანაშენე ბარათებში შეტანა.

გოჭს მარცხენა ყურზე დაბადებისთანავე უკეთდება ბუდის და ბუდეში მისი რიგითი ნომერი. ბუდის ნომერი ყოველი ახალი კალენდარული წლიდან იწყება პირველი ნომრით და აღმავალი რიგით გრძელდება წლის ბოლომდე. ეს ნომერი დროებითია და მას იყენებენ გოჭის ასხლეტამდე.

საიდენტიფიკაციო ანუ საინვენტარო ნომერი გოჭს უკეთდება ასხლეტისას, მარჯვენა ყურზე. თეთრი ფერის ღორს ნომრავენ ტატუირების წესით. ფერადი ღორის დანომვრისას მიმართავენ ყურების დასერვას ღორის დასანომრად ასევე გამოიყენება მეტალის ან პოლიმერული მასალისაგან დამზადებული ბირკები.

აღრიცხვის გაადვილების მიზნით საკერატეს აკუთვნებენ კენტ, ხოლო სანეზვეს წყვილ ნომერს (ბოლო ციფრის მიხედვით).

პლასტმასის ნომრის უპირატესობა ის არის, რომ ადვილია მისი შორიდან წაკითხვა, რაც აღრიცხვისას მინიმუმამდე ამცირებს შეცდომებს. ამასთან, ეს ნომრები მზადდება სხვადასხვა ფერის და გამოიყენება შიფრის სახით, ჯგუფების გასარჩევად.

მეღორეობაში სახელის მიკუთვნების თავისებური სისტემას მიმართავენ.

ყველა საკერატეს აკუთვნებენ მამის, სანეზვეს კი დედის სახელს. ამდენად, განსხვავება იქნება მხოლოდ მათ საიდენტიფიკაციო ნომრებში. ამასთან, დაუშვებელია ადამიანის, მდინარის, ქალაქის და სხვა კერძო სახელის ცხოველზე მიკუთვნება.

სანაშენე ჩანაწერების წარმოება და ცხოველთა პროდუქტიულობისინდივიდუალური აღრიცხვა სავალდებულოა როგორც სანაშენე მეურნეობისათვის, ისე სასაქონლო მეურნეობების სანაშენე ბირთვის ცხოველებისათვის.

ყოველი ნიშან-თვისების მნიშვნელობა ფორმდება გარკვეული პირობების დაცვით:

  • ცოცხალი მასის და სხეულის განაზომების მაჩვენებლები შეგვაქვს მხოლოდ მთელი რიცხვებით, 1 კგ- ის და 1 სმ- ის სიზუსტით, შესაბამისად.

ბუდის მასა დაბადებისას, 21 დღის და 2 თვის ასაკში მთელი ციფრებით, ასევე 1 კგ-ს სიზუსტით, ხოლო გოჭის ცოცხალი მასა დაბადებისას, 21 დღის და 2 თვის ასაკში ჩაიწერება მეათედი სიზუსტით.

  • დაუშვებელია გადასწორებული ან წაშლილი ჩანაწერის არსებობა. უნებლიე შეცდომის გასასწორებლად მცდარ ჩანაწერს გადაუსვამენ ერთ ხაზს, ხოლო იმავე გრაფაში ჩაწერენ სწორ მონაცემს.

სანაშენე აღრიცხვისათვის მონაცემებს იღებენ ზოოტექნიკური ჩანაწერებიდან, რისთვისაც არსებობს სხვადასხვა ჟურნალები და ფორმები: სანაშენე კერატის პირადი ბარათი, სანაშენე ნეზვის პირადი ბარათი, კერატის პროდუქტიულობის აღრიცხვის ბარათი, ნეზვის დაგრილებისა და ხელოვნური განაყოფიერების აღრიცხვის ჟურნალი, სარემონტო მოზარდის გამოზრდის ჟურნალი, სანაშენე კერატისა და ნეზვის ექსტერიერის შეფასების რეგისტრაციის ჟურნალი, მაწოვარი ნეზვის სადოლფარო ბარათი, ბონიტირების უწყისი და სხვ.

სანაშენე მოზარდის გადარჩევა. ღორთან სანაშენე მუშაობისას ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ის, რომ კოლტის შესავსებად გადაარჩევენ მხოლოდ იმ მოზარდს, რომლის მშობლები შეფასებულია საკონტროლო სუქების მეთოდით.

ასეთი მშობლებიდან მიღებულ და კარგად განვითარებულ ინდივიდებს აყენებენ საკონტროლო გამოზრდაზე, ხოლო მათგან მიღებულ გოჭებს საკონტროლო სუქებაზე. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ღორის ადრემწიფადობის დასამეურნეო თვალსაზრისით სხვა სასარგებლო ნიშან-თვისებების გაუმჯობესებას.

სანაშენე სანეზვეს გადაარჩევენ 2 თვის ასაკში. მათი რაოდენობა 4- ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე გამოსაწუნებელი ნეზვების რაოდენობა, ვინაიდან: 1. გამოზრდის პროცესში სანეზვვების ნაწილი იძულებით გამოსაწუნებელი ხდება, ხოლო ნაწილი არ მაკდება და 2. დაგოჭიანების შემდეგ შესამოწმებელი ნეზვების თითქმის ნახევარი გამოსაწუნებელი ხდება დაბალნაყოფიერების და ცუდი დედობრივი ინსტინქტის გამო.

სანაშენედ არ ტოვებენ იმ სანეზვეს, რომელსაც აქვს კრატერული კერტი.

ამ მანკის შემჩნევა საკმაოდ ადვილია- კერტის ბოლო ჩაღრმავებულია და მასში ჭუჭყი გროვდება, რაც დათვალიერებისას შავი წერტილივით მოსჩანს. ასეთი ძუძუდან რძე არ გამოიყოფა.

საკერატეს გადარჩევისას სხვა მაჩვენებლებთან ერთად ყურადღებას აქცევენ სათესლე ჯირკვლებს, რომლებიც კარგად განვითარებულნი, ერთი ზომის, მკვრივი აგებულების და ოდნავ დაშვებული უნდა იყოს. მანკად ითვლება კრიპტორხიზმი, ანუ შემთხვევა, როდესაც ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვალი მუცლის სიღრმეშია და გარედან არ ჩანს.

როგორც საკერატეს ასევე სანეზვეს კანი ჯიშისათვის ტიპიური ფერის უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია მისი დანაოჭება. ორივე სქესის სანაშენე მოზარდს კუდი მაღლა აწეული და გადაგრეხილი უნდა ჰქონდეს.

ნეზვის განაყოფიერება

ახურებული ნეზვი უნდა დაგრილდეს ორჯერ. პირველად ხურაობის გამოვლენისთანავე და მეორედ პირველი დაგრილებიდან 12-18 საათის შემდეგ.

მეორედ დაგრილებისას სასურველია გაუშვათ იმავე ჯიშის სხვა კერატი. ეს ხელს უწყობს მაღალ ნაყოფიერებას და ნამრავლი იბადება უფრო სიცოცხლისუნარიანი და გამძლე.

ნეზვის ყველა დაგრილებისას არ ნაყოფიერდება. ამის მიზეზი შეიძლებას იყოს: უხარისხო სპერმა, დაავადებები, არასრულფასოვანი კვება და სხვა.

სანეზვეების პირველი განაყოფიერება სასურველია მოხდეს 9-10 თვის ასაკში, ანუ მაშინ, როდესაც მათი ცოცხალი მასა ზრდასრული ნეზვის წონის 70% მაინც იქნება.

დროულად რომ გავიგოთ დამაკდა თუ არა ნეზვი საჭიროა მასზე დაკვირვება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაგრილებიდან 22-23 დღე ნეზვი არ

ახურდება, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დამაკებულია. თუ აღნიშნულ პერიოდში ნეზვი კვლავ ახურდა, მაშინ ის სხვა კერატით უნდა დავაგრილოთ.

მაკე და მაწოვარი ნეზვის მოვლაშენახვა და კვება

მშრალი-მაკე ნეზვის ნაკვებობა საშუალო უნდა იყოს. მას ინახავენ ჯგუფურად გალიაში და მხოლოდ მაკეობის ბოლო კვირას გადაჰყავთ ინდივიდუალურ დოლფარაში. ამავე დღიდან იწყებენ ულუფის შემცირებას, იმ ვარაუდით, რომ მოგების წინ ნეზვმა მიიღოს ფიზიოლოგიურად საჭირო ნორმის ნახევარი ყუათიანობის ულუფა.

ნეზვს მოგების ნიშნები ეტყობა 2-3 დღით ადრე. ის მოუსვენარია, ცური შევსებულია, კერტები იზრდება და წითლდება, მოგებამდე ერთი დღით ადრე კი კერტზე ხელის მოჭერისას გამოიყოფა ხსენი.

მოგებამდე 2-3 საათით ადრე ნეზვი მშვიდდება, ჩიჩქნის ქვეშსაფენს, მას აგროვებს დოლფრის ერთ-ერთ კუთხეში, აკეთებს ბუდეს, ხშირად წვება და დგება.

გოჭების დაყრა, როგორც წესი გრძელდება 2-3 საათი. ჭინთვების დაწყებიდან ყოველ 5-10 წუთში იბადება 1 გოჭი. მოგება დამთავრებულად ითვლება მომყოლის დაბადების შემდეგ.

მოგების შემდეგ ნეზვი ისვენებს. 4-6 სააათი მას საკვებს არ აძლევენ. გოჭების პირველი წოვების შემდეგ ნეზვს ასმევენ თბილ წყალს.

მოგების დღეს ნეზვს აძლევენ ხორბლის ქატოს და შვრიის ან ქერის ღერღილის ნარევის თხელ სალაფავს 0,5 კგ-ის რაოდენობით. ულუფაში საკვების რაოდენობას ზრდიან თანდათანობით, იმ ვარაუდით, რომ ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდეს მოგებიდან მე-5–მე-6 დღეს.

ნეზვის ულუფა 50-60 % კონცენტრირებული საკვებს მაინც უნდა შეიცავდეს, დანარჩენი შეიძლება იყოს: ზამთარში წვნიანი, უხეში და მინერალური, ზაფხულში კი პარკოსანთა (იონჯის, სამყურას ან ცერცველას) მწვანე მასა.

2 წელზე უხნეს მაწოვარ ნეზვს ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე აძლევენ 1,5 საკვებ ერთეულს და დამატებით, ყოველ მაწოვარ გოჭზე 0,5 საკვებ ერთეულს. სასურველია 1 კგ საკვებ ერთეულზე მოდიოდეს 115 გ მონელებადი პროტეინი. ულუფა დაბალანსებული უნდა იყოს სხვა საყუათო და მინერალური ნივთირებებითაც.

ღორის კვების ნორმები, ასაკის, ცოცხალი მასის და მაწოვარი გოჭების რაოდენობის გათვალისწინებიდან გამომდინარე, მოცემულია მე- 15 ცხრილში.

მაწოვარი ნეზვის შესანახად შექმნილია სპეციალური დაზგა, რომელიც მაწოვარი გოჭების დამატებითი საკვებით კვების საშუალებას იძლევა.

ცხრილი 15. მაწოვარი და მაკე ნეზვის კვების ნორმები*

 
2 წლამდე ასაკის 2 წელზე უხნესი მაკე
  ცოცხალი მასა, კგ
120-140 181-200 <140 201-220 161-180 161-180
მაწოვარი გოჭების რაოდენობა** Iპერიოდი ბოლო

თვე

8 8 10 10
საკვები ერთეული, კგ 5.1 5.7 5.8 6.7 2.4 2.9

 

მიმოცვლითი ენერგია, მჯ 56.4 63.1 64.2 74.2 26.6 32.0

 

მშრალი ნივთიერება, კგ 3.92 4.38 4.46 5.15 2.29 2.76

 

მონელებადი პროტეინი,გ 568 635 647 747 240 290
ლიზინი, გ 31.4 35 35.7 41.2 13.7 16.6
მეთიონინი + ცისტინი,გ 1.8 21 21.4 24.7 8.2 10.
ნედლი უჯრედანა, გ 274 307 312 360 321 320

 

• დანარჩენი 20 მაჩვენებლის მოთხოვნილებაზე ინფორმაცია მოცემულია სპეციალურ

ცნობარებში (ლიტერატურის სიაში იხილეთ # 4 და № 6 წყარო);

** გოჭების ასხლეტა 35-45 დღის ასაკში.

 

ჩვეულებრივ, გოჭის წოვებით გამოზრდის პერიოდი 45-60 დღე გრძელდება; ამ პერიოდის 35 დღემდე შემცირება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც გოჭების საკვებად ვიყენებთ რძის და რძის გადამუშავების ანარჩენებს (იხ. სასუქი მოზარდის კვება). ასეთი ტექნოლოგია საგრძნობლად აუმჯობესებს ნეზვის გამოყენების ეფექტურობას.

მოგებიდან 4-5 დღის შემდეგ ნეზვს და გოჭებს უშვებენ სასეირნოდ, რომლის ხანგრძლივობა ზამთარში 15-20, ზაფხულში კი 45-50 წთ- ა.

საკვების კვებისწინა შემზადება

განასხვავებენ ღორის კვების ორ ნაირსახეობას, მშრალი და სველი.

მშრალი კვება. მშრალად უმჯობესია მივცეთ სრულულუფოვანი კომბინირებული საკვები. ასეთი საკვების უპირატესობა ის არის, რომ ორგანიზმი ღებულობს ყოველმხრივ დაბალანსებულ ულუფას. ამასთან, მშრალად კვებისას აუცილებელია ღორს შეუზუდავად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღინიშნება ზრდის ინტენსივობის დაქვეითება.

მშრალი საკვებით კვებისას გამოყოფილი ნერწყვი არ არის საკმარისი საკვების მთლიანად დასასველებლად და მონელების დასაწყებად. გარდა ამისა, მშრალი საკვები ადვილად იბნევა და იფანტება.

სველი კვება. სხვადასხვა საკვებ ნარევი (მაგალითად დაჭრილი კარტოფილი, ბოსტნეული, სამზარეულოს ანარჩენები, მარცვლეული, ბალახეული, კომბინირებული საკვები და სხვ.) ცხოველებს ეძლევა წინასწარ თერმულად დამუშავებული (მოხარშული ან ჩაორთქლილი) ნარევის სახით. ვინაიდან სველისაკვები სწრაფად მჟავდება, ცხოველს ის უნდა მივცეთ იმდენი რაოდენობით, რამდენსაც ერთჯერობაზე შეჭამს, ხოლო ანარჩენებისაგან საკვებური დროულად უნდა დავასუფთაოთ.

ღორის მიერ თხევადი საკვების მიღებისას ნერწყვი პრაქტიკულად არ გამოიყოფა და, ამდენად, პირის ღრუში მონელება არ იწყება.

საკვების კვებისწინა შემზადება. საგემოვნო თვისებების და მონელებადობის გასაუმჯობესებლად საკვებს წინასწარ შეამზადებენ. მარცველულს წინასწარ ღერღავენ, ძუძუთა გოჭისათვის 0,5-0,8 მმ, ახლად ასხლეტილებისათვის- 0,9-1 მმ, ხოლო დანარჩენი სულადობისათვის 1,0-1,5 მმ ზომის ნაწილაკების მიღების ვარაუდით. უფრო წვრილად დაფქვა აუარესებს საკვების მონელებადობას, ადიდებს კუჭის მჟავიანობას, იწვევს ნაწლავის ფუნქციის დარღვევას და, არც თუ იშვიათად, კუჭის წყლულოვან დაავადებას.

წისქვილის არ ქონის შემთხვევაში მარცვლს კვებამდე 12-24 საათით ადრე უნდა დავასხათ წყალი ან რძის შრატი. მართალია სველ მარცვალს ღორი უფრო ცუდად ინელებს, ვიდრე დაღერღილს ან დაროშილს, მაგრამ გაცილებით უკეთ, ვიდრე მშრალს.

კოპტონს კვების წინ აქუცმაცებენ, მწვანე ბალახისაგან უმჯობესია მომზადდეს პასტა, ძირხვენები გაირეცხოს და დაიჭრას, სამზარეულოს ანარჩენები კი წამოდუღდეს.

დაუშვებელია სრულულუფოვანი კომბინირებული საკვების მაღალ ტემპერატურაზე ჩაორთქვლა ან მოხარშვა, ვინაიდან +550ჩ-ზე უფრო ცხელ წყალში იშლიბა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი.

სველი მარცვალნარევით კვებისას, 1 წილ საკვებზე უნდა მოდიოდეს 1,5 წილი წყალი. ასეთი შეფარდებისას იზრდება საკვების ჭამადობა და უმჯობესდება მონელებადობა.

იმ შემთხვევაში, როდესაც ღორს კვებავენ ბოსტნეულისა და სამზარეულოს ანარჩენების და სხვა საკვებნარევით, წამოდუღებისა და გაცივების

შემდეგ მიზანშეწონილია მინერალურ-ვიტამინოვანი პრემიქსების დამატება.

სასუქი მოზარდის კვება და მოვლაშენახვა

2 თვის ასაკიდან გოჭის საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ პარკოსანთა ბალახი, გათიბული მწვანე მასა, სტაფილო და სხვა სახის საკვები, რომლის რაოდენობა საწყის ეტაპზე დღეში უნდა იყოს 300-400 გ/1 სულზე. დაუშვებელია, წვნიან საკვებზე მკვეთრად გადასვლა, ვინაიდან ის იწვევს დისპეპსიას. ასევე არ შეიძლება ნედლი და/ან მწვანე კარტოფილით კვება, აგრეთვე მწვანე კარტოფილის

ნახარში წყლით საკვების მომზადება.

უფრო მომგებიანია გოჭების გაზაფხულზე სუქება, ვინაიდან ამ დროს არის იაფი მწვანე საკვებით და ბოსტნეულის ანარჩენებით მათი კვების, აგრეთვე მსუბუქი ტიპის სადგომში შენახვის შესაძლებლობა.

გოჭების გამოზრდა-სუქების ტექნოლოგიურ ციკლს ყოფენ სამ პერიოდად: რძით კვების – დაბადებიდან 45 დღის ასაკამდე (ან 2 თვემდე). პირველი 10-15 დღე გოჭის ძირითადი საკვებია დედის რძე. ამასთან, მე-3 – მე-4 დღიდან საკვებურში მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ მშრალი კომბინირებული საკვები ან დაღერღილი მარცვალნარევი. ასეთ შემთხვევაში, კომბინირებული საკვების ჭამის შეჩვევასთან ერთად, აღინიშნება გოჭის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების გაუმჯობესება. მე- 5 დღიდან გოჭებს უნდა შეეძლოს სასმელი წყლის ნებაზე მიღება. ასეთი ტექნოლოგიით გამოზრდილი გოჭები დედიდან ასხლეტისას იწონიან 10-15 კგ- ს; ნეზვის დაბალი მერძეულობისას გოჭებს უნდა მივცეთ 100-300 გ/სულზე/ დღეში ნატურალური ან მოხდილი პასტერიზებული რძე. კარგ შედეგს იძლევა რძის ნაცვლად აციდოფილური პროსტოკვაშით კვება. მეძუძური გოჭის დამატებითი საკვებით უზრუნველყოფის სქემა მოცემულია მე- 16 ცხრილში.

ცხრილი 16. რძის ასაკის გოჭის გამოზრდის სქემა (საკვები 1 სულზე/გ-ში)

ასაკი რძე კონცენტ თივის

ფქვილი

სტაფილო კარტოფ NaCI ცარცი
თვე დეკადა

 

ნატურალური

 

მოხდილი

 

1 I 50   25       2 3
II 150   100 10 10 20 3 3
III 250 150 150 20 15 50 4 5
2 IV 300 200 200 50 20 100 4 5
V 150 250 300 100 25 200 5 10
VI   450 400 150 30 450 10 15
  1. მოსამზადებელი პერიოდი – გრძელდება ასხლეტიდან 3,5-4 თვის ასაკამდე. სტრესული მოვლენების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ნეზვიდან ასხლეტილი გოჭი დავტოვოთ იმავე დოლფარაში, სადაც იმყოფებოდა დედასთან ერთად. სტრესის განვითარებისას გოჭები დიდი რაოდენობით ჭამენ საკვებს, რომლის მონელებას ვერ ასწრებს მათი კუჭნაწლავის სისტემა და აღინიშნება დისპეპსია.

სასურველია ამ პერიოდის გოჭები ვკვებოთ II პერიოდის მოზარდისათვის განკუთვნილი სპეციალური კომბინირებული საკვებით, ან მარცვლოვან-პარკოსანი საკვებნარევით. ულუფის 1 კგ უნდა შეიცავდეს 1,12 კგ საკვებ ერთეულს, 11-12 მჯოულ მიმოცვლით ენერგიას, 134 გ მონელებად პროტეინს, 7,7 გ ლიზინს, 45 გ ნედლ უჯრედანას, 8 გ კალციუმს და 6,5 გრ. ფოსფორს.

საკვებს აძლევენ ნორმის მიხედვით, მშრალი სახით და დღეში 3-4 ჯერ. პერიოდის ბოლოსათვის გოჭების ცოცხალი მასა აღწევს 40 კგ-ს.

  1. დამამთავრებელი სუქების, რომელიც გრძელდება 3,5-4 თვის ასაკიდან 8 თვემდე. პერიოდის დასაწყისში მოზარდის ცოცხალი მასა დაახლოებით 35-40 კგ-ა. საკვებს აძლევენ მშრალი სახით, დღეში 3-4 ჯერ. ცოცხალი მასის მაღალი ნამატის მიღების გარანტიას იძლევა სიმინდის მარცვლისა და ცილით მდიდარი მწვანე მასის, და/ან თივის ფქვილის კომბინაცია. ამ უკანასკნელთა ხვედრითი წილი უნდა იყოს ულუფის ყუათიანობის 10-20%.

სუქებას ამთავრებენ 100-120 კგ ცოცხალი მასის მიღწევისას. უფრო მაღალი ცოცხალი მასის კონდიციამდე სუქება, ერთეულ წონამატზე საკვების დანახარჯების გადიდების გამო ეკონომიკურად გაუმართლებელია. გამოზრდა სუქების სამივე პერიოდში ცხოველებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ სუფთა სასმელი წყალი და მინერალური საკვებ დანამატი (მათ შორის ცარცი, წითელი თიხა და ნახშირი).

გოჭის დღიური ულუფა შეიძლება შედგებოდეს მარცვლოვანი საკვების ნარევისაგან, მწვანე მასისაგან, სტაფილოს და ჩათუთქულ კარტოფილისაგან (ცხრილი 17). დღიური ნორმა დამოკიდებულია მოზარდის ცოცხალ მასაზე და დაგეგმილ საშუალო დღეღამურ წონამატზე.

ცხრილი 17. სასუქი გოჭის სამაგალითო ულუფა

ოცხალი მასა, კგ საკვები, კგ
მარცვალნარევი მწვანე

მასა

სტაფილო კარტოფილი
20 კგ-მდე 0,8 2,5 0,5-1 0.6-1.5
20-30 1,0 3.0 1.5-2.0 1.0-1.5
30-40 1.0 5.0 2.0-3.0 1.5-2.0
40-50 1.3 7.0 3.0-3.5 2.0-2.5
50-60 1.5 8.0 3.0-3.5 2.0-2.5

 მოზარდის სუქების მესამე ეტაპზე და საერთოდ ღორის კვებაში კარგ შედეგს იძლევა კომბინირებული სილოსი, რომლის 60-70% უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 1-2% უჯრედანას შემცველი საკვებისაგან (შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, გოგრა, სტაფილო და სხვა), აგრეთვე სიმინდის ტაროსაგან, მწვანე მასისაგან და სხვა დანამატისაგან.

გოჭის დაკოდვა. არა სანაშენე დანიშნულების მამრ გოჭებს, შემთხვევითი შეწყვილების თავიდან ასაცილებლად კოდავენ. გარდა ამისა დაკოდილი ცხოველის ხორცი უფრო ხარისხიანი და მიმზიდველია. სწორედ ამას ეფუძნება ბეკონის დასამზადებელი ღორის ტანხორცის სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომლის მიხედვით ნედლეული მიღებული უნდა იყოს არა უგვიანეს 4 თვის ასაკში დაკოდილი ცხოველისაგან.

გოჭის დაკოდვის ოპტიმალური ვადაა 4-6 კვირა, თუმცა ზოგიერთი  საწარმოების გამოცდილებით ეფექტურია უფრო ადრეულ ასაკში დაკოდვა.

დადგენილია, რომ რაც უფრო მოზრდილია გოჭი, მით უფრო შესამჩნევია ამდაკოდვის შედეგად განვითარებული სტრესის უარყოფითი მოქმედება მის ზრდაგანვითარებაზე.

მომთაბარე მეღორეობის ტექნოლოგია

საქართველოს ტერიტორიის 1/3 მთაგორიანია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. მომთაბარე მეღორეობას სწორედ იმ რაიონებსა და სოფლებში მისდევენ, რომლებიც ესაზღვრებიან ასეთი ტყის მასივებს. სხვადასხვა მონაცემებით საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის თითქმის 20-25% მოდიოდა მომთაბარე მეღორეობაზე.

სამთაბაროდ უპირატესად გამოიყენება კახური ღორი, კახურის მანგალიცურ ჯიშთან ნაჯვარი და სხვა ადგილობრივი პოპულაციები, რომლებიც შეგუებულნი არიან მოვლა-შენახვის ექსტენსიურ სისტემას, კარგად იყენებენ ფოთლოვანი ტყის ნაყოფს და სხვა ბუნებრივ სავარგულებს.

ტყის ნაყოფი ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით. 1 კგ მშრალი, ჩენჩოგაცლილი რკოს ყუათიანობა 1,21 საკვები ერთეულია და შეიცავს 42 გ მონელებად პროტეინს, წიფლის- 2,06 და 110, ხოლო წაბლის- 0,99 და 70 გ საკვები ერთეული და მონელებადი პროტეინი, შესაბამისად. ღორი, ასევე, წარმატებით იყენებს სხვა საკვებ სავარგულებს- ბუნებრივ საძოვრებს და ერთწლიანი

კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ჩაბნეულ მარცვლეულს და სხვა ანარჩენებს.

არსებული რესურსების უკეთესად გამოყენების მიზნით ტყის მასივებთან ახლოს აწყობენ ბანაკს. აქვე განლაგებულია ბინა მომსახურე პერსონალისათვის, ინვენტარისა და საკვების შესანახი სათავსო, ღორის მსუბუქი ტიპის სადგომი რამოდენიმე “განყოფილებით” სხვადასხვა ასაკის ცხოველებისათვის, აგრეთვე ინდივიდუალურ დოლფარები მაწოვარი ნეზვებისა და რძის ასაკის გოჭებისათვის.

ღორს შეუძლია აითვისოს ძირითადი სადგომის ირგვლივ 10-15 კმ რადიუსის ტყის მასივი. ბანაკის მიმდებარე ფართობი, როგორც წესი, ეთმობა მაწოვარ ნეზვებს და 2 თვის ასაკამდე გოჭებს, ხოლო უფრო მოშორებული ტერიტორიების ათვისების მიზნით, ძირითადი სადგომის გარდა აუცილებელი ხდება დამატებითი სადგომის მოწყობაც, სადაც სასუქ სულადობას ტოვებენ დაზამთრებამდე (თოვლის საფარის დადებამდე).

ვინაიდან ტყის ნაყოფის მოსავლიანობა სხვადახვა წლებში განსხვავებულია, საჭიროა სულადობის რაოდენობისა და ფართობის გამოყენების რეგულირება.

მოსავლიან წელს ღორი ნაკლებად გადაადგილდება საკვების ძებნის მიზნით და მეტ წონამატსაც იძლევა. კარგ შედეგს იძლევას ხეებიდან ნაყოფების ჩამობერტყვა.

გეგმაზომიერად ძოვებისას ღორი ნიადაგს აფხვიერებს, რაც აუმჯობესებს მისი ზედა ფენის აერაციას. იმავდროულად ტყის ნაყოფები მიწაში “ჩაითესება” და იქმნება მათი აღმოცენების ხელისშემწყობი პირობები.

მნიშვნელოვანია, რომ ძოვებამ ხელი არ შეუშალოს ტყის ბუნებრივ განახლებას.

როგორც წესი, აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება მცენარეების ამოსვლა და, ამდენად, ამ პერიოდში ღორის ტყეში გაყვანა არ შეიძლება.

კარგ შედეგს იძლევა ტყისპირა თავისუფალ ფერდობზე, ან კიდევ საზამთრო სადგომთან იონჯის, სამყურას და მიწავაშლას საძოვრების მოწყობა. ეს ფართობები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გაზაფხულ-ზაფხულის თვეებში, ასევე ზამთარშიც, როდესაც ცხოველები განიცდიან საკვების მნიშვნელოვან დეფიციტს.

კლიმატური პირობების გათვალისწინებით უმჯობესია ნამატის მიღება დაიგეგმოს გაზაფხულზე, ტყის მასივებში გასვლის წინა პერიოდისათვის. ასეთ შემთხვევაში მაქსიმლურად გამოიყენება გაზაფხულ-ზაფხულის თბილი კლიმატის სიკეთე და წლის ბოლომდე ნამატის ცოცხალი მასა აღწევს 50-60 კგ- ს, ანუ სარეალიზაციო კონდიციას.

სხვებთან შედარებით მომთაბარე მეღორეობისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები არის ახმეტის რაიონში, განსაკუთრებით კი სოფლების- ზემო და ქვემო ალვანის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯაბური, ბაწარა, ფიჩხოვანი, პანკისისა და ილტოს ხეობა, ჩაჩხრიალის ტყე). აქ ტყის და მდელოს ბუნებრივ საძოვრებზე უხვადაა ღორის საკვები- წიფელი, რკო, წაბლი, პანტა, მაჟალო, თუთა, ბალი, ტყემალი, ზღმარტლი, მაყვალი, კუნელი, მარწყვი და სხვა.

მთაბარობის პირობებში კარგ შედეგს იძლევა სასუქი მოზარდის დამატებითი კვება მარცვლოვანი საკვებნარებით, რა დროსაც საშუალო დღეღამური ნამატი 280-320 გ- ს აღწევს და, შესაბამისად, უმჯობესდება გასუქებული ღორის საკლავი პროდუქტიულობა.

ფერმისპირა საზაფხულო ბანაკებში ღორის შენახვა ამ ღონისძიებას ხელს უწყობს საქართველოს უმეტესი რაიონების გაზაფხულ-

ზაფხულის კლიმატური პირობები. ბანაკის მოწყობა და მთელი სულადობის იქ გადაყვანა გვაძლევს ძირითადი სადგომების დასუფთავების, დეზინფექციის და მიმდინარე რემონტის ჩატარების საშუალებას.

ბანაკად ღორის გაყვანას ვეტერინარული თვალსაზრისითაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში ზამთრის სადგომები მთლიანად თავისუფლდება მავნე მიკროორგანიზმებისაგან და მღრღნელების უმეტესი ნაწილისაგან. პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ ვეტერინალური და ტექნოლოგიური “შესვენების”  გარეშე, ერთი და იგივე სადგომის გამოყენებისას, მატულობს პათოგენური მიკროფლორის კონცენტრაცია, რაც ზრდის დაავადებების საშიშროებას.

ბანაკი უმჯობესია მოვაწყოთ ძირითად სადგომთან ახლოს, რათა გამოვიყენოთ ფერმის წყალგაყვანილობა, საკვები საამქრო, ნაკელსაცავი და სხვა ნაგებობები. ის შენდება მშრალ, შედარებით შემაღლებულ და შეძლებისდაგვარად ქარისაგან დაცულ ადგილზე. შერჩეულ ტერიტორიას შემოღობავებენ და ყოფენ ბაკებად. ცხოველების წვიმის და ქარის, აგრეთვე პაპანაქება სიცხისას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დასაცავად ყველა ბაკს უნდა ჰქონდეს მსუბუქი ტიპის ფარდული, რომლის ქვეშ იდგმება საკვებურები და საწყურვებლები.

მაწოვარი ნეზვისა და გოჭების შესანახ ბაკში იატაკი მაგარსაფარიანი უნდა იყოს, რომელზეც აგებენ ხის მასალისაგან დამზადებულ ფარს.

საზაფხულო ბანაკებში სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფებისათვის ბაკის ზომებზე, ჯგუფებში დასაშვებ სულადობასა და 1 სულზე საჭირო ფართობზე პარამეტრები მოცემულია ცხრილ 18-ში.

ცხრილი 18. საზაფხულო ბანაკში დოლფარის პარამეტრები

ასაკობრივი ჯგუფი 1 ბაკში

დასაშვები

სულადობა

1 სულზე ფართობი,მ2 კვების

ფრონტი,

ფარდულის

ქვეშ

სეირანზე

 

მაწოვარი ნეზვი გოჭებით 1 4.5 6 0.45
სალთი და მაკე ნეზვი 20 1.4 3.0 0.45
ასხლეტილი გოჭი 30 0.3 1.0 0.20
სარემონტო მოზარდი 25 0.5 1.3 0.30
სასუქი ღორი 25 0.5 1.3 0.30
ძირითადი კერატი 1 6.0 10 0.45

 

ბანაკის ასაშენებლად გამოიყენება ადგილობრივი არასტანდარტული და იაფი მასალა, ხის ნაგვერდული, გამოუყენებელი ბეტონის სინკარი, ნაშალი აგური, ბლოკი და სხვ. სახურავად ყველაზე იაფია ისლი.

ბანაკად ყოფნისას ღორის კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საძოვარს.

სუფთა ჰაერზე ყოფნა და მზის სხივები განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მაკე ნეზვებზე- მათგან მიიღება ჯანმრთელი და განვითარებული გოჭი, იშვიათია გართულებული მშობიარობა, მცირდება ბერწიანობა და მაღლდება დაავადებებისადმი რეზისტენტობა.

დილით ღორი საძოვარზე უნდა გავუშვათ საკვების მიცემამდე. ნაკვები ღორი ცუდად ძოვს და მალევე ცდილობს ბანაკში დაბრუნებას. მაღალმოსავლიან ნათეს საძოვარზე ყოველდღიურად ღორს აძოვებენ 1,5-2 საათი, ბუნებრივზე კი- 3-3,5 საათი.

მოსავლიანობის შენარჩუნების, საძოვრის ეფექტურად გამოყენების და პარაზიტულ დაავადებებთან ბრძოლის მიზნით მიმართავენ ნაკვეთმორიგეობით ძოვებას. ამისათვის მთელ ფართობს ყოფენ რამოდენიმე ნაკვეთად, იმ ვარაუდით, რომ თითოეულ ნაკვეთზე კოლტს საკვები ეყოს 4-5 დღე მაინც. შემდეგ ცხოველები გადაყავთ მეორეზე ნაკვეთზე, შემდეგ მესამეზე და ა.შ., ისე, რომ სასურველია კოლტი პირველ ნაკვეთს დაუბრუნდეს 1-1,5 თვის შემდეგ.

საჭირო ფართობის გაანგარიშებისას გამოდიან შემდეგი პარამეტრებიდან: 1 სული ძირითადი ნეზვისათვის დღეში საჭიროა 10 მ2, ხოლო ასხლეტილი მოზარდისათვის 2 მ2– მდე საძოვარი.

გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი