აგროტექნოლოგიებირუბრიკები

ორგანული მეურნეობის მნიშვნელობა და ტრადიციული მეურნეობის/წარმოების უარყოფითი მხარეები

საქართველოში უხსოვარი დროიდან მოსახლეობა მისდევს მეურნეობას. საუკუნეების მანძილზე ქართველმა ხალხმა სოფლის მეურნეობაში დიდი გამოცდილება და ცოდნა დააგროვა.ქართველი გლეხი პირველ რიგში შემოქმედი იყო. ამის კარგი მაგალითია გლეხური სელექცია – ვაზისა და ხორბლის ადგილობრივი ჯიშები.


XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქიმიური მრეწველობის განვითარებას, სოფლის მეურნეობაში ქიმიური სასუქებისა და შხამქიმიკატების დანერგვას მოჰყვა. მანქანები და ხელსაწყოები სულ უფრო ვითარდება და გამოიყენება იმისათვის, რომ ადამიანური სამუშაო ძალა უფრო პროდუქტიულად იქნას გამოყენებული ან საერთოდ გამოირიცხოს წარმოების პროცესიდან. ეს იწვევს ფართობების ზრდას და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის რიცხვის შემცირებას.

მეურნეობის ინტენსიფიცირება მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ გარემო ამ შემთხვევაში უფრო მეტად ზარალდება.ინტენსიფიკაციას აქვს კიდევ სხვა შედეგებიც; ის ნიშნავს პირველ რიგში რაციონალიზებასა და სპეციალიზებას მეურნეობის ცალკეული განხრებში: მაგალითად, მეფრინველეობაში ან კვერცხის წარმოებაში განვითარება იმდენად შორს წავიდა, რომ ეს სფერო დიდმა საწარმოებმა აიღეს თავის თავზე, ანუ აქ გვაქვს უკვე ინდუსტრიული წარმოება და არა ფერმერული მეურნეობა.

სხვა სფეროებში დიდმა კონცერნებმა სხვა გზები იპოვეს იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართულიყვნენ. ქიმიური ინდუსტრია, მაგალითად, ყიდის არა მარტო სასუქებსა და პესტიციდებს, არამედ მან თავის თავზე აიღო თესლის წარმოებაც. პროდუქციის შემსყიდველთა მხრიდან შედგა ასევე კონცენტრაციის პროცესი ისე, რომ გლეხები ჩავარდნენ დიდ დამოკიდებულებაში საკვები პროდუქტების შემსყიდველ და გადამამუშავებელ ინდუსტრიებთან. გაიზარდა მოსავლიანობა და შემსუბუქდა შრომა. ამ დროისათვის ევროპაში მოთხოვნილება ს/ს პროდუქციაზე გაიზარდა და ამდენად ეს თითქოს ერთი შეხედვით წყვეტდა პრობლემას.

თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, ხელოვნურად ნაწარმოები სასუქებით, მცენარეთა ქიმიური დაცვითა და სელექციაში მიღწევებით მოსავლიანობა და წარმოების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მანამდე არსებულ დონესთან შედარებით. ხელსაყრელი კლიმატით ანდა კარგი ნიადაგით გამოწვეულმა ბუნებრივმა განსხვავებებმა დაკარგეს თავისი მნიშვნელობა. მეცხოველეობის კონცენტრაციამ ცალკეულ ადგილებზე და ცხოველთა საკვების იმპორტმა მიგვიყვანა მემცენარეობასა და მეცხოველეობას შორის ადრე არსებული კავშირის დაკარგვამდე. ორივე მეურნეობის სფეროს ინტენსიფიკაცია მოხდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

ადრე ცხოველთა რაოდენობა დამოკიდებული იყო სამეურნეო ფართობებზე. ორგანული სასუქებით განოყიერება მინდვრების ნაყოფიერებას უზრუნველყოფდა და ამით ხდებოდა ერთგვარი შეწყვეტილი ციკლის აღდგენა, ბუნებრივის მსგავსის.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრადიციული გადამუშავება მეურნეობის მიერ და მისი პირდაპირი გასაღება წარსულს ჩაბარდა. გადამამუშავებელ საწარმოებსა და კონცერნებს აქვთ საუკეთესო ადგილები ბაზარზე, ვიდრე მეურნეთა დიდ ნაწილს, რომლებიც ცუდად არიან ორგანიზებული. ასეთ პირობებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების რისკი რჩება გლეხებს, ხოლო მოგება მათგან მიდის მათთან ხელშეკრულებით დაკავშირებულ პარტნიორებთან. ექსტრემალურ შემთხვევებში ეს ინდუსტრია წინასწარი ხელშეკრულებების გზით ფაქტიურად უსაზღვრავს გლეხს რა და როგორ უნდა აწარმოოს. ხშირ შემთხვევაში ე.წ. დასაშვებ ნორმაზე მეტიც გამოიყენებოდა ქიმიური სასუქები და ქიმიური პრეპარატები; მათი გამოყენების უარყოფითი შედეგები დღეს სახეზეა: გამოფიტული ნიადაგები, დაბინძურებული სასმელი წყალი. ეს ყველაფერი სხვა ზემოთ დასახელებულთან ერთად ქიმიის უკონტროლო გამოყენების შედეგია. გაუარესდა პროდუქციის ხარისხი და მავნე გახდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, დაბინძურდა გარემო.

გამოცდილმა და დაკვირვებულმა მეურნეებმა შეამჩნიეს, რომ ქიმიური სასუქი ფიტავდა ნიადაგს და ყოველ წელს იგი მზარდი რაოდენობით უნდა შეეტანათ. ეს კი მეურნეს დამოკიდებულს ხდიდა ქიმიურ წარმოებაზე.

შხამ-ქიმიკატის მოხმარებამ მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ არ გადაჭრა პრობლემა, სულ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო მავნებელ დაავადებებთან საბრძოლველად.

შხამ-ქიმიკატების გამოყენება მავნე გავლენას ახდენდა გარემოზე. ნიტრატების შემცველობა გრუნტის წყლებში წლების განმავლობაში მუდმივად მატულობს. გრუნტის წყლებში ასევე ხვდება პესტიციდების ნარჩენები და სერიოზულ ზიანს აყენებენ სასმელი წყლის ხარისხს.

თანამედროვე სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს ნიადაგის როგორც წყლისმიერ, ასევე ქარისმიერ ეროზიას.

თანამედროვე სოფლის მეურნეობამ დიდი საფრთხე შეუქმნა კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების მრავალფეროვნებას, სულ უფრო მეტად ვრცელდება სპეციალიზებული მეურნეობები, რომელთა შენახვა დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ყველა აქედან გამომდინარე უარყოფითი შედეგებითურთ.

 სოფლის მეურნეობა გარკვეულ პერიოდამდე არ იყო ენერგიის დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ნაწარმოებ საკვებში უფრო მეტი ენერგია იყო, ვიდრე ის მათ წარმოებაზე იხარჯებოდა. ახლა კი შეინიშნება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის უფრო მეტი ენერგიაა საჭირო, ვიდრე ის თვითონ ამ პროდუქტშია. რომ შევადაროთ მაგალითად დღეისათვის ჩვეულებრივ კონვენციურ მეურნეობაში ინტენსიფიკაციის ხარისხთან კავშირში, კარტოფილსა და მარცვლოვნებში არსებული 1 კალორიისათვის საჭირო ხდება 0,2-0,7 კალორია ენერგიის დახარჯვა, ხოლო მეცხოველეობაში, რომლის ინტენსიფიკაციის ხარისხი ძალიან მაღალია, 1 კალორიის მისაღებად საჭიროა 5-10 კალორია ენერგია. ინტენსიფიკაციის გამო განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობა ნეტო ენერგიის მაწარმოებლის ნაცვლად გადაიქცა ენერგიის მომხმარებლად.

თუმცა გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული პრობლემები არ არის მხოლოდ, რომლებიც პრობლემებს ქმნიან. წარმოების ინტენსივობის გაზრდამ გამოიწვია ბაზარზე პროდუქციის სიჭარბე, რაც თავის მხრივ იწვევს პროდუქციაზე ფასების დაცემას. პროდუქციის გასაღების, შენახვისა და ნაჭარბის მოშორების ხარჯებმა ევროპაში ისეთ დონეს მიაღწია, რომ მათი დაფინანსება შეუძლებელი გახდა. თავისი ნაჭარბის მოცილებისათვის ინდუსტრიული ქვეყნები იჭრებიან განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე და მათ მეურნეებს მძიმე მდგომარეობაში აყენებენ, ვინაიდან ისინი კონკურენციას ვერ უწევენ დასავლეთის ქვეყნების იაფფასიან პროდუქციას.

საწარმოო საშუალებების ფასების მატებისას მეურნეთა შემოსავლების უზრუნველყოფა მიიღწევა წარმოების პროდუქტიულობის ზრდის საფუძველზე. გაიზარდა მეურნეობებში კაპიტალის მოხმარება, რაც აძვირებს პროდუქციის წარმოების ფასს. ეს ხდება პროდუქციის სულ უფრო მეტად გაუფასურების ფონზე.

 ამგვარად, მოყვანილ პროდუქციას ნაკლები საყუათო ღირებულება აქვს. ნიტრატებით გაძლიერებული განოყიერება არა მარტო სასმელი წყლის ხარისხზე ახდენს გავლენას, არამედ საკვებში გაზრდილია ნიტრატების შემცველობაც. ასევე პესტიციდებითაც ხდება ჩვენი საკვების დაბინძურება. პესტიციდები ხილსა და ბოსტნეულში, აგრეთვე ჰორმონები ხორცში საკვები პროდუქტების დაბალი ხარისხის მაჩვენებელია.

საწარმოო ნარევების გამოყენება (ზრდის სტიმულატორები, გემოს სინთეტიკური საკმაზები, ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური გამოყენება, ძვალ-ხორცისგან დამზადებული ფქვილის მიღება საკვების სახით, ჰორმონალური პრეპარატების მიცემა) და საკვების დაბინძურება არამიწათმოქმედების წარმოშობის მასალით იწვევს ორგანიზმის მდგრადობის შემცირებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.

ბევრი პესტიციდისათვის დადგენილია ის მინიმალური დონე, რომელიც დაშვებულია საკვებში.იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ საზღვრების დაცვისას უპრობლემოდ შეიძლება საკვების გამოყენება. პესტიციდების მოქმედების შემოწმება მხოლოდ ცხოველებზე შეიძლება. შეიძლება გამოიკვლიო იწვევს თუ არა ესა თუ ის საშუალებები კიბოს, ანდა უარყოფითად მოქმედებს თუ არა ჩანასახზე, მაგრამ ისეთი ზემოქმედების გამოკვლევა, როგორიცაა სტრესების გამოწვევა, ნევროზები, ალერგიების დადგენა, არ ხდება ან ხშირად ეს გამოკვლევები არასაკმარისია.

ნახევარზე მეტი პესტიციდებისათვის და მათი დაშლის პროდუქტებისათვის არ არსებობს იდენტიფიცირების საშუალება. თვით იდენტიფიცირებადი პესტიციდების კონტროლიც საკმაოდ რთულია. ზოგიერთი პესტიციდისათვის რისკის ყოვლისმომცველი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდა ამისა, მავნებლებიც და დაავადებებიც ადვილად ეგუებიან ქიმიას და რამდენიმე წელიწადში საჭიროა ახალი ქიმიური პრეპარატის შეძენა – ძველი აღარ მოქმედებს, ე.ი. ფერმერის დამოკიდებულება ქიმიურ მრეწველობაზე სულ უფრო იზრდება და მისი მეურნეობის მომგებიანობას ხშირად გარედან შემოტანილი საშუალებები და მათ შორის მნიშვნელოვანწილად სწორედ ქიმიური მრეწველობის პროდუქცია განსაზღვრავს.

ბევრი მეცნიერის და ფერმერის აზრით სოფლის მეურნეობაში ქიმიური პრეპარატების შეცვლა შეუძლებელია. მათი აზრით ქიმიის გარეშე მოსავალს ვერ მივიღებთ. ისმის კითხვა, მაშინ როგორ მოყავდათ მოსავალი ჩვენს წინაპრებს, განა მაშინაც ქიმიას იყენებდნენ? ან თუ ასეთი კარგი შედეგი აქვს ქიმიურ პრეპარატებს, მაშინ რატომ არის დღეს ამდენი მავნებელი და დაავადება, ამდენი წელი ქიმიით ბრძოლამ რატომ არ შეამცირა მათი რაოდენობა?

ისიც კარგადაა ცნობილი, თუ როგორია დღეს საქართველოში შემოტანილი პრეპარატების ხარისხი.

დღეს ჩვენიანიც და უცხოელიც ხშირად გვატყუებს და არავინ იცის, როდიდან ვადაგასულ და უხარისხო, ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ დიდი ხნის ვადაგასულ პრეპარატებს გვასაღებს (მაგ: დუსტი, გრანოზანი).

ამ ყველაფრისაგან პირველ რიგში ზარალდება მეურნე და ის ადამიანებიც, ვინც ასეთ პროდუქციას ყიდულობს. ბოლო ხანებში იმატა სხვადასხვა დაავადებებმა, ალერგიებმა, საკვებით მოწამვლის შემთხვევებმა. ასეთი უხარისხო საკვები პროდუქტები უხვად შემოდის უცხოეთიდან. ასეთი პროდუქტები ამავდროულად დაბალი ფასითაც გამოირჩევა. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენი მეურნეებისათვის ეს სერიოზული კონკურენციაა, უხარისხო საკვები განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვებზე — თითქმის ყოველი მეორე ბავშვი ალერგიულია, რაც არასწორი კვების და დაბინძურებული გარემოს შედეგია.

ჩვეულებრივი კონვენციონალური მეურნეობისაგან განსხვავებით, ბიომეურნეობა ეფუძნება ძველ ტრადიციულ გამოცდილებას, ამდიდრებს მას ახალი, თანამედროვე მიღწევებით და გვთავაზობს ისეთ მეთოდებს, რომლებიც გამორიცხავენ ქიმიური სასუქებისა და ქიმიური პრეპარატების გამოყენებას. მათ ნაცვლად გამოიყენება ისეთი მეთოდები და ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის.

მდგრადი მეურნეობა სიცოცხლისუნარიანია და სტაბილურად ვითარდება. მდგრადობისათვის საჭიროა თანამშრომლობა და არა კონფლიქტი:

ბიომეურნეობის მეთოდები ემყარება: ბუნებაზე დაკვირვებას, მცენარეებისა და ცხოველების ქცევების შესწავლას და ბუნებაში არსებული კანონზომიერების გამოყენებას სოფლის მეურნეობაში. ჩვენი წინაპრები სწორედ ბუნებისაგან სწავლობდნენ და ამიტომ ახერხებდნენ მავნებლებთან და დაავადებებთან გამკლავებას.

ბიომეურნეობის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია:

 ჩაკეტილი საწარმოო ციკლი;

 თესლბრუნვა, სიდერაცია;

 ნიადაგის განოყიერება ორგანული სასუქებით, მეურნეობის შიდა რესურსების გამოყენება ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისათვის;

 მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება;

 ცხოველებისათვის საკვების მიწოდება საკუთარი მეურნეობიდან – დასაშვებია შესყიდვა ეკოლოგიური მეურნეობებიდან მცირე რაოდენობით;

 ცხოველების შენახვა მათი სახეობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

გოჩა წერეთელი,

რუსუდან ბარკალაია