ორგანული მეცხოველეობის პროდუქციის რეგლამენტები

მეცხოველეობა წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს, რომელიც ამყარებს წონასწორობას სოფლის მეურნეობის წარმოებაში, უზრუნველყოფს მცენარეების მოთხოვნილებას საკვები ელემენტებით, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურასა და შემადგენლობას.  მეცხოველეობა ხელს უწყობს ნივთიერებების მიმოქცევას ნიადაგსა და მცენარეს, მცენარესა და ცხოველს, ცხოველსა და ნიადაგს შორის.


მსოფლიოში ორგანული მეცხოველეობა ორგანულ მემცენარეობაზე ნაკლებად არის განვითარებული. ეს თავად საწარმოო პროცესის ორგანიზაციის მეტი სირთულით აიხსნება, ასევე იმ მოთხოვნებით, რომელიც წაყენებულია ცხოველთა მოვლა-შენახვის პირობებისადმი, მათი კვებისა და მკურნალობის პრინციპებისადმი, რაც რეგლამენტებით არის შემუშავებული. ამ რეგლამენტების საფუძველზე შემდგომში ხდება სასოფლო სამეურნეო საწარმოების სერთიფიცირება.

ჩვენ შევეხებით ძირითადი სტანდარტების დებულებებს, რისი შესრულებაც შესაძლებელს გახდის ჩვენი მეურნეების და მეცხოველეობის პროდუქციის მეწარმეების ახალ დონეზე გადაყვანას.

ორგანული მეცხოველეობის მოთხოვნები

მეცხოველეობის წარმოშობის პროდუქტები შეიძლება ჩაითვალოს ორგანულად, თუ მათი წარმოებისას გამოყენებული იყო საძოვრები, რომლებიც 3 წლის განმავლობაში არ იყო დამუშავებული შხამქიმიკატებით. დაუშვებელია ცხოველთა კვება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით, აკრძალულია ცხოველთა რაციონში ანტიბიოტიკების, კოკციდოსტატიკების და სხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატების, ზრდისა და ლაქტაციის სტიმულატორების გამოყენება. პროფილაქტიკური მიზნითაც დაუშვებელია ქიმიურ-სინთეტიკური ალოპათიური პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება.

ორგანულ მეცხოველეობას საფუძვლად უდევს ჰარმონიული ურთიერთგანვითარება მიწას, მცენარესა და ცხოველებს შორის მათი ფიზიოლოგიური და ქცევის მოთხოვნილებების შესაბამისად. ამის მიღწევა შესაძლებელია ხარისხიანი საკვების მოყვენის ორგანული მეთოდების შეხამებით, ცხოველთა სულადობის დატვირთვის შესაბამისი ნორმებით, მეცხოველეობის ისეთი შენახვის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა კეთილდღეობას და ჯანმრთელობას, მინიმუმამდე ამცირებს ცხოველთა სტრესულ პირობებს, ხელს შეუწყობს დაავადებების რისკების თავიდან აცილებას.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველები უნდა დაიბადონ ისეთ საწარმოო ობიექტებზე, რომლის პირობები მარეგულირებელი დებულებების (კოდეხ ალიმენტარიუს) მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ხორცის წარმოებისათვის გამიზნულმა ცხოველებმა მათი არსებობის მთელი პერიოდი უნდა გაატარონ ბიომეურნეობაში. ამასთან, მათი მშობლების ფერმაში შემოყვანა უნდა მოხდეს მაკეობის პერიოდის პირველი ორი მესამედის განმავლობაში. გამონაკლისია შინაური ფრინველი, რომლის შეძენა დასაშვებია კონვენციურ მეურნეობებში.

დებულებებისაგან გადახრა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველები, რომლებიც იმყოფებიან ისეთ მეურნეობებში, სადაც პირობები არ აკმაყოფილებს კოდექსის დებულებებს, შეიძლება გადაყვანილ იქნენ ორგანული წარმოების კატეგორიაზე (კონვერსიაზე) იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი, მეურნე წარმოუჩენს ოფიციალურ მასერთიფიცირებელ ორგანოს, რომ ცხოველთა მოშენება ორგანული მეცხოველეობის მოთხოვნების შესაბამისად ხდება.

მაგალითად:

  1. ფერმის მნიშვნელოვანი გაფართოებისათვის, როდესაც იცვლება ჯიშის მოშენების მეთოდები ან ვითარდება მეცხოველეობის ახალი სპეციალიზაცია;
  2. სულადობის შესავსებად, მაგალითად, ცხოველების მასობრივად დახოცვის შემთხვევაში;
  3. ჯოგის ფარის შესავსებად მამრი ცხოველებით მოშენების მიზნით.

კომპეტენტური ორგანოს გადასაწყვეტია (იმის გათვალისწინებით, რომ შეძენილი ცხოველები ახალგაზრდებია ან ახალი ასხლეტილი) დართოს ნება თუ აუკრძალოს მეურნეს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გამოყენება არაორგანული მეურნეობებიდან.

გადასვლის პერიოდი

კონვერსიის პერიოდის შეკვეცა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, თუ მტკიცდება, რომ ნიადაგი დიდი ხნის პერიოდში არ მუშავდებოდა კონვენციური მეთოდებით, მასერთიფიცირებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

— მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენების, ცხვრის და თხისათვის, რისი სულადობა მოშენებულია ექსტენსიური მეცხოველეობის პირობებში ახალი მეთოდების დანერგვის პერიოდში, რომელიც დადგენილია კომპეტენტური ორგანოს მიერ ან ორგანულის კატეგორიაში პირველად გადაყვანილი სარძეო მიმართულების ჯიშებისათვის:

— როდესაც ხდება ერთდროული გადასვლა ორგანულ მეცხოველეობაზე, ორგანულ მემცენარეობაზე იმ პირობით, რომ ერთი მეურნეობის სარგებლობაშია საკვებწარმოებისთვის გამოყოფილი მიწა; კონვერსიის პერიოდის შეკვეცა დასაშვებია 2 წლამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეურნეობაში არსებული სულადობის და მისი ნამატის კვება მიმდინარეობს იმავე მეურნეობაში მოყვანილი საკვები პროდუქტებით.

ცხოველებისა და ცხოველური პროდუქციის კონვერსიაზე გადაყვანისას, გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობაა:

სახორცე მიმართულება — 12 თვე, მინიმუმ 8 თვე ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობიდან უნდა გაატაროს ორგანული სისტემის პირობებში;

ხბოები, ხორცის წარმოებისათვის — 6 თვე, იმ პირობით, რომ მოზარდი შეძენილია ასხლეტის დამთავრებისთანავე და მისი ასაკი არ არის 6 თვეს მიღწეული;

რძის პროდუქტები — 90 დღე ახალი მეთოდების დანერგვის პერიოდში, რომელიც დადგენილია მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ, და ამის შემდეგ კიდევ 6 თვე;

ცხვარი და თხა-სახორცე მიმართულება — 6 თვე;

რძის პროდუქტები — 90 დღე ახალი მეთოდების დანერგვის პერიოდში, რომელიც დადგენილია მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ, და ამის შემდეგ კიდევ 6 თვე;

ღორები — ხორცის პროდუქტებისათვის — 6 თვე;

ფრინველი/კვერცხმდებლები

სახორცე მიმართულება — პერიოდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რაც დადგენილია მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ;

კვერცხი — 6 კვირა.

ახალი მეთოდების დანერგვისას მეცხოველეობის პროდუქტები ინარჩუნებენ ორგანულის სტატუსს იმ პირობით, რომ საკვებწარმოება და ცხოველების საკვებით უზრუნველყოფა ხდება მასერთიფიცირებელი ორგანოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

ზოგიერთი სახეობის ცხოველებისა და ფრინველების თავისებურებანი

— აკრძალულია ბოცვრისა და ფრინველის გალიებში შენახვა;

— წყლის ფრინველისათვის ყოველთვის, როდესაც კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა, უნდა შეეძლოთ მდინარეებზე, წყალსატევებზე ან ტბებზე გასვლა;

— ნებისმიერი სახეობის ფრინველის შენობაში უნდა იყოს მყარი იატაკი;

— ქვეშსაფენის გამოსაყენებლად იხმარება ნამჯა, ბურბუშელა ან ნახერხი, სილა ან ტორფი.

მოთხოვნები ორგანული მეფუტკრეობის პროდუქციისადმი

მეფუტკრეობის პროდუქცია შეიძლება ჩაითვალოს ბიოპროდუქციად, თუ ბიოსტანდარტის მოთხოვნები სრულდება ერთი წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ცვილი მთლიანად უნდა შეიცვალოს ბიოცვილით. ერთსა და იმავე ადგილას მდებარე მეფუტკრეობის მეურნეობები უნდა იმართებოდეს ბიომეთოდებით. განცალკევებული მეურნეობები შეიძლება იყოს კონვენციური და ბიო, თუ არსებობს სათანადო განცალკევების შესაძლებლობა, დადასტურებული სერთიფიკაციის ორგანოს მიერ.

სკები უნდა განლაგდეს ბიომეთოდებით მართულ ტერიტორიებზე ველურ ან ბუნებრივ გარემოში. ამასთან, სკები ისე უნდა განლაგდეს, რომ ფუტკრისთვის საკმარისი რაოდენობით იყოს ხელმისაწვდომი ბუნებრივი ნექტარი, ცვარტკბილი, ყვავილების მტვერი და წყალი. სკის გარშემო 3 კმ-ის რადიუსში ყველა სახის მეურნეობა ბიომეთოდებით უნდა იმართებოდეს, ან წარმოადგენდეს ველურ ან`და ბუნებრივ ტერიტორიას, რომელიც არ მუშავდება ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც არ არის დაშვებული სტანდარტით. ამ რადიუსში ნებადართულია ისეთი კონვენციური მეურნეობების არსებობა, რომლებიც დაბინძურების დაბალი რისკით ხასიათდება. ასეთივე დისტანცია (3 კმ) უნდა იყოს დაცული იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებიდან, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ დაბინძურების წყაროს. მაგალითად, ურბანული ცენტრები, ავტომაგისტრალები, ინდუსტრიული ტერიტორიები, ნაგავსაყრელები, ნაგვის საწვავი ღუმელები და სხვ. აღნიშნული მოთხოვნები არ ეხება ტერიტორიებს, სადაც არ ხდება ყვავილობა, ან სკები უმოქმედოა.

ორგანულ მეცხოველეობაში აკრძალულია ზრდის ჰორმონების და ანტიბიოტიკების პრევენციული მიზნით გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვების სისუფთავეს (კონსერვანტების, ზრდის სტიმულატორების, მადის აღმძვრელის გარეშე), შენახვისა და ტრანსპორტირების ანტისტრესულ პირობებს.

ორგანული პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისას იკრძალება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და მათი წარმოებულების გამოყენება, პროდუქტის საკვები თვისებების შეცვლა (მაგალითად, რძის ცხიმიანობის შემცირება), ხელოვნური არომატიზატორების, საღებავების და კონსერვანტების დამატება.

რუსუდან ბარკალაია,

გოჩა წერეთელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.