მცენარეთა დაავადებები
მცენარეთა დაავადებებს ყოფენ შემდეგნაირად: აბიოტური ანუ არაცოცხალი გარემო ფაქტორებით გამოწვეული დაავადებები (არაპარაზიტული, არაინფექციური დაავადებები) და ბიოტური ანუ ცოცხალი ფაქტორებით გამოწვეული დაავადებები (პარაზიტული, ინფექციური დაავადებები).
არაინფექციური დაავადებები გამოწვეულია არაცოცხალი გარემო ფაქტორებით, რომლებიც თავის მხრივ ხუთ ჯგუფად იყოფიან:
1. არახელსაყრელი კლიმატური პირობებით (მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, სინათლის სიჭარბე ან ნაკლებობა, ტენის სიჭარბე ან ნაკლებობა, გვალვა, მეხი, ქარი, სეტყვა და სხვ.) გამოწვეული დაავადებებით;
2. არახელსაყრელი ნიადაგური ფაქტორებით გამოწვეული დაავადებები;
3. მექანიკური დაზიანებით გამოწვეული დაავადებები (ადამიანის ან ცხოველის მიერ მცენარისათვის მიყენებული მექანიკური დაზიანება. ქარით, მეხით, სეტყვით გამოწვეული მექანიკური დაზიანება და სხვ.);
4. გარემოს გაჭუჭყიანებით (ქახნების და ავტომობილების გამონაბოლქვები, წყლის დაბინძურება სარეცხი საშუალებებითა და ქარხნული ნარჩენებით, ნიადაგში ან ჰაერში გაზის გაჟონვა, ოზონის შრის დაზიანება, რადიაციის ზრდა და ა.შ.) გამოწვეული დაავადებები;
5. პესტიციდების (მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები) არასწორი გამოყენებით (პრეპარატის ან მისი დოზის და ან კონცენტრაციის არასწორი შერჩევა) გამოწვეული დაავადებები.
ინფექციური ანუ პარაზიტული დაავადება
ინფექციური ანუ პარაზიტული დაავადება გამოწვეულია ფაქტორებით, როგორებიცაა: სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, მიკოპლაზმები, ყვავილოვანი პარაზიტები, (იშვიათად წყალმცენარეები), რომელთაც პათოგენებს (ფიტოპათოგენებს) ან პარაზიტებს ვუწოდებთ. ამ პარაზიტებიდან ყველაზე მეტ დაავადებას მცენარეზე სოკოები იწვევენ.
პარაზიტიზმის ევოლუცია და ტიპები
მცენარეთა დაავადებების გამომწვევ პარაზიტებს კვების მიხედვით ყოფენ ორ ჯგუფად: ავტოტროფები და ჰეტეროტროფები. ჰეტეროტროფები თავის მხრივ იყოფიან პარაზიტებად და საპროფიტებად. არიან ობლიგატური პარაზიტები (იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი უჯრედებით ფაკულტატური პარაზიტები (იკვებებიან ცოცხალი უჯრედებით, მაგრამ შეუძლიათ გადავიდნენ მკვდარ ნარჩენებზეც), ობლიგატური საპროფიტები (იკვებებიან მხოლოდ მკვდარი მცენარეული ნარჩენებით), ფაკულტატური საპროფიტები (იკვებებიან მკვდარი ნარჩენებით, მაგრამ გადადიან ცოცხალ უჯრედებზეც, მაგ. ქეცების გამომწვევებია. მიკროორგანიზმებს, რომლებიც ცოცხალი უჯრედებით იკვებებიან, ახასიათებთ ბიოტროფული კვება, ხოლო მიკროორგანიზმებს, რომლებიც მკვდარი უჯრედებით იკვებებიან – ახასიათებთ ნეკროტროფული კვება.
დაავადებათა გარეგნული ნიშნები ანუ სიმპტომები
სიმპტომი არის მცენარეთა დაავადების გარეგნული ნიშანი. ცნობილია 15 ძირითადი სიმპტომი, ზოგ სიმპტომს ახლავს ქვესიმპტომიც (მაგ. ლაქა სიმპტომია, მაგრამ არშია – მისი ქვესიმპტომი).
ეს სიმპტომებია:
1.სილაქავე, – ლაქა შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის (ოვალური, მრგვალი, დაკუთხული, S–ებური და ა.შ.), ზომის (წერტილისებური, 1-2 სმ დიამეტრის მქონე და სხვ.), შეფერვის (წითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი და სხვ.). ლაქები განსხვავდებიან აგრეთვე წარმოშობის მიხედვით. გვხვდება პარაზიტული (პარაზიტებით გამოწვეული) და არა პარაზიტული (არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით გამოწვეული) ლაქები. არაპარაზიტული ლაქა შიშველია, პარაზიტულ ლაქაზე კი შესაბამისი ნაყოფიანობა ვითარდება. ლაქას ზოგჯერ ახლავს ქვესიმპტომიც სხვადასხვა ფერის არშიის სახით. ლაქები შეიძლება განვითარდეს მცენარის ნებისმიერ ორგანოზე.
2. სიდამპლე – ეს არის ბიოქიმიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს წყლის თანაობისას, ამიტომ, სიდამპლე გვხვდება ძირითადად წყლითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარ ორგანოებში: ძირხვენებში, ტუბერებში, ნაყოფებში და სხვ. სიდამპლე ორი სახისაა: სველი და მშრალი. სველი სიდამპლის დროს პარაზიტი შლის უჯრედის გარსს, რის შედეგადაც წყლის ნაწილი გარეთ გამოდის, ნაწილს კი პარაზიტი შეითვისებს. ამ დროს დამპალი ზედაპირი ტენიანია, სველია. სველ სიდამპლეს იწვევენ ბაქტერიები, აგრეთვე სოკოების გარკვეული ჯგუფი. რაც შეეხება მშრალ სიდამპლეს, ამ დროს პარაზიტი არ შლის უჯრედის გარსს. იგი მისაწოვრებს ჩაუშვებს უჯრედში და ისე იღებს წყალს და საკვებ ნივთიერებებს, წყლის ნაწილი კი შეუმჩნევლად ორთქლდება ისე, რომ ამ დროს ტენის გამოყოფას ვერ შევნიშნავთ. მშრალი სიდამპლე ვითარდება, მაგალითად კარტოფილის ფუზარიოზული სიდამპლის შემთხვევაში.
3. ორგანოების დაშლა – იგი შეიძლება იყოს მთლიანი ან ნაწილობრივი. მთლიანი დაშლა ახასიათებს, მაგალითად სველ გუდაფშუტას. ნაწილობრივი დაშლის მაგალითს კი წარმოადგენს კურკოვანთა ფოთლების დაფარცხავება ანუ კლასტეროპოროზი.
4. ორგანოების ფერის შეცვლა – მთლიანი ან ნაწილობრივი. მთლიანი შეცვლის შემთხვევაში მთელი ორგანო იცვლის შეფერვას. მაგალითად ვაზის ქლოროზის დროს, რომელიც ნიადაგში რკინის ნაკლებობითაა გამოწვეული, ფოთლები მთლიანად ყვითლდება. ნაწილობრივი ფერის შეცვლის დროს ორგანო ნაწილობრივ იცვლის ფერს და ხდება მისი აჭრელება, რასაც ხშირად შევხვდებით ვირუსებით დაავადებისას.
5. ორგანოების პროგრესული ზრდა ორი გზით მიმდინარეობს. ერთ შემთხვევაში პარაზიტი იწვევს უჯრედების რიცხვის მატებას. ამ მოვლენის ჰიპერპლაზია ეწოდება. მეორე შემთხვევაში კი უჯრედები ზომაში მატულობს, რასაც ჰიპერტროფიას უწოდებენ. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს კორძების, გამონაზარდების წარმოქმნას.
6. ფიფქი _ ახასიათებთ ნაცროვან და სიშავის გამომწვევ სოკოებს. ნაცროვანი სოკოების შემთხვევაში ფიფქი ნაცრისფერია (ვაზის ნაცარი, თხილის ნაცარი, ატმის ნაცარი და ა.შ.), ხოლო სიშავის გამომწვევი სოკოები შავი ფერის ფიფქს ივითარებენ (ამ სიმპტომს ხშირად შევხვდებით ციტრუსებზე).
7. მეჭეჭი – წარმოადგენს ეპიდერმისის გამონაზარდს. შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური, წაგრძელებული ფორმის, ძაფისებური და სხვა. მეჭეჭებს ივითარებენ ჟანგა სოკოები, აგრეთვე ვაშლის ტოტების კიბოს გამოწვევი სოკო და სხვ. მეჭეჭი შეიძლება იყოს ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი და ა.შ.
8. ნაყოფსხეულები – ახასიათებთ მხოლოდ სოკოებს. იგი შეიძლება იყოს მიკროსკოპული და მაკროსკოპული. მაკროსკოპული ნაყოფსხეულები აქვს, მაგალითად აბედა და ქუდიან სოკოებს. ჩანთიან სოკოებში კი ვხვდებით მიკროსკოპულ ნაყოფსხეულებს. ესენია: კლეისტოკარპიუმი, პერიტეციუმი, აპოტეციუმი.
9. წვენთა დენა ანუ გომოზი – შეჭრილი მიკრობის საპასუხოდ მცენარე წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან შეჭრილ მიკრობს. გაუვნებელყოფილ მკვდარ უჯრედებს მცენარე აღარ აჩერებს თავის სხეულში, ეპიდერმისი იხსნება და ეს ნარჩენები, სითხის სახით გარეთ გადმოიღვრება. თავიდან სითხე ღია ფერისაა, თხელი, შემდეგ კი წებოვანი ხდება, მკვრივდება და მაგრდება. ყოველგვარი წვენთა დენა არ არის სიმპტომი, (მაგალითად ვაზის ტირილი, წიწვოვნებზე ფისის დენა და სხვ.) მაგრამ კურკოვნებზე წებოს დენა უკვე დაავადებაზე მიგვანიშნებს.
10. კიბო – ეს არის წყლული ანუ იარა, რომლის ცენტრი ჩაღრმავებულია, ნაპირები კი ამოწეული. იგი შეიძლება იყოს პარაზიტული, ღია ანუ მზარდი და არაპარაზიტული, დახურული ანუ კლებადი. პირველს იწვევენ პარაზიტები, ჭრილობა თანდათან იზრდება, გარს შემოუვლის ღეროს და ახმობს. მეორე შემთხვევაში კი ჭრილობა ვიწროვდება, პირს იკრავს და მცენარე გადარჩება.
11. ქაჯის ცოცხი – ბუჩქისებრი ფორმის გამონაზარდია, რომელიც წარმოიქმნება: ა) ფოთლოვნებზე მძინარა კვირტების გამოღვიძებით; ბ) წიწვოვნებზე მუხლებისა და მუხლთაშორისების დამოკლებით. ერთი ტოტის ნაცვლად უამრავი წვრილი ტოტი იწყებს განვითარებას, ვითარდება წვრილი უსუსური ყლორტები, შეიძლება მათზე ქლოროტიული ფოთლებიც წარმოიქმნას, რომლებიც მალევე ცვივა.
12. ჭკნობა – შეიძლება გამოიწვიოს გარემო წყლის ნაკლებობამ ან პარაზიტებმა.
13. პროლიფიკაცია ანუ სიმახინჯე – ამ დროს ორგანო ივითარებს მისთვის არადამახასიათებელ ნაწილებს. პროლიფიკაციის მაგალითია სიმინდის საგველაზე ტაროების განვითარება ან პირიქით და ნივრის კბილის ნიორის ფოჩზე განვითარება.
14. ატროფია ანუ განუვითარებლობა – ხშირად იწვევენ ვირუსები. ამ დროს მცენარე შეიძლება ჯუჯად დარჩეს, ზრდაში ჩამორჩეს, რომელიმე ორგანო არ განვითარდეს საერთოდ ან სუსტად განვითარდეს. მაგალითად პამიდორის სტოლბურის დროს ფოთლები ძაფისებური, ყვავილსაფარი ერთმაგია, ბუტკოს სვეტი შემოკლებულია, მტვრიანება შეიძლება საერთოდ არ წარმოიქმნას.
15. დეფორმაცია – ფორმის შეცვლა შეიძლება განიცადოს ნებისმიერმა ორგანომ. მაგალითად ატმის ფოთლების სიხუჭუჭისას ფოთლები დახუჭუჭებულია, მსხლის ქეცის დროს ნაყოფები დაგვერდელავებულია, დეფორმაციას ზოგჯერ ღეროც განიცდის და გაბრტყელდება ხოლმე. ამ მოვლენას ფასციაცია ეწოდება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ზოგიერთი მავნებელ-დაავადებები
ბაქტერიები
ბაქტერიები იწვევენ დაახლოებით 200-ზე მეტ ეკონომიკურად მნიშვნელოვან ავადმყოფობას მცენარეზე. მცენარის დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ფიტოპათოგენური ბაქტერიები ეწოდებათ, ხოლო მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს – ბაქტერიოზები.
ბაქტერიები ერთუჯრედიანი უბირთვო მიკროორგანიზმებია, ფიტოპათოგენურ ბაქტერიებს აქვთ ჩხირის ფორმა (საერთოდ კი, როგორც ცნობილია, შეიძლება იყოს სფერული (კოკები), ჩხირისებრი ან კლაკნილი). თუ ჩხირის ფორმის ბაქტერია სპორას ივითარებს, მას ბაცილა ეწოდება. ბაქტერიები გარსზე ივითარებენ ლორწოვან კაფსულას. ბაქტერიები შეიძლება იყოს უშოლტო ან შოლტიანი (1,2 ან მრავალშოლტიანი).
ბაქტერიების კვება და სუნთქვა ხორციელდება ფერმენტებით. არიან აერობული (ჟანგბადს საჭიროებენ) და ანაერობული (უჟანგბადო გარემოში მცხოვრები) ბაქტერიები. ისინი საჭიროებენ ნეიტრალურ ან სუსტ ტუტე პჰ-ს. ფიტოპათოგენური ბაქტერიების უმეტესობა ჰეტეროტროფულია, დღეისათვის ცნობილი ყველა მათგანი მრავლდება ხელოვნურ საკვებ არეზეც.
ბაქტერიები მცენარეში იჭრებიან ბაგეებიდან, ბუსუსებიდან ან დაზიანებული ადგილებიდან. განვითარებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა ან წყლის წვეთის არსებობა მცენარის ზედაპირზე. ოპტიმალური ტემპერატურაა 20-250ჩ. ისინი მცენარეში სწრაფად ვრცელდებიან ჭურჭელბოჭკოვანი გზებით. დაავადების გადატანა შეიძლება მოხდეს თესლით, სარგავი მასალით, ნიადაგით, მწერებით, ფრინველებით, ადამიანის მიერ გამოყენებული მანქანა-იარაღებით და სხვ. ბაქტერიების უმეტესობა მცენარეული ნარჩენების განადგურებასთან ერთად ისპობა, მცირე ნაწილი კი რამდენიმე წელს ძლებს ნიადაგში.
მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების ძირითადი სიმპტომებია: ნეკროზები (ლაქები), სველი სიდამპლე, ფერის შეცვლა, ორგანოების პროგრესული ზრდა, ზრდაში ჩამორჩენა, წვენთა დენა, ჭკნობა და სხვ.
მცენარეთა ბაქტერიოზებთან ბრძოლის მეთოდები: საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, ღრმად ხვნა, გადამტან მწერებთან ბრძოლა და სხვ. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი კი ქიმიური პრეპარატებია. ბაქტერიების წინააღმდეგ გამოყენებულ პესტიციდებს ბაქტერიციდები ეწოდებათ.
მიკოპლაზმები
მიკოპლაზმები ერთი მცენარიდან მეორეზე გადადიან ჭიჭინობელების, ყვავილოვან პარაზიტ აბრეშუმას, თრიფსებისა და ტკიპების საშუალებით და იწვევენ ქაჯის ცოცხს და სიყვითლის მსგავს სიმპტომებს. (მაგ. ასტრების სიყვითლე, ბრინჯის ყვითელი სიხუჭუჭე, ჰორტენზიის ყვავილების გამწვანება და სხვ).
მიკოპლაზმები – მიკროორგანიზმების სპეციფიკური ჯგუფია, მათ შუალედური ადგილი უკავიათ ვირუსებსა და ბაქტერიებს შორის. მრგვალი, ზოგი მოგრძო ან ჰანტელის ფორმისაა, 0,1-1 მკმ – ზომის. ბაქტერიისაგან განსხვავებით არ აქვთ უჯრედის ნამდვილი გარსი, აქვთ მხოლოდ სამშრიანი ელემენტარული მემბრანა. ვირუსებისგან განსხვავებით აქვთ უჯრედული აგებულება და მრავლდებიან ხელოვნურ საკვებ არეზე, აქვთ როგორც დნმ ისე რნმ. მიკოპლაზმები ბაქტერიებისაგან განსხვავებით მგრძნობიარეა ტეტრაციკლინის მიმართ.
ძლიერი ფიტოპათოგენები არიან. დაავადებული მცენარე ან საერთოდ არ გვაძლევს მოსავალს ან მკვეთრად მცირდება პროდუქცია. მიკოპლაზმები იწვევენ მცენარის ზრდაში ჩამორჩენას, ქონდარობას, გენერაციული ორგანოების შეცვლას, ფერის ცვლილებებს, ყვავილების გაწვანებას, ქაჯის ცოცხს, აგრეთვე ისეთ სიმპტომებს, რომლებიც ვირუსებს ახასიათებთ: დეფორმაციას, ნეკროზს, ჭკნობას, გაწვრილებას და სხვ. ისინი სახლდებიან ძირითადად ფლომაში, საცრისებურ მილებში. ზოგი ვიწროსპეციალიზებულია, ზოგს კი ფართო სპეციალიზაცია აქვს.
ბრძოლა
საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, სარეველების მიკროპლაზმების რეზერვატორების – განადგურება, დაავადებული მცენარეების განადგურება, ბრძოლა გადამტან მწერებთან, გამძლე ჯიშების დანერგვა, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენება, თერმული დამუშავება და სხვ.
ვირუსები
ვირუსები მცენარის მრავალ დაავადებას იწვევენ და საკმაოდ საშიში არიან, რადგან თავდაპირველად ხშირ შემთხვევაში დაავადება შენიღბულ ხასიათს ატარებს. დღეისათვის თითქმის ყველა კულტურაზე რამდენიმე ვირუსული დაავადებაა ცნობილი. ვირუსის სხეულს წარმოადგენს ვირიონი, რომელიც ცილოვანი გარსის ანუ ნუკლეოეკაფსიდისაგან შედგება და შიგ სპირალურად დახვეულია დნმ ან რნმ. ფიტოპათოგენურ ვირუსებს აქვთ ჩხირის, ძაფის, სფერული ან ბაცილის მსგავსი ფორმა და მათ შემადგენლობაში შედის რნმ: ზომა 17-დან 75 ნმ-დე, მრავლდებიან მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში. ვირუსები ხშირად განიცდიან ცვალებადობას და წარმოქმნიან ახალ ახალ შტამებს. მცენარეში იჭრებიან მხოლოდ დაზიანებული ადგილებიდან. ვირუსები გადააქვთ მწერებს, ტკიპებს, ნემატოდებს და სოკოებს. ზოგი გადადის სათესლე და სარგავი მასალით, ზოგი კი ყვავილოვანი პარაზიტ-კელაპტარათი. ვირუსების გადატანა ერთი მცენარიდან მეორეზე შეიძლება იყოს კონტაქტურ-მექანიკური, ვექტორული (გადამტან მწერებს ვიროფორული ეწოდებათ). თესლისა და სარგავი მასალის გზით გადაცემა და სხვ. ინფექციის პირველად წყაროს წარმოადგენენ: მცენარეული ნარჩენები, სათესლე და სარგავი მასალა, ნიადაგი, სარეველები და სხვ.
ვირუსულ დაავადებებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მცენარის ზრდაში ჩამორჩენა, ორგანოების ფერის შეცვლა, დეფორმაცია, ნეკროზები, მოზაიკა, რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა და სხვ. ხშირად, პირველ ეტაპზე დავადება შენიღბულია, ლატენტურია და მოგვიანებით იჩენს თავს.
ფიტოპათოგენურ ვირუსებთან ბრძოლა მიმდინარეობს შემდეგი მეთოდებით:
1) პროფილაქტიკური ღონისძიებები: საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, გამძლე ჯიშების გამოყვანა, ბრძოლა გადამტანებთან, ვაქცინაცია, აგროტექნიკური ღონისძიებები და სხვ.
2) თერაპიული ღონისძიებები: თერმული დამუშავება, ინჰიბიტორების გამოყენება (ანტიბიოტიკები) და პესტიციდები (ვირიციდები).
სოკოები
სოკოები ეკუთვნის უმდაბლეს მცენარეებს. ცნობილია სოკოების დაახლოებით 1 მილიონი სახეობა. ისინი ჰეტეროტროფები არიან. გვხვდებიან როგორც საპროფიტი, ისე პარაზიტი სოკოები, ზოგი კი სიმბიოზურ კავშირშია სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან. თალუსის აგებულების მიხედვით სოკოები იყოფიან პლაზმურ (მათი სხეული წარმოადგენს შიშველ პლაზმას) და მიცელიარულ (აქვთ ძაფნაირი თალუსი ანუ მიცელიუმი) სოკოებად. მიცელიუმის შემადგენელ ძაფებს ჰიფები ეწოდებათ. მიცელიუმი შეიძლება იყოს 1 ან მრავალუჯრედიანი, დატოტვილი ან დაუტოტავი, შეფერილი და შეუფერავი, ერთწლიანი (მცენარის 1 წლიან ორგანოებში) ან მრავალწლიანი (მრავალწლიან ორგანოებში). უჯრედშიდა ანუ ენდოფიტური (სოკოების უმეტესობას), უჯრედგარე ანუ ეგზოფიტური (ნაცროვან სოკოებს) და უჯრედშორისი (მაგ. ჭრაქის, ფიტოფტორის გამომწვევ სოკოებს).
სოკოების გამრავლება.
სოკოების გამრავლება ხდება ორი გზით: უსქესოდ და სქესობრივად. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ვეგეტატიურად (მილეციუმის ან მისი სახეცვლილებების ნაგლეჯებით, დაკვირტვით) და უსქესო სპორებით. სქესობრივი გამრავლების ფორმებია: ჰოლოგამი, ჰეტეროგამია, იზოგამი, ზიგოგამია (უმდაბლეს სოკოებში), ოოგამია და აპოგამია (უმაღლეს სოკოებში).
ნაყოფსხეულები.
სოკოების ნაწილი წარმოქმნის ნაყოფსხეულებს, რომლებშიც სპორები ვითარდება. ნაყოფსხეული შეიძლება იყოს მიკროსკოპული და მაკროსკოპული. მაკროსკოპული ნაყოფსხეული აქვთ მაგალითად ქუდიან და აბედა სოკოებს, ხოლო მიკროსკოპული ნაყოფსხეული ახასიათებთ ჩანთიან სოკოებს: კლეიტოკარპიუმი, პერიტეციუმი, აპოტეციუმი და უსრულ სოკოებს – პიკნიდიუმი.
სპორა.
სპორა სოკოებში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც თესლი უმაღლეს ფარულთესლოვან მცენარეებში ე.ი. გამრავლებას ემსახურება, ოღონდ იგი უფრო მარტივი აგებულებისაა. გარედან აქვს გარსი, შიგნით კი ციტოპლაზმა თავისი ორგანოიდებით და ბირთვი. სპორა შეიძლება იყოს 1,2 ან მრავალუჯრედიანი, შეფერილი ან შეუფერავი, მოძრავი ან უძრავი, სხვადასხვა ფორმის და ზომის, უსქესო ან სქესიანი, შინაგანი წარმოშობის ანუ ენდოგენური და გარეგანი წარმოშობის ანუ ეგზოგენური.
სოკოების კლასიფიკაცია
სოკოების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მაგრამ კლასიფიკაციის საფუძველს ძირითადად წარმოადგენს გამრავლების, კერძოდ, სქესობრივი გამრავლების ფორმა. გარდა ამისა, მხედველობაში იღებენ იმას თუ, როგორია თალუსი: პლაზმური თუ მიცელიარული; მიცელიუმი ერთუჯრედიანია თუ მრავალუჯრედიანი, შეფერილია თუ შეუფერავი, ერთწლიანი თუ მრავალწლიანი, ივითარებს თუ არა სახეცვლილებებს, ენდოფიტურია თუ ეგზოფიტური, როგორი წარმოშობის სპორები აქვთ. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სოკოების კვებითი სპეციალიზაცია და სხვ. სოკოები იყოფიან ორ ჯგუფად: უმდაბლესი და უმაღლესი სოკოები.
რ. ძიძიშვილი
აგრონომიის საფუძვლები