თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები
ავასირხვა
წარმოშობა: ავასირხვა აფხაზური, მცირედ გავრცელებული ჯიშია. მისი სინონიმებია – ავასარხვა, აოსირხვაჟი, აჟიში, აუასირხვა, ავასირხვაჟიში.
მოკლე აღწერა: ახალაზრდა მოზარდი ყლორტის წვეროები გვირგვინითა და პირველი ორი ფოთოლაკითურთ შებუსვილია ორივე მხრიდან სუსტი, აბლაბუდისებრი ბუსუსით, უფრო ინტენსიურად კი ფოთლის ქვედა მხრიდან და მორუხო-მწვანე ფერისაა.
შუა იარუსის ფოთოლი საშუალო ზომისაა (17-18სმ). ფოთოლი მომრგვალოა, იშვიათად ოვალისებრია, გვხვდება სამნაკვთიანი ფოთლები, იშვიათად მთლიანი და ხუთნაკვთიანი.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მცირედ ცვალებადობს. მას ღია ელიფსისმაგვარი ფორმა და მახვილი ფუძე აქვს.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევნების ზომა საშუალოა, ფორმა – ცილინდრულ – კონუსისებრი, ხშირად მხრიანი. მტევნები საშუალო სიმკვრივისაა. მტევნები ხასიათდება მცირეოდენი წვრილმრცვლიანობით.
მარცვლების ფორმა უფრო ხშირად ოვალურია, მაგრამ იშვიათად მომრგვალო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. ფერით მომწვანო-ყვითელი ფერისაა. მარცვლის კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია. რბილობი წვნიანია და ადვილად სცილდება კანს. მარცვალს სასიამოვნო გემო და სუსტად გამოსახული არომატი აქვს. მარცვალი საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქითაა დაფარული.
ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 18-20 აპრილს, ყვავილობას იწყებს 4-7 ივნისს, შეთვალებას – 19-25 აგვისტოს, სრულ სიმწიფეში შედის 12-17 ოქტომბერს.
ჯიშური არგოტექნოლოგია: რეკომენდებულია მაღალი დატვირთვის კორდონული ფორმირებები.
მოსავლიანობა: ავასირხვა საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება. საშუალოდ ჰექტარზე 6-7 ტონას იძლევა.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ავასირხვას სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ (ჭრაქი, ნაცარი) გამძლეობა შედარებით კარგი აქვს.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ავასირხვა იძლევა ხარისხოვან სუფრის ღვინოს. ღვინო ხასიათდება სასიამოვნო ჯიშური არომატითა და ბუნებრივი ცქრიალით.
კლონური სელექცია: მცირე ფართობზე გავრცელების გამო მისი კლონური სელექცია არ არის ჩატარებული.
ალიგოტე
წარმოშობა: ალიგოტე ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. საქართველოში ალიგოტე შემოტანილია ხხ საუკუნის დასაწყისში. საქართველოში აღმოსავლეთ რაიონებში, კერძოდ მცხეთის რაიონის მუხრანის მევენახეობის ზონაში ამ ჯიშმა კარგი შედეგები მოგვცა, როგორც მოსავლიანობით ასევე მაღალი ხარისხით.
მოკლე აღწერა: ზრდის კონუსი მოთეთროა, მოწითალო ელფერით და დაფარულია მოოქროსფრო ბუსუსით. პირველი და მეორე ახლად გაშლილი ფოთლები ზემოდან ღია მომწვანო-მოყვითალო ელფერით. ფირფიტის კიდურებს და კბილებს ემჩნევათ მოწითალო ღვინისფერი. ქვემო მხრიდან დაფარულია სქლი მოთეთრო-ნაცრისფერი ბუსუსით.
ზრდადამთავრებული ფოთოლი ღია მწვანეა, მოყვითალო ელფერით და რამდენიმედ ბრჭყვიალაა. ფორმით მომრგვალოა და ოდნავ დანაკვთული. მისი სიგრძე აღწევს 16.8-17.4 სმ, ხოლო სიგანე 17.1-17.7 სმ. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ხშირად ჩანგისებრი ფორმისაა-მახვილი ფუძით. მისი ზემო მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ფირფიტის ზედაპირი ბრტყელია, ზოგჯერ ნაპირებით ქვემოთ არის ჩამოწეული. ქვემო მხრიდან უფრო ღია ფერისაა და მცირედ არის შებუსვილიმონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.
ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით.
მტევანი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა, ფორმით ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია, ზოგჯერ ფრთიანი.
მარცვალი საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული საჯდომ ბალიშზე. ფერით თეთრი-მომწვანოა. ფორმით მომრგვალოა, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს, სიმეტრიულია და თხელკანიანი, მცირე ხორციანი და მომეტებულ წვნიანია. მარცვლის კანი ცვილით მცირედ არის დაფარული.
ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 18 – 25 აპრილს. ყვავილობას იწყებს 1-7 ივნისს, შეთვალებას 15-20 აგვისტოს, ხოლო სრულ სიმწიფეში შედის 17-25 სექტემბერს.
ჯიშური აგროტექნოლოგია: ალიგოტესთვის, გასხვლის ფორმებიდან საუკეთესო ეფექტის მომცემია ქართული ორმხრივი შპალერი გაორებული შტამბით, სადაც ვაზის საერთო დატვირთვა 16-18 კვირტს არ აღემატება.
მოსავლიანობა: ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში ალიგოტე უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. საშუალოდ მისი მოსავლიანობა ჰექტარზე 7-8 ტონას არწევს.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მუხრანის მევენახეობის ზონაში, ალიგოტე მასობრივად ავადდება ქლოროზით. იგი სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება. ჭრაქი მას ნაკლებად აავადებს, კიდევ უფრო კარგად უძლებს ნაცარს.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ალოგოტეს ჯიშიდან მზადდება სუფრის ღვინო, მას გამოიყენებენ ასევე ცქრიალა და შუშხუნა ღვინომასალების დასამზადებლად.
გორული მწვანე
წარმოშობა: მწვანეს სახელწოდებით ჯიშები გვრცელებულია კახეთში, ქართლში, იმერეთში, რაჭაში, მესხეთში და სხვ. ყველა ეს ჯიში ერთმანეთისაგან განსხვავებულია ამპელოგრაფიული და სამეურნეო ნიშნებით.
გორული მწვანეს სინონიმებია – მწვანე, სურამულა, თეთრფოთოლა, ჯიშიანი მწვანე და ლურჯი მწვანე. დასავლეთ საქართველოში (იმერეთში) მას „ქვიშხეთურასაც” უწოდებენ, რაც მისი იმერეთში ქვიშხეთიდან შეტანაზე მიუთითებს, ხოლო რაჭაში ამ ჯიშს ასევე `თბილისურს” უწოდებენ, რაც თბილისის გარეუბნებიდან მის შეტანას გულისხმობს.
მოკლე აღწერა: ზრდის კონუსი მთლიანად დაფარულია ქეჩისებური ბუსუსით და გადაჰკრავს ინტენსიური მოვარდისფრო ფერი. პირველი ახალგაშლილი ფოთოლი, როგორც ზედა ისე ქვედა მხარიდან დაფარულია ქეჩისებრი თეთრი ბუსუსით, ხოლო ნაპირებს გადაჰკრავს მოვარდისფრო ფერი. ახალგაზრდა ფოთოლს ზედა მხრიდან ახასიათებს ბრინჯაოსებრი შეფერვა.
ზრდადასრულებული ფოთოლი მუქი მწვანეა და საშუალოზე დიდი, სიგრძე 13,5-20,6 სმ, ხოლო სიგანე 13-19,4 სმ. ფორმით თითქმის მომრგვალოა ან განიეროვალური. ღრმად დანაკვთულია, ახასიათებს მეორადი ნაკვთებიც. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღია ჩანგისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი დიდი ან საშუალოა, განიერ-კონუსური, განტოტვილი, იშვიათად ცილინდრულ კონუსური მოყვანილობისაა. მტევანი თხელია ან საშუალოდ კუმსი.
მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული. სრულ სიმწიფეში ყვითელ-მომწვანოდ არის შეფერილი, ოდნავ მოვარდისფრო ელფერით. მარცვალი საშუალო ზომისაა, ფორმით მომრგვალოა ან განიერ-ოვალური. შუა წელში უფრო განიერია. მარცვლის კანი საკმაოდ სქელი და უხეშია. რბილიბი საკმაოდ მკვრივი და ხორციანია.
ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 22-25 აპრილს. ყვავილობას იწყებს 3-6- ივნისს, შეთვალებას 19-23 აგვისტოს, ხოლო სრულ სიმწიფეში შედის 5-12 ოქტომბერს.
ჯიშური აგროტექნოლოგია: გორული მწვანე ადვილად ეგუება, როგორც გრძელ ისე საშუაო და მოკლე სხვლას მაღალი აგროტექნოლოგიის ფონზე, მისი დატვირთვა – შეიძლება შეადგენდეს 30-40 კვირტს ერთ ძირზე. ეფექტურია ყვავილობის წინ ყლორტების წვერების წაწყვეტა, რაც ზრდის გამონასკვის პროცენტს. მოსავლიანობა: გორული მწვანე ჰექტარზე დაახლოებით 8 ტონა მოსავალს იძლევა.
დაავადების მიმართ გამძლეობა: ჯიში მიმღებიანია ჭრაქის მიმართ, შედარებით გაძლეა ნაცრის მიმართ. აგროწესებით გათვალისწინებული ქიმიური დაცვის ღონისძიებები უზრუნველყოფს ჯანსაღი მოსავლის მიღებას.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ქართლის მევენახეობის რაიონებში გორული მწვანე იძლევა მაღალხარისხოვან ევროპული ტიპის სუფრის ღვინოს და ბუნებრივად ცქრიალა ღვინოს.
გორულ მწვანეს გამრავლების პერსპექტივები აქვს ქართლის ყველა რაიონში მათ შორის მესხეთში, ხოლო დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან ზესტაფონსა და საჩხერეში.
კლონური სელექცია: გორული მწვანე სელექციურად დასახვეწია. მის ნარგაობაში ხშირად გვხვდება დაბალმოსავლიანი მეჩხერმტევნიანი ფორმები, რომელთაც მოსახლეობა `უჯიშოს”, `ავრეხს” და სხვა სახელებს უწოდებს. საკვირტე მასალის შერჩევისას სწორედ ამ მდგოამრებას უნდა გაეწიოს ანგარიში და მასალა აღებული უნდა იქნას აპრობირებული ვენახებიდან.
კრახუნა
წარმოშობა: კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია იმერეთში, ძირითადად შუა იმერეთის სოფლებში: სვირი, კვალითი, ობჩა, დიმი და სხვა. ივანე ჯავახიშვილის განმარტებით: ”კრახუნა” მარცვლის თვისების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. დასავლეთ საქართველოში ამბობენ: ”მარცვალი პირში სკდება, კრახუნობს, ხოლო აღმოსვლეთ საქართველოში კრახუნა – კნატა-კნუტს, კნატუნს” ნიშნავსო.
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით, მომწვანო თეთრი ფერისაა, რომლებსაც ღია მოვარდისფრო არშია აკრავს გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. ყლორტის შებუსვა ზევიდან ქვევით მცირდება.
შუა იარუსის კარგად განვითარებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა. ფოთლის ფირფიტა მომრგვალოა, უფრო ხშირად იგი განიერ-ოვალურია, ვიდრე მოგრძო, ფოთლის სიგრძე საშუალოდ 17-18 სმ, ხოლო განი 18-19 სმ უდრის.
ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, უფრო ხშირად იგი ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანებიც გვხვდება. ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი, აბლაბუდისებრი შებუსვით.
ყუნწის ამონაკვეთი უმრავლეს ფოთლებზე ღიაა, იგი ჩანგისმაგვარია, შევიწროებული ფუძით.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო სიდიდისაა, განიერ კონუსისებრი ფორმისა, ხშირად მხრიანი. მტევანი მკვრივია, იშვიათად საშუალო სიმკვრივის. მტევნის ყუნწი ბალახისებრია, ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის იგი ხევდება რქის ფერს იღებს.
მარცვალი საშუალოზე უფრო მსხვილია, ფორმა ოვალური აქვს, იშვიათად მომრგვალო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. ფერით მომწვანო-ყვითელია. მარცვალი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი, იგი ადვილად არ სცილდება რბილობს. რბილობი მკვრივი კნატუნაა, წვენი უფერული. ჯიშური არომატი მარცვალში სუსტად არის გამოხატული. ფენოლოგია: კრახუნა კვირტის გაშლას იწყებს 9-15 აპრილს. ყვავილობას იწყებს 28 მაისიდან 4 ივნისამდე, სრულ სიწიფეში შედის 16 სექტემბერი – 3 ოქტომბერი.
ჯიშური აგროტექნოლოგია: ნაკლებად არის შესწავლილი.
მოსავლიანობა: კრახუნა საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. მიკრორაიონების მიხედვით მისი მოსავლიანობა საშუალოდ 8-10 ტონამდე მერყეობს.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: კრახუნა ჭრაქის მიმართ ნაკლებად გამძლეა, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოდ გამძლე. იგი ფილოქსერას მიმართაც ნაკლებ გამძლეობით გამოირჩევა.
ტექნოლოგიური პოტენციალი: კრახუნას ძირითადად იყენებენ, იმერული და ევროპული ტიპის სუფრის ღვინის დასაყენებლად. მაღალხარისხოვანი ღვინოს იძლევა შუა იმერეთიდან, განსაკუთრებით ზესტაფონისა და მაიაკოვსკის რაიონებიდან.
კლონური სელექცია: ჩატარებული არ არის.
მწვანე კახური
წარმოშობა: მწვანე კახეთის სამრეწველო ჯიშია. იძლევა ევროპული ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მომწვანო ფერის გამო. ძველად, სოკოვანი დაავადებების გავრცელებამდე მწვანე ფართოდ ყოფილა გავრცელებული მთელ კახეთში. ამ დაავადებათა გავრცელების გამო მისი გაშენება შეიზღუდა და მინიმუმამდე დავიდა.
მოკლე აღწერა: მოზარდი ყლორტის წვერი და გაუშლელი ფოთოლაკები შებუსულია სქელი ქეჩისებრი შებუსვით, შეფერილია თეთრად და სუსტი ვარდისფერი არშია აკრავს ფოთოლაკების ირგვლივ და ყუნწის გასწვრივ.
ფოთოლი საშუალო ზომისაა და მუქი მწვანე ფერის. მომრგვალო, იშვიათად ოვალური ფორმის. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად იგი წვრილბურთულებიანია. ფოთლები ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებრია.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ზომისაა, განიერ კონუსისებრი ფორმის და მხრიანი. მტევნები ჩვეულებრივ საშუალო სიმკვრივისაა, მაგრამ იშვიათად მეჩხერი მტევნებიც გვხვდება. მარცვლები საშუალო ზომისაა, ფორმა ოვალური აქვს, შუა წელში განიერია, ხოლო ბოლო მომრგვალებული აქვს. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული, ნაზი, ჯიშური არომატით.
ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 10-22 აპრილს. ყვავილობას 20 მაისიდან 6 ივლისამდე, სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს.
ჯიშუარი აგროტექნოლოგია: არ არის შესწავლილი. მოსავლიანობა: მწვანე ხასიათდება შედარებით მაღალი მოსავლიანობით და პროდუქციის მაღალი ხარისხით. კახეთის სხვადასხვა რაიონში მისი საჰექტარო მოსავლიანობა მერყეობს 5,6 ტონიდან 11 ტონამდე.
დაავადების მიმართ გამძლეობა: მწვანე სხვა კახურ ჯიშებთან შედარებით ადვილად ავადდება ნაცრით. ჭრაქის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა არ ახასიათებს თუმცა რქაწითელთან შედარებით უფრო მიმღებიანია. შედარებით გამძლეა ფილოქსერას მიმართ.
ჯიშუარი აგროტექნოლოგია: მწვანე საჭიროებს ერთ ძირზე 30-40 კვირტით დატვირთვას. ისხვლება თავისუფალი წესით ან ფორმდება ორმხრივი მოკლე კორდონის წესით. მწვანის ჯიშური თვისებაა, რომ შტამბზე ამონაყრების უმეტესი ნაწილი მოსავლიანია და მისი გამოყენება შეიძლება სეტყვის ან წაყინვების უარყოფითი შედეგების შესამცირებლად.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ჯიში ხასიათდება შაქრის დაგროვების კარგი უნარით. სხვადასხვა რეგიონებში მისი შაქრიანობა 24%-დან 28%-მდე მერყეობს. მჟავიანობა კი 5,7‰-დან 11‰-მდე. მწვანე ძველთაგანვე შერჩეულია თეთრი სუფრის ღვინის წარმოებისათვის და იგი საუკეთესოა კახურ ჯიშთა შორის. ამიტომ მას იყენებენ სხვადასხვა ჯიშებთან შესარევად მათი გაკეთილშობილების მიზნით. მწვანეს ტექნოლოგიური პოტენციალი არც საქართველოში და არც მის საზღვრებს გარეთ სათანადოდ გამოყენებული არ არის. მწვანესაგან იწარმოება უმაღლესი ხარისხის კახური და ევროპული ტიპის ღვინოები. მწვანესგან მზადდება ა.დ. ღვინო მანავი.
მწვანე მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა თელავის, საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში მთების წინა შემაღლებულ ფერდობ ადგილებზე.
განსაკუთრებით გამოირჩევა და ფართოდ არის ცნობილი ახმეტის, მანავის, იყალთოს, რუისპირის, ნაფარეულის, სანიორეს, წინანდლის, ვაზისუბნის და სხვა ადგილების მწვანე.
კლონური სელექცია: გამოვლენილია 5 სხვადასხვა ვარიაცია, მათ შორის ყვითელი მწვანე და მწვანე 12 პესპექტიული ფორმებია და უნდა გავრცელდეს სამრეწველო მიზნებისათვის. მთლიან ფოთლიანი მწვანე, მოკლე მტევანა მწვანე, ყვავილთმცვენი მწვანე კი უარყოფითი ვარიაციებია და საჭიროა მათი ნარგაობიდან გამოთიშვა. მოკლე მტევანა მწვანე წარმოადგენს ისეთ იშვიათ ვარიაციას რომლის ქრომოსომების რიცხვი 76. ე.ი. წარმოადგენს ავტოპოლიპლოიდურ ფორმას და საყურადღებოა როგორც სასელექციო მასალა.
პინო თეთრი
წარმოშობა: საადრეო სიმწიფის პერიოდის ფრანგული ტექნიკური ვაზის ჯიშია. ეკუთვნის დასავლეთ ევროპის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. მსოფლიოში ეს ჯიში ფართოდ არის გავრცელებული.
რქაწითელი წამყვანი ჯიშია არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, რუსეთში, მოლდავეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და სხვ. გაშენებულია ასევე ჩინეთშიც. ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე რქაწითელს 700 000 ჰექტარი ფართობი ეჭირა.
მოკლე აღწერა: ფოთლები საშუალო ზომისაა, თითქმის მრგვალი, სამნაკვთიანი, ტალღისებრი ზედაპირით, ძირს დახრილი ნაპირებით. ფოთლის ქვედა მხარე სუსტად არის შებუსული.
ყუნწის ამონაკვთი ღიაა ჩანგისმაგვარი, მახვილი ფუძით.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმისა, კუმსი ან ძლიერ კუმსი.
მარცვლების უმეტესობა საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მოოვალო, მოოქროსფრო-ყვითელი ან მომწვანო-თეთრი ფერის. კანი თხელი, რბილობი წვნიანი.
ფენოლოგია: სავეგეტაციო პერიოდი 140 დღეა.
ჯიშური აგროტექნოლოგია: საქართველოში არ არის შესწავლილი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ჭრაქის და ნაცრის მიმართ მიმღებიანია.
ტექნოლოგიური პოტენციალი: საფრანგეთში ამ ჯიშიდან მზადდება როგორც წყნარი ღვინოები ასევე შამპანური. კლონური სელექცია: საქართველოში არ არის შესწავლილი.
რქაწითელი
წარმოშობა: რქაწითელი ფართოდ გავრცელებლი ჯიშია. საქართველოში მას ყველაზე დიდი ფართობი კახეთში უჭირავს. მისი სინონიმებია: მამალი, დედალი, წითელი და ყვითელი რქაწითელი. საინგილოში – კუკურა, რუსეთში – გრუზინსკის, ბუდაშურას სახელწოდებებით და მრავალი სხვა.
რქაწითელი წამყვანი ჯიშია არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, რუსეთში, მოლდავეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და სხვ. გაშენებულია ასევე ჩინეთშიც. ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე რქაწითელს 700 000 ჰექტარი ფართობი ეჭირა.
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა, მოზარდი ყლორტის წვერი გვირგვინითა და ჯერ კიდევ გაუშლელი პირველი ორი ფოთოლაკითურთ შებულსვილია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი ბეწვით, მორუხო თეთრი ფერისაა და ოდნავ მოვარდისფრო არშია დაყვება გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ.
ფოთლები მუქი მწვანეა, მომრგვალო და საშუალო ზომის (19 – 18სმ). მეტწილად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი და უფრო იშვიათად დაუნაკვთავი. ფოთლის ფირფიტა ბადისებრ დანაოჭებულია ან წვრილბურთულებიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებრია.
ყუნწის ამონაკვთი ჩვეულებრივ ღრმაა, ფორმით იგი ღია ჩანგისმაგვარი ან გაშლილი მშვილდისებრია.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ზომისაა, სიგრძე – 12 – 24 სმ, სიგანე კი 5 – 12 სმ. უფრო ხშირად მტევნები მხრიანია, ცილინდრულ-კონუსისებრი და ცილინდრული ფორმისაა. იშვიათად კი კონუსისებრი ფორმის მტევნებიც გვხვდება. ზოგჯერ მხარი იწყება მტევნის ყუნწის ფუძიდან, რის გამოც მტევანი ორმაგი, აკიდოსმაგვარია. უფრო ხშირად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად კუმსი და მეჩხერი მტევნებიც გვხვდება.
მარცვლების უმეტესობა საშუალო ზომისაა, ოვალური, მოოქროსფროყვითელი. მარცვლის კანი თხელია და მკვრივი, დაფარულია საშუალო სისქის ცვილისებრი ფიფქით.
ფენოლოგია: რქაწითელი კვირტის გაშლას იწყებს 10-25 აპრილს, ყვავილობას იწყებს 20-25 მაისს, შეთვალებას იწყებს 19 აგვიისტოდან, სრულ სიმწიფეში შედის 23 სექტემბრიდან.
ჯიშური აგროტექნოლოგია: ჯიშური აგროტექნოლოგია გავრცელების ზონების მიხედვით არის გამოყენებული.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: კახეთში რქაწითელი სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობით ხასიათდება. იგი ჭრაქის მიმართ უფრო გამძლეა ვიდრე ნაცრის მიმართ. დასავლეთ საქართველოში, იქაურ ჯიშებთან შედარებით რქაწითელი ჭრაქის მიმართ ნაკლებად გამძლეა და საჭიროებს დამატებით წამლობას. ზამთრის ყინვებს რქაწითელი კარგად იტანს. გვალვის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოა.
ტექნოლოგიური პოტენციალი: რქაწითელი იძლევა მაღალი ხარისხის ა.დ. ღვინოებს, როგორებიცაა ვაზისუბანი, გურჯაანი, წინანდალი, კახური. ასევე სუფრისა და სადესერტო ღვინოებს. კახეთის ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია რქაწითელისგან ხერესისა და მადერას ტიპის ღვინოების დამზადება. აგრეთვე იგი გამოიყენება სუფრის ყურძნად და იძლევა მაღალი ხარისხის ყურძნის წვენს.
კლონური სელექცია: კლონური სელექციის გზით გამოვლენილია მაღალმოსავლიანი კლონი რქაწითელი – 48, რომელიც ხარისხობრივი მაჩვენებლებით არ ჩამოუვარდება რქაწითელს.
ქისი
წარმოშობა: ქისი ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიშია. სინონიმები ცნობილი არ არის. იგი თავისი ბოტანიკური და სამეურნეო მაჩვენებლებით ახლოს დგას რქაწითელთან და მწვანესთან. ამიტომ იგი ადგილობრივ ჯიშთა წარმოქმნის კერაში უნდა იყოს წარმოშობილი.
დღესდღეისობით ქისის ვენახები ინტენსიურად იზრდება.
მოკლე აღწერა: მოზარდი ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია ყოველმხრიდან სქელი აბლაბუდისებრი ბეწვით და შეფერილია თეთრად, ბაცი ვარდისფერი არშიის შემოვლებით ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ, ყუნწის გასწვრივ. ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმის, მუქი მწვანე ფერისაა, უფრო ხშირად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთიანიც გვხვდება. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად წვრილბურთულებიანიცაა. ფირფიტა (უთავრესად ზედა იარუსის ფოთლებისა) ქვედა ნაკვთების ზევით აწევის გამო, ფორმით ძაბრისებრია.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა შედარებით ნაკლებად ცვალებადობს, უფრო ხშირად იგი ჩანგისებრი ფორმისაა, წამახვილებული ფუძით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თაღისებრი ფორმის ამონაკვთებიც, ზოგჯერ ყუნწის ამონაკვეთი ცალ ან ორდეზიანია.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ზომისაა. მისი სიგრძე მერყეობს 12-24 სმ-მდე, ხოლო განი 5-12 სმ-მდე. მტევნის ფორმა უმნიშვნელოდ ცვალებადობს. უფრო ხშირად მტევნებს კონუსისებრი ფორმა აქვს, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი, ზოგჯერ მტევანი მხრიანია.
მარცვალი საშუალო ზომისაა. ფორმა ოვალურია, იშვიათად გვხვდება მომრგვალო ფორმის მარცვლებიც. მარცვალი შუაში უფრო განიერია, მისი ბოლო მომრგვალებულია. შეფერვა მომწვანო ყვითელია მონაცრისფრო იერით. მარცვალი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. კანი თხელი აქვს, რბილობი საკმაოდ წვნიანი, გემო სასიამოვნო, არომატი კარგად აქვს გამოხატული.
ფენოლოგია: კვირტის გაშლას იწყებს 16-24 აპრილს, ყვავილობას 20-28 მაისს, სიმწიფეში შედის 16-20 სექტემბერს.
ჯიშური აგროტექნოლოგია: არ არის შესწავლილი.
მოსავლიანობა: ქისი ადრე იწყებს მოსავლის მოცემას (II-III წელს). სრული მოსავალი 7-8 ტონას აღემატება, ხოლო ზოგ მიკრორაიონში 10 ტონას აღწევს.
დაავადებათა მიმართ გამძლეობა: ქისი შედარებით გამძლეა ჭრაქის მიმართ და უფრო მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ. ამიტომ დამატებით წამლობას საჭიროებს, ქისი შეადრებით კარგი ყინვაგამძლეა.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ქისი ხელსაყრელ გარემო პირობებში 20-24% შაქარს აგროვებს 6,6-10,8‰ მჟავიანობის დროს. ქისისაგან მაღალხარისხოვანი კახური და ევროპული ტიპის ღვინო მზადდება. საჭიროა ქისი გამოიცადოს კახეთისა და ქართლის ყველა ზონაში. კლონური სელექცია: ჩატარებული არ არის.
შარდონე
წარმოშობა: შარდონე ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ბურგუნდიასა და შამპანში. საფრანგეთის გარდა შარდონე გავრცელებულია ასევე გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში… საქართველოში ამ ჯიშის გავრცელება იწყება 1936 წლიდან სხვადასხვა რაიონებში: მცხეთა, კასპი, გორი, ზესტაფონი, თერჯოლა….
მოკლე აღწერა: ზრდის კონუსი მცირედ შებუსვილია მონაცრიფრო აბლაბუდისებრი ბუსუსით, ნაპირებზე მოწითალო-მოვარდისფრო ელფერით. პირველი და მეორე ახლადგაშლილი ფოთლები ღია მწვანეა მოვარდიფრო ელფერით და მცირედ შებუსვილია აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ყვავილი ორსქესიანია.
ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირეა, ოდნავ ოვალური. მისი საშუალო სიგრძე 13.7-17,5 სმ, ხოლო სიგანე 13,5-17.1 სმ აღწევს. უფრო ხშირად მთლიანია, იშვიათად ღრმად დანაკვთული და ტალღისებრი. ფოთლის ყუნწის ამონაკვთი ღია და ჩანგისებრია, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით.
მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრი ან ცილინდრულია, გვხვდება ფრთიანი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირეა, მრგვალი, თხელკანიანი, წვნიანი და ნაკლებხორციანი.
ფენოლოგია: შარდონე კვირტის გაშლას იწყებს 7 – 11 აპრილს, ყვავილობას იწყებს 25 მაისი – 1 ივნისს, შეთვალებას იწყებს 20 ივლისი – 3 აგვიისტოდან, სრულ სიმწიფეში შედის 23-30 აგვისტოდან.
ჯიშური აგროტექნოლოგია: შარდონე ადვილად ეგუება როგორც მოკლე ისე გრძელ გასხვლას. ვაზის მცირედ დატვირთვის შემთხვევაში მის ფორმირებას ახდენენ ცალმხრივი ქართული წესით, ხოლო ორმხრივი ქართული წესით ფორმირებისას თუ ძირი 16-18 კვირტითაა დატვირთული მოსავლი მატულობს.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: აღმოსავლეთ რაიონებში შარდონე ჭრაქით ძლიერ არ ზიანდება. არახელსაყრელ ამინდში ჭრაქისგან უფრო ავადდება მისი მწვანე ნაწილები, უფრო ნაკლებად ყურძენი. ნაცრის მიმართ უფრო სუსტი გამძლეობით ხასიათდება. ასევე ავადდება ქლოროზით და ფილოქსერათი, აუცილებელია მისი ნამყენების სახით გაშენება.
ტექნოლოგიური პოტენციალი: მსოფლიოში ცნობილია თავისი ხარისხით შაბლის ღვინო შარდონე, შარდონე მიეკუთვნება ასევე მაღალხარისხიან საშამპანურე ვაზის ჯიშთა ჯგუფს. დღესდღეობით საქართველოში შარდონე უმნიშვნელო რაოდენობით იწარმოება. კლონური სელექცია: ჩატარებული არ არის.
ჩინური
წარმოშობა: ჩინური ქართლის ვაზის ჯიშებს განეკუთვნება. მისი სინონიმებია ”კასპური” და ”კასპური თეთრი”. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ”მისი სახელი ყურძნის ამ ჯიშის მარცვლების ფერის მაუწყებელი უნდა იყოს”, სრული სიმწიფის პერიოდში ყურძენი მომწვანო-მოქარვისფრო შეფერვას იღებს და წააგავს ”ზეთის ხილის ფოთლის ფერს” რომელიც ძველ ქართლში ”ჩინის” სახელწოდებით იყო ცნობილი. მას ასევე ”ჩინებულსაც” უწოდებენ.
მოკლე აღწერა: ზრდის კონუსი ღია მწვანეა, ოდნავ შებუსვილია მოთეთრომონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. პირველი და მეორე ახლადგაშლილი ფოთლები ზედა და ქვედა მხრიდან უმთავრესად ძარღვებს შორის არეებში მცირედ არის შებუსვილი ზედა მხრიდან. ეს ფოთლები ღია მწვანეა მოწითალო ან მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი ელფერით.
ზრდადამთავრებული მომრგვალო ფოთოლო საშუალო სიდიდისაა. მისი საშუალო სიგრძე 16,5-17,8 ამ, სიგანე 16,4-17,5 სმ. სრული განვითარების პერიოდში ფოთოლს ღია მწვანე-მოყვითალო შეფერვა ახასიათებს. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და უფრო ხშირად თაღისებურია კვადრატული ფუძით. ფოთოლი სამნაკვთიანია, იშვიათად გვხვდება ხუთნაკვთიანი.
ყვავილი ორსქესიანია ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით.
მტევნის სიგრძე 30-35 სმ აღწევს, უფრო ხშირად ცილინდრულია; ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური და ფრთიანიც გვხვდება. ჯიშს ახასიათებს საშუალო სიკუმსის მტევნები, ხოლო ზოგჯერ კუმსი და თხელი აღნაგობის მტევნებიც გვხვდება.
მარცვალი ფორმით განიერი კონუსისებრია, საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული. სრული სიმწიფის პერიოდში მომწვანო მოყვითალო ან ღია ქარვისფერია. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. იგი ხორციანია და საკმაოდ წვნიანი. კანი რბილობს ადვილად სცილდება და იგი საკმაოდ არის დაფარული ცვილით.
ფენოლოგია: ჩინური კვირტის გაშლას იწყებს 7 – 24 აპრილს, ყვავილობას იწყებს 20-25 მაისს, შეთვალებას იწყებს 14 – 30 აგვისტოდან, სრულ სიმწიფეში შედის 27 სექტემბერი – 20 ოქტომბრამდე.
ჯიშური აგროტექნოლოგია: ნაკლებად არის შესწავლილი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ქართლის რაიონებში ეს ჯიში სოკოვან ავადმყოფობათა და განსაკუთრებით ნაცრის მიმართ კარგ გამძლეობას იჩენს. ჭრაქის მიმართ უფრო მგრძნობიარეა, განსაკუთრებით დაბლობ და ტენიან ადგილებში.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ეს ჯიში იძლევა სუფრის ღვინოს და ასევე ღვინომასალას ცქრიალა ღვინოებისათვის. კლონური სელექცია: ჩატარებული არ არის.
ციცქა
წარმოშობა: ციცქა ადგილობრივი ჯიშია. ზემო და შუა იმერეთში მას იყენებენ ძირითადად ცქრიალა ღვინის დასაყენებლად. მისი სინონიმებია: შანთი, ციცქო, “მამალ ციცქა”. ივ. ჯავახიშვილს ციცქას წარმოშობის ადგილისა და სახელწოდების გამოსარკვევად მოჰყავს მსგავსი სახელწოდების სოფლები: ციცხე, ციცქიური და თვლის რომ ჯიშის სახელი ამ სოფლებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
მოკლე ბოტანიკური აღწერა: ახალგაზრდა მოზარდი 15-20სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსვილია ორივე მხრიდან საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და მოთეთრო ფერისაა, სუსტი მოვარდისფრო არშიით ფოთოლაკებისა და ყუნწის გასწვრივ.
ფოთლები საშუალო ზომისაა, რომელთა სიგრძე მერყეობს 16-დან 20 სმ-მდე, ხოლო განი 15-19 სმ. ფოთოლი ხშირად ხუთნაკვთიანია, ასევე სამნაკვთიანი.ფოთლის ფირფიტა მომრგვალო ან უფრო ხშირად ოდნავ წაგრძელებულია. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, ან წვრილ ბურთულებიანია, მუქი მწვანე ფერის.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა შედარებით მცირედ მერყეობს. უფრო ხშირად გვხვდება მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი ან ჩანგისმაგვარი ამონაკვთები.
ყვავილი ორსქესიანია.
ციცქას მტევანი საშუალო ზომისაა, მისი ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრული ფორმისაც გვხვდება. ხშირად მტევნები მხრიანია. მტევნები ძლიერ მკვრივია, ასევე გვხვდება მკვრივი და საშუალო სიმკვრივის მტევნებიც.
მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალური ფორმის და სიმეტრიული. მარცვალი მომწვანო-ყვითელია, კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით, იგი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული. ჯიშური არომატი სუსტად არის გამოხატული.
ფენოლოგია – კვირტის გაშლას იწყებს 13-27 აპრილს. ყვავილობას იწყებს 29 მაისიდან, სიმწიფეში შედის 21 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
ჯიშურია აგროტექნოლოგია: არ არის შესწავლილი. დაავადების მიმართ გამძლეობა: ციცქა მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ და მისგან ადვილად ზიანდება, განსაკუთრებით მისთვის შეუფერებელ დაბლობ და ტენიან ადგილებში. ჭრაქის მიმართ იგი კარგი გამძლეობით ხასითდება.
ტექნოლოგიური პოტენციალი: ციცქა სუფრის თეთრ ღვინოს და ცქრიალასათვის კარგ მასალას იძლევა.
ცოლიკაური
წარმოშობა: ცოლიკაური ადგილობრივი ჯიშია. ეს ჯიში დასავლეთ საქართველოში ცნობილია ობჩური ცოლიკაურისა და მელქოს ცოლიკაურის სახელწოდებით, ხოლო დასავლეთ ბაზალეთური ცოლიკაურის სახელწოდებით ზემო იმერეთში გავრცელებული ჯიში საგრძნობლად განსხვავდება ნამდვილი ცოლიკაურიდან და დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს. ცოლიკაური
უნივერსალური ჯიშია დასავლეთ საქართველოს მშრალი და ტენიანი რაიონის თითქმის ყველა ადგილისათვის.
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის წვერები დაწყებული გვირგვინიდან, მეორე ზოგჯერ მესამე, ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკის ჩათვლით შებუსვილია სქელი ქეჩისებრი აბლაბუდით და აქვს მორუხო-თეთრი ფერი სუსტი მოვარდისფრო იერით.
ფოთოლო საშუალოზე დიდი ზომისაა მომრგვალო ფორმით. ფოთლის სიგრძე მერყეობს 18-22 ამ-მდე, ხოლო სიგანე 17-21 სმ-მდე. ფირფიტა უფროხშირად სამნაკვთიანია, მთლიანი ან თითქმის დაუნაკვთავი, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ზედაპირი გლუვია, იშვიათად იგი ბადისებრ დანაოჭებულია, ქვედა ნაკვთების ბოლოები ოდნავ დახრილია ძირს. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, ხშირად მისი ზედაპირი სწორია, რაც დამახასიათებელია ჯიშსათვის.
ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, მახვილფუძიანი, ფორმით შვილდისებრი ან შევიწროებულყელიანი ჩანგსმაგვარი.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ზომისაა. სიგრძე მერყეობს 14-16 სმ-მდე, ხოლო სიგანე 14-16 სმ. ფორმა კონუსისებრი ან განიერ-კონუსისებრია, ხშირად მხრიანი.
მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო და სიმეტრიული. მარცვლის კანი სქელი და უხეშია, რომელიც დაფარულია საშუალო სისქის ცვილისებრი ფიფქით. რბილობი მკვრივი, წვნიანი. ჯიშური არომატი ძლიერ სუსტადაა გამოხატული.
ფენოლოგია – კვირტის გაშლას იწყებს 4-28 აპრილს, ყვავილობას 20-25 მაისიდან, სიმწიფეში შედის ოქტრომბრიდან. ჯიშური აგროტექნოლოგია: გამოიყენება თავისუფალი სხვლის წესი ვერტიკალურ შპალერზე ფორმირებით.
დაავადების მიმართ გამძლეობა: ცოლიკაური ჭრაქის მემართ მაღალი გამძლეობით ხასიათდება, იგი ნაკლებად ზიანდება აგრეთვე ანტრაქნოზისაგან და საშუალო გამძლეობას იჩენს ნაცრის მიმართ. ტექნოლოგიური პოტენციალი:
ცოლიკაურისგან მზადდება ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო ტვიში და სუფრის ღვინო ცოლიკაური.
წულუკიძის თეთრა
წარმოშობა: წულუკიძის თეთრა ადგილობრივი თეთრი ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში. ის აგრეთვე ცნობილია რაჭული თეთრას სახელით. ყოფილი საბჭოთა კავშირის მევენახეობის სხვადასხვა რაიონებში, განსაკუთრებით ყირიმში ეს ჯიში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: ”ალბილო კასტელანო”, ”ალბილო ყირიმული”, ”პედრო ქიმენესი”, ”ქიმენეს ზენბონი”.
მოკლე აღწერა: მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი შებუსვით, განსაკუთრებით ფოთოლაკების ქვედა მხრიდან და მოთეთრომოწითალო ღვინისფერი არშიის შემოვლებით ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ.
კარგად განვითარებული ფოთლები საშუალო ზომისაა, მომრგვალოა, უფრო ხშირად ოდნავ წაგრძელებული. ფოთლების დიდი უმეტესობა სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. მათი ზედაპირი სწორი, იშვიათად ძაბრისმაგვარი, ნაკვთების ბოლოების ოდნავ ამოწევის გამო. ფირფიტის ზედაპირი გლუვი ან იშვიათად ბადისებრ დანაოჭებულია. ფოთლის ქვედა მხარე ერთი შეხედვით თითქმის შიშველია, თხელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვებით.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო სიდიდისაა, ფორმით ხშირად ცილინდრული ან ვიწრო კონუსისებრია. ხშირად მტევნები მხრიანია, ხშირად საშუალო სიმკვრივის, იშვიათად თხელი ან კუმსი მტევნებიც გვხვდება.
მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდია, ფორმით ოვალური. კანი თხელია და ნაზი, ადვილად არ სცილდება რბილობს. ზემოდან იგი დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი მდნარია, წიპწები ადვილად სცილდება მას, წვენი უფერულია, სასიამოვნო და ტკბილი, გადამწიფებისას უხალისო.
ფენოლოგია: წულუკიძის თეთრა კვირტის გაშლას იწყებს 2-27 აპრილს, ყვავილობას იწყებს 28 მაისიდან – 27 ივლისს, შეთვალებას იწყებს 27 ივლისიდან 14 აგვისტომდე, სრულ სიმწიფეში შედის 6 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე.
ჯიშური აგროტექნოლოგია: არ არის შესწავლილი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვან დაავადებათა მიმართ ეს ჯიში კარგი გამძლეობით ხასიათდება. მისი გამძლეობა ჭრაქისა ნაცრის მიმართ საშუალოზე მეტია. ჯიშის ძირითად ნაკლს მარცვლების ლპობისადმი მიდრეკილება შეადგენს, განსაკუთრებად წვიმიან ამინდში. ყველაზე მეტად ამ მიდრეკილებას ეს ჯიში რაჭა-ლეჩხუმში და იმერეთში ამჟღავნებს, უმეტესად დაბლობ ადგილებში.
ტექნოლოგიური პოტენციალი: წულუკიძის თეთრასგან მზადდება სუფრი მშრალი და ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოები.
ხიხვი
წარმოშობა: ხიხვი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია. თელავისა და ახმეტის რაიონებში ჯიში ატარებს ”ჯანანურას” სახელწოდებას, რომელიც მიღებული აქვს მას ახმეტის რაიონის სოფელ ჯანაანიდან, ხოლო გურჯაანისა და სირნაღის რაიონებში ის ცნობილია ხიხვის სახელით. აღსანიშნავია რომ ხიხვისა და მისი მსგავსი სახელწოდებით საქართველოში რამდენიმე ჯიშია ცნობილი. კახეთში-ხიხვი, რაჭაში –ხიხვა, ლეჩხუმში –ხიხვი, სამეგრელოში – ხემხუ და გურიაში-ხემხო, ეს ჯიშები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, განსხვავებული ჯიშებია.
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის წვერი გვირგვინითა და პირველი 2-3 გაუშლელი ფოთოლაკით ქეჩიებრი შებუსვილია ორივე მხრიდან და შეფერილია თეთრად, მორუხო იერის გადაკვრით. ზრდადამთავრებული ფოთლები თავისი ფორმით მომრგვალოა, დიდი ან საშუალოზე უფრო დიდი ზომისაა. ფოთოლი სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანია, მეორადი დანაკვთვა არ ახასიათებს. ფოთლის ზედაპირი წვრილბურთულებიანია, იშვიათად ბადისებრ დანაოჭებულიცაა. ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი, აბლაბუდისებრი ბეწვით. შებუსვის ინტენსივობა მატულობს ზემოდან ქვევით.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მერყეობს ვიწროფუძიან ჩანგისებრი ამონაკვეთიდან ისრისმაგვარ ღრმა ამონაკვეთამდე. უფრო ხშირად ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისმაგვარი, ან ღრმა თაღისებრია, იშვიათად იგი დახურულია, აქვს ვიწრო ელიფსისებრი თვალი ერთი ან ორი დეზით, ზოგჯერ სწორგვერდებიანი და შვილდისებრი ამონაკვეთიც გვხვდება.
ყვავილი ორსქესიანია.
მტევნები საშუალო და საშუალოზე მცირეა. ფორმით ცილინდრული, ან ცილინდრულ-კონუსისებრია, ზოგჯერ მხრიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ხშირად მომრგვალო, იშვიათად ოვალური. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, წვენი უფერული, გემო სასიამოვნო აქვს ჯიშური არომატით გამოხატული. მარცვლები ცვილისებრი ფიფქით სუსტად არის დაფარული.
ფენოლოგია: ხიხვი კვირტის გაშლას იწყებს 6 აპრილიდან, ყვავილობას იწყებს პირველი ივნისიდან, შეთვალებას იწყებს 9-14 აგვისტოდან, სრულ სიმწიფეში შედის სექტემბერში.
ჯიშური აგროტექნოლოგია: ჯიშისათვის დამახასიათებელია მცირე ზომის მტევანი და მაღალი მსხმოიარობის კოეფიციენტი, ამიტომ მისი ფორმირება უნდა მოხდეს მაღალი დატვირთვის კორდონულ ფორმებზე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: კახეთის ვაზის ჯიშებთან შედარებით ხიხვის ნაცრის მიმართ გამძლეობა სუსტია. ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოა.
ტექნოლოგიური პოტენციალი: დღესდღეობით ღვინო ხიხვი მცირე რაოდენობით იწარმოება. ამ ჯიშიდან მზადდება როგორც კახური ისე ევროპული ტიპის ღვინოები. როგორც ხარისხოვანი ღვინის მომცემი ჯიში საჭიროა ხელი შეეწყოს მის გამრავლებას სხვადასხვა ზონაში.
კაპისტონი თეთრი
წარმოშობა: კაპისტონი თეთრი ადგილობრივი საღვინე ჯიშია. გავრცელებულია ზემო იმერეთში. ლიტერატურულ წყაროებში ეს ჯიში ცნობილია ”კაპისტონას” სახელით. ივ. ჯავახიშვილი სხვადასხვა მოსაზრებებზე დაყრდნობით თვლის რომ ეს საქართველოს ერთერთი უძველესი ჯიშია.
მოკლე აღწერა: მოზარდი ყლორტის წვერი, გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია ორივე მხრიდან ქეჩისებრი ბუსუსით და მორუხო თეთრია, მკვეთრი მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ.
კარგად განვითარებული ფოთლები საშუალო ზომისაა, მათი სიგრძე მერყეობს 18-20 სმ-მდე, ხოლო სიგანე 16-19 სმ-დე. იგი მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისაა, ხშირად სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად გვხვდება სწორიც. იგი მუქი მწვანე ფერისაა.
ყუნწის ამონაკვეთი ჩვეულებრივ ღიაა, იგი ღრმა და განიერია. უფრო ხშირად მისი ფორმა კვადრატული ან თაღისმაგვარია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. ყუნწი მოწითალო ფერია.
ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა. უფრო ხშირად მხრიანი, კონუსისებური ფორმისა.
მარცვალი სშუალო სიდიდისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური. მარცვლის კანი თხელი და საკმაოდ მკვრივია, იგი დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი ოდნავ მკვრივი და მდნარია, წვენი უფერული. ჯიშური არომატი სუსტად არის გამოხატული.
ფენოლოგია: კაპისტონი თეთრი კვირტის გაშლას იწყებს 7 – 30 აპრილს, ყვავილობას იწყებს 13 მაისიდან – 11 ივნისის ჩათვლით, შეთვალებას იწყებს 1-30 აგვისტოდან, სრულ სიმწიფეში შედის 12 სექტემბერიდან – 10 ოქტომბრამდე.
ჯიშური აგროტექნოლოგია: არ არის შესწავლილი. მოსავლიანობა: საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისი მოსავლიანობა ჰექტარზე 6-8 ტონას შეადგენს. დაავადებების მიმართ გამძლეობა: სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ეს ჯიში კარგი გამძლეობით ხასიათდება. ადვილად ზიანდება მილდიუმისაგან. შედარებით უკეთ უძლებს ნაცარს. ტექნოლოგიური პოტენციალი: კაპისტონე თეთრი მაღალხარისხოვანი ღვინის მომცემი ჯიშია. მიზანშეწონილია მისი ნარგაობების გაფართოება.
ანა გოდაბრელიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი,
ვაჟა გოცირიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი