ყავის ნარჩენებიდან მიღებული ბიონახშირი ნიადაგის გასაუმჯობესებლად
კოლუმბიაში შვეიცარიულ–კოლუმბიური სტარტაპი Cotierra ყავის პლანტაციებზე მცენარეული ნარჩენების ადგილზე გადამუშავებას გეგმავს. მობილური პიროლიზის დანადგარების საშუალებით ყავის ბუჩქების გასხვლის შედეგად მიღებული ტოტები და ყავის წარმოების ნარჩენები ბიონახშირი გარდაიქმნება, ნახშირბადით მდიდარ, ფოროვან მასალად, რომელსაც ნიადაგის თვისებების გასაუმჯობესებლად იყენებენ.
ყავის წარმოებისას დიდი რაოდენობით მცენარეული ნარჩენი წარმოიქმნება. მათი გადამუშავება განსაკუთრებით რთულია მთიან რეგიონებში, სადაც ნედლეულის დიდ მანძილზე ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს სტარტაპი Cotierra, რომელმაც საინვესტიციო ფონდებისგან PINC-ისა და Carbon Removal Partners-ისგან 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
პროექტის მთავარი სიახლე ისაა, რომ ნარჩენების გადამუშავება დიდ საწარმოში კი არა, უშუალოდ ფერმაში ხდება. ამისთვის კომპანია ყავის მწარმოებლებს მობილურ პიროლიზის რეაქტორს სთავაზობს, რომელიც ერთი მეურნეობიდან მეორეში გადატანას ექვემდებარება.
რეაქტორში ყავის ბუჩქების სეზონური გასხვლის შედეგად მიღებული ტოტები და ყავის წარმოების ზოგიერთი მცენარეული ნარჩენი ჟანგბადის შეზღუდული მიწოდების პირობებში თერმულად მუშავდება. ამ პროცესს პიროლიზი ეწოდება. შედეგად მიიღება ბიონახშირი, სტაბილური, ფოროვანი ნახშირბადოვანი მასალა, რომელიც ნიადაგში შეაქვთ.
როგორ ეხმარება ბიონახშირი ნიადაგს?
კოლუმბიის მაღალმთიან ყავის მწარმოებელ რეგიონებში ძლიერი ტროპიკული წვიმები და ინტენსიური მიწათმოქმედება ნიადაგის ეროზიასა და საკვები ელემენტების გამორეცხვას უწყობს ხელს. ზოგიერთ პლანტაციაში ნიადაგის მომატებული მჟავიანობაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.
სწორად მომზადებულ და შესაბამისი თვისებების მქონე ბიონახშირი ნიადაგის მდგომარეობის გაუმჯობესებაში რამდენიმე მიმართულებით შეუძლია დახმარება:
- ნიადაგის მჟავიანობის შემცირება _ გარკვეული ტიპის ბიონახშირი ნიადაგის pH-ის რეგულირებას უწყობს ხელს. ეფექტი დამოკიდებულია მასალის თვისებებსა და ნიადაგის საწყის მდგომარეობაზე.
- საკვები ელემენტების უკეთ შეკავება _ ბიონახშირის ზედაპირი და ფოროვანი სტრუქტურა ხელს უწყობს ზოგიერთი საკვები იონის შეკავებას, რის შედეგადაც მცენარის ფესვთა ზონაში მათი შენარჩუნება შეიძლება გაუმჯობესდეს.
- ტენის შენარჩუნება _ ფოროვან მასალას წყლის შეკავების უნარი აქვს, თუმცა შედეგი დამოკიდებულია ბიონახშირი ტიპზე, ნიადაგის შემადგენლობასა და გამოყენების პირობებზე.
- ნიადაგის მდგრადობის გაუმჯობესება _ ორგანული ნარჩენების სწორად გამოყენება ნიადაგის მართვის უფრო მდგრადი სისტემის ნაწილი შეიძლება გახდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ბიონახშირი ჩვეულებრივი ორგანული სასუქის პირდაპირ შემცვლელად არ მივიჩნიოთ. ის, პირველ რიგში, ნიადაგის თვისებების გასაუმჯობესებელი მასალაა. მისი გამოყენების ეფექტიანობა დამოკიდებულია ნედლეულზე, პიროლიზის რეჟიმზე, საბოლოო პროდუქტის ხარისხსა და ნიადაგის მდგომარეობაზე. ამიტომ ფერმაში შეტანამდე სასურველია ნიადაგის ანალიზი და ბიონახშირის თვისებების შეფასება.
მობილური დანადგარი _ ფერმიდან ფერმამდე
Cotierra-ს პროექტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მობილურ რეაქტორს, რომელიც მთიან რაიონებში გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, ნარჩენების ტრანსპორტირების ნაცვლად, გადამუშავების დანადგარი მივიდეს უშუალოდ იმ მეურნეობაში, სადაც ნედლეული გროვდება.
კომპანიის ინფორმაციით, რეაქტორში დამონტაჟებული სენსორები და ნივთების ინტერნეტის (IoT) ტექნოლოგიები პიროლიზის პროცესის პარამეტრებსა და მიღებული ბიოჩარის მოცულობას აღრიცხავს. მონაცემები ციფრულ პლატფორმაზე იგზავნება, რაც პროცესის დადასტურებასა და ნახშირბადის მოცილებასთან დაკავშირებული კრედიტების გაცემას ემსახურება.
ასეთი კრედიტები საერთაშორისო კომპანიებს ნახშირბადის ემისიების კომპენსირების მექანიზმებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. თუ პროექტი შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს და ნახშირბადის მოცილება სათანადოდ არის დადასტურებული, ფერმერებს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაც შეიძლება გაუჩნდეთ. თუმცა ეს შემოსავალი ავტომატურად გარანტირებული არ არის, ის დამოკიდებულია კრედიტების აღიარების წესებზე, ბაზრის პირობებსა და ფერმერებთან გაფორმებულ შეთანხმებებზე.
რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ გამოცდილებას საქართველოსთვის?
კოლუმბიის პროექტი საინტერესო მაგალითია საქართველოს ფერმერებისთვისაც. ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში წარმოიქმნება მცენარეული ნარჩენები, რომელთა ნაწილი სათანადოდ არ გამოიყენება. ვენახის გასხვლის ტოტები, თხილისა და ხეხილის ნარჩენები, აგრეთვე ზოგიერთი სხვა მცენარეული მასალა, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, შესაძლოა, ნიადაგის გასაუმჯობესებელი პროდუქტების მისაღებად გამოდგეს.
თუმცა კოლუმბიური მოდელის საქართველოში გადმოტანა წინასწარ შეფასებას მოითხოვს. აუცილებელია ნედლეულის ხელმისაწვდომობის, დანადგარის ღირებულების, საწვავისა და ენერგიის ხარჯების, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და მიღებული პროდუქტის ხარისხის შესწავლა. ასევე საჭიროა იმის დადგენა, კონკრეტული ნიადაგისა და კულტურისთვის რამდენად სასარგებლო იქნება მიღებული ბიოჩარი.
Cotierra-ს პროექტის მთავარი იდეა მარტივია, ფერმაში წარმოქმნილი ნარჩენი იქვე გადამუშავდეს და ისევ მეურნეობას დაუბრუნდეს. ეს მიდგომა შეიძლება დაეხმაროს ფერმერს ნარჩენების მართვის ხარჯების შემცირებაში, ნიადაგის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობების მოძიებაში, თუმცა საბოლოო შედეგს განსაზღვრავს არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ ბიონახშირის ხარისხი, ნიადაგის საჭიროებების ცოდნა და პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

