ნიადაგის გასარწყავების პრობლემები საქართველოში

IX_XII საუკუნეებში წარმატებით მოქმედებდა სარწყავი სისტემები და წყალსადენები, მათ შორის ტირიფონის ველზე, რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში, სამგორში, კახეთში. ისტორიულად ცნობილია თამარ მეფის მრავალმხრივი ღვაწლი. იგი მთელ რიგ საკითხებთან ერთად ნიადაგის გასარწყავებასაც აქცევდა ყურადღებას. მისივე ინიციატივით ამოქმედდა ალაზნის და სამგორის სარწყავი სისტემები. წარმატებით გამოიყენებოდა ვარძიის, დმანისის, გეგუთის და თბილისის წყალსადენები. სარწყავი სისტემის ფართო ქსელის მოქმედების შედეგად მოსახლეობას მოჰყავდა: ხორბალი, ქერი, შვრია, სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ლობიო, ბარდა, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა.


ნიადაგის სარწყავი სისტემის მოქმედების შედეგად ფართო მასშტაბით განვითარდა მევენახეობა-მებაღეობა. წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. ბოლო პერიოდში გვალვიანმა ამინდებმა და სარწყავი სისტემის ნაკლებობამ ძლიერ დააზარალა მოსახლეობა, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახა მოსავლიანობაზე.

ნიადაგის გასარწყავება ასევე აუცილებელია ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მოსავლიანობის ასამაღლებლად, რაც ხელს შეუწყობს ძროხეულის სარძეო პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და მოზარდეული პირუტყვის წონამატის ყოველდღიურ მომატებას, ზამთრისათვის თივის მარაგის შექმნას. ნაკლებმოსავლიან საძოვრებზე პირუტყვი ბალახის ძიებაში გადაადგილების შედეგად მნიშვნელოვანი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს, რის გამოც პროდუქტიულობა საგრძნობლად მცირდება.

სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი უნდა მოგვარდეს ქართლის, კახეთის, სამხრეთ საქართველოს და მთელ რიგ სხვა რეგიონებში, რათა განხორციელდეს მიწის მოსავლიანი ადგილების ათვისება. ტაშისკართან ან ქვიშხეთთან აგებული ნაგებობებიდან საირიგაციო არხით მტკვრის წყლის მიწოდება შეიძლება მდინარის ორივე მხარეს მდებარე სოფლებზე, რის საშუალებითაც ათიათასობით ჰექტარი მიწა გასარწყავდება.

კახეთის რეგიონში უნდა აშენდეს წყალსაცავები და სარწყავი წყლის ახალი სისტემები. პირველ რიგში უნდა აღდგეს მდ. ალაზნის სარწყავი სისტემა, რის მეშვეობითაც მოირწყვება ზილიჩას მინდვრები, მათ შორის შირაქი, რომელიც მდებარეობს გარე კახეთის ზეგანზე, მდ. იორსა და ალაზანს შორის და იქ 22 ათასი ჰექტარი მაღალმოსავლიანი შავმიწა ნიადაგებია. მათ უძველესი დროიდანვე წარმატებით იყენებდა მოსახლეობა.

წყალმომარაგება ნიადაგის ფართობების მასობრივი გამოყენების მიზნით უნდა განხორციელდეს სამცხე-ჯავახეთში და დასავლეთ საქართველოში.

საქართველო ცნობილია, როგორც მცირემიწიანი ქვეყანა. ფართობის უმეტესი ნაწილი ტყე-მთიან, ქვა-ღორღიან და კლდოვან ადგილებს უკავია. ყოველივეს სჭირდება გათვალისწინება და რაც გაგვაჩნია, მისი მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით ხატოვანი გამონათქვამიცაა — „შრომა სიმდიდრის მამაა, მიწა კი მისი დედაა”.

სარწყავი სისტემის უმოქმედობა ნიადაგში იწვევს მარილების დაგროვებას, დამლაშებას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას. მისი გამოსწორება მხოლოდ სარწყავი სისტემის მეშვეობით შეიძლება.

საქართველო მსოფლიო მასშტაბით გეორგიის სახელწოდებითაა ცნობილი, რაც უკავშირდება ნიადაგზე შრომით საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო ხორბლისა და ვაზის სხვადასხვა ჯიშები.

გასული საუკუნის ბოლოს და 21-საუკუნის დასაწყისში მწყობრიდან გამოსული სარწყავი სისტემების წყლის მილები დაჭრეს და საზღვარგარეთ ჯართად გაიტანეს. სოფ. კრწანისში (გიგანტი) და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე შესანიშნავად მარაგდებოდა ნიადაგი სარწყავი წყლით. მრავალი ჰექტარი რკინის მილების საშუალებით დაწვიმებითი წესით ირწყვებოდა, რაც დადებითად მოქმედებდა როგორც ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებაზე, აგრეთვე მოსავლიანობაზე. მტკვრიდან არხების საშუალებით მოედინებოდა წყალი. მოსახლეობას წარმატებით მოჰყავდა მარცვლეული კულტურები, ბაღჩეული, ბოსტნეული და სხვა. შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები კარგად მრავლდებოდა. მრავალჯერ შეგვინიშნავს ხოხობი, კურდღელი, სხვადასხვა სახის ქვეწარმავალი, მუდამ ისმოდა ბაყაყის ყიყინი. სარწყავი სისტემის შეწყვეტის შემდეგ გაქრა და გადაშენდა ცოცხალი არსებები, გახმა ხე-მცენარეები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცოცხალი სამყაროს შენარჩუნება-გამრავლებისათვის აუცილებელი და სავალდებულოა სარწყავი სისტემის მოქმედება, რაც დადებით გავლენას ახდენს უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე. სისხლის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში უჯრედებს მიეწოდება საკვები ნივთიერებები. ამ როლის შესრულებას მცენარეებში წყალი უზრუნველყოფს.

ნიადაგის გასარწყავებისათვის სახელმწიფოს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებები პირველი რიგის საქმიანობად სახელდება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მასობრივ დასაქმებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

იაკობ შუბითიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.