აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობა

საქართველოში დარაიონებული ქერის საშემდგომო ჯიშები და მათი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ყაზბეგი – 1 _ გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში მუტაგენეზის მეთოდით, ადგილობრივი ჯიშიდან. მცენარის სიმაღლე 80-98 სმ. ხასიათდება მოკლე და მტკიცე ღეროთი. ჩაწოლის მიმართ გამძლეა, თავთავი ფხიანი, კომპაქტური, არის ადრეული სავეგეტაციო პერიოდი 217 დღე. ზამთარგამძლე და გვალვაგამძლეა. მარცვლის ჩაცვენა არ ახასიათებს. ათასი მარცვლის მასა 36,4 გრამი. არის მაღალ მოსავლიანი. დედოფლისწყაროს ჯიშთაგამოცდის პუნქტებზე მან მოგვცა 58,7 ცენტნერი ჰექტარზე. რეკომენდირებულია ქართლის სარწყავი ზონებისთვის.

ძველთესლი _ გამოყვანილია მიწათმოქმედების ინტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ მასობრივი გამორჩევით. ეკუთვნის სახესხვაბა პალიდუმს. არის ექვს მწკრივიანი, თავთავი მოჩალისფრო ყვითელი, მარცვალი დაკბილული, ოვალური ფორმის, 1000 მარცვლის მასა 40-50 გრამი. არის ზამთარგამძლე, არ წვება, ახასიათებს ძლიერი პროდუქტიურლი ბარტყობა.

პალიდუმ 30-1 _ გამოყვანილია აზერბაიჯანის სასელექციო სადგურის მიერ. თავთავი ექვს მწკრივიანია, ფხიანი, ჩალისფერი ყვითელი, საკმაო მკვრივი, ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს. მარცვალი დიდი ზომისაა, 1000 მარცვლის მასა 36-40 გრამია. ღერო საშუალო სიმაღლის, დაავადებებისა და მავნებლის მიმართ შედარებით გამძლეა. რეკომენდირებულია საქართველოს სარწყავი და შემაღლებული ზონებისთვის.

   ტრები _ გამოყვანილია ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავთავი მრავალმწკრივიანია, ფხიანი, ჩალისებრ ყვითელი, ფხა გრძელი და უხეში, ძლიერ დაკბილული. ის ძნელად სცილდება თავთუნს, ეკუთვნის სახესხვაობა პალიდუმს. 1000 მარცვლის მასა 33-38 გრამია. ღერო საშუალო სიმაღლისაა. არის საშიალო საადრეო, გვალვაგამძლეა, არ წვება, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ არის იმუნური. რეკომენდირებულია საქართველოს სარწყავი რაიონებისათვის.

   ზეს-5_ გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში გამა დასხივებით ჯიშ ყაზბეგიდან. არის მრავალ მწკრივიანი, მიეკუთვნება სახესხვაობა ნუტანსს. მცენარის სიმაღლე 100-110 სმ. 1000 მარცვლის მასა 40-43 გრამია. თავთავი მოყვითალო ნარინჯისფერი, მკვრივი, მარცვალი ელიფსისებური ფორმის, სავეგეტაციო პერიოდი 201 დღე. არის დაავადებებისა და ჩაწოლისადმი გამძლე, ითესება მხოლოდ შემოდგომით. მისი საშუალო საჰექტრო მოსავალი 57 ცენტნერია.

მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

საშემოდგომო ქერი – მოყავთ როგორც საფურაჟეთ ასევე საბურღულეთ. მოსავლიანობით საშემოდგომო ქერი მისი მოყვანის რეგიონებში მნიშვნელოვნად აღემატება საგაზაფხულო ქერს. ეს იმით აიხსენება, რომ საშემოდგომო ქერი შემოდგომაზე მოსულ ნალექებთან ერთად ამომწურავად ითვისებს ზამთარ გაზაფხულის ნალექებსაც. ბარტყობაც უფრო ძლიერია ვიდრე საგაზაფხულოსი, საშემოდგომო ქერი ძირითადათ ითესება ქართლისა და კახეთის რაიონებში. საშემოდგომო ქერი უფრო ნაკლებ ზამთარგამძლეა ვიდრე საშემოდგომო ხორბალი და საშემოდგომო ჭვავი. მისთვის საშიშია 12 გრადუსზე დიდი ყინვები. საშემოდგომო ქერის იაროვიზაციის მაქსიმალური ხანგრძლივობა 35-45 დღეა. მისი სავეგეტაციო პერიოდი 15-18 დღით უფრო მოკლეა ვიდრე საგაზაფხულოსი და 8-10 დღით უფრო ადრე შემოდის ვიდრე საშემოდგომო ხორბალი.

ნმოვლა მოყვანის და მოსავლის აღების ტექნოლოგია

საშემოდგომო ქერი შეიძლება დაითესოს სხვადასხვა წინამორბედის შემდეგ. მისთვის თესლბრუნვაში ყველაზე კარგი ადგილია სუფთა დაკავებული ანეულები. საწარმოო პირობებში იგი უფრო ხშირად ითესება სიმინდის, მზესუმზირისა და სამარცვლე პარკოსნების შემდეგ. საშემოდგომო ქერი უფრო ადრე ათავისუფლებს ფართობს და მის შემდეგ შეიძლება მეორე მოსავლის მიღება ისეთი კულტურების როგორიცაა: სიმინდი, სუდანურა, წიწიბურა, ლობიო და სხვა. მოსავლიანობით საშემოდგომო ქერი სჯობია საგაზაფხულოს.

განოყიერება

საშემოდგომო ქერი მოითხოვნას უყენებს სამ ძირითად საკვებ ელემენტს. კარგ შედეგს იძლევა თესვის წინ სუპერფოსფატის შეტანა. რაც ხელს უწყობს მცენარეთა უკეთ გამოწრთობასა და გადაზამთრებას, ააქტიურებს ფესვთა სისტემის ზრდას და აჩქარებს მომწიფებას. აზოტის მეტი რაოდენობა ესაჭიროება ვეგეტატიური მასის ზრდისა და მარცვლის შევსების ფაზებში. მისი ნაკლებობა იწვევს მოსავლის შემცირებას და მარცვლის ხარისხის შესამჩნევ გაუარესებას. ნაკლები ცილის დაგროვებას. კალიუმი აუმჯობესებს ზამთარგამძლეობას და დაავადებებისადმი გამძლეობას ამაგრებს ღეროს. ყველაზე მეტად იგი მოიხმარება აღერებისა და დათავთავების ფაზაში. აზოტი შეაქვთ თესვის წინ და გამოკვების სახით გაზაფხულზე 150 კგ/ჰა-ზე. თესვის წინ უნდა შევიტანოთ ნიადაგში სუპერფოსფატი 200 250 კგ/ჰა-ზე და კალიუმი 70-100 კგ/ჰა-ზე. ამით შეიძლება საჰექტარო მოსავლიანობა გავადიდოთ 4 ცენტნერით. ნიადაგის განოყიერებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს მწვანე სასუქის – სიდერატის გამოყენება. სიდერატათ იყენებენ სამარცვლე პარკოსნებს – ბარდას, ცულიპირას, ცერცველას. სიდერატები ქერისათვის უფრო მეტ ეფექტს მოგვცემს იმ შემთხვევაში თუ მას გამოვიყენებთ წინამორბედ კულტურის ქვეშ. მოსავალი გაიზრდება 30 %-ით. სიდერატის მინერალიზაცია ძირითადათ მიმდინარეობს მომდევნო წლის ივნის ივლისში. როდესაც ქერი დამწიფებულია.

ნიადაგის დამუშავება. ნიადაგის დამუშავება საშემოდგომო ქერისათვის იწყება ნაწვერალის აჩეჩვით, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხვნა სრულ სიღრმეზე (25-27სმ.) ზედ მიყოლებული დაფარცხვით გარდი-გარდმო მიმართულებით. თესვის წინ ტარდება კულტივაცია ჩათესვის სიღრმეზე.

თესვის ვადა

ადრეულად დათესილი საშემოდგომო ქერი ადვილად ზიანდება შვედური ბუზით და ზამთრის ყინვისაგან რადგან იგი მაღალ ტემპერატურაზე გაღივებულ აღმოცენებული, ნაკლებ ნაწრთობი შედის ზამთარში, აგრეთვე თუ თესვის შემდეგ მოსულ ნალექებს მოჰყვა თბილი პერიოდი იწყება გაძლიერებული ბარტყობა. თოვლის ქეშ მოხვედრილი მწვანე ადვილათ ამოიხუთება. თუ თესვის ვადა დაგვიანებულია ამ შემთხვევაში გვიანდება თესლის გაღივება, აღმოცენება რასაც თან მოჰყება მავნებლებისაგან განადგურება, გვიან დათესილი ვერ ასწრებს დაბარტყებას, სუსტდება და ზამთრის განმავლობაში ადვილათ ზიანდება – ნათესი მეჩხერდება და მცირდება მოსავალი, ამიტომ უნდა დავიცვათ თესვის ვადები. ქართლსა და კახეთში თესვის საუკეთესო ვადაა 5- 30 ოქტომბერი. მესხეთ-ჯავახეთში 20 აგვისტო. შუა ქართლში 15 სექტემბერი. იმერეთში ნოემბერი. თესლი უნდა იყოს რეკომენდირებული ჯიშის და პასუხობდეს გათვალისწინებულ კონდიციას. ის უნდა შეიწამლოს გუდაფშუტის დაავადების საწინააღმდეგოდ და ფესვის სიდამპლესთან საბრძოლველათ. პრეპარატი-გრანოზანი 1,8-2,3% ფხვნილით.

თესვის წესი

საშემოდგომო ქერის თესვა ტარდება მწკრივებად. კარგ შედეგს იძლევა ვიწრო მწკრივებათ და ჯვარედინად თესვა. სათესლეთ გამოყენებული უნდა იყოს მსხვილი მარცვალი. ამ შემთხვევაში მოსავალიც მეტია რადგან შესაძლებელია მისი ღრმა თესვაც და ბარტყობის ნასკვიც ღრმად ვითარდება, რის გამოც ზამთარ გამძლეობაც მეტი აქვს. სათსლე მასალას ჯიშური სიწმინდე უნდა ჰქონდეს 99 %. კარგი აღმოცენების უნარი 95 %. მაღალი სასოფლო სამეურნეო ვარგისიანობა. ასეთი თესლი მაღალ მოსავალს გვაძლევს.

თესლის ჩათესვის სიღრმე

ნიადაგის კონკრეტულ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით მერყეობს 4-6 სმ. გარგლებში. ჩათესვის სიღრმეს განსაზღვრავს მთელი რიგი პირობები. წვრილი თესლი უფრო ნაკლებ სიღრმეზე უნდა დაითესოს. ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებშიც ნაკლებ სიღრმეზე, ხოლო მშრალ ნიაგადებში პირიქით, რომ გამოიყენოს ღრმა ნიადაგის ტენი მკაცრი ზამთრით დახასიათებულ ადგილებში თესლი ღრმად უნდა დაითესოს, რომ მოსალოდნელი ყინვისაგან არ დაზიანდეს.

თესვის ნორმა

დამოკიდებულია ნიადაგის ხარისხზე, კლიმატურ პირობებზე, რაც უფრო ხელსაყრელი კლიმატური პირობებია მითუფრო ნაკლები თესლია საჭირო და პირიქით. ხელსაყრელ პირობებში მცენარე აძლიერებს ვეგეტატიური ნაწილების ზრდას. თესლის დიდი რაოდენობით დათესვა არც ეკონომიურად იქნება გამართლებული და არც ტექნიკურად. დიდი სათესი ნორმის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს წვრილღეროიანობა, ამის გამო ჩაწოლა, სოკოვანი დაავადებების მძლავრი განვითარება. არახელსაყრელ პირობებში სათესლე ნორმა უნდა გავზარდოთ. სათესლე ნორა მერყეობს 4,5-5,0 მილიონი მარცვლის ფარგლებში. წონით რაოდენობით 220-240 კგ/ჰა-ზე. სათესლე ნორმა მერყეობს ვერტიკალური ზონალობისა და თესვის ვადაზე დამოკიდებულებით.

ნათესის მოვლა და მოსავლის აღება

წლის ოთხივე დროში მიმდინარეობს საშემოდგომო ქერის ზრდა განვითარება. ასეთ ხანგრძლივ პერიოდში საჭიროა მოვლა. სარწყავ რაიონებში ნაკვეთი უნდა დაიკვალოს. თუ ნალვეთი დასარევლიანებულია საჭიროა ჩატარდეს ქიმიური მეთოდით ბრძოლა, ჰერბიციდების გამოყენება, ეფექტური ღონისძიებაა დამატებითი გამოკვების ჩატარება NPR სასუქით. შემოდგომაზე თუ ჯეჯილი ზედმიწევნით გაიზარდა აზოტოვანი სასუქი აღარაა საჭირო, მაღალმოსავლიანი ჩაწოლისადმი მიდრეკილების მქონე ჯიშებზე ჩაწოლის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება ქლორქლორინქლორიდი (ტური). ამ პრეპარატით ქერი მუშავდება ბარტყობისა და აღერების ფაზაში.

მოსავლის აღების პერიოდი ემთხვევა ჰაერის მაღალ ტემპერატურას. მოსავალი, რომ არ დაიკარგოს აღება უნდა მოხდეს პირაპირ კომბაინით, სრული სიმწიფის დასაწყისში. მარცვლის ტენიანობა უნდა იყოს 16-18 %.

ოთარ ლიპარტელიანი  სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოტორი, პროფესორი,

ზეინაბ სალარიძე  სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი.