აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიები

ბუნებრივი თბილი წყლით გამთბარ ღია გრუნტში თუთის ნაზამთრი კალმით დაფესვიანების ეკონომიკური ეფექტიანობა

საქართველოში გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში ყოველწლიურად იწარმოებოდა საშუალოდ 4,0 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,0-4,5 ტ გრენი, 450-500 ტ. ხამი ძაფი, 4,5-5,5 მილიონი გრძივი მეტრი ნატურალური ქსოვილი.


მეაბრეშუმეობა პირნათლად ასრულებდა ყველა დონის ბიუჯეტის შევსების საქმეს. სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე გავრცელდა მიკროპლაზმური დაავადება „ფოთლის სიხუჭუჭე”, რომელმაც გაანადგურა 15 მილიონამდე ძირი მცენარე და უკიდურესად შეამცირა პარკის წარმოება.

ქართველმა მეცნიერებმა დროის მცირე მონაკვეთში შეძლეს დაედგინათ დაავადების გამომწვევი მიზეზები, გავრცელების გზები, აგროტექნიკური, ქიმიური, საკარანტინო ღონისძიებათა სისტემა და გამოიყვანეს (გამოავლინეს) ათობით პრაქტიკულად მედეგი ჯიში და ფორმა.

საგანგებო ღონისძიებათა განხორციელების შედეგად 1990 წლის ოპერატიული მონაცემებით საქართველოში არსებობდა 20,0 მილიონამდე ძირი მცენარე, რაც 25%-ით აღემატებოდა 1964 წლის შესადარ მაჩვენებელს და ეს უდიდესი წარმატება იყო.

სამწუხაროდ, 1964-1990 წლებში მიღწეული წარმატებები, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი უყაირათობით გაწეული შრომა და კაპიტალდაბანდება თითქმის მთლიანად წყალში გადაყრილი აღმოჩნდა და ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდა.

სადღეისოდ მეაბრეშუმეობაში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა და ხელისუფლების მხრივ საგანგაშო ღონისძიების განხორციელებას მოითხოვს.

შედეგად აღნიშნულისა უკიდურესად მაღალია უმუშევრობა სოფლად, ძლიერდება მიგრაციის პროცესები, იცლება სოფლები, მრავლდება ნასოფლარები. შექმნილ ვითარებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია მეაბრეშუმეობას, მაგრამ ეს პრობლემა პრაქტიკულად მიტოვებულია ხელმძღვანელობის ყველა დონეზე. უფრო მეტიც, შესაბამისმა ორგანოებმა დღემდე ვერ მოახერხეს დარგის განვითარების არსებული კონცეფციის (2012-2025 წწ.) განხილვა-დამტკიცება. ქვეყანას არ გააჩნია დარგის განვითარების პოლიტიკა. მითითებულ პრობლემაზე ყურადღებას ვამახვილებთ იმიტომ, რომ დღეს მეაბრეშუმეობის გასაჭირზე თითქმის ყველა საუბრობს, მათ შორის საქმეშიც ჩახედულიც და, განსაკუთრებით, ჩაუხედავიც. ამასთან, განვითარების ისეთ საოცარ ტემპებს გვთავაზობენ, რომელიც ფანტაზიის სფეროსაც კი სცილდება.

დღეისათვის მეაბრეშუმეობის დარგი განადგურებულია, მასზე ზრუნვა თითო-ოროლა ენთუზიასტი პრაქტიკოსისა და მეცნიერის იმედადაა მიტოვებული. მიგვაჩნია, რომ პირველი რიგის სამუშაოა მეაბრეშუმეობის საკვები ბაზის აღდგენა. აუცილებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ სარგავი მასალის გამოზრდის ყველა მეთოდი კონკრეტული პირობების მიგნებული გამოყენებით.

საზღვარგარეთის ლიტერატურაში და მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომებში უმდიდრესი მასალაა დაგროვილი თუთის ვეგეტატიური გამრავლების მეთოდების შესწავლასთან დაკავშირებით.

წინამდებარე სტატიაში შევეხებით დაავადებებისადმი შედარებით გამძლე ჯიშების ვეგეტატიური გამრავლების მხოლოდ ერთ მეთოდს — ნაზამთრი კალმის ბუნებრივი თბილი წყლის ბაზაზე გამთბარ გრუნტში დაფესვიანების პრობლემას. ამ მეთოდის გამოყენებით მიიღება საკუთარფესვიანი სარგავი მასალა ერთი წლის განმავლობაში, ნაცვლად სამისა ჩვეულებრივი მყნობის დროს, მაგრამ საქართველოში იგი მაინც დამხმარე საშუალებად მიგვაჩნია (ძირითადია სანერგეში მყნობა), თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ასე მაგალითად, იაპონიაში 1967 წელს გამოზრდილი 66,7 მლნ ძირი თუთის ნერგიდან საკუთარფესვიანი იყო 53,6%, ხოლო მათ შორის კალმით დაფესვიანებისას — 48,3%. საკუთარფესვიანი ნერგი საძირისა და სანამყენის ურთიერთგავლენა, ყველა თვისება შეუცვლელად გადაეცემა მშობელთა ორგანიზმებს. ამასთან მიღებულ თაობაში თანდათანობით გროვდება დაფესვიანებისაკენ მისწრაფება და საკუთარფესვიანი მცენარეებისაგან აღებული კალმის დაფესვიანებაც უკეთესია. ნაზამთრი კალმების წარმატებით დაფესვიანების სხვა ფაქტორებთან ერთად აუცილებელია ნიადაგის ტემპერატურა იყოს 20-220C. აღნიშნულ დონემდე ტემპერატურული რეჟიმის დამყარების მიზნით იყენებენ გათბობის სხვადასხვა საშუალებას — ცხელ ჰაერს, ცხელ ორთქლს და ა.შ. სადღეისოდ ეკონომიკური თვალსაზრისით მათი გამოყენება სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

საქართველოში, ღია გამთბარ გრუნტში თუთის ნაზამთრის კალმით დაფესვიანების მიმართულებით ბევრი სპეციალისტი მუშაობდა, მაგრამ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით გ. ზვიადაძეს და ბ. საკანდელიძეს, რომლებმაც ბევრი მეცნიერული პრობლემა გადაწყვიტეს. მათ ნიადაგის გასათბობად გამოიყენეს კომუნალური საქვაბიდან მიღებული ცხელი ორთქლი და მოაწყვეს თერმული მოედანი, სწავლობდნენ თუთის კალმის დაფესვიანების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.

მომდევნო პერიოდში იაფფასიანი სითბური ენერგიის გამოყენების მიზნით შესწავლილი იქნა ვანის რაიონის სოფ. ამაღლებაში ბუნებრივად თბილი წყლის (კომუნალურ აბანოში მოხმარებული თერმული წყალი) ბაზაზე არსებული მარაგები. ნაზამთრი კალმების დაფესვიანების მიზნით წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მოეწყო თერმული მოედანი 36,0 მ2 ფართობზე. ამ მიზნით მოხსნილი იქნა ნიადაგის 30-35 სმ სისქის ზედა ფენა და მოედანი მოშანდაკდა. მოსწორებულ მოედანზე განთავსდა 10 მ. სიგრძის და 50 მმ. დიამეტრის ლითონის მილები ურთიერთპარალელურად, ერთმანეთისაგან 50-60 სმ. დაშორებით; მილები ერთმანეთთან ისე იყო შეერთებული, რომ წყალი ყველა მილში გაივლიდა და ბოლოს გადიოდა საწრეტ არხში. მილების შემშვებ და გამშვებ ბოლოებზე დამაგრებული იყო ონკანები.

სათბურის ტერიტორიაზე მილების მონტაჟი დამთავრდა თებერვლის ბოლოს და ზევიდან დაეყარა 30 სმ სისქის ნაკელშერეული ნიადაგის ფენა.

მომდევნო წელს რაიონის ხელმძღვანელობის მომართვით თერმომოედანი გაიზარდა 400 მ2-მდე. სამუშაოები ჩატარდა ზემოაღნიშნული წესით, იმ განსხვავებით, რომ დამონტაჟდა სამ-სექციიანი ბლოკის მილები, რომლებიც დაიფარა მდინარის (რიონი) შლამით.

აბანოდან გამომავალი წყლის ტემპერატურა შეადგენდა 36-380C, ნიადაგის ტემპერატურა სექციებში გაშვებული წყლის შესვლის ადგილზე (24 საათის შემდეგ) — 27-280C, ხოლო გასვლისას მილების ტემპერატურა იყო 8-100C. ნიადაგში ტემპერატურის დამყარების შემდეგ 1972 წლის 14-16 მარტს ჩაეწყო თუთის კალმები, ხოლო მომდევნო 1973 წელს სათბურის დაგვიანებით მოწყობის მიზეზით კალმების ჩაწყობაც დაგვიანდა (28-31 მარტი).

დასაფესვიანებლად აღებული იქნა შედარებით გამძლე 25 ჯიშის (ივერია, ქუთათური, ოშიმა, ნეზუმიგაესი, ქუთაისური 1, ქუთათური 2-ის) ნაზამთრი კალმები.

დასაფესვიანებლად განსაზღვრული საკალმე მასალა დამზადდა ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალურ საცდელ სადგურში თებერვლის პირველ დეკადაში და შენახული იქნა მაცივარში (ოშიმა და ნეზუმიგაესი აუცილებელია აღებული იქნეს მითითებულ ვადაში, ხოლო ივერია შეიძლება მარტის პირველ დღეებშიც). მაცივრიდან გამოტანილი საკალმე მასალა დარგვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაიჭრა 18-20 სმ. სიგრძეზე (5-6 კვირტი). კალმები დაირგო სათბურის ნიადაგში ზედაპირზე 1-2 კვირტის დატოვებით. კალმები ჩაეწყო მწკრივში ერთმანეთისგან 10-12 სმ, ხოლო მწკრივებს შორის 55-60 სმ მანძილით.

სათბურის ნიადაგში ტემპერატურის მნიშვნელოვან მერყეობას ადგილი არ ჰქონდა და განისაზღვრებოდა 28-290C-ით. ნიადაგის მორწყვა, გაფხვიერება და ნიადაგზე ამოყრილი ყლორტების შეცვლა ხდებოდა საჭიროებისამებრ. მინერალური სასუქები გამოყენებული იქნა შემცირებული დოზით. ნიადაგის გათბობა სექციების მიხედვით მაისის პირველ რიცხვებში შეწყდა.

მითითებულ პირობებში დასაფესვიანებელი თუთის ჯიშის კალმებზე კალუსი განვითარდა 10-12 დღის შემდეგ, ხოლო ფესვების განვითარება — ოცდამეხუთე დღიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ 1972 წელს სათბურში კალმების ჩაწყობა დროულად მოხდა და დაფესვიანებისათვის ხელსაყრელი პირობები იყო შექნილი. ასეთ ვითარებაში ივერიის ჯიშის კალმების დაფესვიანება უდრიდა 79%-ს, ოშიმას — 91%, ნეზუმიგაესის — 92%, ქუთაისური 1-ის — 89% და ქუთაისური 2-ის — 57%, ხოლო მომდევნო წელს შედარებით უფრო დაბალი (საშუალოდ 50%) მაჩვენებელი იყო. აღნიშნული გამოიწვია ერთის მხრივ თერმომოედნის მოწყობის დაგვიანებამ და თუთის კალმების ჩაწყობის ოპტიმალური ვადების დარღვევამ, ხოლო მეორე მხრივ უამინდობის გამო ვერ მოხერხდა სათბურის ნიადაგის დამუშავება და შლამის ბელტები დაუშლელი დარჩა, რამაც დააკნინა ფესვთა სისტემის განვითარება.

1972 წელს 36 მ2 სათბურიდან მიღებული ნერგით სოფ. ამაღლებაში გაშენდა 1,2 ჰა თუთის პლანტაცია, ხოლო მომდევნო წელს ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალური სადგურის ექსპერიმენტულ ბაზაში — 2-ჰა-მდე საწარმოო დანიშნულების პლანტაცია, რომელიც დღესაც კარგად არის განვითარებული და კალმებიც მისგან უნდა ავიღოთ (იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სადგურის შენარჩუნება).

ჩვენი გაანგარიშებით ღია თერმულ მოედანზე წარმოებული ნერგის თვითღირებულება წლების მიხედვით 2,5-3,0-ჯერ ნაკლებია სანერგეში მყნობასთან შედარებით. ამასთან სამი წლით ჩქარდება ნერგის გამოზრდის ვადები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ თუ სათბურს მოვაწყობთ დიდ ფართობზე ბუნებრივი თბილი წყლის მარაგთან ახლოს (რითაც ძალზე მდიდარია საქართველო), იგი უფრო იაფი და ყველა დანახარჯი, რომ ერთ წელს მიღებულ ნერგებს დავაწეროთ, ეკონომიკურად მაინც გამართლებული იქნება. ნათქვამი იმით დასტურდება, რომ საქართველოში ადრე არსებული მონაცემებით სანერგეში ნამყენთა გახარება-შენარჩუნება უკიდურესად დაბალი იყო და ზოგჯერ 15-20%-ს არ აღემატებოდა. ასეთ პირობებში თითოეული ძირი ნერგის ფაქტიური თვითღირებულება 2-3-ჯერ აღემატებოდა თერმომოედნიდან მიღებულ ნერგების ღირებულებას. ამასთან, ბუნებრივად თბილი წყლის ბაზაზე მოწყობილ ღია თერმული მოედნის თითოეულ მ2-ზე შეიძლება მივიღოთ ნერგი დაახლოებით 4-5-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სანერგედან.

ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სათბურში სამუშაოთა დიდი ნაწილი სრულდება ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე, როცა მუშახელი შედარებით თავისუფალია.

ამრიგად, ბუნებრივად თბილი წყლის ბაზაზე მოწყობილ თერმომოედნებზე თუთის ნაზამთრი კალმის დაფესვიანებით სარგავი მასალის გამოზრდა ორგანიზაციულად მისაღებია, ეკოლოგიურად სუფთაა და ეკონომიკურად გამართლებული.

გ. ნიკოლეიშვილი,

სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკონომიკის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ე. შაფაქიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

თ. დალალიშვილი,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი.