დარგებიმეცხოველეობა

სიკვდილიანობის მიზეზების აღწერის მნიშვნელობა მერძეულ ნახირში

პირუტყვის სიკვდილის მიზეზის ცოდნა ფერმერს დაეხმარება გააუმჯობესოს ნახირის მართვის მენეჯმენტი და შეამციროს სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგები. ამის შესახებ აცხადებენ კოლორადოს და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვეტერინარები, რომელთაც მერძეულ ნახირში სიკვდილიანობის მიზეზებზე ჩაატარეს კვლევა.

აშშ-ში ბოლო 50 წლის განმავლობაში მერძეული ნახირში სიკვდილიანობა გაიზარდა. თუ 1970-იან წლებში სიკვდილით გამოწვეული დანაკარგი 1-დან 5%-მდე მერყეობდა. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან პირუტყვის სიკვდილიანობა ცალკეულ ფერმებში 15%-მდე გაიზარდა, ბევრგან კი საშუალოდ 6-8%-მდე მერყეობს.

„ნახირში სიკვდილიანობის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ფერმერებს და ვეტერინარებს პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ინფორმაცია არა აქვთ “ _ აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვეტერინარი.

„ნახირში, სადაც ყოველწლიურად პირუტყვის 5-10% ეცემა, იმის გარდაუვალ შემთხვევებად ჩათვლა, რომ პრევენცია შეუძლებელი იყო, აზრს მოკლებულია.“

თუ ფერმაში პირუტყვი ისეთი მიზეზით კვდება, რისი აცილებაც შესაძლებელი იყო, მაშინ არსებობს რისკი, რომ ნახირის სხვა ძროხებსაც იგივე ელოდებათ.

ფერმაზე სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგის გავლენის შესაფასებლად პირველი ნაბიჯი იმის გარკვევაა თუ რამდენი ძროხა კვდება ყოველწლიურად, შემდეგ იმის განსაზღვრა, რაოდენ მაღალია ეს მაჩვენებელი ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და ფინანსური გავლენის შეფასება.

ფინანსური დანაკარგი მარტო იმ ღირებულებას კი არ მოიცავს, რაც ფურის დაცემის შედეგად შემცირებული საწარმოო შესაძლებლობებითა გამოწვეული, არამედ მათ ნაცვლად ახალი მოზარდების გაზრდის ხარჯსაც. ეს ხარჯი ყველა ფერმისთვის განსხვავებული იქნება, თუმცა ყოველ ფერმაში პირუტყვის სიკვდილიანობა, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ფერმერს ათასობით დოლარი დაუჯდება.

ვეტერინარების შეფასებით, ფერმაში მერძეული პირუტყვის სიკვდილის მიზეზი შეიძლება 30-ზე მეტიც იყოს, მაგრამ თუ ჩავხედავთ ფერმების ჩანაწერებს, იქ ძირითადად 8-10 მიზეზია აღწერილი. უფრო საფუძვლიანი შესწავლის  შედეგად კი ამ ჩანაწერების მხოლოდ 50%-მდე შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტი. ვეტერინარების განმარტებით ეს არ არის მოულოდნელი შედეგი, რადგან ცხოველის გაკვეთის გარეშე პირუტყვის დაცემის მიზეზი ხშირად რთული დასადგენია .

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფერმების მხოლოდ 15-24%-მდე ახდენს მკვდარი პირუტყვის გაკვეთას, შედეგად დაცემული პირუტყვის მხოლოდ 5%-ის გამოკვლევა ხდება გაკვეთის შედეგად, რაც სიკვდილის მიზეზის დასადგენად და გასაანალიზებლად სერიოზულ ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის.

საჭირო არ არის ყველა შემთხვევისას ჩატარდეს გაკვეთა, მაგალითად თუ პირუტყვი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და დიაგნოზიც ცნობილი იყო, თუმცა ისეთი შემთხვევების გამოძიება როდესაც პირუტყვი მოულოდნელად ეცემა, გამოკვლევა აუცილებელია.

ვეტერინარებმა შეაფასეს, რომ ფერმერს შეუძლია წარმოდგენა ქონდეს თუ რატომ კვდებიან მის ნახირში ცხოველები თუ გამოიკვლევს შემთხვევათა 50%-ს მაინც, ამასთანავე არ არის აუცილებელი გაკვეთა ვეტერინარმა შეასრულოს თუ ფერმერი ან ფერმაში დასაქმებული კადრი სათანადოდ მომზადებულია.

მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოები და აღებული ნიმუშები, შემდგომი გამოძიებისთვის შედარებით იოლი გზაა, რომლის დახმარებითაც ვეტერინარს შეუძლია სიკვდილის მიზეზის დადგენა.

სიკვდილის მიზეზის დადგენის შემდეგ, მიზეზი უნდა ჩაიწეროს სპეციალურ წიგნში, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელი იყოს ჩანაწერების ნახვა და გაანალიზება. ჩანაწერები ეხმარება ვეტერინარს და ფერმის მფლობელს განსაზღვროს პირუტყვის სიკვდილიანობის მიზეზი და განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები (თუ შესაძლებელია) პრევენციისთვის.

ვეტერინარებმა ასევე შექმნეს ჩანაწერის სპეციალური ფორმატი, სადაც ფატალური შემთხვევის თუ დაავადების მიმდინარეობის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია იწერება.

დოკუმენტის მიზანი მარტო ის კი არ არის, რომ ფერმერმა იცოდეს სიკვდილის ზუსტი მიზეზი, არამედ მას ჰქონდეს სრული ინფორმაცია შესაძლო პრობლემების და რისკების შესახებ, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება. ეს მნიშვნელოვანია რისკების შესაფასებლად.

აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად ვეტერინარებმა ასევე შექმნეს ანბანური კოდური სისტემა, რითაც ფერმაში არსებულ ჩანაწერების გამოყენება კომპიუტერულ სისტემასთან ერთად შეიძლება.

ვეტერინარების განცხადებით იმ ფერმებში რომლებიც მათ შეისწავლეს, როგორც ჩანს ფატალური შემთხვევების მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო გარდაუვალი და მათი უმეტესობის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

წყარო: www.dairyherd.com / http://georgiandairy.org