დარგებიმეფუტკრეობა

ქართული მეფუტკრეობა

 მეფუტკრეობა ქართველი კაცის უძველეს საქმიანობათა რიცხვს ეკუთვნის, მისი ძირითადი პროდუქტი (თაფლი) მტრის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღადაც კი გამოიყენებოდა. საზოგადოების განვითარების კვალად დარგის გაძღოლის ფორმები თანდათან იხვეწებოდა, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქართული ფუტკრის სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებები საქვეყნოდ გახდა ცნობილი თავისი უნიკალურობის წყალობით: ეს არის უგრძესი, სხვა ჯიშებთან შედარებით, ხორთუმი, გამორჩეული თვისებები პროდუქტიულობის თვალსაზრისით. ამის მეშვეობით გასული საუკუნის შუა პერიოდიდან იგი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად იქცა: შეიქმნა მსხვილი საჯიშე მეურნეობები, მთელ მსოფლიოში გავრცელდა გრძელხორთუმიანი მთის რუხი ქართული ფუტკრის სანაშენე მასალა. საუბედუროდ, აღმავლობის პროცესი მალე ჩაკვდა მთლიანად საზოგადოებრივი განვითარების რადიკალური ცვლილებების გამო, ხოლო მისი ჯიშური თვისებები მკვეთრად გაუარესდა სანაშენე საქმიანობის მოშლის გამო.

 ქართული ფუტკარი

დარგის ინტენსიური განვითარების პროცესში მკვლევარებმა შეისწავლეს ქართული ფუტკრის ყველაზე საყურადღებო მაჩვენებლები. ჯიშის შიგნით აღმოჩნდა მისი შემადგენელი სტრუქტურული ერთეულები – ცალკეული პოპულაციები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო:

  1. მეგრული პოპულაცია, გავრცელების არეალით ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მაღალმთიან ზონაში. მისთვის დამახასიათებელია რუხი ფერი, გრძელი ხორთუმი (7,15 – 7,25 მმ), თვინიერება, მაღალი საპროდუქტო მაჩვენებლები, განსაკუთრებული შრომისუნარიანობა, წითელი სამყურას დამტვერვის გამორჩეული უნარი, ნაყრობისადმი ნაკლები მიდრეკილება, რაც ასე აუცილებელია ინტენსიური მეფუტკრეობისათვის. ჯიშური სრულყოფის ობიექტი უნდა გამხდარიყო მისი მცირე ნაყოფიერება (დედა ფუტკრის დაბალი კვერცხმდებლობა) და მკაცრი, ხანგრძლივი ზამთრობის პირობებში მანანა თაფლისადმი ნაკლები მდგრადობა.
  2. ქართლური პოპულაცია ძირითადად დუშეთის მაღალმთიან ზონაში გავრცელებით, მეგრულთან შედარებით უფრო მოკლე (6,7 – 6,8 მმ) ხორთუმით, მაღალი ნაყოფიერებით (სადღეღამისო კვერცხდების უნარი 2000-მდე), ზამთარგამძლეობის უკეთესი უნარით.
  3. გურული პოპულაცია, ჩოხატაურის რაიონის მაღალმთიან ზონაში გავრცელებით, 7,25 მმ და ზოგჯერ უფრო გრძელი ხორთუმით, მაღალი პროდუქტიულობით და სხვა სამეურნეო თვისებებით, რითაც იგი უახლოვდება მეგრულ პოპულაციას.

ბარის ზონაში გავრცელებული იყო განსხვავებული თვისებების მქონე, ნაწილობრივ ყვითლად შეფერილი ფუტკარი, რაც მასზე მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, ირანი) არსებული ყვითელი ფუტკრის გავლენის შედეგად იყო მიჩნეული და შემდგომში რუხი ფერის სანაშენე მასალით უნდა შეცვლილიყო. ქვეყანაში სანაშენე მუშაობის მოშლის გამო მოხდა პირიქით, ფუტკრის უკონტროლო მთაბარობამ ქართული რუხი ფუტკრის გავრცელების კერებში (მაღალმთიანი ზონების ადრინდელი ჩაკეტილი ხეობები) დაბალხარისხიანი გენოფონდის შეღწევა შესაძლებელი გახადა. ამ პროცესის გამო დღეს რუხი ფუტკრის ადრინდელ საარსებო სივრცეებში ძირითადად მოყვითალო ფერის ფუტკარი არსებობს, ცალკეული პოპულაციებისათვის დამახასიათებელი ოჯახები ძალზე შემცირდა. 2013 წელს ჩატარებული საექსპედიციო კვლევით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საფუტკრეებში ასეთი სულადობა მხოლოდ 7-8 %-ს შეადგენდა. ასეთივე, თუ უარესი არა, სიტუაციაა დუშეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. იგივე მდგომარეობაა აჭარის ზონაშიც (მაჭახელას ხეობა), სადაც ადრე გავრცელებული იყო რუხი ფუტკარი. ამ ხეობაში მდგომარეობის შესაცვლელად ჩვენმა თურქმა კოლეგებმა (პროფესორი აჰმედ ინჯი) შემოგვთავაზეს ერთობლივი სამუშაოების ჩატარება მათი მხრივ სათანადო ფინანსური დახმარების გაღებით, მაგრამ დღემდე ამ შემოთავაზებას რეაგირება არ მოჰყოლია. მთელი მსოფლიოსათვის ცნობილია, რომ ქართული ფუტკარი უნდა იყოს რუხი სხვა ჯიშურ მაჩვენებლებთან ერთად. მდგომარეობის რადიკალური შეცვლა გვაფიქრებინებს, რომ საექსპორტო სანაშენე პროდუქციის წარმოება საქართველოსათვის მომავალში შეიძლება მხოლოდ საოცნებო გახდეს. მკვლევარების მოწადინება ამ უბედურების გამოსასწორებლად შედეგს არ იძლევა, საჭირო მხარდაჭერის არარსებობის გამო.

სანაშენე საქმიანობის ორგანიზაციული სრულყოფის შესაძლებლობა. ამ საკითხის თაობაზე პრაქტიკოსთა მხრიდან უკვე არის მცდელობა საქმიანობაში შედეგების მისაღწევად, კერძოდ, შეიქმნა მეფუტკრეთა გაერთიანება – კოოპერატივი „მუხური“, რომელსაც გარკვეული დახმარების მეშვეობით ძალუძს მაღალხარისხოვანი განაყოფიერებული დედა ფუტკრებისა და ნაყრების წარმოება. ამ სახის წამოწყებებისადმი გაწეული დახმარება გულისხმობს:

– ანალოგიური სტრუქტურების შექმნას სხვა რეგიონებშიც;

– მეფუტკრე-მკვლევართა კონტინგენტის გაზრდას;

– კოოპერატივებში რეპროდუქტორი საფუტკრეების ორგანიზებას;

– სატყეო მეურნეობებში იზოლირებული შესაწყვილებელი პუნქტების მოწყობას მამეული ოჯახებისა და სანუკლეუსე საფუტკრეების განლაგებისათვის;

– ცალკეული პოპულაციების მონაწილეობით ჰიბრიდული დედა ფუტკრების წარმოებას სასაქონლო საფუტკრეთა საჭიროებისათვის.

მეფუტკრეობაში ჰეტეროზისის ეფექტის მიღება ჰიბრიდული სულადობის წარმოებით. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მიღებულ იქნა სამთავრობო დადგენილება ქართული ფუტკრის ეფექტიანი დაცვისათვის ქვეყანაში სხვა ჯიშის ფუტკრის შემოყვანის აკრძალვის თაობაზე. ასეთ ვითარებაში სასაქონლო მეურნეობებში გამოყენებული ჰიბრიდული სადედე სულადობის მიღების უზრუნველყოფისათვის მკვლევარების მიერ ჩატარებულ იქნა საძიებო სამუშაოები პოპულაციათაშორისი ნაჯვარების მიღების ოპტიმალური სქემის შესამუშავებლად. განვლილ, შედარებით ხანგრძლივ პერიოდში ფუტკრის სულადობის ცვლილების გამო საჭიროა ამ სქემის შემდგომი დაზუსტება და სადედე სულადობის მიღების პრაქტიკული მხარის უზრუნველყოფა.

ფუტკრის წარმატებული სელექციონირებისათვის საჭირო მაჩვენებლების შერჩევა. პრაქტიკაში ასეთი მაჩვენებლები ბევრია, მაგრამ საკითხის სირთულის გამო მეფუტკრეები ძირითადად უნდა შემოიფარგლონ შემდეგი მაჩვენებლებით:

– სათაფლე პროდუქტიულობა;

– ხორთუმის სიგრძე;

– თვინიერება;

– დედა ფუტკრის სადღეღამისო კვერცხმდებლობა გაზაფხულზე;

– ისეთი მაჩვენებლის გამოვლენა, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს სათაფლე პროდუქტიულობას და მისი საადრეო პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს, რაც შემდგომი კვლევის გაღრმავებასთან არის დაკავშირებული.

მეთაფლე ფუტკრის მკურნალობისა და საარსებო პირობების გაუმჯობესება. ქვეყანაში შეინიშნება მკურნალობის განხორციელების საშუალებათა მეტისმეტი სიჭრელე და ფუტკრის არსებობისათვის საჭირო პირობების ხშირად არადამაკმაყოფილებელი უზრუნველყოფა. მდგომარეობის გამოსწორებისათვის საჭიროა, საქმიანობას მიეცეს ორგანიზებული ხასიათი, რისთვისაც:

– მეფუტკრე-მკვლევართა ჯგუფმა პერმანენტულად შეისწავლოს ფუტკრის სამკურნალოდ ქვეყანაში შემოტანილი და ადგილობრივ წარმოებული საშუალებანი და შეიმუშავოს მათი ორგანიზებული გამოყენების სქემა, დაავადებების მდგრადი ფორმების წარმოშობის თავიდან აცილებისათვის;

– მკვლევარების რეკომენდაციებით უზრუნველყოფილ უნდა იქნას ფუტკრის საარსებო პირობების (კვება, მოვლა-შენახვა, მთაბარობის მარშრუტები) გაუმჯობესება და შემუშავდეს მათი განხორციელების კონკრეტული ღონისძიებები.

სანაშენე საქმის ორგანიზაციული სრულყოფა და პერსპექტიული საჯიშე მეურნეობების შექმნა. გასული საუკუნის ბოლოს საქმის ორგანიზაციული ფორმა წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანაშენე საქმის დეპარტამენტით (მეფუტკრეობის კვლევით ინსტიტუტთან ერთად), რაც გარკვეული მიზეზების გამო ლიკვიდირებულ იქნა. ამისი შედეგი გახდა დღეს მეფუტკრეობაში არსებული ქაოსური სიტუაცია, რაც მთის რუხი ქართული ფუტკრის არსებობას დაღუპვით ემუქრება. საჭიროა ამ საქმიანობის რეაბილიტაცია: პერსპექტიული სანაშენე საფუტკრეების წარმოჩენა, საექსპორტო პროდუქციის წარმოების  წახალისება, ამასთან ერთად უხარისხო პროდუქციის გამოვლენა და მისი ექსპორტირების მცდელობის რადიკალური მეთოდებით აღკვეთა.

გიორგი მაძღარაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.